ქვიშის კაპიტნები
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ქვიშის კაპიტნები}} |
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
ბრაზილიელი მწერლის, ჟორჟი ამადუს რომანი.
რომანის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]"ქვიშის კაპიტნები“ (Capitães da Areia) ამადუს ადრეული ნაწარმოებია და ეკუთვნის ე.წ. „ბაიას რომანების“ ციკლს. მწერალმა იგი თავის პირველ მეუღლეს-მატილდე გარსია როსას მიუძღვნა. რომანი შესავლისა და სამი ნაწილისაგან შედგება და აღწერს ქალაქ სალვადორ-დე-ბაიას მიუსაფარი ბავშვების ცხოვრებას 20-30-იანი წლების მიჯნაზე. მოქმედება, დაახლოებით, 4 წლის განმავლობაში ვითარდება. რომანში წინა პლანზეა წამოწეული სოციალური საკითხები და ასახულია ავტორის ადრეული პოლიტიკური მსოფლმხედველობა-მემარცხენე იდეალიზმი. მიუხედავად ამისა, ეთნო- და სოციოკულტურული, რელიგიური, ზნეობრივი, ფსიქოლოგიური საკითხების დიდი ოსტატობით ასახვის გამო, "ქვიშის კაპიტნები" დღემდე არ კარგავს აქტუალობას და პოპულარობას მკითხველთა შორის, როგორც ბრაზილიაში, ისე-მის საზღვრებს გარეთ.
რომანი გამოიცა 1937 წელს, დიქტატორ ჟეტულიუ ვარგასის მმართველობის ხანაში, როცა მემარცხენეები მთელ ქვეყანაში იდევნებოდნენ. გამოცემიდან მალევე, 1937 წლის 19 ნოემბერს, ვარგასის ბრძანებით, ბაიას საზღვაო სასწავლებელში წიგნის 808 ეგზემპლარი (ამადუს სხვა რომანებთან ერთად) დაწვეს, როგორც კომუნისტური პროპაგანდის ნიმუში[1].
შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ნაწილი- „მთვარით განათებულ ძველ საწყობში“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სალვადორ-დე-ბაიას ქვიშიან სანაპიროზე მდებარე მიტოვებულ ფარღალალა საწყობში მაწანწალა ბავშვებს მოუწყვიათ თავშესაფარი. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია დაახლოებით ასკაციანი ჯგუფისა, რომელებიც თავს „ქვიშის კაპიტნებს“ უწოდებენ. ბავშვების ასაკი 8-დან 16 წლამდეა. მათგან ზოგი ობოლია, ზოგი კი მძიმე ოჯახურ მდგომარეობას გაქცევია. პატარა მაწანწალებიდან ზოგის სახელიც კი დავიწყებას მისცემია და მხოლოდ მეტსახელითღა იცნობენ, როგორც „პროფესორს“, „მამალოს“, „უდარდელას“, „ჟოაო ვეებას“, „ფეხას“, „ძვალტყავას“, „კატას“. „კაპიტნებს“ 15 წლის ყმაწვილი-პედრო „ტყვია“ ხელმძღვანელობს.
დღისით ბავშვები ქალაქსა და მის შემოგარენში დაეხეტებიან და ხან მოწყალებას ითხოვენ ან რაიმე წვრილმან დავალებას ასრულებენ გროშების ფასად, უფრო ხშირად კი-ქურდობით და წაგლეჯით არიან დაკავებული. ისინი ოსტატურად მოფიქრებული გეგმებით ძარცვავენ ბინებს, „უსუფთავებენ ჯიბეებს“ და სტაცებენ ნივთებს მოქალაქეებს, იპარავენ ყველაფერს, რასაც გამოსადეგად მიიჩნევენ-წვრილმანი ნივთებიდან ძვირფასეულობამდე, ნაალაფარს უფრო ხშირად საერთო „ხაზინაში“ აგროვებენ, შემდეგ კი-ლომბარდში აბარებენ და ფულად აქცევენ, რითიც თავს ირჩენენ, თუმცა, ისეთ ნივთებსაც იპარავენ, რაც პირადი სარგებლობისათვის გამოადგებათ, მაგალითად, პროფესორი-წიგნებს, მამალო-წმინდანთა ქანდაკებებს, კატა-სამკაულებს და ახალ ჩასაცმელს.
ბიჭების მეთაური პედრო „ტყვია“ უჩვეულოდ მარდი და მახვილგონიერი ბიჭია და გუნდში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. მისი განკარგულებით, „კაპიტნებში“ რამდენიმე დაუწერელი კანონი მოქმედებს-აკრძალულია თანამოძმეების მიტოვება „ოპერაციის“ დროს, ერთმანეთის გაქურდვა და ერთმანეთთან სქესობრივი კავშირის დაჭერა. დამნაშავეს კომუნიდან გარიცხვა ემუქრება, რაც ბიჭებში ტრაგედიად აღიქმება-„კაპიტნობა“ მათთვის ღირსების ნიშანი და უსაფრთხოების გარანტიაა. პედროს გვერდით უდგანან ჟოაო ვეება და პროფესორი, რომელთაგანაც პირველი დიდი ფიზიკური ძალით გამოირჩევა, მეორე კი-მკვირცხლი გონებით. კაპიტნები არაერთ თავხედურ თავდასხმას აწყობენ და ოსტატურად აღწევენ თავს პოლიციის დევნას, რაც ქალაქის ხელმძღვანელობის შეშფოთებასაც კი იწვევს-გაზეთებში მითქმა-მოთქმა არ ცხრება მოუხელთებელ პატარა დამნაშავეებზე.
