შინაარსზე გადასვლა

ქიშვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქიშვარი
აზერ. Kişvəri
დაბადების თარიღი XV საუკუნე
დაბადების ადგილი სალმასი
გარდაცვალების თარიღი XVI საუკუნე
გარდაცვალების ადგილი თავრიზი
საქმიანობა პოეტი
ენა აზერბაიჯანული ენა
ჟანრი ლირიკა

ქიშვარი (აზერ. Kişvəri; დაბადებისა და გარდაცვალების წლები უცნობია) — XV-XVI საუკუნეების პოეტი, რომელიც იმდროინდელი აზერბაიჯანული ლიტერატურის ერთ-ერთ წამყვან წარმომადგენლად ითვლებოდა. მისმა შემოქმედებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანული ლიტერატურული ენის განვითარებაში.

ნემატულა ქიშვარის ცხოვრების შესახებ მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება, მათ შორის უცნობია მისი დაბადების ზუსტი თარიღი. პოეტის შესახებ ცნობების უმეტესობა მისივე ლექსებიდანაა მოპოვებული. იგი დაიბადა სალმასში [3] და მისი პოეზია მიუთითებს, რომ მე-15 საუკუნის ბოლოსა და მე-16 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა[1]. მისი ნამდვილი სახელი იყო ნემატულა, ხოლო ლექსებში ფსევდონიმად „ქიშვარს“ იყენებდა[2].

პოეტი ცხოვრების გარკვეულ პერიოდს თავრიზში, აყ ყოიუნლუს მმართველის სულთან იაქუბის კარზე ატარებდა (მმართველობის წლები: 1478-1490). აქ მას გარს ეხვია სხვა აზერბაიჯანელი პოეტები, როგორებიც იყვნენ აჰმადი თაბრიზი, ხათაი თაბრიზი და ჰაბიბი[3], რომლებსაც დაუახლოვდა[4]. თუმცა, მოგვიანებით ქიშვარიმ სულთნის კარი დატოვა, რადგან იძულებული იყო სულთან იაქუბისთვის მუდმივად ყასიდები (სადიდებელი ოდები) შეექმნა.

ამის შემდეგ ქიშვარი გადავიდა სამარყანდში, სადაც ცხოვრობდა ტიმურიდ პოეტ ალიშერ ნავოისთან, რომელსაც თავის მასწავლებლად მიიჩნევდა. 1490 წელს, იაქუბ ბეის გარდაცვალების შემდეგ, ქიშვარი თავრიზში დაბრუნდა, ასაკისა და უცხოეთში ცხოვრების სირთულეების გამო. მისი ლექსებიდან ჩანს, რომ დაბრუნების შემდეგ ფინანსურ გაჭირვებას განიცდიდა და ნატრობდა „ძველ დღეებს“[3]. მისი სიცოცხლის ბოლო წლები დაემთხვა სეფიანთა დინასტიის დამაარსებლის ისმაილ I-ის მმართველობას. ქიშვერმა ისმაილ I-ს მიუძღვნა ერთი ღაზალი (ლირიკული ლექსი სიყვარულზე) და ერთი რუბაი (ოთხსტრიქონიანი ლექსი)[1]. პოეტი თავრიზში გარდაიცვალა, თუმცა მისი გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია[3].

ქიშვარის პოეზია, რომელსაც ის წერდა მშობლიურ[5] აზერბაიჯანულ ენაზე, შორს დგას რელიგიური თემატიკისგან და ენის სიმარტივითა და მხატვრული საშუალებების სიმდიდრით გამოირჩევა. მისი პოეზია პირველად საზოგადოებას თურქმა ლიტერატურის ისტორიკოსმა ისმაილ ჰიქმეტ ერთალანმა 1928 წელს გააცნო[6], ხოლო მისი ერთადერთი ცნობილი ნაწარმოები, დივანი, 1946 წელს აღმოაჩინეს[1].

ქიშვარის ერთადერთი შემორჩენილი ნაშრომია დივანი, რომელსაც ეწოდება Kişvarī Dīvānı (ქიშვარის დივანი)[1]. ის ძირითადად აზერბაიჯანულ ენაზეა დაწერილი, თუმცა რამდენიმე ლექსს სპარსულადაც შეიცავს[4]. კრებულში წარმოდგენილია სხვადასხვა პოეტური ფორმები: 799 ღაზალი, 42 რუბაი, სამი ტარჯიბანდი (ლექსები განმეორებითი სტროფებით) და რამდენიმე კიტა (ერთგვაროვანი რითმიანი ლექსები)[6].

