ქეით რაისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქეით რაისი

ქეით რაისი ვეკუსკოს ტბასთან
დაბადების თარიღი 22 დეკემბერი, 1882
ონტარიო, კანადა
გარდაცვალების თარიღი 2 იანვარი, 1963 (80 წლის)
მანიტობა, კანადა
სხვა სახელები „წითელი ლედი“, „ტბის ლედი“[1]
მოქალაქეობა კანადელი
ალმა-მატერი ტორონტოს უნივერსიტეტი
საქმიანობა მწერალი, გეოლოგი, მოგზაური, მკვლევარი

ქეით რაისი (დ. 22 დეკემბერი, 1882 – გ. 3 იანვარი, 1963) – კანადელი წიაღისეულის მაძიებელი, მოგზაური და მწერალი ონტარიოდან, რომელიც იკვლევდა მაღაროებს ჩრდილოეთ მანიტობაში. მან ფართო ყურადღება მიიპყრო თავისი თავგადასავლებით სავსე ცხოვრებით, ბრწყინვალე გონებით, ფიზიკური აღნაგობითა და მინერალური მრეწველობის მიღწევებით, რომლითაც იმ დროს ძალიან ცოტა ქალი იყო დაკავებული.

ადრეული ცხოვრება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაისი ტორონტოს უნივერსიტეტში

კეტლინ კრეიტონ სტარ რაისი დაიბადა 1882 წელს ჰენრი ლინკოლნ რაისის (1857-1933) და შარლოტა „ლოტი“ კარტერ რაისის (1862-1941) საშუალო კლასის ოჯახში, სენტ მერისში, ონტარიოში. მამამისი მარცვლეულის ვაჭარი იყო და ებრძოდა ბიზნესის ცვალებად კლიმატს. მას მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული Carter Milling Co.-ს სრული წილი სიმამრის, ჯორჯ კარტერისგან (1826-1899), რომელიც წარმოშობით ირლანდიიდან იყო.

მისი ბაბუა, დოქტორი სამუელ დუაიტ რაისი (1815-1884) იყო პროგრესული მეთოდისტი, რომელმაც დააარსა ქალთა კოლეჯი ჰამილტონში.[2] რაისი ასწავლიდა თავის ქალიშვილს კანოეს და ლაშქრობას სენტ-მერის მდინარეზე, ექვსი წლის ასაკში. ასევე უყვებოდა ამბებს დენიელ ბუნის შესახებ, რითაც ჩაუნერგა თავგადასავლების სიყვარული.[3]

განათლება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაისი სწავლობდა ტორონტოს უნივერსიტეტში, ორჯერ მოიგო ედვარდ ბლეიკის სტიპენდია. სწავლობდა მათემატიკას, ფიზიკასა და ასტრონომიას. უნივერსიტეტი დაამთავრა 1906 წელს.[4]

1908 წელს რაისი საცხოვრებლად დასავლეთში, კერძოდ ტესში, ალბერტაში გადავიდა, სადაც ასწავლიდა საზაფხულო სკოლაში. შემდეგ მან დაიკავა მათემატიკის პროფესორის თანამდებობა ალბერტას კოლეჯში, ბელვილში, ონტარიოში. ასწავლიდა ასევე იორკტონში, სასკაჩევანში 1911 და 1912 წლებში.[5] მან იქ კანადის კლდოვანი მთების შესწავლა დაიწყო და დაინტერესდა ალპინიზმით, ძირითადად კასკადოვან მთებში. ეს გახდა მისი გატაცება და მოგვიანებით შეუერთდა კანადის ალპურ კლუბს.

29 წლის ასაკში რაისმა გადაწყვიტა, რომ სურდა საკარმიდამო ნაკვეთი ჰქონოდა და მონაწილეობა მიეღო ჩრდილოეთში კანადის „ახალი საზღვრის“ გახსნაში. ვინაიდან 1929 წლამდე კანადაში ქალები არ ითვლებოდნენ იურიდიულ პირებად,[6] და არ ჰქონდათ ქონების ფლობის ან საკარმიდამო საკუთრების უფლება, რაისმა ძმას, ლინკოლნ რაისს, სთხოვა შეეძინა მიწა მისი სახელით, პასის ჩრდილოეთით, მანიტობაში.[3] რაისმა მეურნეობა დაიწყო 1913 წელს.[7]