ბავშვები მთელ დღეს უმეთვალყურეოდ ატარებენ. მათ დიდი ხნის დავიწყებული აქვთ მშობლების მზრუნველობა და არსებობისათვის იბრძვიან. „კაპიტნების“ თავშესაფრის ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია და ყველა მათგანი ძალიან ფრთხილობს, რომ უნებლიედ არ გასცეს თავისი და მეგობრების ადგილსამყოფელი. მიუხედავად ასეთი ცხოვრებისა, ბავშვების გარშემო მაინც მოიძებნება რამდენიმე მოზრდილი ადმაიანი, ვისაც მათზე გული შესტკივა და დახმარებას ცდილობს-უმრევლოდ მყოფი კათოლიკე მღვდელი დონ ჟოზე პედრო, რომელიც ქრისტიანულ სარწმუნოებას უქადაგებს და ბიჭებს და ცდილობს, მათ გულში კეთილშობილება გააღვივოს, ნავსადგურის მტვირთავი ჟოაო ჯი ადეუ-ფიზიკურად ძალიან ძლიერი და სამართლიანი ადამიანი, კანდომბლეს ქურუმი ქალი დონა ანინია, რომელიც ბალახებით მკურნალობს, თუ ვინმე ავად გახდება და მეთევზე, მეტსახელად „ღვთისნებიერა“, რომელიც კაპუეირას უბადლო ოსტატია და ბიჭებსაც ასწავლის მას. თავის მხრივ, ბავშვებიც ცდილობენ, რომ დაეხმარონ თავიანთ მეგობრებს, რითიც შეუძლიათ.
კომუნის ცხოვრებაში დრამატული გარდატეხა შეაქვს ქალაქში ყვავილის ეპიდემიის აფეთქებას, რომელიც დაუნდობლად უტევს ღარიბთა უბნებს და „კაპიტნების“ სამყოფელშიც აღწევს- ჯერ პატარა ალმირო ავადდება, შემდეგ-უდარდელა. ალმირო იღუპება, უდარდელა კი სასწაულით გადაურჩება სიკვდილს.
მეორე ნაწილი: „შენი თვალების დიდი სიმშვიდის ღამე“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაპიტნებს ორი წევრი ემატება-13 წლის დორა და მისი პატარა ძმა, რომლებიც ყვავილისაგან მშობლების დაღუპვის შემდეგ უსახლკაროდ დარჩნენ. გოგონას გამოჩენას თავიდან არეულობა მოსდევს -ნახევრად ველური ბიჭებისათვის გოგონა აქამდე მხოლოდ სექსუალური გართობის ობიექტად აღიქმებოდა. ამის გამო, პედრო თავშესაფარში მისი დატოვების წინააღმდეგია, თუმცა, გოგონას ჟოაო ვეება და პროფესორი ექომაგებიან და მათი თავგამოდებით, ყველაფერი მშვიდდება. მალე დორა ბიჭების მზრუნველ დად და დედად იქცევა, პედროს და მას შორის კი დიდი გრძნობა იბადება. ერთ-ერთი ქურდობის დროს პედროს და დორას პოლიცია აპატიმრებს და პედრო ცემისა და წამების შემდეგ, გამასწორებელ სახლში გადაჰყავთ, დორას კი-ობოლთა სახლში ამწესებენ, სადაც ის მძიმედ ავადდება ციებ-ცხელებით. მეგობრების დახმარებით, პედრო გაქცევას ახერხებს. ბიჭები დორასაც გაიტაცებენ ლაზარეთიდან და ყველა ისევ ერთად იყრის თავს. დონა ანინია კანდომბლეს ღმერთებს ავედრებს დორას ჯანმრთელობას, მაგრამ, ამაოდ-გოგონა კიდევ უფრო ცუდად ხდება და იღუპება. მისი გარდაცვალება თავზარს სცემს კაპიტნებს, განსაკუთრებით კი პედროს, რომელიც იმის შემდეგ, რაც დორას თხოვნით ერთად დაწვნენ, თავის ცოლად თვლიდა მას. სასოწარკვეთილი ბიჭები უმწეოდ ქვითინებენ. მამა ჟოზე პედრო წესს უგებს ცხედარს, დონა ანინია თეთრ, მაქმანიან სუდარაში ახვევს-როგორც წმინდანს. პედრო და პროფესორი მიასვენებენ დორას სხეულს და ღვთისნებიერას გადასცემენ, რომ ზღვას მიაბაროს იგი. მწუხარებისაგან განადგურებული პედრო თავის დახრჩობას ცდილობს, მაგრამ, უკანასკნელ წუთს თვალწინ გაუელვებს მოწყვეტილი ვარსკვლავი, რასაც იგი დორასაგან გამოგზავნილ ნიშნად მიიჩნევს და ამ დროს ღვთისნებიერას ნავიც წამოეწევა. ამიერიდან პედროს სწამს, რომ დორა ვარსკვლავად გადაიქცა და ცაზე ანთია.
