ქართული ხმლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქართული ხმლებიქართული საბრძოლო იარაღი. მისი შემადგენელი ნაწილებია: პირი, ტარი და ქარქაში. ხმლის პირს აქვს - ნესტარი (წვერი), შაშარი (ორლესული წვერი), ფხა (ალესილი პირი), გნდე (ყუა, აულესავი პირი) და ღარი (ან ღარები); ტარი შედგება - კოტასაგან (საკუთრივ ხეტარი, ან რქა, ან ლითონი), ვადაჯვარისაგან (ვადა-პირისა და ტარის შეერთების ადგილი, სადაც განთავსებულია ჯვრის ფორმის მტევნისდამცავი, ანუ ვადაჯვარი), ვაშლისაგან (ტარის მოხრილი ბოლო, ანუ ქუდი) და დვარისაგან (მოქლონი, რითაც დამაგრებულია ხეტარი პირზე).

სულხან-საბა ახასიათებს საუკეთესო ხმლის თვისებებს და ასახელებს მხოლოდ ორი ხმლის სახეობას გორდასა და კალდიმს, რომელთაც ქართველები იყენებენ. ქართული ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალით კი დასტურდება ხმლის ისეთი ნაირგვარობა, როგორიცაა დავითფერული, მისრული, დაშნა, შიშნა, ნიჩბა, ჭოლაური, ლეკური, გველისპირული, თუშური ორლესული, უნგრული, ფრანგული და სხვ. თითოეული მათგანი განსხვავდება ერთმანეთისგან ტარის, პირისა და ქარქაშის ფორმა-მოყვანილობის მიხედვით. საქართველოში ხმლები ადგილობრივად მზადდებოდა, მაგრამ შემოდიოდა ევროპული იარაღიც, რომელთა სადამღო ნიშნებს ქართველი ხელოსნები აქტიურად იყენებდნენ თავიანთ ნახელავ იარაღზე.

ხევსურეთში ევროპული ხმლების საერთო სახელად ფრანგული იყო მიღებული, არჩევდნენ დედალ და მამალ ფრანგულს. გერმანიიდან და ავსტრიიდან შემოსულ ხმლებს დედალ ფრანგულს ეძახდნენ, ხოლო იტალიურს - მამალ ფრანგულს. თავისთავად დედალი ფრანგულიც დაბალი ღირსების ხმალს არ გამოხატავდა. გავრცელებული იყო გერმანული წარმოების ხმლები, რომელზედაც იყო დამღა მგლის სტილიზებული გამოსახულებით. ამ დამღას XIV საუკუნის პასაუელი ხელოსნები ხმარობდნენ, ხოლო XVII საუკუნიდან ზოლინგენის ხელოსნები. საქართველოში ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა XVI საუკუნის იტალიელი ოსტატების ანდრეა და ჯანდონატო ფერარების მიერ დამზადებული ხმლის პირები, პოპულარული იყო ასევე იტალიური, გორდას დამღიანი ხმლის პირებიც და სხვ.

თბილისური ხმალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უქარქაშო ხმალი, მთლიანი სიგრძე - 95სმ., პირი - 81,5 სმ. ნივთი 1941 წელს აგრაფინე ჭეიშვილისგან არის შეძენილი.

ხმლის პირი დამზადებულია დამასკული ფოლადისაგან. ცალლესული, ორღარიანი, ოდნავ მოხრილი, აქვს 21 სმ.სიგრძის შაშარი (ორლესული პირი). პირის ორივე მხარეს ყუასთან ახლოს ვადიდან შაშარამდე ორ-ორი ღარი მიჰყვება. ზედა შედარებით ვიწრო, ხოლო ქვედა ფართო. ხმლის ღარებში ვიზუალური დაკვირვებით კარგად ჩანს დამასკული ფოლადის სტრუქტურა, რომელიც ხმალს თითქოს ორნამენტად მიუყვება. პირის ზედა მხარეს შტამპით რვაწახნაგიანი დამღაა შესრულებული. აღნიშნული ტიპის დამღები იმ თბილისელ ოსტატებს ეკუთვნოდა, რომლებიც XIX საუკუნის I ნახევარში მოღვაწეობდნენ. დამღიდან გამომდინარე ასეთი ხმლები თბილისური ხმლების კატეგორიში ერთიანდება.

კალდიმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული ხმლის ერთ-ერთი სახეობა. კალდიმი (ხევსურული) მთლიანი სიგრძე - 90 სმ., პირი - 78 სმ.