კვლევა და ძიება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პასში გადასვლიდან მალევე, გავრცელდა ინფორმაცია ოქროს აღმოჩენის შესახებ ჩრდილოეთით, ბივერის ტბასთან. რაისმა დაიწყო შესწავლა და წაიკითხა ყველაფერი, რაც შეეძლო გეოლოგიის შესახებ. იგი დაუმეგობრდა ადგილობრივ კრის, ისწავლა მათი ენა და ნადირობა. 1914 წელს რაისმა ისესხა ფული, ძველი კოლეჯის მეგობრისგან, და დაიქირავა კრის მეგზური, რათა იგი ჩრდილოეთით, ბივერის ტბაზე ძაღლებით წაეყვანა. შემდეგ იგი კანოეთი უფრო ჩრდილოეთით გაემგზავრა ბროშეში, რათა დაეწყო გეოლოგიური კვლევა. პირველ ექსპედიციაზე, რაისმა აღმოაჩინა თუთია ირმის ტბაზე, მაგრამ არ მიისაკუთრა, რადგან არ არსებობდა რკინიგზა ამ მხარეში და მისი განვითარება რთული იქნებოდა.[8]

1915 წელს მან წაიყვანა საკუთარი ძაღლების გუნდი ბივერის ტბის ტერიტორიის შესასწავლად, სადაც მან პირველად მიისაკუთრა თავისი აღმოჩენები. ამ დროის განმავლობაში რაისმა დაიქირავა „მოხუცი აიზეკი“, ადგილობრივი კრი უხუცესი. მას სურდა ესწავლა ძაღლების დაჭერა, ნადირობა, ძაღლების დაგეშვა და სროლა. ადგილობრივმა კრიმ მას „Mooniasquao“ („თეთრი ქალი“) უწოდა.

მომდევნო წელს, რაისმა თანამშრომლობა დაიწყო რიჩარდ „დიკ“ ვუსისთან.[9] ვუსი იყო ბრიტანეთის მე-18 სამეფო ჰუსარების პოლკის ვეტერანი, რომელიც იბრძოდა ბურების ომში, ინდოეთში და ავღანეთის საზღვრის გასწვრივ. ორივემ ერთად ააშენა კაბინა და გუნდურად მუშაობდნენ ვუსის გარდაცვალებამდე 1940 წელს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სპეკულაციები მათი პირადი ურთიერთობის შესახებ, რაისი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ეს მკაცრად პროფესიული იყო. 1917 წელს რაისმა ჰერბის ტბაზე საკუთრების პრეტენზიები წამოაყენა და არეა შეამოწმა და შეაფასებინა. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, რაისმა გამოიკვლია ვეკუსკოს ტბის, ჰერბის ტბის და თოვლის ტბის ტერიტორიები, ასევე ბურნტვუდისა და ფლინ ფლონის მინერალური სარტყლები.

1928 წელს რაისი ეწვია ტორონტოს, სადაც მან დაიწყო მედიის ყურადღების მიქცევა, როგორც „...ყველაზე თვალწარმტაცმა ქალმა სტუმარმა", რომელმაც სახელი გაითქვა ჩრდილოეთის მკვლევართა უხეშ სამყაროში[10] (რაისი 182 სანტიმეტრი სიმაღლის იყო, ჰქონდა ოქროსფერი, ქერა თმა და ბრწყინვალე გონება). იგი სამხრეთში რეგულარულად, მშობლების სანახავად დადიოდა.[2][10] რაისი ხანდახან წერდა სტატიებს Toronto Star-ისთვის მისთვის უფრო საინტერესო თემებზე, ვიდრე ტაბლოიდური ჟურნალისტიკა იყო.

ერთხელ რაისს შესთავაზეს 500 000 დოლარი მისი ერთ-ერთი საკუთრებისთვის, მაგრამ მას ორმაგი თანხსის მიღება სურდა. სამწუხაროდ, მყიდველმა საბოლოოდ გადაიფიქრა და მან მხოლოდ 20,000 დოლარად გაყიდა ის International Nickel-ზე (INCO).[11] რაისს და ვუსს მოგვიანებით უჩივლა ჰერმანმა, ყოფილმა პარტნიორმა, კონტრაქტის დარღვევისთვის, რომელიც მოიცავდა სხვა პრეტენზიას და შეფასებული იყო (დროებით) 5 მილიონ დოლარად.[3] მის მიერ არაერთხელ სპილენძისა და ნიკელის აღმოჩენამ საბოლოოდ განაპირობა დიდი სამთო ოპერაციების განვითარება და ტომპსონის სამთო კერის შექმნა მანიტობაში.

