ქეთევან დედოფლის გამზირი
ქეთევან დედოფლის გამზირი | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | სამგორის რაიონი და ისნის რაიონი |
წინა სახელები | კახეთის გზა, კახეთის ქუჩა, კახეთის დიდი ქუჩა, სტეფანე შაუმიანის ქუჩა |
ქეთევან დედოფლის გამზირი — ქუჩა თბილისში, ისნისა და სამგორის რაიონებში (ავლაბარი, ნავთლუღი). ავლაბრის მოედნიდან მოსკოვის გამზირამდე. მაგისტრალური ქუჩა, რომელიც ნავთლუღს აკავშირებს ქალაქის ცენტრალურ რაიონებთან. ძველთაგანვე ცნობილი იყო კახეთის გზის სახელით. ასეა დატანილი ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ თბილისის 1735 წლის გეგმაზეც. თბილისის 1867 წლის გეგმაზე დატანილია როგორც კახეთის ქუჩა, 1895 წლის გეგმაზე — როგორც კახეთის დიდი ქუჩა. 1923 წელს — სტეფანე შაუმიანის, 1990 — ქეთევან წამებულის, 2005 წელს ქეთევან დედოფლის სახელი დაერქვა. გამზირზე დგას პ. ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა (19396, არქიტექტორი მ. ტერ-მიქელოვი), ქეთევან დედოფლის გამზირისა და თელავის ქუჩის კუთხეში — ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „შერატონ-მეტეხი-პალასი“ (1991, არქიტექტორები: ე. ჩაკმანი, შოთა ყავლაშვილი). ქეთევან დედოფლის გამზირისა და კახეთის გზატკეცილის შესაყართანაა შპს „ისანი“. შემონახულია XIX საუკუნის II ნახევრის საცხოვრებელი სახლები. გამზირზე დგას მეფე ფარნავაზ I-ის ძეგლი (მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი. არქიტექტორები: შოთა ყავლაშვილი, ვ. რცხილაძე). გამოდის მეტროს სადგურები „ავლაბარი“, „300 არაგველი“, „ისანი“, „სამგორი“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 177-178, ISBN 978-99928-20-35-3.