ქართველები ირანში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქართველები ირანში

ქართველი პრინცი მუჰამედ-ბეგი, რეზა აბასის მინიატურა, 1620
საერთო მოსახლეობა
100,000 + [1]
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ენები სპარსული
ქართული, მაზანდარული
რელიგიები შიიტობა[1]

ქართველები ირანში ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ. XVII საუკუნეში ქართული სამეფოები სეფიანთა იმპერიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და შაჰ აბას I-მა ინდუსტიული ეკონომიკის განვითარების, სამხედრო ძალის გაძლიერების და ახლადაშენებული ქალაქების, მათ შორის ისპაანსა და მაზანდარანის პროვინციებში მოსახლეობის გაზრდისთვის ქართველი ქრისტიანები, მუსლიმანები და ებრაელები ირანში გადაასახლა. ამიერკავკასიიდან ტყვეების გაყვანა ირანში და მათი იქ დასახლება, ერთი მხრივ, მიზნად ისახავდა საქართველოს ეკონომიკურად დასუსტებას, ქვეყნის სამხედრო პოტენციალის დაქვეითებას, ხოლო მეორე მხრივ _ საკუთრივ სპარსეთის სოფლის მეურნეობისა და ხელოსნობა-ვაჭრობის აღმავლობა-განვითარებას.[2] ფერეიდანში გადასახლებულმა ქართველობამ დღემდე შეინარჩუნა ქართული ენა და ქართული ადათ-წესები. სხვა პროვინციებში ქართული მეტყველება თითქმის აღარ ისმის. ქართველები თანდათან აითქვიფნენ ირანის სხვა ტომებში.[3][4][5] ქართველთა ისტორიაში ფერეიდნელი ქართველები უნიკალური მოვლენაა, რადგან მათ 400 წლის მანძილზე შეინარჩუნეს თავისი ეთნიკური, ეროვნული მეობა, რაც შემდეგმა ფაქტორებმა განაპირობა: - ტყვე ქართველები დაასახლეს კომპაქტურად, რამდენიმე ათეულ სოფლად, ისინი დიდი ხნის განმავლობაში მტკიცედ იცავდნენ ეთნიკური ენდოგამიის წესს (არც მამაკაცები ირთავდნენ არაქართველ ქალებს და არც ქალებს ათხოვებდნენ არაქართველებზე); - ქართველობა დასახლდა ფერეიდანის მთიანეთში, რამაც ხელი შეუწყო მათი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.

აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ შარაშენიძე თავის წიგნში „ფერეიდნელი „გურჯები“ აღნიშნავს: „მთელი XVII - XVIII საუკუნის განმავლობაში, არც ერთი ქართველი, რუსი თუ ევროპელი მოგზაური არ მოხვედრილა ფერეიდანის მხარეში, რის გამოც ამ პერიოდის არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება იქ მოსახლე ქართველების შესახებ“. მხოლოდ 1840 წელს გაიარა გზად ფერეიდანში ინგლისელმა ჰენრი ლეიარდმა, რომელმაც შემოგვინახა პირველი წერილობითი ცნობა იქ მოსახლე ქართველების შესახებ. მაგრამ, აღსანიშნავია, რომ XVIII საუკუნეში უკვე იცოდნენ საქართველოში ფერეიდანში არსებული ქართველთა დიდი კოლონიის შესახებ. ცნობილი ისტორიული პიროვნება იოანე ხელაშვილი თავის ლოცვაში მოიხსენიებს ფერეიდნელ ქართველებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეფიანელ კარისკაცს მიჰყავს ქართველი ტყვე. მე-16 საუკუნის სპარსული ტექსტილი. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი.