შემდგომი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაისი თავისი მარხილის ძაღლების გუნდთან ერთად

1940 წლიდან მოყოლებული რაისი ცხოვრობდა თავის ხის სახლში, თავის კუნძულზე, ვეკუსკოს ტბაზე. იგი დაკავებული იყო წერით, მებაღეობით, თევზაობით. იგი იკვლევდა თავისი პატარა კანოეთი სახელად „იხვის ჭუკი“. მან დაწერა რამდენიმე სტატია სამეცნიერო ჟურნალებში მეტეოროლოგიური და ასტრონომიული დაკვირვებების შესახებ, რომლებიც ჩაატარა კანადის ჩრდილოეთით მოგზაურობისას. იგი ასევე ცნობილი გახდა მარხილის ძაღლების აღზრდისა და გაწვრთნის უნარით და მათრახის გამოყენების გარეშე მათი მოთვინიერების მეთოდებით.[12]

ამდენი წლით თავის კუნძულზე იზოლირებულად ცხოვრების შემდეგ, რაისმა საკუთარ გონებაზე ნერვიულობა დაიწყო. მან დატოვა კუნძული 1960 წელს, 77 წლის ასაკში, რათა გამგზავრებულიყო ბრენდონის ფსიქიკურ ინსტიტუტში. შემოწმების შემდეგ, ექიმებმა დაარწმუნეს, რომ ის არა გიჟი, არამედ „უბრალოდ მაძიებელი“ იყო. მიუხედავად ამისა, 1962 წელს რაისი გადავიდა მოხუცთა თავშესაფარში, მინედოზაში, მანიტობაში, სადაც ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ცხოვრების ბოლოს მას ფინანსური სახსრები აღარ გააჩნდა და უსახელო საფლავში დამარხეს.[5]

აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული, რომელზეც რაისი ცხოვრობდა ვეკუსკოს ტბაზე, ოფიციალურად იქნა აღიარებული რაისის კუნძულად 1946 წელს.[13] 2013 წელს კუნძულზე დამონტაჟდა მემორიალური დაფა, რომელზეც ეწერა: „კეტლინ „ქეით“ რაისის ხსოვნას. როდესაც ჩრდილი ანათებდა მის პიონერულ ბილიკს, მისი გამბედაობა და ეთიკა, მისი საქმეები და ძიება დაეხმარა ჩრდილოეთის განსაზღვრას.”[14]

2009 წელს, თოვლის ტბის გაზეთი, Underground Press, სათავეში ჩაუდგა ფონდების მოზიდვის კამპანიას მინედოზაში რაისის საფლავზე საფლავის ქვის აღმართვის მიზნით, რომელზეც ეწერა „ჩრდილოეთის მაძიებელი და პიონერი, ველური ბუნების არაჩვეულებრივი ქალი“.[3] მსგავსი ქვა დაიდგა პასში დიკ ვუსის საფლავზე.

ქეით რაისი 2013 წელს კანადის სამთამადნო საქმის დიდების დარბაზში მიიწვიეს.[15]

ნათესავმა რაისის ნაშრომები, მათ შორის გამოუქვეყნებელი მემუარები და ნახატები გადასცა მანიტობას უნივერსიტეტის არქივს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Thompson Citizen "Kate Rice: Still making history", October 30, 2013
  2. 2.0 2.1 Glanville, Jen (May 2014). „Kathleen Rice Trailblazing the Manitoba wilds“. CIM Magazine. ციტირების თარიღი: August 8, 2014.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Peters, Carly (2013). „Swings On Her Own Gate“. Northern Prospector: 48. ციტირების თარიღი: August 8, 2014.
  4. Tiltman, Marjorie Hessell (1935) Women in Modern Adventure. London: George G Harper & Co. Ltd. ციტირების თარიღი: August 8, 2014. 
  5. 5.0 5.1 Kate Rice Timeline. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 11, 2014. ციტირების თარიღი: August 8, 2014.
  6. Famous Five: The "Persons" Case, 1927-1929. Library and Archives Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 18, 2008. ციტირების თარიღი: February 10, 2017.
  7. Millar, Ruth (May 31, 2004) Saskatchewan Heroes & Rogues. Coteau Books. ASIN 1550502891. ISBN 1550502891. 
  8. „Kate Rice: Still making history“. Thompson Citizen. October 30, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 12, 2014. ციტირების თარიღი: August 8, 2014.
  9. Duncan, Helen (Sep 1, 2002) Kate Rice: Prospector. Dundurn. ASIN 0889242100. ISBN 0889242100. 
  10. 10.0 10.1 Tiltman, Marjorie Hessell (September 10, 1936). „Prospecting in the Canadian Wilds“. Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: August 8, 2014.
  11. Kathleen Rice: An Inventory of Her Papers at the University of Manitoba Archives & Special Collections. University of Manitoba Libraries. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 10, 2014. ციტირების თარიღი: August 9, 2014.
  12. Eskritt, Rayanne (May–June 2013). „Rice: Woman of the North“ (PDF). Cottage North Magazine. 11 (3): 7. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 9 October 2017. ციტირების თარიღი: August 9, 2014.
  13. Canadian Geographical Names. ციტირების თარიღი: August 9, 2014.
  14. Jackson, Marc. An island tribute for Kate Rice and Dick Woosey. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 12, 2014. ციტირების თარიღი: August 9, 2014.
  15. Purdy, Chris. Not crazy just a female prospector: Kate Rice honoured for mining first (January 15, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 9, 2014. ციტირების თარიღი: August 9, 2014.