ქეთევან ქემოკლიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქეთევან ქემოკლიძე

ქეთევან ქემოკლიძე (დ. 7 ივლისი, 1981, თბილისი) — ქართველი მომღერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვოკალისტთა ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, მეცოსოპრანო ქეთევან ერმინის ასული ქემოკლიძე დაიბადა თბილისში, 1981 წლის 7 ივლისს. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩაბარებამდე დაამთავრა თბილისის სულხან ცინცაძის სახელობის ხელოვნების სკოლა და კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სასწავლებელი; შემდეგ კონსერვატორიის მაგისტრატურა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა განხრით; 2000-2005 წლებში გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი; 2005 წელს მიენიჭა მაგისტრის წოდება საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში. აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდულ პოლიტიკაში – ახალგაზრდა ეკონომისტთა მმართველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდული პარლამენტის წევრი, ქართველი ახალგაზრდების ერთ-ერთი წარმომადგენმელი ევროსაბჭოში; გადიოდა სტაჟირებას ფინანსთა სამინისტროში. ასეთივე წარმატებული იყო ქეთევან ქემოკლიძის მუსიკალური კარიერა. 2002 წელს, ჯერ კიდევ კონსერვატორიაში სწავლისას, შედგა მისი წარმატებული სასცენო დებიუტი თბილისის ოპერაში: მადალენა, ემილია, ამადიგი. ამას მოჰყვა მისი გამოსვლები ცნობილ ქართველ დირიჟორებთნ, რეჟისორებთან და ორკესტრებთან, რომელთაგანაც აღსანიშნავია: მოცარტის „რექვიემი“, „მესა-ბრევისი“, პერგოლეზის „სტაბატ მატერი“, ბეთჰოვენის IX სიმფონია, ჰენდელის „მესიას“ და ბახის „საშობაო ორატორიის“ პირველი შესრულება საქართველოში.

პარალელურად ქეთევან ქემოკლიძე რამდენიმე ვოკალური კონკურსის ლაურეატიც გახდა: იგი არის საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა III რესპუბლიკური და ახალგაზრდული კონკურსების ლაურეატი; გამარჯვება მოიპოვა პ. დომინგოს, ფ. ვინიასის, ტულუზის, ჰ.გ. ბელვედერისა და ე. ობრაზცოვას საერთაშორისო კონკურსებზე. 2006 წელს ჰ.გ. ბელვედერის საერთაშორისო კონკურსზე მოგებული ლა სკალას საოპერო თეატრის სპეციალური პრიზით უგამოცდოდ ჩაირიცხა ამავე თეატრთან არსებულ აკადემიაში. ამ წარმატების შემდეგ ქეთიმ საბოლოო არჩევანი გააკეთა და თავისი ბედი სამუდამოდ დაუკავშირა საოპერო ხელოვნებას. ქეთი ქემოკლიძეს ევროპისა და ამერიკის საოპერო სცენებზე ოცზე მეტი პარტია აქვს ნამღერი. იგი ითვლება როზინას პარტიის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად, რომლითაც დიდი წარმატება მოიპოვა ბერლინის დოიჩე ოპერის, პარმის სამეფო თეატრის, ტულუზის კაპიტოლის თეატრის, მონპელიეს ნაციონალური თეატრის, პალერმოს ტეატრო მასიმოს, სანტიაგოს მუნიციპალური თეატრის, რაინის დოიჩე ოპერისა და მარსელის მუნიციპალური ოპერის სცენებზე; ამ პარტიით შედგა მისი ამერიკული დებიუტი ვაშინგტონის ნაციონალურ ოპერაში, სადაც პლასიდო დომინგომ მიიწვია. მის სახელს უკავშირდება, აგრეთვე, ქეთის წარმატებული დებიუტი როსინის „კონკიაში“ ლოს ანჯელესის ოპერაში. ქეთევანი დომინგოს ერთ-ერთი საყვარელი მომღერალია. „ოპერალიაში“ გამარჯვების შემდეგ დიდმა მაესტრომ მას თავად გადასცა პრიზი და მისი სტიპენდიანტიც გახდა.

ქეთევან ქემოკლიძე თავისი განსაკუთრებული ვოკალური და სასცენო მონაცემების წყალობით დიდი წარმატებით გამოდის მსოფლიოს მნიშვნელოვან საოპერო თეატრებში: აღსანიშნავია მისი გამოსვლა 2010 წელს ლონდონის სამეფო თეატრში, სტეფანოს პარტიით. ბელვედერის კონკურსზე მოგებულ ბარსელონის ლისეუს თეატრის სპეციალურ პრიზს მოჰყვა ვერდის „ოტელოში“ მისი ესპანური დებიუტი. მან თავისი მომაჯადოებელი ქერუბინოთი, მოცარტის „ფიგაროს ქორწინებიდან“, მონტე-კარლოს ოპერის, სანტიაგოს მუნიციპალური თეატრისა და მადრიდის სამეფო თეატრის მსმენელთა გულები დაიპყრო. 2014 წელს დიდი წარმატებით იმღერა კარმენის პარტია ტოკიოს ახალ ნაციონალურ თეატრში. ამ როლითვე წარსდგა პეტერბურგელი მსმენელის წინაშე მარიას სამეფო თეატრში. ამავე წელს შედგა მისი სკანდინავიური დებიუტი იზოლიერის როლით მალმოს ოპერაში. 2015 წელს მან ვერდის „დონ კარლოსში“ პრინცესა ებოლის დაუვიწყარი სახე შექმნა ელ ესკორიალის ფესტივალზე; ამავე წელს პოლონეთის ნაციონალურ ოპერაში, პირველად ამ თეატრის ისტორიაში, დონიცეტის ოპერა „მარიამ სტიუარტის“' მსოფლიო პრემიერა შედგა. დედოფალ ელისაბედის პარტია ქეთევან ქემოკლიძემ იმღერა, ხოლო ლესტერი — ტენორმა შალვა მუქერიამ. ამას მოჰყვა ტოკიოს ნაციონალური ოპერა, სადაც შეასრულა პრეოციოზილას როლი ვერდის „ბედის ძალაში“, კვლავ ქართველ მომღერალთან წყვილში — ლეონორას პარტია იანო თამარმა, იგივე იანო ალიბეგაშვილმა შეასრულა.