სეფიანთა ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერეიდნელი ქართველი სარა (ქეთი) გუგუჩჭანი

ირანში პირველი კომპაქტური ქართული დასახლებები 1610 წელს გაჩნდა, როდესაც შაჰ აბას I-მა ათასობით ქართველი თავის მიწებიდან, აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეებიდან კახეთიდან და ქართლიდან ირანში გადაასახლა. ირანში მცხოვრები ქართველების უმეტესობა სწორედ მათი შთამომავლები არიან[1] გადასახლების მომდევნო ტალღა XVII საუკუნითა და XVII საუკუნით თარიღდება. შაჰ აბასმა ქართველები ყველაზე დაუსახლებელ და ხრიოკ პროვინციებში დაასახლა, თუმცა მშრომელმა ქართველებმა იქაურობას მალევე დაატყვეს ხელი. მათ სოფლებმაც ქართული სახელები შეარქვეს და ასე გაჩნდა ირანში ქართული სოფლები: ზემო მარტყოფი, ქვემო მარტყოფი, ჩუღურეთი, რუისპირი, ვაშლოვანი და სხვა. სეფიანთა იმპერიაში ქართველების პოლიტიკა და კულტურა ირანულთან, რომ მათ არ გასჭირვებიათ სეფიანთა სამეფო კარზე ყიზილბაშების ადგილი დაეკავებინათ.

სეფიანთა იმპერიის დაცემამდე ცოტა ხნით ადრე, თურქ-ოსმანებმა და ავღანელებმა ისარგებლეს ირანის საშინაო პრობლემებით და დაიპყრეს ის. ირანში გადასხალებულმა ქართველებმა დიდი წვლილი შეიტანეს ავღანელებთან ბრძოლაში. ქართველები ომობდნენ გოლნაბადისა და ფერეიდუნშაჰრის ბრძოლებში, ხოლო უკანასკნელ ბრძოლაში ქართველებმა ავღანეთის არმიას დამამცირებელი მარცხი აწვნიეს.

დღევანდელი ირანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერეიდნელი ქართველები ირანის რუკაზე

მიუხედავად საქართველოსგან განცალკევებისა, ბევრმა ქართველმა შენარჩუნა ენა და ზოგიერთი ტრადიცია, თუმცა შეიცვალა სარწმუნოება და ისლამი მიიღო. 1890 წელს ეთნოგრაფი ვლადიმერ აღნიაშვილი საქართველოდან პირველი ესტუმრა ქართულ სათვისტომოს ირანში. როდესაც აღნიაშვილი ფერეიდანში ჩავიდა და პირველ ქართულ სოფელს რომ მიადგა ლადომ ამის შესახებ არ იცოდა, ვინაიდან მას ფერეიდანის მხარის ქართული სოფლების ქართული სახელები ჰქონდა ჩაწერილი. სოფელს კი სპარსელები „დომბექამარს“ ეძახდნენ, ხოლო ქართველები ამ სოფელს „თოლერს“ უწოდებდნენ. სწორედ თოლერი იცოდა აღნიაშვილმა და მხოლოდ ამ სოფელში გამოარკვია, რომ ეს იგივე „დომბექამარია“. როდესაც ლადო ამ სოფელში შევიდა, მას ერთი ეზოდან შემოესმა საკმაოდ ხმამაღალი ქართული საუბარი:

− ბიჭო, ეიჰ, იადოლა! რა უყავ ბიჭო, ი შენი ვირი. − შენ რაით გინდა? შინ არი − უპასუხია მეორეს. − როგორ არ მინდა, პური უნდა წავიღო წისქვილში. − ჩვენ გომშია, წადი წაიყვანე. ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს სიტყვები ლადოზე. იგი უმალ ჩარეულა საუბარში: − ბიჭო, ეი! შენ ვინა ხარ, გურჯი ხარ? − ჰო, გურჯი ვარ! მაგრამ შენ ვინა ხარ? ჩვენებური სად იცი? − მეც გურჯი ვარ, გურჯისტანიდან მოველ თქვენს სანახავად. − იიი, გურჯი კი არა! − ჰო, მართლა გეუბნები − მიუგო ლადომ. − მაშ გურჯი ხარ? − თქვა ეს და ლადოსკენ გაეშურა; დაუწყო მას ქართულად ლაპარაკი და თან თავის ამხანაგს ხელს უქნევდა, ანიშნებდა აქ მოდიო. გაოცებულმა მისმა ამხანაგმა ბარი მხარზე გაიდო და გაექანა მათკენ. ლადოს ცხენი ნელ-ნელა მიჰყავდა, ბიჭს მის უნაგირზე ჩაეჭიდა ხელი და ქართული საუბრით მიჰყვებოდა. როცა ბარიანი ბიჭი მიუახლოვდა მათ, პირველმა უთხრა: − იცი, ეს გურჯია, გურჯისტანიდან არი. − იი, გურჯი კი არა? − უპასუხა ბარიანმა. მაგრამ, როდესაც ლადომ ქართულად დაუწყო ლაპარაკი, ისიც დარწმუნდა, გაექანა, ცხენს ფაფარში წაავლო ხელი და თან გაჰყვა ნელ-ნელა მიმავალ მხედარს. მათ გზაში ერთი კაცი შემოეყარათ. ფერეიდანელმა ბიჭებმა უთხრეს მას: − ბიჭო, იცი, ეს ჩვენი ძველიაო.[6]

