ქართული ხითხუროობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხით აგებული სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ნაგებობა გაფორმებულია ქართული ორნამენტებით

ქართული ხითხუროობა, ქართული ხის ხუროთმოძღვრებაქართული ხალხური არქიტექტურის ერთ-ერთი მიმდინარეობა, რომელიც ხის დამუშავების ტექნიკას, ხით მშენებლობას, იარაღ-ხელსაწყოების დამზადებასა და ხის მოჩუქურთმებას მოიცავს.

ხეზე მუშაობის ქართული ტრადიციის გადარჩენასა და შენარჩუნებაზე მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, 1966 წელს პასუხისმგებლობა აიღო ქართველი ეთნოლოგის, გიორგი ჩიტაიას დაარსებულმა ღია ცის ქვეშ მდებარე თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა,[1] სადაც დღესაც თავმოყრილია ხითხუროობის ნიმუშები:სამეურნეო ნაგებობები და საცხოვრებლები.

ქართული ტრადიციული საცხოვრებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული ტრადიციული საცხოვრებელი საქართველოს რეგიონების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა, ძირითადად, ის ხის მასალისაგან მზადდება. კოლხეთის დაბლობზე გავრცელებული ხისგან ნაგები ტრადიციული საცხოვრებლების მაგალითებია: წნულკედლიანი ფაცხები, პიტაფიცრები, ძელური ჯარგვალები, აჭარული სახლი და ოდები. ასევე, ქართლური და მესხური დარბაზი, იმერულ-გურულ-მეგრული ოდები, სვანური სახლის მაჩვიბი.

სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში
ქართული ტრადიციული აივანი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში
ხისგან ნაგები ოდა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში
ტრადიციული ოდის ინტერიერი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში

აღმოსავლეთ საქართველოში ხის მასალასთან ერთად სამშენებლოდ ქვაც გამოიყენებოდა. ხისგან, ძირითადად, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები შენდებოდა, როგორიცაა: საბძელი, ბოსელი, ბეღელი, სათონე და სხვა.

მესხეთში ოთახის თანაბრად განათებისთვის ხის გვირგვინოვან გადახურვას იყებედნენ.

ოდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთ საქართველოში გავრცელებული საცხოვრებლის ტიპი — ოდა, უმეტეს შემთხვევაში ხის ნაგებობაა. ის ფანჯრებიანი, ფიცრებისგან აშენებული სახლია, რომელსაც ხისგან დამზადებული ჭერი, იატაკი და აივანი ამშვენებს. ნაგებობის პირველი სართულიქვის ბლოკებით აშენებული პალატი აქვს, ხოლო მეორე სართული მთლიანად ხისგანაა დამზადებული. ოდას ტიპის საცხოვრებლისთვის დამახასიათებელია ფართო აივანი, რომელზეც, რიგ შემთხვევებში, ხის სკამებია მომაგრებული. შენობაში ოთახები ერთმანეთისგან ხის ტიხრებითაა გამიჯნული. ოდას აივანს, ხშირ შემთხვევაში, „აჟურული ფარდები“ უმაგრდება, რომელიც, ასევე ხისგანაა დამზადებული.[2]

ქართული ჩუქურთმის ნიმუშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩუქურთმით ანუ რელიეფური ორნამენტებით შემკობა ქართული ხის ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული მიმდინარეობაა.

საქართველოში შუა საუკუნეებში ხეზე კვეთის არაერთი ნიმუში შეიქმნა. მე-10-მე-11 საუკუნეებში შექმნილი ძეგლების უდიდესი ნაწილი შემკულია ქართული ჩუქურთმებით და, ხეზე ნაკვეთი სკულპტურული ნიმუშებითაც. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში ხის ჩუქურთმები ქვაზე კვეთამდე იქმნებოდა. ჩუქურთმით დამუშავება საქართველოში არ ისაზღვრებოდა მხოლოდ საცხოვრებელი სახლით. ორნამენტული სამკაულით უხვად იფარებოდა აგრეთვე ავეჯი: სავარძლები, სკამები, ლოგინები, სკივრები, კიდობნები, აკვნები, ტაგრუცები, მუსიკალური ინსტრუმენტები (ჩონგურები, სალამურები), ჭურჭელი, ძაფის დასახვევი ფირფიტები და ა. შ.