ხმლის პირი დამზადებულია ფოლადისგან, ცალლესულია, ერთღარიანი, ოდნავ გახრილი. აქვს 10 სმ სიგძის შაშარი (ორლესული პირი). პირს ორივე მხარეს ტარიდან 20 სმ. სიგრძემდე თითო ფართო ღარი მიჰყვება. ვადაჯვართან ორივე მხარეს ღარებში გამოსახულია ნიშნები 1414, რაც გერმანული ხმლის პირებზე არსებული ნიშნების მინაბაძია, (გერმანული განმარტებით ეს არის მაგიური ნიშნები). ღარის ბოლოში ერთ მხარეს გამოსახულია „სამეფო სფეროს“ (სამეფო რეგალია) სტილიზებული გამოსახულება (დამღა) - 1,5 სმ. დიამეტრის წრე, რომელსაც ზემოდან ჯვარი ადგას. პირის მეორე მხარეს კი მორბენალი მგელია წარმოდგენილი.

წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი ვერსიით, ამ ხმალს წარმომავლობა იმ ჯვაროსნებს უკავშირდება, რომლებიც ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდში თოთქოსდა კავკასიაში დარჩნენ. ხმლის ჯვაროსნებთან დაკავშირება განაპირობა კალდიმის დამღამ - სფეროზე (წრეზე) დასმული ჯვარი. ხმლის მეორე მხარეს კი, როგორც ავღნიშნეთ, გამოსახულია ე.წ. „მგლის“ დამღა, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით, გერმანული წარმომადგენლობისაა. თავდაპირველად, ეს დამღა (მგლის სტილიზებული გამოსახულება) XIV საუკუნის პასაუელ ხელოსნებს ეკუთვნოდა, ხოლო XVI-XVII საუკუნიდან ამ ნიშანს ზოლინგენის ხელოსნება იყენებდა. აღსანიშნავია,რომ ევროპულ ხმლებზე მგელი ძალიან სტილიზებულად არის წარმოდგენილი - 9-11 შტრიხით, ხოლო ქართული და კავკასიური მგლები გამოსახულია მთელი ტანით, აქცენტირებულია კიდურები, თავი და ბალანიც კი. მგლის დამღა ძალიან პოპულარული და სახასიათო იყო ქართული და კავკასიური ხმლებისათვის. სრულებით არ არის გასაკვირი, რომ იგი კალდიმზეა გამოსახული.

უნგრული ხმალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული ხმლის ერთ-ერთი სახეობა. მთლიანი პირის სიგრძეა - 78,5 სმ.

პირი დამზადებულია ფოლადისაგან, ორღარიანია, ცალლესული, მოხრილი. აქვს 20 სმ. სიგრძის შაშარი (ორლესული წვერი). პირზე ვადიდან წვერამდე ორი ფართო ღარი მიჰყვება. პირის ერთ მხარეს შუა წელზე გამოსახულია ხმალამოწვდილი ჰუსარი, ქვემოთ კი ორმწკრივად წარწერაა: PRO DEO ET PATRIA (ღმერთისა და მამულისათვის). წარწერის ქვემოთ ორქიმიანი ჯვარია, განშტოებებზე რგოლებით. ჯვრის ქვემოთ წარწერა სამ მწკრივად - PRO PATRIA ET LIBERTAT VITAM (სიცოცხლე მამულისა და თავისუფლებისათვის).

ხმალზე დაგებულია ვერცხლის ტარი, რომლის მთლიანი ზედაპირი სევადით გამოყვანილი ორნამენტებითაა მორთული. ტარის შუა ნაწილზე სამ ადგილას ცვრიანი მავთულია გადახვეული. ტარის გაფართოებული ბოლო ზემოდან სოლისებურად ჩახსნილია. ამ ადგილზე არის სევადით შესრულებული ვარდული, რომელიც თითქოს წრიულ ჩარ-ჩოში ზის. ქარქაში დამზადებულია ხისაგან, რომლის ზედა ნაწილზე გადაკრულია 2/3-ზე წითელი ტყავი, ხოლო ქვედა ნაწილზე _ მწვანე და შავზოლიანი ქსოვილი. ქარქაშზე მოცემულია 2 სალტე, ერთი 11 სმ. სიგრძისა - ქარქაშის თავთან და მეორე 3 სმ. სიგანისა - ქარქაშის ტყავისა და ქსოვილის შეერთების ადგილას. ორივე სალტე მორთულია სევადით შესრულებული ყვავილოვანი ორნამენტებით. ზედა სალტეზე ისეთივე მოსევადებულია, როგორიც ხმლის ტარზე იყო გამოსახული. ქარქაშს აკლია ბუნიკი. დაზიანებულია ქსოვილი. ხმალი ქარქაშში ეგება ტარის გაფართოებულ ადგილამდე.ქარქაშის ზედა სალტეზე კიდესთან ახლოს მოცემულია დამღა - მცირე მართკუთხედში ჩასმული წმინდა გიორგი, რომელიც გველეშაპს გმირავს, შემდეგ, ასევე მართკუთხედში ჩასმულია ციფრი - 84 (ვერცხლის სინჯი). მართკუთხედშივე ორმწკრივად ასოები - E.B. (ე.ი. ბლუმბერგი, სასინჯი პალატის კონტროლიორი) და თარიღი 1863 წელი. ასეთ დამღებს თბილისის ოლქის სასინჯი პალატა 1843-1886 წლებში იყენებდა. თბილისური დამღის არსებობა საშუალებას იძლევა აღნიშნული ხმალი მივაკუთვნოთ ქართველ, კერძოდ თბილისელ ოსტატებს. აღსანიშნავია, რომ დაწყებული XVII-XVIII საუკუნეებიდან უნგრული ხმლები იმდენად პოპულარული იყო, რომ XIX საუკუნის თბილისელი ოსტატებიც კი, აქტიურად ამზადებდნენ ამ ხმლებს, რათა დაეკმაყოფილებინათ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილებები.

გორდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოკლე, უვადო, მოხრილი და დრეკადი ხმალი, რომელსაც შუაში ერთი ფართო, ხოლო ყუისკენ დამატებით ორი ვიწრო ღარი გასდევს. აქვს თავისებური დამღა — ხმლის ყუაზე გამოყვანილი ტალღოვანი რკალები ან ხმლის პირზე ორი მოპირდაპირე, დაკბილული პატარა ნახევარრკალი. რკალის ბოლოები სამმარცვლოვანი ნიშნებით აქვს დაწინწკლული (გადმოცემის თანახმად, ბრძოლებში მონაწილეობის ან მოკლული მტრის რაოდენობის აღსანიშნავად). ასეთი დამღა დამახასიათებელია აღმოსავლური. კავკასიური თუ ევროპული წარმომავლობის ხმლის პირებისათვის. გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში გორდა ფართოდ იყო გავრცელებული და, საბას სიტყვით, „ამას ქართველი ჰყვარობენ“. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შემოინახა, როგორც ადგილობრივი, ისე XVI-XVII საუკუნეების ცნობილ იტალიელ ოსტატთა ნახელავი გორდა ხმლები, რომლებიც გენუელ ვაჭრებს შემოჰქონდათ საქართველოში. საქართველოში დამზადებულ ხმლის პირებს სადამღო რკალები ყუაზე მიჯრით ჰქონდა გამოყვანილი.

დავითფერული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწორი, პირბასრი, დრეკადი, სამღარიანი ხმალი. ამზადებდნენ საუკეთესო ფოლადისაგან. ფერად "ლიბრი" (მოლურჯო) იყო. გორდასთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესო, "ძვალთა და რკინათა მკვეთელ და თვით უვნებელ" ხმლად ითვლებოდა მთელს საქართველოში და ძვირად ფასობდა.

ერთღარიანი, ცალლესული. შუა წელზე ოდნავ გახრილია. აქვს 10-11სმ. სიგრძის შაშარი (ორლესული წვერი). ვადაჯვრიდან 20-21სმ სიგრძეზე,Pპირის ორივე მხარეს თითო ღარი აჰყვება. პირის ერთ მხარეს, ღარში გამოსახულია პატარა ჯვრები, შუაში ლათინური წარწერით FERARA. ღარის ბოლოში კი მორბენალი მგელია ამოკაწრული. მგელს უჩანს თვალი, პირი, წინწკლებით ბალანია გამოხატული; მგელი მიმართულია პირისკენ. ხმლის მეორე მხარეს, ასევე პატარა ჯვრებში ჩაწერილია ლათინური წარწერა ANDREA და მგელია გამოსახული. მგლის გამოსახულებები თითქმის იდენტურია.პირზე დაგებულია ლითონის ვადაჯვარი, რომლის მთლიანი ზედაპირი მორთულია ოქროზარნიშით შესრულებული ყვავილოვანი ორნამენტებით.

კაბიანი ხმალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაბიანი ხმალი (კაბიანი კალდიმი). მთლიანი სიგრძე - 88 სმ., პირის - 74,5 სმ. ნივთის წარმომავლობა - იმერული.