სოფლის ბოლოში ლადო გამოემშვიდობა მათ, აღუთქვა მალე შეხვედრა. აუხსნა, რომ გადაწყვეტილი აქვს ყველა ქართული სოფლის ნახვა და ამიტომ დროებით გტოვებთო, დომბექამარელმა ქართველებმა იგი გააცილეს სოფელ დაშქეშანისაკენ მიმავალ ნახევარ გზამდე და შემდეგ უკან გაბრუნდნენ გახარებულები. მათ ხომ თითქმის სამასი წლის განმავლობაში პირველად იხილეს თავიანთი თანამემამულე. შესანიშნავად აგვიწერს ლადო აღნიაშვილი სოფელ მარტყოფში მისვლის ამბავს:

ირანის მარტყოფი

მარტყოფს, რომ მივუახლოვდი, იქ, სოფლის პირში ორი დედაკაცი წყალს ავსებდა. დამინახეს და გამართეს ლაპარაკი: ერთმა სთქვა − ეს „საჰაბიაო“ (ბატონი). მეორემ უთხრა, − „არა ეს ჩვენია, გურჯიაო“. − „არა, საჰაბიაო, ფარანგიაო“ (უცხოელი). − „არა ეს ჩვენი ძველია, გურჯია. ხანმა არა თქვა, ერთი ჩვენი ძველი ისპაანში ზისო“. და როდესაც ეს პირველიც დაეთანხმა, წამოხტნენ ორივენი, დაყარეს იქ წყლის ჭურჭელი და გაიქცნენ სოფლისაკენ. მირბოდნენ და ყველა გამვლელ-გამომვლელს ეუბნებოდნენ: „ჩვენი ძველი მოდის! გურჯი მოდის გურჯისტანიდანაო“ სანამ შიგ სოფელში შევიდოდი აუარებელი ხალხი იყო ყველა გზებზედ გამოშლილი: კაცი და ქალი, დიდი და პატარა აქეთ-იქიდან მომძახოდა − აჰვალი (ჯანმრთელობა) როგორა გაქვს? − „სალამ!“ − „ჩაღი (გუნება, ხასიათი) როგორა გაქვს“: მე ყველას თავს ვუკრავდი და მადლობას ვეუბნებოდი“.[6]

ამგვარად, დიდი წვალებისა და გაჭირვების შემდეგ, ლადო აღნიაშვილმა მოახერხა ფერეიდანის მხარის თითქმის ყველა სოფლის ნახვა. იგი იმდენად გადაღლილი იყო მოგზაურობით, ბევრი დაბრკოლების გადალახვითა და ხელმოკლეობით, რომ მალე დაუტოვებია ფერეიდანი და საქართველოში დაბრუნებულა.[7]

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში კავკასიის მხედრიონი აქტიურად მოქმედებდა ირანსა და თურქეთში. 1916 წელს ირანში ქართული ესკადრონის მეთაური იყო შტაბს-კაპიტანი პავლე ალექსანდრეს ძე ლორთქიფანიძე. იგი ფერეიდანში შეხვდა იქაურ ქართველებს და იყო ფერეიდნელი ქართველის სეიფოლა იოსელიანის სტუმარი. აი, როგორ აგვიწერს პავლე ლორთქიფანიძე ქართველებთან შეხვედრას თავის წერილში, რომელიც გამოქვეყნდა 1916 წლის გაზეთ „სახალხო ფურცელში“:

