ქართულ-ოსური კონფლიქტი (1918-1920)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართულ-ოსური კონფლიქტი — ბრძოლა მენშევიკების ბატონობის დასამხობად და საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად სამხრეთ ოსეთის ოლქში 1918 —1920 წლებში. 1918 წლის დასაწყისისთვის სამხრეთ ოსეთის მშრომელთა რევოლუციური მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ყორნისის ხეობაში მემამულეებმა გლეხებისაგან გადასახადების აკრეფა ძალით დაიწყეს. გლეხებმა ომიდან დემობილიზებულ ჯარისკაცებთან ერთად იარაღით გააგდეს თბილისიდან კოსტა ყაზიშვილის (ყაზიევი) მეთაურობით ჩასული "სახალხოგვარდიელთა" ექსპედიცია. 15 მარტს სოფელ ვანათში მოეწყო ხალხმრავალი მიტინგი, რომელმაც ამიერკავკასიის სეიმს მოსთხოვა მემამულეთა გასახლება გორის მაზრიდან და მათი მიწების გლეხებისთვის გადაცემა. სეიმმა მოთხოვნა არ მიიღო. 18 მარტს აჯანყება დაიწყო. მეორე დღეს ცხინვალიდან გაყარეს მენშევიკური ჯარის ნაწილები, მაგრამ 22 მარტს მთავრობის ჯარებმა ცხინვალის რაიონი დაიბრუნეს. რკპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის მითითებით სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტებმაც გააჩაღეს მუშაობა საყოველთაო აჯანყების მოსაწყობად საქართველოში, რომელიც 1919 წლის 25 ოქტომბრისთვის იყო დანიშნული. რკპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტმა ვერ მოასწრო აჯანყების გადავადების შესახებ რაიონული კომიტეტებისათვის შეტყობინება, ამიტომ 23 ოქტომბერს როქის რაიონში აჯანყებულებმა აჯანყებულებმა საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს და ჯავისაკენ გაემართნენ.აჯანყებულებმა მალევე გაიგეს გადავადების შესახებ და თერგის ოლქში გადავიდნენ. 1920 რკპ (ბ) სამხარეო კომიტეტმა დიდი მუშაობა ჩაატარა საქართველოში საყოველთაო აჯანყების მოსაწყობად. მან, პირველად საქართველოში, 23 მარტს შექმნა სამხრეთ ოსეთის რევკომი ს. გაგლოევის, ა. ჯათიევისა და ვ. სანაკოევის შემადგენლობით. მენშევიკურმა მთავრობამ გაითვალისწინა როქის რაიონის სტრატეგიული მნიშვნელობა და ჯარის ნაწილები გაგზავნა როქის გადასასვლელის ჩასაკეტად. 8 მაისს აჯანყებულებმა როქის რაიონში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს, 6 ივნისს ჩრდილოეთ ოსეთიდან დაბრუნებული სამხრეთ ოსეთის ბრიგადის დახმარებით დაამარცხეს ჯავის ხეობაში მყოფი ჯარის ნაწილები, ხოლო მეორე დღეს ცხინვალი დაიკავეს და საბჭოთა ხელისუფლება იქაც გამოაცხადეს. 1920 წლის ზაფხულში მენშევიკურმა მთავრობამ აჯანყებულთა წინააღმდეგ დიდი სამხედრო შენაერთი გაგზავნა და აჯანყება ჩაახშო.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • სოციალიატური რევოლუციის გამარჯვება საქართველოში, თბ., 1957;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 6, თბ., 1972;
  • საქართველოს კომუნისტური პარტიის ისტორიის ნარკვევები (1883—1970), თბ. 1971;
  • ცხოვრებოვი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 73-74, თბ., 1985 წელი.