ქვეშეთი-კობის გზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვეშეთი-კობის ახალი გზა — საავტომობილო გზის პროექტი, რომელმაც უნდა დააკავშიროს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვეშეთი და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელი კობი. ამჟამად არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ქვეშეთი-კობის გზაზე დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22,7 კილომეტრიანი გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბი, რომელიც ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება. დანარჩენი გვირაბები შედარებით მცირე ზომის იქნება (1541 მ, 194 მ, 388 მ და 299 მ).[1]

9-კილომეტრიანი გვირაბის ასაშენებლად გამოყენებული იქნება გვირაბგამყვანი საბურღი მანქანა TBM, რომელიც არის თანამედროვე, მინიმალური ხმაურის მქონე მეთოდი; მისი მუშაობისას ვიბრაცია დაყვანილია მინიმუმამდე, რის გამოც გარემოზე ნაკლები ზემოქმედება ხდება.

ხიდების ჯამური სიგრძე 1,6 კილომეტრიანი. მათგან, ერთის სიგრძე 426 მ იქნება, ერთი თაღოვანი ხიდის სიმაღლე 166 მ, თაღის სიგრძე 285 მეტრი.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 ლოტად.

სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობა 9-კილომეტრიანი სიგრძის გვირაბის მონაკვეთზე (ლოტი 1) შეადგენს 4 წელს, ხოლო, მისასვლელი გზის მონაკვეთზე 3 წელს.

პროექტის ღირებულება და დონორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროექტის საერთო ღირებულება 1,240 მილიარდი ლარია. სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს. სამშენებლო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია UBM INTERNATIONAL UNITED CONSULTANTS INC.

უპირატესობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი გზა აშენდება საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული გეომეტრიული პარამეტრებით, გზის განათებებით, ქვეითთა/პირუტყვთა გადასასვლელებით და საგზაო უსაფრთხოების სხვა მახასიათებლებით, რაც მნიშვნელოვნად უსაფრთხოს გახდის მგზავრობას.

საავტომობილო გზის საერთო სიგრძე 11 კილომეტრით შემცირდება, შესაბამისად, ქვეშეთიდან-კობამდე გადაადგილების დრო შემცირდება 15 წუთამდე, ნაცვლად ერთი საათისა. მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, უზრუნველყოფილი იქნება საგზაო უსაფრთხოება, მათ შორის, შესაძლებელი იქნება ცუდი ამინდით (ზვავი, დიდთოვლობა) გამოწვეული საფრთხის თავიდან არიდება.

ჩატარებული კვლევები და სამუშაოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროექტის ფარგლებში ჩატარდა მიზანშეწონილობის კვლევები, შემუშავდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში[2], არატექნიკური რეზიუმე და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმა[3]. შემუშავდა ასევე ბიომრაფალფეროვნების სამოქმედო გეგმა და მიწის შესყიდვისა და განსახლების ჩარჩო.[4][5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]