მესამე ნაწილი: „ბაიას სიმღერები-თავისუფლების ჰანგები“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დორას სიკვდილი ძირეულად ცვლის კაპიტნების ცხოვრებას და მომავალზე აფიქრებს უკვე წამოზრდილ ბიჭებს. პირველი პროფესორი მიდის, რადგან თავშესაფარში გაძლება აღარ შეუძლია-იქაურობა დორას აგონებს. ქუჩაში გაცნობილი და მისი მხატვრული ნიჭით მოხიბლული პოეტის-დოქტორი დენტასის დახმარებით, ბიჭი რიოში მიემგზავრება მხატვრობაში დასაოსტატებლად. მალევე მამა ჟოზე პედროს მთავარეპისკოპოსი შორეულ სოფელში ამწესებს მღვდლად, ხოლო მისი შუამავლობით, მამალოს კაპუცინთა ორდენში მორჩილად იღებენ და ისიც ბედნიერი უერთდება ძმობას, ძმა ფრანსიშკუს სახელით. ბიჭები მოძღვარს სადგურზე აცილებენ და ისიც აცრემლებული ეთხოვება თავის „მრევლს“. შემდეგ გუნდს ერთიმეორის მიყოლებით ტოვებენ ძვალტყავა, კატა და უდარდელაც. ძვალტყავა მშობლიურ არაკაჟუში ბრუნდება და ნათლიის-ლამპიაუს ბანდას უერთდება, კატა ილეუსში მიდის, თავის საყვარელთან-მეძავ დალვასთან ერთად. უდარდელა კი-ქალაქის მაწანწალა ხდება, სამბებს თხზავს, ამღერებს გიტარაზე და ყოველდღე ნაირ-ნაირ კამპანიასთან ატარებს დროს, თავისი ინსტრუმენტით.
დრო გადის. პროფესორი სახელგანთქმული მხატვარი ხდება და მისი ნამუშევრები მთელ ქვეყანას აოცებს. გაზეთი, რომელიც კაპიტნების „საგმირო საქმეებზე“ წერდა, ახლა მისი წარმატებული გამოფენის შესახებ ამცნობს მკითხველებს. კატა მსხვილმასშტაბიან თაღლითობას მიჰყოფს ხელსა და არაერთ ადამიანს სცინცლავს ფულს, თუმცა, ოსტატურად ახერხებს, რომ დევნას თავი დააღწიოს. ძვალტყავას აპატიმრებენ ყაჩაღობისა და სულ მცირე, 15 მკვლელობისათვის, ასამართლებენ და 30 წელს უსჯიან. ფეხა მორიგი ქურდობის შემდეგ, პოლიციელებისაგან გაქცევის მცდელობისას იღუპება. მამალო ღარიბ ბავშვებს ასწავლის ლოცვას და კატეხიზმოს, უდარდელა კი ისევ ძველებურად ატარებს დროს და ხანგამოშვებით სკანდალებში ეხვევა.
ჟოაო ვეება მეზღვაურობას ირჩევს და ერთ-ერთ სატვირთო გემზე ექირავება მატროსად. ძველი შემადგენლობიდან გუნდში მხოლოდ ტყვია და ბარენდუღა რჩებიან, სხვა ყველა ახალია. ბიჭებს უახლოვდება ბაიას უნივერსიტეტის სტუდენტი, კომუნისტი ალბერტო. მასთან და ჟოაო ჯი ადეუსთან საუბრები სულ სხვა თვალით შეახედებს ცხოვრებას უკვე დავაჟკაცებულ პედროს. პედრო კომუნისტურ პარტიაში შედის და გადაწყვეტს, რომ ცხოვრება უსამართლობასთან ბრძოლას შეალიოს. კაპიტნების გუნდი გაფიცვების დროს მუშებისა და სტუდენტების დამხმარე მოიერიშეთა ჯგუფად გარდაიქმნება, რომლის სათავეშიც პედრო უკვე წამოზრდილ ბარენდუს ტოვებს, თავად კი არაკაჟუში მიემგზავრება, იქაური მოზარდების და ახალგაზრდების დასარაზმად.
რომანის სტილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ქვიშის კაპიტნებში“ ამადუმ ოსტატურად შეუთავსა ერთმანეთს მხატვრული თხრობა და საგაზეთო ქრონიკის სტილი, რაც მკითხველს სინამდვილის განცდას უქმნის. პერსონაჟების თავგადასავალი, თუ მათთან დაკავშირებული ამბები ხშირად მოთხრობილია გაზეთ „საღამოს ჟურნალის“ (Jornal da Tarde) სტატიების და კორესპოდენციების, თავად პერსონაჟების (გამასწორებელი სახლის დირექტორი, მამა ჟოზე პედრო) ან სხვა პირთა მიერ მიერ გაზეთის რედაქციაში გაგზავნილი წერილების სახით. თავისი სხვა ნაწარმოებების დარად, რომანში ამადუ ხატოვნად აღწერს გარემოს, სადაც მოქმედება ვითარდება. მკითხველის თვალსწინ ცოცხლდება 20-30-იანი წლების სალვადორ-დე-ბაია-ზღვა, ნავსადგური, ქვიშიანი სანაპირო, ქალაქის ქუჩები, ზემო ქალაქის შეძლებულ მოქალაქეთა აურაცხელი სიმდიდრე და უზუნველი ცხოვრება ბაღებიან სახლებში, ქვემო ქალაქის ვიწრო ქუჩები, სადაც საღამოობით მეძავები გამოფენილან კლიენტის მოლოდინში და ათასი ჯურის ლოთი, თაღლითი, დამნაშავე თუ მაწანწალა დაძრწის, მშვენიერი ცა, საღამოს ჩირაღდნები, საშობაო ზეიმი და კარუსელი, სანაპიროდან ქარისაგან მოტანილი სამბას ჰანგები, აფრიკული ინსტრუმენტების გუგუნი და კანდომბლეს ღმერთების სადიდებლად გამართული დღესასწაულები.