ხმლის პირი დამზადებულია ფოლადისაგან, ცალლესული, ცალღარიანი, სწორი. აქვს მკვეთრად დაქანებული 6სმ. სიგრძის შაშარი (ორლესული წვერი). პირის ორივე მხარეს შუაში 15სმ სიგრძის თითო ღარია მოცემული. ზედა მხარეს ღარში გამოსახულია დამღა „სამეფო სფეროს“ სტილიზებული გამოსახულება - 1სმ დიამეტრის წრე, რომელსაც ჯვარი აზის, ჯვრის ვერტიკალური ღერძი სფეროს შუაზე კვეთს. დამღა შესრულებულია სპილენძის ზარნიშით. პირის მეორე მხარეს, ღარში მორბენალი მგლის დამღაა გამოსახული. მგლის ფიგურაზე კარგად იკითხება, თათები, სახე და ბალანიც კი (რაც ადასტურებს ხმლის ქართულ და არა ევროპულ წარმომავლობას).

ლეკური ხმალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული ხმლის ერთ-ერთი სახეობა. ხმლის პირი დამზადებულია ფოლადისაგან, ცალლესულია, ორღარიანი, მოხრილი. აქვს 22,5 სმ-იანი შაშარი (ორლესული წვერი). პირზე ყუასთან ახლოს მოცემულია ორი - ერთი შედარებით ფართო და მეორე ძალზე ვიწრო ღარი, რომლებიც ვადიდან შაშარის შუაწელამდე მიჰყვება. პირის ერთ მხარეს შტამპით შესრულებული დამღაა. დამღას კვადრატული ფორმა აქვს, ზედა მხარეს გუმბათისებურად ბოლოვდება, გუმბათზევე სამეფო გვირგვინის ფორმის ნიშანია დასმული. დამღის გუმბათში გამოსახულია ქართული ასოები „გ“ და მის მუცელში ჩასმულია „ვ“. დამღის ინიციალები ჯერჯერობით გაშიფრული არ არის, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იგი ქართველ ოსტატს ეკუთვნის. დამღის კვადრატულ ნაწილში ორ მწკრივად რუსული წარწერაა - ზედა მწკრივში „ТИФ“, ხოლო ქვემოთ „ЛИС“.

დამზადების წესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეკურს ამზადებდნენ უმთავრესად ლეკი მეიარაღე-ხელოსნები. ხმლის სხვა ცნობილ სახეობებთან ერთად ლეკური გავრცელებული იყო მეტწილად ჩრდილოეთ კავკასიაში, ნაწილობრივ საქართველოში (იმერეთში). უვადო ხმალი, როგორც მკვეთელი იარაღი, თავისი საბრძოლო თვისებებით, ვადიან ხმალზე ნაკლებად ფასობდა. საფიქრებელია, რომ საქართველოში ცნობილი ხმალი „ლეკური” უნდა იყოს კავკასიაში ძალზედ გავრცელებული ხმლის სახეობა ე. წ. „შაშკა“. მისი სახელწოდება ჩერქეზულიდან მომდინარეობს და „დიდ დანას“ ნიშნავს. სავარაუდოდ, მისი სამშობლოც ჩერქეზეთია. წერილობით წყაროებში „შაშკა” პირველად 1625 წელს იტალიელ მოგზაურს ჯოვანი დე ლუკას აქვს მოხსენიებული ჩერქეზების აღწერილობაში. დაწყებული XVII საუკუნიდან თითქმის მთელ კავკასიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა შაშკა. ხან გირეი აღნიშნავდა, რომ „შაშკებს ატარებენ ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, ვისაც ჰქონდა იარაღი, მას აუცილებლად ჰქონდა შაშკაც...“ აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ შაშკა კავკასიელი მეომრის აკაზმულობის უცილობელ ატრიბუტად იქცა.

ირანული ტიპის ქართული ხმალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული ხმლის ერთ-ერთი სახეობა.

ხმლის სიგრძე - 91,5 სმ, პირის - 77 სმ. ხმლის პირი ფოლადისაა, შუა წელზე მკვეთრად მოხრილია, ცალლესული, უღარო. ასეთი ტიპის ირანული ხმლები უმრავლეს შემთხვევაში ბულატის ფოლადისაგანაა დამზადებული. აღნიშნულ ხმალზე ვიზუალური დაკვირვებით ბულატის ფოლადის სტრუქტურა არ შეინიშნება. პირის ზედა მხარეს ვადაჯვართან ახლოს დიაგონალურად წაგრძელებული მართკუთხედია გამოსახული, რომელიც წინწკლებით და რკალებითაა მორთული. ამ ფიგურისაგან მოშორებით ამოკაწრულია ოვალური ფორმის ყვავილოვანი ორნამენტი, რომელიც ასევე წინწკლებითა და მცირე ზომის რკალებითაა მორთული. ასეთი ორნამენტი დამახასიათებელია XVII-XVIII საუკუნეების სპარსული ხმლების მორთულობისათვის, რომლებზეც ძირითადად იწერებოდა ყურანიდან ნაწყვეტები, ხოლო ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ირანული ხმლის პირის ქართულ მინაბაძთან, სადაც გადმოტანილია ორნამენტის მხოლოდ ფორმა, შესრულების დონე კი საკმაოდ დაბალია.