დრო არა მაქვს, ამ წერილის წამომღებიც მიჩქარის და სამსახურიც ისეთია, რომ „წინ გასწით!“-ო გვიძახიან. გზაში ვარ, მაგრამ ქართველ მკითხველს მინდა გადავცე შემდეგი:... ქალაქ ისპაჰანის მოშორებით გაშენებულია პატარა სამაჰმადიანო საქართველო, თორმეტი თუ ცამეტი სოფელი... არაფერი არ ვიცოდი... შეველ ერთ სოფელში მოგზაურობის დროს და ირგვლივ ქართულად ლაპარაკობდნენ. თავბრუ დამესხა, ომი ახალი შეწყვეტილი გვქონდა და გონსაც არ მოვსულიყავი... ვიფიქრე, ეს რა ამბავია, ნუ თუ საქართველოს რომელიმე კუთხეში ამოვყავი თავი მეთქი... მაგრამ სპარსული ტანისამოსი როგორღაც მეჩოთირებოდა... როცა მე ქართულად დავიწყე ლაპარაკი, იმდენი ქალი და კაცი შემომესია, რომ ტევა არ იყო... საიდანა ხარ ბატონო? - გაიძახოდნენ... მხოლოდ მაშინ მომაგონდა შაჰ-აბასის სიმხეცე და მისგან გადასახლებული ქართველები სპარსეთში. დედაენა ჩინებულადაა დაცული, დიდი და პატარა მხოლოდ ამით ამაყობს - ქართულად ვლაპარაკობთო... ჩვენი ქართველობა მხოლოდ დედაენით გამოიხატებაო... თხოულობენ „სკოლას“, ქართველ მასწავლებელს... ნუთუო, ლაპარაკობენ: ჩვენი ქართველები ისე უგულო შეიქნენ, რომ ჩვენზე არ ფიქრობენო.[7]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ლიდერები შეეცადნენ ირანელი ქართველები ძირძველ სამშობლოში დაებრუნებინათ, მაგრამ საბჭოთა მოსკოვმა, როგორც ყოველთვის, ანტიქართული სახე შეინარჩუნა და ქართველები ირანის ჩრდილოეთ პროვინციებში დატოვა.[8]

ფერეიდუნშაჰრის ენების ინსტიტუტის ქართული კლასის ქართველი მოსწავლეები

2004 წლის ივნისში საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გახდა პირველი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ქართულ დელეგაციასთან ერთად ფერეიდუნშაჰრის ქართულ სათვისტომოს ეწვია. დელეგაციამ ირანში მცხოვრებ ქართველებთან ქართული ლიტერატურა, დროშები და სხვა ქართული ნივთები ჩაიტანა.[9] ფერეიდანში სტუმრობისას საქართველოს პრეზიდენტს ფერეიდნელმა ქართველმა წერილი გადასცა. ფერეიდნელი ავტორი ამ წერილში თანაფესვების სათქმელს ამბობდა:

ჩემო ძმაო და შვილო, ბევრი რამ სატირალი ნათქვამი მაქვს, ნეტავ ახლო მენახე და შუბლი დამედო შენ გულისპირზე და ოთხასი წლის ტკივილისა და სევდის ცრემლი დამეღვარა შენ კალთაში. შენს კალთაში იმიტომ, რომ შენ შეგიძლია გამიგო და იგრძნო რა მიჭირს და რამდენი თაობის ტანჯვა მქონია გარდასული. შენ იმიტომ გეძახი, რომ მომისმენია, რაც გითქვამს წვიმიან ცივ ღამეებში რუსთაველზე, აჭარის სოფლებში. იმიტომ, რომ ირანში ჩამოსულა სტალინიც და შევარდნაძეც, მაგრამ მათთვის ჩვენს ქართველობას მნიშვნელობა არა ჰქონია. მე მინდა აქ შენმა მოსვლამ ბევრი რამ შესცვალოს. ოთხი საუკუნეა ირანში გადმოსახლებულ ქართველს თავის სამშობლოში დაბრუნება ენატრება, ამიტომ ძვირფასო ძმაო, მე მინდა ჩვენი ხალხის მიმოსვლა ადვილად შესაძლებელი გახდეს, ვინ იცის კაი ძმები თუ არა, იქნებ, ერთმანეთის კაი მეგობრები ან მეზობლები გავხდეთ[10]