ქართული ხეზე კვეთის ნიმუშებია: ჩუკულის მთავარანგელოზის ეკლესიის მოჩუქურთმებული კარი,[3] რომლის სიგრძე, დაახლოებით 2,5 მეტრია, ხოლო სიგანე 90 სანტიმეტრი. ის დამზადებულია მოწითალო ხისაგან და გარეთა მხრიდან მთლიანად მოჩუქურთმებულია. ხეზე ამოკვეთილია 22 წმინდანის გამოსახულება, რომელთაგან 8 მთლიანადაა გამოსახული, 14 კი — წელს ზემოთ.[4]. ჟახუნდერის წმინდა გიორგის ეკლესიის კარი ხის მასალისგანაა დამზადებული და მასზე არაერთი ჩუქურთმაა ამოკვეთილი. კარი დაცვის მიზნით ამჟამად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.[5] ჭიათურაში მდებარე მღვიმევის მონასტრის კარი ქართული ხეზე კვეთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. აღსანიშნავია ტაძარში მდებარე ხის კანკელიც, რომელიც მთლიანადაა მოხატული.

ტაძრების კარების შესაქმნელად, ძირითადად, კაკლის ხეს იყენებდნენ. ჩვენამდე მოღწეული ჩუქურთმები მოწმობს იმას, რომ ხეზე მუშაობა ქართული ხალხური ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული დარგია. ამაზე მეტყველებს საქართველოში მდებარე გლეხური საცხოვრებელი სახლების ინტერიერი, ქართული საცხოვრებელი სახლები და ხალხური ავეჯი. ჩუქურთმა იყო დატანილი დედაბოძზეც, ძირითადად მის წინა სიბრტყეზე. მესხური ლეგენდების თანახმად საქართველოში დედაბოძად თავდაპირველად ცოცხალ, ფესვებიან, ტოტებგადაჭრილ ხეს იყენებდნენ.

ქართულ-ნორვეგიული პროექტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული ხითხუროობის ტრადიციული ხერხებისა და სამუზეუმო რესტავრაცია-კონსერვაციის შესახებ ღია ცის ქვეშ მდებარე თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმის ინიციატივით შეიქმნა წიგნი. მის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა მუზეუმში დაცულმა ნაგებობებმა და მათი რესტავრაციისა და კონსერვაციის გამოცდილებამ. წიგნის გამოცემასთან ერთად ეწყობოდა ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: ზემო იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში, სადაც ნორვეგიელ კოლეგებთან ერთად ქართველოებმა შეისწავლეს ხის ნაგებობათა აშენებისა და ხის დამუშავების ტრადიციული გზები; ექსპედიციების შემდეგ მოეწყო პრაქტიკული სწავლებები, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ნორვეგიელი დურგალ-რესტავრატორებიც. სწორედ ამან შეუწყო ხელი ხითხუროობის შესახებ მასალის შეგროვებას, რომელიც მოგვიანებით არა მხოლოდ სასწავლო ფუნქცია ექნებოდა, არამედ ქართული ხის ხუროთმოძღვრების შესახებ მომავალ თაობებს საინტერესო ცნობებს შემოუნახავდა.[6]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №9 (59), 09.2015 წ.
  • შოშიტაიშვილი, ნოდარ; ფალკი, აივინდ; მარამსრუდი, ჰანს; ხოშტარია, ვახტანგ; ბაქრაძე, ირაკლი; გორდიაშვილი, რომან. „ხითხუროობის ტრადიციული ხერხები და სამუზეუმო რესტავრაცია-კონსერვაციის პრაქტიკა“, 2012
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, საქ. სსრ, გგ. 279-283, თბ., 1981 წელი. (თავი „ხელოვნება“,)
  • ბერიძე, ვ. „XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება“, თბილისი, 1983
  • ადამია, ი. „ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება“, ტომი 1-3, თბილისი, 1956-1979
  • სუმბაძე, ;. ჩუქურთმა ხეზე ხალხურ ხუროთმოძღვრებაში, ძეგლის მეგობარი, 1967 წ., კრ.12

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №9(57), 09.2015 წ., გვ. 20
  2. ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
  3. კარის ფოტო
  4. კალანდია გ., ხელნაწერი წიგნი სვანეთის შესახებ, II ნაწილი, ჟურნალი „ისტორიანი“, № 5 (53), 2015 წელი, გვ. 76-82
  5. შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.თბ.,2008. გვ. 92
  6. ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №9(57), 09.2015 წ., გვ. 22