ქისტაურის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქისტაურის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, ქისტაურის ნათლისმცემლის ეკლესიის აღმოსავლეთით, აგებულია შუა საუკუნეებში.

კოშკი-სვეტი, რომელიც მესვეტის საცხოვრებელი უნდა იყოს, სამსართულიანია (5,6x5,5 მ, სიმ. 11,5 მ), ზემოთკენ შევიწროებულია. ნაგებია რიყის ქვით, ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. ფასადის მხარეს წყობას ბათქაში აქვს გადასმული. კოშკის ყოველ სართულზე თითო ოთახია. შესასვლელი მეორე სართულზეა. პირველი სართული- საკუჭნაო- შემაღლებული პროპორციების ყრუკედლებიანი სათავსია. გადახურულია ნახევარსფერული კამარით. მეორე სართულიც უსარკმელო ბნელი ოთახია. გადახურულია ამორფული ფორმის სხმული კამარით. კამარის სამხრეთ ნაწილში მესამე სართულზე ასაძვრომი სწორკუთხა ხვრელია. მესამე სართული საცხოვრებელია. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთით ნაწილში, იატაკის დონეზე, საპირფარეშოს ხვრელია. ოთახს ნახევარცილინდრული სხმული კამარა ხურავს. კოშკის შირიმის ლავგარდნის პროფილს შეადგენს თარო, შეზნექილი მრუდხაზოვანი ზედაპირი და ლილვი. ორფერდა სახურავის კეხის დასავლეთ კიდეში დადგმულია შირიმის ქვის ჯვარი. კოშკი გადახურული ყოფილა ქვის ფილებით. ეკლესიასა და კოშკს შემოვლებული აქვს რიყის ქვით ნაგები წრიული გალავანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20154