თავის შემოქმედებაში ქიშვარი ხშირად ქმნიდა ახალ სიტყვებს, სპარსულ ან არაბულ სიტყვებზე თურქული სუფიქსების ან თურქულ სიტყვებზე სპარსული სუფიქსების დამატებით[1]. მრავალ ლექსში იგი ადიდებს იმ ქვეყნების მაღალჩინოსნებსა და მათ ოჯახებს, სადაც ცხოვრობდა.

მისი პოეზიის მთავარ თემას სიყვარული წარმოადგენს, თუმცა მისტიკური ლექსებიც გვხვდება[3]. დივანში მთავარი პოეტური ფორმაა ბეიტი (ორ ტოლ ნაწილად დაყოფილი წყვილი, სიგრძით 16-დან 32-მდე), მთავარი ჟანრი კი ღაზალია[2].

გავლენა და მნიშვნელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქიშვარის პოეზიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ალიშერ ნავოიმ და XIV-XV საუკუნეების აზერბაიჯანელმა პოეტმა ნასიმიმ[7]. უმრან აი საი აღნიშნავს, რომ ნავაისადმი მიძღვნილი „ნაზირების“ (სხვა პოეტის სტილში დაწერილი ლექსების) სიმრავლე ნავაის გავლენას ქიშვარის ლიტერატურულ შემოქმედებაზე ნათლად წარმოაჩენს[7]. დემირჯის თანახმად, ქიშვარის ლექსები გამოხატავს მის აღფრთოვანებას ნავაის სიდიადით და მისადმი მსახურების სურვილს[7].

ნავაის გავლენა აშკარაა ქიშვარის პოეზიის ენაზეც, რომელიც ავლენს ჩაღათაის ლიტერატურული თურქული ენის მნიშვნელოვან კვალს, რომლის უდიდესი წარმომადგენელი სწორედ ნავაი იყო[7]. ჩაღათაის ენის გავლენა განსაკუთრებით თვალსაჩინოა დივანის ლექსიკაში, ფონეტიკასა და მორფოლოგიაში[1]. ასევე შეიმჩნევა ხალხური ლიტერატურის გავლენაც ქიშვარის ლირიკულ პოემებში[1], რომლებიც მდიდარია თურქული სასაუბრო მეტყველებისა და სხვადასხვა რეგიონული დიალექტის სიტყვებითა და გამოთქმებით[1].

თურქი მეცნიერი მუჰარემ ქასიმლი მიუთითებს, რომ ქიშვარის ლექსები ასახავს მის ღრმა გაგებას როგორც თურქული, ისე ისლამური კულტურების შესახებ[3]. დემირჩი ქიშვარის პოეზიას ახასიათებს, როგორც „დინამიურს, მარტივსა და გულწრფელს“[8], ხოლო არაზლი მის ღირსებებად ასახელებს „ენის სიმარტივესა“ და „გამომსახველობითი საშუალებების სიმდიდრეს“[9].

ქიშვარის შემოქმედებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანული ლიტერატურული ენის განვითარებაში მე-15-16 საუკუნეებში, მისი ჩამოყალიბების პერიოდში[9]. მის დივანს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თურქული ენების ისტორიული და შედარებითი კვლევისთვის, მასში გამოყენებული თურქული ფორმების მრავალფეროვნების გამო[4]. ცნობილია დივანის ექვსი ეგზემპლარი, რომლებიც დაცულია ბურსასა და სტამბოლში (თურქეთი), ბაქოში (აზერბაიჯანი), სამარყანდსა და ტაშკენტში (უზბეკეთი) და თეირანში (ირანი)[6]. ბურსასა და თეირანში არსებული ასლები პირველად შეისწავლა თურქმა ლიტერატურათმცოდნემ ჟალე დემირჩიმ 1994 წელს. ბაქოს ასლი, რომელიც 1690 წლით თარიღდება, თითქმის იდენტურია ტაშკენტისა და სამარყანდის ეგზემპლარებისა, რადგან ეს უკანასკნელნი ბაქოს ასლიდან იყო გადაწერილი[1].

ქიშვარის პოეზიამ გავლენა მოახდინა აზერბაიჯანელი პოეტების მომდევნო თაობებზე[8]. იგი მიჩნეულია აზერბაიჯანულ ლიტერატურაში ორი უდიდესი პოეტის – ნასიმისა და ფიზულის – ეპოქებს შორის გარდამავალი პერიოდის წარმომადგენლად. დემირჩის აზრით, მისი პოეზიის ფართო პოპულარობაზე მეტყველებს თურქეთიდან შუა აზიამდე გავრცელებული ქიშვარის ნაწარმოებების ხელნაწერების არსებობა[1].