ქართულ-ოსური დინასტიური ქორწინებები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართულ-ოსური დინასტიური ქორწინებებისაქართველოს სამეფო კარსა და ოსებს შორის შემდგარი დინასტიური ქორწინებები.

ისტორიიდან ცნობილია ქართველებსა და ოსებს შორის დინასტიური ქორწინებების რამდენიმე ფაქტი, რაც კიდევ უფრო ხელს უწყობდა ამ ორი ერის უფრო მეტად დაახლოებას. ქართველი მეფები ხშირად ქორწინდებოდნენ პოლიტიკური მიზნით, რათა დამოყვრებული ქვეყნის იმედი ჰქონოდათ მტრებთან ბრძოლაში. მათ შორის გამოსარჩევია ქართულ-ოსური დინასტიური ქორწინებები.

ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებს შორის ქართველებთან ყველაზე მეტად დაკავშირებულები ისტორიულად ოსები იყვნენ. ოსეთზე საქართველოს გავლენა განსაკუთრებით გაიზარდა მეფე დავით IV აღმაშენებლის (1089-1125 წწ.) დროს. მისი ზეობის ხანაში ოსები უკვე ყმადნაფიცები იყვნენ. ჩრდილო კავკასიის ხალხებს და მათ შორის ოსებსაც, საკუთარი ინტერესი ამოძრავებდა საქართველოს მიმართ. განვითარებული მეურნეობის მქონე და ძლიერი საქართველო სულ უფრო მეტად იზიდავდა თავისკენ მთის მოსახლეობას.[1]

ფარნავაზის და და ოვსთა მეფე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართულ-ოსური დინასტიური ქორწინების პირველ ფაქტად შეიძლება მივიჩნიოთ ფარნავაზ მეფის დისა და „ოვსთა მეფის“ შეუღლება.

ვიკიციტატა
„მაშინ ფარნავაზ მისცა დაი მისი ოსთა მეფესა ცოლად, და ერთი დაი მისი მისცა ქუჯის ცოლად.[2][3]

გიორგი I და ალდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაერთიანებული საქართველოს მეორე მეფე გიორგი I (1014-1027 წწ.) ორჯერ იყო დაოჯახებული. მისი პირველი მეუღლე იყო ვასპურაკანის სომხური სახელმწიფოს მეფის, სენექერიმ ჰოვანეს არწრუნის (1003-1021) ქალიშვილი მარიამი.[4] მეფე გიორგი I მეორედ იყო დაოჯახებული. მისი მეორე მეუღლე ოსთა მეფის ქალიშვილი ალდე იყო. ოსთა დამოყვრება პოლიტიკური მიზნით იყო განპირობებული. დედოფლის სახელი შემორჩენილია მხოლოდ XI საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოს გიორგი კედრენესთან.[5] ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ვარაუდით, ეს ქორწინება უნდა შემდგარიყო 1026 წლის დასაწყისში.[6] ამ ქორწინების შედეგად გიორგი I-სა და ალდეს შეეძინათ ვაჟი დემეტრე. ბრიტანელი ისტორიკოს დონალდ რეიფილდის მოსაზრებით, ალდე უბრალო ხარჭა არ ყოფილა. იგი ეყრდნობა ბიზანტიელ მემატიანეთა ცნობებს და ამბობს:

ვიკიციტატა
„ბიზანტიელი მემატიანეები ალდეს იმპერიის ოსი მოკავშირის ქალიშვილად მიიჩნევენ, რომელსაც იმპერატორმა ანაკოფიაში მამული გამოუყო, ვინაიდან გიორგი მეფემ მას საერთოდ არაფერი უანდერძა. ალდემ მეფეს გიორგის ვაჟი — დემეტრე გაუჩინა.[7]