იდეური მხარე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომანს მკვეთრად გამოხატული სოციალური ხასიათი აქვს და აშკარა ხდება ავტორის ერთგვარი იდეალისტურ-მემარცხენული აზროვნება. მთავარი პერსონაჟის ცხოვრებისეული არჩევანი-კომუნისტურ პარტიაში შესვლაც სწორედ ამის გამოხატულებაა. ეს მოგვიანებით თავადაც აღიარა ცხოვრებასა და მწერლობაში უკვე კარგად გამოცდილმა ამადუმ. ნაწარმოები აჩვენებს, თუ როგორ იცვლებოდა თაობების მანძილზე შეხედულებები სოციალური უთანასწორობისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. თუ უფროსი თაობა (დონა ანინია) პასიურ ყოფას ირჩევდა და იფარგლებოდა მხოლოდ ღვთაება ომულუს მიმართ ლოცვით, რომ მას მდიდრები დაესაჯა და ღარიბები-გაებედნიერებინა, საშუალო თაობა (ჟოაო ჯი ადეუ, პედროს მამა რაიმუნდო, მეტსახელად „ქერა“) პროტესტს გაფიცვით გამოხატავდა, რაც ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებოდა (ქერა გაფიცვისას სიტყვით გამოსვლის დროს მოკლა პოლიციამ. აქედან მომდინარეობს პედროს მეტსახელი "ტყვიაც"). მათგან განსხვავებით, ახალგაზრდები აქტიურ ბრძოლას ირჩევენ-სწავლობენ საბრძოლო ხელოვნებას, ეცნობიან კომუნისტურ იდეოლოგიას და ჯგუფებს ქმნიან პოლიციასთან საბრძოლველად.
ამადუ აჩვენებს საზოგადოების და სახელმწიფოს არაერთგვაროვან დამოკიდებულებას სოციალური პრობლემების მიმართ. მოქალაქეთა ნაწილი სრულიად გულგრილია ან ზიზღითაც კია განწყობილი ღატაკებისა და მიუსაფარი ბავშვებისადმი. ისინი ბიჭებში მხოლოდ დამნაშავეებს ხედავენ. მეორე ნაწილი, პირიქით-მხოლოდ უბედურ ბავშვებად აღიქვამს "კაპიტნებს" და თანაგრძნობით ეკიდება, თუმცა, ამავდროულად, ისიც ნათელი ხდება, რომ ასეთ ცალკეულ კეთილგანწყობილ პიროვნებებს არ შეუძლიათ პრობლემის გადაჭრა. მათ მხოლოდ ის ხელეწიფებათ, რომ თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარონ ცალკეულ ადამიანებს (მაგალითად-პოეტი დენტასი-პროფესორს, რომელსაც კითხვა უყვარს და მხატვრის ნიჭითაა დაჯილდოებული, მამა ჟოზე პედრო-მამალოს, რომელიც რელიგიაში პოულობს შვებას და მღვდლობაზე ოცნებობს), სისტემურ პრობლემას კი ქმედითი და მასშტაბური ღონისძიებები სჭირდება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კანონი სინამდვილეში უსამართლობის საფარად არ იქცეს. მაგალითად, გამასწორებელი სახლი და ობოლთა თავშესაფარი ბავშვებს ყურადღებას და მზრუნველობას სთავაზობდეს და არა ძალადობას და გულგრილობას, ხოლო „ინფექციური ბარაკები“-მკურნალობას და მოვლას და არა ღვთის ანაბარად მიტოვებას, სიკვდილის მოლოდინში. ნაწარმოებში არაერთხელ ისმის კითხვები-მაინც, ვინ არიან ეს ბავშვები- დამნაშავეები, თუ მსხვერპლი? ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ბავშვები ქურდობენ, ყაჩაღობენ, იტყუებიან, ძალადობენ სხვებსა და ერთმანეთზე? ისინი ხომ, ყველა ამ უბედურების მიუხედავად, მაინც პატარა ბიჭები არიან და ისევე უყვართ თამაში და გართობა, როგორც მათ თანატოლებს, ვისაც მშობლების სიყვარული და მზრუნველობა არ აკლიათ. მათშიც არიან განსაკუთრებულად ნიჭიერები და გონიერები და უყურადღებობის გამო, შესაძლებელია, ეს უნარები მათ პატრონებთან ერთად ჩაიმარხოს ქვიშაში, ისე, რომ ვერასოდეს გამოვლინდეს. ავტორის პასუხი ნათელია-დამნაშავეა ის გარემო და საზოგადოება, რომელმაც პატარა, უმწეო ადამიანებს წაართვა მშობლები და მათი სიყვარული, მასთან ერთად-ბავშვობაც, ბედის ანაბარად მიაგდო და არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ისინი მხეცებად არ ქცეულიყვნენ, ან, კიდევ უარესი-მიზანმიმართულად შეუწყო ამას ხელი (მაგალითად, გამასწორებელი სახლის დირექტორმა და ზედამხედველებმა, პოლიციელებმა). აქვე წამოიჭრება კიდევ ერთი საკითხი-თუ სად არის ის ოქროს შუალედი, რომელიც უნდა დაიცვას აღმზრდელმა, რომ აღსაზრდელმა თავი ბედნიერად იგრძნოს და არა-შეზღუდულად და ჩაგრულად და ქუჩაში ყიალი ერჩიოს თავზე ჭერის ქონას.
