ქვემო ქლივანის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემო ქლივანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ ქვემო ქლივანაში. აგებულია XIII-XIV საუკუნეებში.

ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვებით, სქელ დუღაბზე. წყობა შერეულია.

ეკლესიის შიდა სივრცე ორი წყვილი სვეტების საშუალებით სამ ნავად იყოფა. შუა ნავი გვერდით ნავებთან შედარებით უფრო მაღალია და ვიწრო. სამივე ნავის აბსიდებში გაჭრილია ვიწრო, თაღოვანი სარკმლები. ცენტრალური აბსიდის კონქი ამოყვანილია აგურის რადიალური რიგებით. სატრიუმფო თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. გვერდითა აბსიდები დარბაზს თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება.

ჩრდილოეთი ნავის კამარა კრონშტეინებს ეყრდნობა, ხოლო სამხრეთი ნავის კამარა — იმპოსტებს. ნავების გამყოფი აგურის თაღები სვეტების კაპიტელებს ეყრდნობა. დასავლეთით თაღები პილასტრებს ებჯინება. ცენტრალური ნავის ოთხივე კედელში გაჭრილია მაღალი სარკმლები. ეკლესიას დასავლეთიდან და სამხრეთიდან თაღოვანი შესასვლელები აქვს. დასავლეთის ტიმპანის ქვაზე შემორჩენილია ბოლნური ჯვრის გამოსახულება, რომელიც ძლიერ არის დაზიანებული.

ეკლესიის ფასადების მორთულობას წარმოადგენს ფართო, პროფილირებული საპირე, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ სარკმლებს აჩარჩოებს და ოდნავ გამოწეულია საფასადო სიბრტყიდან. ეკლესიის დასავლეთით და სამხრეთით შემორჩენილია მინაშენის ფრაგმენტები. დასავლეთით შესაძლოა კარიბჭე იყო.ეკლესიის გარშემო შეინიშნება გალავნის ფრაგმენტები. ეკლესია დაზიანებულია. ცენტრალური ნავის კამარა ჩამონგრეულია, ინტერიერში მიწის დონე ძლიერ არის აწეული. ეკლესიის ფასადების ყველა კუთხე ჩამონგრეულია. ჩრდილოეთი ფასადი თითქმის პერანგშემოცლილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Меписашвили Р., Цинцадзе В., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии - Шида-Картли, Тбилиси, 1975, стр. I01.
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 195-196