გიორგი I მეორე ქორწინებიდან მალევე გარდაიცვალა (1027 წლის 16 აგვისტოს, თრიალეთში) და სამეფო ტახტზე ავიდა მისივე მცირეწლოვანი ძე ბაგრატ IV. მამის გარდაცვალების შემდეგ, დემეტრე უფლისწული და დედამისი საუფლისწულო მამულში ანაკოფიაში ცხოვრობდნენ. აღსანიშნავია, რომ „მატიანე ქართლისაის“ ავტორი ალდესა და დემეტრეზე საუბარს მას შემდეგ იწყებს, როდსაც გადმოგვცემს, რომ ბაგრატ IV-ის პირველი მეუღლე ელენე, ქორწინებიდან მალევე გარდაიცვალა და მეფემ მეორედ იქორწინა. ავტორი დასძენს,

ვიკიციტატა
„და ამისსა შემდგომად სხუაცა ძე დარჩა გიორგი მეფესა ანაკოფიას შინა ოვსთა მეფისა ასულსა მეორესა ცოლსა თანა. და აზნაურთაგან იყო მათ შუა მი-და-მო საუბარი, და ყრმა მცირე იყო, სახელით დემეტრე. ვერცა გაამეფეს, თუცა ვის გულსა ედვა, და ვერცაღა გამოინდვეს ბაგრატ მეფემან და დედამან მისმან, არცაღა თავადთა დიდებულთა ამის სამეფოსათა. და ვერღარა დაიდგნა და წარვიდა სამეფოსა მისგან, და მიმართა ბერძენთა მეფესა, და წარუტანა თანა ანაკოფია. და მიერითგან წარუხდა ანაკოფია აფხაზთა მეფესა მოაქაჟამადმდ.[8]

დემეტრემ იმპერატორისაგან მაგისტროსის ტიტული მიიღო.[9]

ალდე დედოფლის ქორწინება მეფე გიორგი I-თან არცთუ წარმატებული გამოდგა. მას შემდეგ, რაც ალდე დედოფალმა ანაკოფია ბიზანტიას გადასცა,[10] მის შესახებ თითქმის აღარ მოგვეპოვება ცნობები. ვახუშტი ბატონიშვილთან დაცული ცნობის მიხედვით, ირკვევა, რომ დემეტრე უფლისწულს დარჩა ძე, რომელიც თავის ბებია ალდესთან ერთად ოსეთში გაემგზავრა. მისი შთამომავლები აარსებენ ოს ბაგრატიონთა შტოს, რომლის წარმომადგენელი, დავით სოსლანი, შემდეგ საუკუნეში ხდება თამარ მეფის მეუღლე.[11]

ბაგრატ IV და ბორენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაგრატ IV ისევე, როგორც გიორგი I ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე იყო ბიზანტიის იმპერატორ რომანოზ III-ის (1028-1034 წწ.) ძმის, ბასილის ქალიშვილი ელენე არგიროსი (არგიროპაულაინა). მათ ტაოში, ბანას ტაძარში დაიწერეს ჯვარი 1032 წელს. თუმცა ეს დიპლომატიური ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. ქორწინებიდან ერთ წელიწადში ელენე დედოფალი ქუთაისში გარდაიცვალა.[12][13] ბაგრატ IV-მ მეორედ იქორწინა ბორენა დედოფალზე, რომელიც იყო „ოვსთ მეფისა ასული, დაი დორღოლელისა“.[12] მათი ქორწინება უნდა მომხდარიყო XI საუკუნის 30-იან წლებში. ბორენასა და ბაგრატ IV-ს ეყოლათ ორი შვილი: ძე გიორგი II, შემდგომში საქართველოს მეფე და ასული, მართა-მარიამი, ბიზანტიის მომავალი დედოფალი. ბორენა დედოფალი მფარველობდა ეკლესია-მონასტრებს. XI საუკუნის 70-იან წლებში ბორენა დედოფალმა თავის ასულ მართა-მარიამთან ერთად იერუსალიმში, სინას მთაზე, დააარსა კაპპათას დედათა მონასტერი.[14]