რასობრივი საკითხი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ქვიშის კაპიტნების“ გუნდი რასობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა-აქ ერთიმეორის მხარდამხარ არიან თეთრკანიანები (ტყვია, პროფესორი, კატა, დორა), მულატები (მამალო, ფეხა, ძვალტყავა, უდარდელა), ზანგები (ჟოაო ვეება, ბარენდუ, ალმირო), კაბუკლუები (რაიმუნდო, კაპიტნების წინანდელი მეთაური). ამასთან, თეთრკანიანებიც, ხშირად, შერეული წარმოშობის არიან (მაგალითად, დორა, რომელსაც პაპა იტალიელი ჰყავდა, ბებია-მულატი, თავად კი ქერა და ცისფერთვალაა, პაპის მსგავსად).
ბავშვებს შორის არ იგრძნობა დაძაბულობა კანის ფერის გამო. არც მოქალაქეების მხრიდან მათ მიმართ დამოკიდებულებაში შეიმჩნევა რასიზმის კვალი. თეთრკანიანი დიასახლისი, რომელსაც ბიჭები ოჯახურ სკანდალს ააცილებენ, ალერსიან დამოკიდებულებას იჩენს ჟოაო ვეებას მიმართ, პედრო ხალისით ესწრება კანდომბლეს დღესასწაულებს და თავზეხელაღებულ გეგმას ახორციელებს, რომ პოლიციის განყოფილებიდან იქ "დაპატიმრებული“ ღვთაების ქანდაკება მოიპაროს დონა ანინიასათვის, ხოლო დონა ანინია კი, თავის მხრივ, ყველას ლოცავს და მკურნალობს თავისი ბალახეული წამლებით. ავტორი ცდილობს, აჩვენოს, რომ ბრაზილიაში რასობრივი უთანასწორობა არ არსებობს, ერთადერთი უთანასწორობა-სიღატაკეა, რომელიც ერთნაირად აწუხებს ყველას, კანის ფერისაგან დამოუკიდებლად. ამით ამადუ დაეთანხმა ანთროპოლოგ ჟილბერტუ ფრეირეს თეორიას, რომელიც 1933 წელს გამოიცა წიგნად და მალევე მოიპოვა პოპულარობა ბრაზილიურ საზოგადოებაში. ფრეირე ამტკიცებდა, რომ ბრაზილიელი ერის ძალა მის მრავალფეროვნებაშია-რაკი ის სხვადასხვა რასისა და კულტურის ადამიანების შერევით ჩამოყალიბდაო. ამ თეორიამ, ერთი მხრივ, ხელი შეუწყო საზოგადოების კონსოლიდაციას, მისი წარმოშობისაგან დამოუკიდებლად, თუმცა, მეორე მხრივ, შექმნა ერთგვარი მითი "რასობრივი დემოკრატიის" შესახებ, როცა, რეალურად, დაბალი სოციალური ფენის ადამიანებში ფერადკანიანები სჭარბობდნენ, მმართველობა კი, ძირითადად, ღია ფერის კანის მქონე ადამიანების ხელში იყო [2].
ზნეობრივი მხარე. „გზა ხსნისა“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარშემო გამეფებული სიდუხჭირე და ჯუნგლის კანონი თავის ღრმა და მძიმე კვალს აჩნევს ბიჭების ცნობიერებას. ერთი მხრივ, ისინი თავისუფლები არიან და არავის ემორჩილებიან, მაგრამ, ამასთანავე, როგორც ფეხა აღნიშნავს-ეს ძალიან ძვირად უჯდებათ. ბიჭებს ენატრებათ სითბო, ალერსი, მზრუნველობა და ყურადღება, მაგრამ, ამაოდ-გარშემო საზოგადოება, უმეტესწილად, გულგრილია მათ მიმართ, ან , კიდევ უარესი-მომხმარებლური დამოკიდებულება აქვს, გადაცდომაზე კი-სასტიკად სჯით. პასუხად, ბავშვებიც ბავშვური სისასტიკით იძიებენ შურს. ხშირი უარყოფითი დამოკიდებულებების გამო, ნამდვილი თანაგრძნობა და კეთილი სიტყვაც სრულიად უფასურია გრძნობებგაუხეშებული ბიჭებისათვის და ამის გამო, ისინი ან გულგრილად ეკიდებიან „კეთილი მოქალაქეების“ ნდობას, ან, ზოგჯერ, ბოროტადაც კი სარგებლობენ მისით. ჩაგვრის გამო გულში დაგროვებულ ბოღმას ზოგიერთები თავისზე სუსტზე ანთხევენ-სექსუალურად ძალადობენ გოგონებზე, ზოგი-ბიჭებზეც კი. ფეხა, რომელსაც მოსვენებას არ აძლევს ციხეში ცემის შემდეგ აკვიატებული შიშები და კოშმარები, ჯავრს ცხოველებზე ან საკუთარ თავზე იყრის, ხშირად ამჟღავნებს სასტიკ და უხეშ დამოკიდებულებას თანამოძმეთა მიმართაც, რის გამოც ყველა ცდილობს, რომ მოერიდოს მას.