ქეთევანი იტალიური თეატრების ხშირი და სასურველი სტუმარია. მონაწილეობდა ლა სკალას ტურნეში იაპონიაში. წარმატებული იყო მისი გამოსვლები ვერონის არენაზე და ვენეციის ფენიჩეს თეატრში, ნეაპოლის სან კარლოს თეატრში, ბერლიოზის „კლეოპატრას სიკვდილი“ სპოლეტოს ფესტივალზე, გუნოს „ფაუსტი“ და მასნეს „ტაისი“ ტურინის სამეფო თეატრში. 2015 წლის ტურნედან აღსანიშნავია, მისი გამოსვლა ავსტრიაში, გრაცის ოპერაში ფენენას პარტიაში ვერდის „ნაბუკოდან“ და პრინცესა კლარისით პროკოფიევის „სამი ფორთოხლის სიყვარულიდან“. ამას მოჰყვა ვენეცია, სადაც სპექტაკლები ცნობილ ვენეციურ კარნავალს დაემთხვა და დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა. ვენეციას მოჰყვა ბარსელონა, შემდეგ კვლავ ავსტრია, მერე ვაშინგტონი და შემდეგ ირლანდია, ვექსფორდის ფესტივალი, სადაც პირველად წარსდგა ირლანდიელი პუბლიკის წინაშე დონნა ინესის როლით დონიცეტის „მარია პადიიდან“. ქეთევან ქემოკლიძის მრავალფეროვანი საკონცერტო გამოსვლებიდან აღსანიშნავია: „ივანე მრისხანე“ და „ალექსანდრე ნევსკი“ საკონცერტო ტურში პეტერბურგის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მაესტრო იური ტემირკანოვის დირიჟორობით; სტრავინსკის „პულჩინელა“ ა. ბ. მიქელანჯელის ფესტივალსა და ლა სკალას სცენაზე, სოლო კონცერტები ტულუზის კაპიტოლის თეატრში და ვექსფორდის ფესტივალზე, გალა კონცერტები ბერლინში, დუსელდორფის, ლაიფციგისა და ბაზელის საოპერო თეატრებში, საერთაშორისო ფესტივალი „მიტო“, საერთაშორისო ფესტივალი „სტრეზას მუსიკალური კვირეულები“ და სხვა.

ქეთევანმა უდიდესი წარმატებით შეასრულა ადრიანა ფერარეზეს როლი ლეგენდარული ესპანელი რეჟისორის კარლოს საურას ფილმში „მე, დონ ჯოვანი“. გადაღებები მიმდინარეობდა რომში, ოპერატორი კი ოსკაროსანი ვიტორიო სტორარო გახლდათ. ფილმმა გამარჯვება მოიპოვა ტორონტოსა და რომის საერთაშორისო კინოფესტივალებზე. მომღერლის დისკოგრაფია მოიცავს: როსინის „სევილიელ დალაქს“, გუნოს „რომეო და ჯულიეტას“, ვერდის „ოტელოს“, შტრაუსის „სალომეს“, მენდელსონის „ზაფხულის ღამის სიზმარს“ და სხვა. ქეთევან ქემოკლიძე მეუღლის სამსახურის გამო ვენაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. სანდრო შელეგია ვენის უნივერსიტეტის პროფესორია ეკონომიკის განხით. ჰყავთ პატარა ვაჟი — ლუკა. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ქეთი სამშობლოში ხშირად ჩამოდის, მეგობრებიც ჩამოჰყავს და საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობს. „ვერ წარმოიდგენთ, როგორ მენატრება ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები და ჩემი პედაგოგი. ნოსტალგია ხშირად შემომაწვება ხოლმე და, როცა თბილისში ჩამოვდივარ, ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს. განსაკუთრებული, საოცარი ემოცია მეუფლება, როცა ქართულ სცენაზე ვმღერი, როცა ქართველი მაყურებელი მიყურებს და მისმენს, ამბობს მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., 2015. გვ. 488.
  • მორგოშია, მაია. ქეთევან ქემოკლიძე : მე - ოპერის მომღერალი // ცხელი შოკოლადი. თბ., 2013. გვ. 38-47.
  • ქემოკლიძე, ქეთევან. საოპერო ვარსკვლავობამდე : ინტერვიუ / ესაუბრა ქეთი დარჩია // ბომონდი. თბ., 2014 გვ. 28-32.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]