ქართული კულტურა XII-XIII საუკუნეებში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

XII საუკუნის ქართული კულტურა წინამორბედი პერიოდების ქართული კულტურის ბუნებრივი განვითარება იყო. ამ პერიოდში მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ქართველი მწერლები ფილოსოფსები იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. იქმნებოდა შესანიშნავი ისტორიული თხზულებათნი, როგორიცაა დავით აღმაშენებლის ისტორიკოსისა და თამარ მეფის სამი ისტორიკოსის თხზულებანი.

ძველი ქართული კულტურის გარდა, საქართველო ბერძნულ კულტურასაც კარგად იცნობდა. ქართველი მეცნიერები დედნებში ეცნობოდნენ ძველ ბერძენთა თხზულებებს. XII საუკუნის ქართული კულტურის თვისებურება დასავლეთის იმდროინდელ კულტურასთან შედარებით, ის არის, რომ საქართველო ქრისტიანული კულტურის გარდა, ისლამურ-არაბულ-სპარსულ კულტურასაც ეცნობოდა. ბრწყინვალე პოეტურ ნაწარმოებებს ქმნიდნენ იოანე შავთელი („აბდულ მესია“) და ჩახრუხაძე („თამარიანი“). ქართული „ვისრამიანი“, რომელიც პროზად არის დაწერილი, ამავე სახელწოდების ლექსად შექმნილ სპარსულ რომანს არაფრით ჩამოუვარდება. ბუნებრივია, ასეთი თხზულებები მხოლოდ ფართო და ღრმა განათლების მქონე საზოგადოებისათვის იქნებოდა განკუთვნილი. შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ არაჩვეულებრივი მოვლენაა იმ დროინდელი, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მწერლობისათვის. ეს ნაწარმოები ქართულ მწერლობაში განუმეორებელია და ღირსეული ადგილი უჭირავს მსოფლიო ლიტერატურაში.

XII-XIII საუკუნეები ყველამხრივ გამორჩეულია. პოლიტიკურად მძლავრი, ეკონომიკურად მდიდარი ქვეყანა შესაბამისად მაღლი სულიერი კულტურის ძეგლებს ქმნიდა. უბისის, ყინწვისის, გელათის, ბეთანიის, ბერთუბნის ხუროთმოძღვრება, კედლის მხატვრობა (ფრესკა) და მოზაიკა; ხახულისა და ანჩისხატის მოჭედილობა, რომელიც იმდროინდელი შესანიშნავი ქართული ადგილი უკავია კლდეში ნაკვეთ 13 სართულიან ვარძიის მონასტერს, მრავალი სენაკითა და შესანიშნავათმოხატული ეკლესიით.

XI-XII საუკუნეების ქართულ ხელოვნებას ახასიათებს ბევრი ისეთი ნიშნი, რომელიც რამდენიმე საუკუნის შემდეგ ევროპაში საფუძვლად დაედო ისეთ დიდ მსოფლიო კულტურულ მოვლენას, რომელიც აღორძინების (რენესანსის) ხანის სახელით არის ცნობილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შენგელია ლ., ჩემი საქართველო, თბ., 2009, გვ., 61