ხევსურული ხმალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული ხმლის ერთ-ერთი სახეობა.

მთლიანი სიგრძე - 91.5 სმ. პირის - 80 სმ. ხმლის პირი დამზადებულია ფოლადისაგან, ცალლესულია, ორღარიანი, ოდნავ გახრილი, აქვს 15 სმ სიგრძის შაშარი (ორლესული წვერი). ყუასთან ახლოს წარმოდგენილია ორი ვიწრო ღარი, რომელიც ვადიდან შაშარამდე მიჰყვება. ტართან ახლოს, ორივე მხარეს ღარებში გამოსახულებები მოჩანს: ერთ მხარეს ზედა ღარში ლათინური ასოებია - INN, MINI, ხოლო ქვედა ღარში X-ის მსგავსი რვა ფიგურა. მეორე მხარეს ზედა ღარში - IEN, MINI და ქვედა ღარში X-ის ფორმის ფიგურა. ტარზე დაგებულია ვადაჯვარი, რომელიც მორთულია თითბრის ზარნიშით. ვადაჯვრის ზედაპირზე გამოსახულია კუდაწეული `ლომის~ ფიგურა, რომელიც გეომეტრიული ორნამენტებით მორთულ სივრცეშია ჩასმული. ვადაჯვრის უკანა მხარეც მორთულია თითბრის ზარნიშიანი ხაზებით. ტარი დამზადებულია ხისაგან, რომელზეც გადაკრულია შავი ფერის ტყავი. ტყავზე შეჭედილია ორი ვერცხლის სალტე, ოთხი ორნამენტირებული გობაკი, ტარის მოხრილ ადგილზე (ვაშლზე) გადაჭიმულია ვერცხლის ფირფიტა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქაფიანიძე მ., ქართული ხმლების ტიპოლოგიისათვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე, N 1, 2010
  • Аствацатурян Э. Г., Оружие народов кавказа, Санкт-Петербург, 2004
  • Асхабов И.,Чеченское оружие, Москва, 2001
  • Горелик М.З., Ранний Монголъский Доспех (IX-первая половина XIVв) Новосибирск, 1987
  • Елашвили В.И., Парикаоба (Хевсурское фехтование), Тбилиси, 1956
  • Ленц Е. Е., О клеймах мастеров на оружии, Санкт-Петербург, 1911
  • Трубников Б.Г., Защитное Вооружение, Санкт-Петербург, 2004
  • აბაშიძე ბ. მითოლოგიის საკითხები ქართულ ზეპირსიტყვიერებაში, თბილისი, 1978
  • გასიტაშვილი გ., „ხევსურული აბჯარი“ მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის ტ. IX, გვ 79-108, თბილისი, 1957
  • გუგუშვილი პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში, ტ., V, 1962
  • Аствацатурян Э. Г., Указатель клейм и имен кавказских мастеров оружейного и серебрянного дела, Москва, 1982
  • MullerH. KollingH., EUROPAISCHE HIEB-UND STICHWAFFEN, Berlin, 1984
  • კლდიაშვილი ა. „მეფედ კურთხევის გამოსახულებისათვის ქართულ კედლის მხატვრობაში“, ლიტერატურა და ხელოვნება #3. თბ., 1991
  • ორბელიანი პ., ამბავნი ქართლისანი, თბ., 1983
  • Аствацатурян Э. Г., Указатель клейм и имен кавказских мастеров оружейного и серебрянного дела, Москва, 1982
  • ჩოლოყაშვილი კ., „ბულატის თბილისელი ოსტატები,” ჟურ. მეცნიერება და ტექნიკა N5, 15-17, 1956
  • ჯალაბაძე გ., საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიული ფონდების გზამკვლევი, თბ., 1979
  • ყეინაშვილი ი., რაინდულო საქართველოვ, აღსდექ! ქართველთა საბრძოლო სისტემები, ტრადიციები და ისტორია, თბ., 2002
  • სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული ტ. I თბ., 1991
  • ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 3-4, თბ., 1962
  • ჩოლოყაშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 341.
  • კუტალეიშვილი ზ., ნაოსნობა საქართველოში, თბილისი, 1987