ბიჭების უმეტესობისათვის სრულიად ამაოა მამა ჟოზე პედროს ქადაგებები ქრისტესმიერი სიყვარულის შესახებ, რადგან გარშემო ნაკლებად ხედავენ სათნოებას, უფრო ხშირად უზნეობას, სიძულვილსა და ძალადობას აწყდებიან-როგორც თავიანთი, ისე-ე.წ. მაღალი წრის ადამიანებს შორისაც და შესაბამისად, სასწაულებისაც აღარ სჯერათ. მღვდელიც ხედავს ამას და მიუხედავად იმისა, რომ თავად ჭეშმარტი მორწმუნეა, არ ეწინააღმდეგებათ, მხოლოდ, ცდილობს, რომ შეძლებისდაგვარად, გვერდში ამოუდგეს ბავშვებს, დაეხმაროს მათ განსაცდელში. ბიჭებიც აფასებენ ამას. მღვდელსა და ბავშვებს შორის ურთიერთგაგების დამყარებას ისიც უწყობს ხელს, რომ დონ ჟოზე პედრო თავადაც ღარიბი ოჯახიდან არის გამოსული და მღვდლად კურთხევამდე მძიმე ფიზიკური შრომა და ჩაგვრაც არ იყო მისთვის უცხო, ხოლო, კაცთმოყვარეობა და თანაგრძნობა მაწანწალა ბავშვების მიმართ არაერთ უსიამოვნებას ამთხვევს მაღალ საეკლესიო იერარქებსა და კუდაბზიკა მორწმუნეებთან. ამას მოძღვარი სამწუხარო დასკვნამდე მიჰყავს-რომ ეკლესია, რომელსაც იგი ემსახურება, შორს ყოფილა იესოს ეკლესიისაგან.
ერთადერთი არსება, რომელიც ბიჭების გულში ნამდვილად ახერხებს ადამიანობის გაღვიძებას, დორაა-მისი კეთილი ღიმილი, სითბო და მზრუნველობა მიუსაფარ ბიჭებს იმას ახსენებს, რაც მუდამ აკლდა მათ ბავშვობას-დედას, თუმცა, ესეც გარკვეული დროის შემდეგ ხდება. პირველი შეხვედრისას კი გოგონას მხოლოდ პროფესორისა და ჟოაო ვეებას თავგანწირვა იხსნის „კაპიტნების“ მიერ გაუპატიურებისაგან. ორივეს პიროვნული კაცთმოყვარეობა უბიძგებს ამ საქციელისაკენ. სუსტი აღნაგობისა და მხედველობის პროფესორი აქამდე განათლებამ და შემეცნების სურვილმა მიიყვანა, ჟოაო ვეებას კი თანადაყოლილად განუვითარდა სუსტების დაცვის სურვილი, ასაკთან შედარებით აშკარად დიდი ფიზიკური ძალის გამო.
ჯგუფში მოხვედრილი ბიჭების ბავშვობა ერთმანეთს მიაგავს, მაგრამ, ყველას განსხვავებული ხასიათი აქვს, რაც განსაზღვრავს მათ აწმყოსა და მომავალს. ყველას თავისი ოცნება აქვს ხსნაზე, ბედნიერ ცხოვრებაზე.
ეს „გზა ხსნისა“ პროფესორისათვის-შემეცნებაა, რასაც იგი წიგნებითა და ხატვით აღწევს. უდარდელა-გიტარის ჟღარუნით და სამბას მუსიკით, რაც მას საშუალებას აძლევს, თავის ჭკუაზე იცხოვროს სხვების მიერ გამეტებული მოწყალებით. მამალო შვებას ქრისტიანულ რწმენაში პოულობს და ცდილობს, სულიერად განიწმინდოს თავი-სწავლობს წერა-კითხვას, გამუდმებით ლოცულობს, თავს ანებებს ქურდობას და ფულის საშოვნელად დაათრევს მძიმე ტვირთს, წმენდს ფეხსაცმელებს, ყიდის გაზეთებს. პროფესორის ტილოები და უდარდელას სევდიანი სამბები საშუალებას აძლევს მათ ავტორებს, რომ საზოგადოების ყურადღება მიაპყრონ მიტოვებული ბავშვების დუხჭირ ცხოვრებას, ხოლო, სცენა, თუ როგორი სიყვარულით და მოთმინებით ასწავლის მამალოდყოფილი ძმა ფრანსიშკუ ღატაკ ბავშვებს, მკითხველს უთუოდ აფიქრებინებს, რომ მამა ჟოზე პედროს საქმიანობას ღირსეული გამგრძელებელი გამოუჩნდა.
კატა, რომელსაც ოდესღაც ცხადად ჩაებეჭდა გონებაში მავანი არაკაჟუელი თაღლითის წატრაბახება: „მე დიადი ცხოვრებისათვის ვარ გაჩენილიო“, „ნამდვილი მამაკაცობისაკენ“ მიილტვის. თავხედობის, სასიამოვნო გარეგნობის და კარგი ჩაცმა-დახურვის სიყვარულის წყალობით, კიდეც აღწევს მიზანს-ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მეძავის საყვარელი და სუტენიორი ხდება, მისი მეშვეობით „მაღალ საზოგადოებაში“ აღწევს, ეს კი, გზას უხსნის „იოლი ფულის“ მომტანი თაღლითობისაკენ. ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ ამასთანავე, მშვიდი ბუნების და ცრუმორწმუნე ჟოაო ვეება თავისი ხასიათისათვის შესაფერის საქმიანობას არჩევს-მატროსი ხდება.
