ქვემო აკეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
ქვემო აკეთი
Aketis Matskhovari.JPG
აკეთის მაცხოვარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი აკეთი
კოორდინატები 42°00′40″ ჩ. გ. 42°05′22″ ა. გ. / 42.01111° ჩ. გ. 42.08944° ა. გ. / 42.01111; 42.08944
დაარსდა ადრეული შუა საუკუნეები
ადრეული სახელები აკეთი
ცენტრის სიმაღლე 70
მოსახლეობა Decrease2.svg 587[1] კაცი (2014)
ქვემო აკეთი — საქართველო
ქვემო აკეთი
ქვემო აკეთი — გურიის მხარე
ქვემო აკეთი

ქვემო აკეთი — სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი: (ქვემო აკეთი, ზემო აკეთი, ჭანჭათი, გაგური). მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთით, ზღვის დონიდან 70 მ. სოფელში არის თიხნარი ნიადაგი. ამის საფუძველზე განვითარებული იყო მეთუნეობა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1772-76 წლებში გურიელებმა აკეთი უბოძეს ქვემო გურიიდან დევნილ მამუკა თავდგირიძეს. გიორგი თავდგირიძემ და მისმა შვილებმა, როსტომმა, მამუკამ და მაქსიმემ ქვემო აკეთში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირას ააშენეს სასახლე და აღადგინეს მაცხოვრის ტაძარი.

გურიის სახალხო ბიბლიოთეკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1893 წლის 22 აგვისტოს აკეთში გაიხსნა გურიის სახალხო ბიბლიოთეკა. მისი გახსნის ინიციატორები იყვნენ ისიდორე რამიშვილი, არსენ წითლიძე და ლავრენტი წულაძე. ბიბლიოთეკის გახსნისთვის ისინი განიხილავდნენ ნაგომრის, ბახვისა და ჩოხატაურის ვარიანტებსაც, თუმცა საბოლოოდ აკეთი აირჩიეს. გლეხმა ნიკო ქურიძემ ბიბლიოთეკას საკუთარი სახლი ნახევარ ფასად მიჰყიდა. რადგანაც ბიბლიოთეკის მთავარი მისია სოფლად. გლეხობაში წიგნიერების გავრცელება იყო, ბიბლიოთეკის დამფუძნებლებმა შემოიღეს წიგნების ჩამოტარება სოფლებში. მათ სხვადასხვა გამოცემები სხვადასხვა დასახლებებში მიჰქონდათ და ადგილზე აცნობდნენ მოსახლეობას. 1895 წელს ორი თვის განმავლობაში ბიბლიოთეკით 21 სოფლიდან 315-მა დამიანმა ისარგებლა. მომდევნო ორ თვეში 200-მა მკითხველმა 600 გამოცემა გაიტანა წასაკითხად. მაზრის ადმინისტრაცია ცდილობდა ხელი შეეშალა ბიბლიოთეკის ფუნქციონირებისთვის, რადგან იქ მთავრობისთვის მიუღებელი იდეები ვრცელდებოდა. არსენ წითლიძე მიქელგაბრიელის თემში გადაიყვანეს მასწავლებლად, ლავრენტი წულაძე ფოთის სამრევლო სკოლაში გადავიდა, ხოლო ახალი მასწავლებელი ვალერიან მებუკე ადმინისტრაციამ მიიმხრო. ჯამლეთ სიმონის ძე ბაჟუნაშვილმა, ვინც ხელმძღვანელობდა ბიბლიოთეკას წითლიძისა და წულაძის შემდგომ ის ახალ შენობაში, სოფლის კანცელარიასთან გადაიტანა, სადაც მოსახლეობის თავშეყრის ადგილი იყო. ბიბილიოთეკათა ქსელი განვითარდა სხვა სოფლებშიც. აკეთის ბიბლიოთეკა რამდენიმე წელიწადში უკვე მხოლოდ აკეთის საზოგადოებას ემსახურებოდა. მიუხედავად მასშტაბის შემცირებისა, 1905 წლამდე ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა. გურიაში 1905 წლის რევოლუციური მოვლენების გამო ხელისუფლებამ ბიბლიოთეკა-სამკითხველოები დახურა. 1906 წლისთვის აკეთის ბიბლიოთეკის შენობა და სახურავი დაზიანდა, წიგნადი ფონდი შემცირდა. მოსახლეობამ შეძლო შენობის განახლება, მაგრამ ბიბლიოთეკა ძველებურად ფეხზე ვეღარ დადგა და მან ასეთი სახით 1921 წლამდე იარსება.[2]

ისტორიული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აკეთის მაცხოვარი.

სოფელში დგას მაცხოვრის სახელობის გუმბათოვანი ეკლესია. გუმბათი ამჟამად ჩამონგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ კედლები თავისი შესასვლელებით და სამრეკლო. ეკლესია მოხატული ყოფილა, მაგრამ XIX საუკუნეში რუს სამღვდელო მოხელეებს კირით შეუთეთრებიათ. ჩრდილოეთის შესასვლელ კარზე არის ჩუქურთმა, რომელზეც გამოსახულია ორი გველეშაპი. ეკლესიაზე დაშენებულია სამრეკლო, რომელშიც კიბე შიგნიდან ადის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. ხვადაგიანი ი. „გურიის სახალხო ბიბლიოთეკა“, კრებული „ინიციატივა ცვლილებებისთვის“ გვ. 60-71 — თბილისი, 2015, ISBN 978-9941-0-8204-7