გიორგი III და ბურდუხანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფე გიორგი III-ს (1156-1184 წწ.) ცოლად ჰყავდა ოსთა მეფე ხუდანის ასული ბურდუხანი. სამწუხაროდ, ბევრი ცნობები არ მოგვეპოვება მეფე-ქალის თამარის დედის შესახებ. ვიცით, რომ ეს ქორწინება XII საუკუნის 50-იან წლებში შედგა და მას გარკვეული პოლიტიკური მიზანიც ჰქონდა — ჩრდილოეთის მეზობლებთან კავშირის განმტკიცება. თავისთავად ბურდუხანი გამორჩეული ქალი ყოფილა. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ უცნობი ავტორი შემდეგნაირად ახასიათებს ბურდუხან დედოფალს:

ვიკიციტატა
„ამას თვისსა მეფობისა შინა მოგუარა ცოლი მამამან, ასული მეფისა ხუდდანისი, სახელით ბურდუხან, ესე თვით ვითარი შესატყვისი ქმრისა პირ-მზისა, ტან-ზომისა თვით მზე-მზეთა შუენებითა და მომფენაობითაცა.[15]

ბურდუხან დედოფალი გარდაიცვალა 1180-იანი წლების დასაწყისში.[16]

თამარი და დავით სოსლანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამარ მეფე ორჯერ იყო გათხოვილი. მისი პირველი მეუღლე იყო ვლადიმირ-სუზდალის მთავრის, ანდრეი ბოგოლიუბსკის ვაჟი იური, რომელსაც საქართველოში გიორგი რუსი უწოდეს. მათი ქორწინება შედგა დაახლოებით 1185 წელს. ეს ქორწინება ორ წელიწადში გაუქმდა. ამის შემდეგ თამარ მეფემ მეორედ იქორწინა. მან თავად ამოარჩია საქმრო. ეს იყო ოსი უფლისწული დავით სოსლანი. ქორწინება დაახლოებით 1188/9 წელს შედგა. მათ ორი შვილი ეყოლათ: ძე ლაშა-გიორგი და ასული რუსუდანი. სამეცნიერო ლიტერატურში გავრცელებული ვერსიის თანახმად, დავით სოსლანი იყო ოსეთში დამკვიდრებული ბაგრატიონთა ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი. ზოგი მიიჩნევს, რომ დავით სოსლანი იყო ცარაზონების გვარიდან.[17]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანჩაბაძე ზ., საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. III, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1979.
  • ვახუშტი ბატონიშვილი, საქართველოს ცხოვრება 1469 - 1800-მდე, ტ. III, ტფ., 1913.
  • ვახუშტი ბატონიშვილი, ქართლის ცხოვრება // აღწერა სამეფოსა საქართველოსა., ტ. IV, თბ., 1973.
  • ბერძენიშვილი ნ. და სხვ., საქართველოს ისტორია (უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასასრულამდე), თბ., 1958.
  • გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. V, თბ.: საქართველოს სსსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1963.
  • თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937.
  • კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბ., 1980.
  • კოპალიანი ვ., საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში, თბ.: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1969.
  • ლორთქიფანიძე მ. და სხვ., საქართველო IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე // საქართველოს ისტორია, ტ. II, თბ.: პალიტრა L, 2012.
  • მელიქიშვილი გ., საქართველო უძველესი დროიდან ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე // საქართველოს ისტორია, ტ. I, თბ.: პალიტრა L, 2012.
  • მელიქიშვილი გ., საქართველო საქართველო უძველესი დროიდან ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე // საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1970.
  • მეტრეველი რ., მეფე თამარი, თბ.: განათლება, 1991.
  • ორბელიანი პაპუნა, ამბავნი ქართლისანი, თბ.: მეცნიერება, 1981.
  • რეიფილდი დ., საქართველო იმპერიათა გზაჯვარედინზე. სამიათასწლოვანი ისტორია, თბ.: პალიტრა L, 2019.
  • სამუშია ჯ., ნარკვევები შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიიდან, ტ. I, თბ., 1999.
  • ქართლის ცხოვრება, ანა დედოფლისეულა ნუსხა, თბ.: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1942.
  • ქართლის ცხოვრება, ტ. I, თბ., 1955.
  • ქართლის ცხოვრება, ტ. II, თბ., 1959.
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. II, თბ., 1983.
  • Канукова, З. В., История Осетии, ტ. I, Владикавказ., 2019.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]