მეგობრებისაგან განსხვავებით, ძვალტყავას და ფეხას ცხოვრების მრწამსი თავიანთ გამამწარებლებზე შურისძიებაა, რაც, საბოლოოდ, ორივე მათგანისათვის დამღუპველი აღმოჩნდება. მას შემდეგ, რაც ძვალტყავას დედასთან ერთად საკუთარი მიწის მიტოვება აიძულეს და დედამისს სიმართლის ძებნაში ამოხდა სული, თვითონ მას კი ქურდობაზე დაჭერის გამო დაუნდობლად სცემეს პოლიციაში, ბიჭის იდეალი მისი ნათლია-პოლიციელებისა და მემამულეების დაუნდობელი მტერი, ყაჩაღი ლამპიაუ ხდება და ადგება კიდეც მის გზას, რასაც საბოლოოდ, 30 წლიან სასჯელამდე მიჰყავს. პოლიციასა და გამასწორებელ ციხეში გადახდენილი კოშმარი სტანჯავს ფეხასაც და საბოლოოდ, იგი თავს იკლავს მხოლოდ იმისათვის, რომ ხელახლა არ ჩაუვარდეს პოლიციელებს ხელთ და ისევ არ გამოსცადოს ის წამება და დამცირება, რაც უკვე შეემთხვა ერთხელ.
მთავარი პერსონაჟის, პედრო ტყვიას გზა ყველასაგან განსხვავებულია. გუნდის მეთაურობა მას სხვებზე მეტად ახედებს პრობლემის არსში და სხვებზე უფრო მეტ ვალდებულებას აკისრებს, რაც, ძალაუნებურად, აფიქრებს იმაზე, თუ რატომ უწევს ასეთ პირობებში ცხოვრება და რა შეიძლება, რომ გააკეთოს ამის შესაცვლელად. საბოლოო გადაწყვეტილებამდე პედრო შემეცნების რთულ გზას გადის. თავიდან იგი მეზღვაურობაზე ოცნებობს და ასევე, შეუძლია, რომ ნავსადგურშიც მოეწყოს მტვირთავად, რადგან, როგორც ჟოაო ჯი ადეუ ჰპირდება-მისი დაღუპული მამის ადგილი შენახულია. თუმცა, მამის და მისი მეგობარი დოკერების მძიმე და უმადური ცხოვრება პედროს არ იზიდავს. დორას სიკვდილით გამოწვეული ელდის შემდგომ ბიჭის გულსა და გონებაში ნელ-ნელა მწიფდება აზრი, რომ რაღაც უნდა გააკეთოს როგორც თავისი, ისე-თანამოძმეების ცხოვრებისათვის. "არც სიყვარულშია ხსნა და არც-სიძულვილში. ბრძოლაა საჭირო"-ასკვნის პედრო და ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მტკიცდება ალბერტოსთან საუბრების შემდეგ. სწორედ ამის აიხსნება კიდეც მისი საბოლოო ცხოვრებისეული არჩევანი-პარტიაში შესვლა და ბრძოლა, რასაც იგი მთელ ცხოვრებას უძღვნის.
აფრო-ბრაზილიური კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]"ქვიშის კაპიტნებში" აღწერილია აფრო-ბრაზილიელების კულტურა და ტრადიციები, რელიგია-კანდომბლე კეტუ, მისი რიტუალები და მითოლოგია, მუსიკა, საბრძოლო ხელოვნება-კაპუეირა, რაც მჭიდროდ არის გადაჯაჭვული აფრიკული წარმოშობის ბრაზილიელების ცხოვრებასთან და ზოგჯერ დასავლურ, ქრისტიანულ კულტურასთანაც არის შერწყმული.
პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]"კაპიტნები"
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პედრო ტყვია (Pedro Bala)-15 წლის, გუნდის მეთაური;
- პროფესორი (Professor)-ნამდვილი სახელი ჟოაო ჟოზე (João Jose). გუნდის "ტვინი". წიგნების დიდი მოყვარული და ნიჭიერი მხატვარი.
- ჟოაო ვეება (João Grande)-13 წლის. ფიზიკურად ძალიან ძლიერი და გულკეთილი ბიჭი;
- ფეხა (Sem-Pernas=პორტ. უფეხო)-13 წლის, ცალი ფეხით კოჭლი ბიჭი. გუნდის "მზვერავი";
- კატა (Gato)-14 წლის. ქალების მუსუსი, შულერი და თაღლითი;
- ძვალტყავა (Volta Seca=პორტ. ხმელზურგა)-წარმოშობით არაკაჟუს სერტაოდან, ლამპიაუს ნათლული და მიმდევარი;
- მამალო (Pirulito)-ნამდვილი სახელი-ანტონიო. ღრმადმორწმუნე ბიჭი.
- უდარდელა (Boa Vida=პორტ. ლაღი ცხოვრება)-ძლიერ ჩოფურა ბიჭი, შემდეგში-სამბისტა და ქალაქის მაწანწალა.
- ალმირო-(Almiro)-12 წლის, მსუქანი ბიჭი, რომელიც ყვავილმა იმსხვერპლა.
- ბარენდუ (Barandão)-რომანის დასაწყისში-პატარა ბიჭი, რომელიც ბოლოს "კაპიტნების" მეთაური ხდება.
- დორა (Dora)-13 წლის, ობოლი გოგონა. პედროს სატრფო;
- ზე-ქრცვინი (Ze Fuinha)-6 წლის, დორას ძმა.
უფროსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მამა ჟოზე პედრო (Padre José Pedro)-კათოლიკე მღვდელი;
- დონა ანინია (Don'Anninha)-"წმინდანთა დედა"-ქურუმი ქალი;
- ჟოაო ჯი ადეუ-(João-de-Adão) ნავსადგურის მტვირთავი, ხნიერი კაცი. პედროს მამის ძველი მეგობარი;
- ღვთისნებიერა (Querido-de-Deus)-მეთევზე, კაპუეირას ოსტატი;
სხვა პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალბერტო-უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი;
- დალვა-მეძავი, 35 წლის. კატის საყვარელი;
- ჟოანა-შინაბერა, ფეხას დამქირავებელი ქალბატონი;
- რაიმუნდო "ქერა" (Raimundo "Loiro")-პედროს მამა; პოლიციამ მოჰკლა გაფიცვის დროს;
- დოქტორი დენტასი-პოეტი;
- დოქტორი რაული და დონა ესთერი-ხანდაზმული მდიდარი წყვილი, რომელთაც ფეხას შვილად აყვანა უნდათ, გარდაცვლილი შვილის ნაცვლად.
- მარგარიდა-მრეცხავი, დორასა და ზეს დედა;
- ნათლიდედა ლუიზა-ნავსადგურის მოვაჭრე; პედროს მშობლების ძველი ნაცნობი;
- გონსალესი-ლომბარდის პატრონი;
- კანონიკოსი;
- ძია ფრანსა-კარუსელის პატრონი;
- გამასწორებელი სახლის დირექტორი;
- რანულფო-ზედამხედველი;
- ეზეკიელი-მაწანწალა ბავშვების სხვა-"კაპიტნებთან" დაპირისპირებული ჯგუფის მეთაური.
- რაიმუნდო-(Raimundo)-"კაპიტნების" მეთაური პედროს გამოჩენამდე
- ლამპიაუ-ყაჩაღების მეთაური.
პროტოტიპები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომანის რამდენიმე პერსონაჟი რეალურად არსებული ადამიანია.
ღვთისნებიერა-სამუელ ფრანსიშკუ დე სოუზა ბარეტუ (1892-1950), რომელსაც მწერალი პირადად იცნობდა და მოიხსენია კიდეც თავის გზამკვლევში „ყველაწმინდის კონცხი“. ამადუს სიტყვებით, გაცნობის მომენტში ბარეტუ უკვე ხნიერი ადამიანი იყო, მაგრამ, კაპუეირაში მის ოსტატობას ასაკი ვერაფერს აკლებდა[3].
დონა ანინია-ეუჟენია ანა დოს სანტუსი (1869-1939), „წმინდა დედა“, კანდომბლეს კულტის უმაღლესი ქურუმი ქალი [4][5].
ძვალტყავა-ანტონიო ალვეს დოს სანტუსი, მეტსახელად ძვალტყავა (Volta Seca), სერჟიპის შტატიდან იყო წარმოშობით. 11-12 წლის ასაკში შეუერთდა ყაჩაღ ლამპიაუს ბანდას. 1932 წელს დააპატიმრეს და სასამართლომ 30 წელი მიუსაჯა, ყაჩაღობისა და მკვლელობების გამო. გარდაიცვალა 1997 წელს[6].
დოქტორი დენტასი-შესაძლოა, იგულისხმებოდეს გამოჩენილი პორტუგალიელი პოეტი, ექიმი, პოლიტიკოსი და დიპლომატი ჟულიუ დენტასი (დენტაში) (1876-1962).
ლამპიაუ-ვირგულინუ ფერეირა და სილვა (Lampião), (1898-1938)-ბრაზილიელი ყაჩაღი, კანგასეირუების მეთაური. მოღვაწეობდა მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში.
ეკრანიზაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომანი რამდენჯერმე იქნა ეკრანიზებული.
1971 წელს ამერიკელმა რეჟისორმა ჰოლ ბარტლეტმა რომანის მოტივებზე გადაიღო "ქვიშის კარიერის გენერლები". ფილმში ცალკეული მომენტები რომანისაგან განსხვავებული ფორმით წარმოჩინდა.
1989 წელს ბრაზილიურმა ტელეარხმა Rede Bandeirantes-მა გადასცა 10 სერიისაგან შემდგარი მინი-სერიალი, ჟოზე ლუზეირუს სცენარის მიხედვით[7].
2011 წელს ჟორჟი ამადუს შვილიშვილმა, რეჟისორმა სესილია ამადუმ რომანის ახალი ეკრანიზაცია გადაიღო[8].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.theguardian.com/books/2001/aug/07/news
- ↑ https://web.archive.org/web/20091214200424/http://www.imil.org.br/artigos/a-importancia-de-gilberto-freyre-para-a-construcao-da-nacao-brasileira-parte-ii/
- ↑ http://lib.ru/INPROZ/AMADU/generals_of_sand1.txt
- ↑ http://lib.ru/INPROZ/AMADU/generals_of_sand1.txt
- ↑ https://www.youtube.com/watch?v=65kCpzFdQYI
- ↑ https://leopoldinense.com.br/noticia/12893/livro-reconstitui-a-historia-de-volta-seca-o-jovem-cangaceiro-do-bando-de-lampiao-que-viveu-em-nossa-regiao
- ↑ https://www.imdb.com/title/tt0229111/
- ↑ https://www.imdb.com/title/tt1828148/?ref_=fn_al_tt_2