ფერეიდნელ ქართველთა მეტყველების თავისებურებანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამდენიმე ფერეიდნელის საუბარი, რომელიც ჩაწერილია ფირზე 1968 წელს:

მე ვარ მუხტარა... სოფელჩი (სოფელში) დაბადული, სამი წელია ოთხი წელია თეირანჩი ვცოცხლოფ (ვცხოვრობ). თეირანჩი რა რომ ვცოცხლოფ მივდივარ მუშოობ. მუშოობა ჩონთვის ძალიან ვიღონებით (ვიღლებით), ვიღონებით რო არ ითქმის ადვილად, არც წერა არც კითხუა, პარსული (სპარსული) წერა-კითხუა ცოტათ ვიცით, ქართული არცრა ვიცით... შარშა (შარშან) და შარშაწინ, რო ჩონ (ჩვენი) ბიჭები გამოიდე (ჩამოვიდნენ, გამოვიდნენ) საქართველოსაყე (საქართველოდან), გამოიტანეს და ჩონ ერთრამე ახლა ვწავლობთ და ვკითხობთ (ეხლა ვსწავლობთ ქართულს)... მე ცოტა ლექსებსა ვწერ და პარსულადაცა უწერ ეგრე რო... შაიად (შესაძლებელია) რო ქენ (თქვენ) გენახოსყე და გეკითხოსყე (წაგეკითხოთ) ჩემ ლექსები და ღმერთსაყე მინდა რო თქენ გამოგინდესყე იგრე მიშელეთ რო გამამინდეს ეს ლექსები ჩემ დედას ენაზედა ვწერო და ღმერთმა გააწეროს (ინებოს) რო გაკეთდეს და მაღლა (უმაღლესად, კარგად) დავწავლო (ვისწავლო) ქართული, რო ქართულად ვწერო და ვიკითხო, და თქენყე ეს ჩემ მოთხოვა არი, როგთხო (გთხოვთ) მე ჩემ ბიძებსა და ბიძაშვილებსა, მშვიდათ (ნახვამდის).[7] }} {{ციტირება|ხუალ იქნება პარასკევ, შვიდ საათზე მივდივართ სადგურში თითფრინავისა და უნდა ჩონი ბიძიები, მოსულიან ირანში გავაცილოთ და მოიდენ თბილიჩი... ჩონ გუნდა რო მოიდეთ თბილიჩი... დავჩეთ ჩონი ძმები, დები, პაპები ვნახოთ... ძალიან გუნდა, გუყვარს საქართველოს ქუეყანა და საქართველოს სამშობლო... გუნდა... მოსვლა თბილიჩი და დაჰწაულა (ქართულის სწავლა გვსურსო), მერე დაბრუნება ირანში... ძალიან მინდა ქენ ნახუა, საქართველოს ნახუა, საქართველოს რო გავიგეფყე ჩემ ბადანში (ტანი, სხეული), ჩემი ბადანში... დამაბრუებსყე, სიხარულით მინდა ჰამე (ყველას) გუნდა ქენ გამარჯობა, ღონიერება, ქენ ვაშკაცობა, საქართველო უნდა წაიდეს წინ, ქენ კი წინა ხართ, მერე ჩონაც წაგუყანოთ ქენთანა[7]...

ირანში სახელგანთქმული ქართველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულეიმან I და მისი კარისკაცები, ისპაანი, 1670. ალი-ყული ჯაბადარის ნახატი. მას შემდეგ, რაც ნახატი იყიდა მეფე ნიკოლოზ II-მ,ის ინახება რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, შენიშვნა: მარცხენა, ზედა კუთხეში ქართული ასოებია გამოსახული.

სეფიანთა ოჯახის ბევრ წევრს ქართული წარმოშობა აქვს.[11] ჰეიდარ ალი, თამაზ I-ის მესამე ვაჟი, ქართველი მონის,[12] ხოლო მუსტაფა, თამაზ I-ის მეოთხე ვაჟი, ქართველი დედოფლის შვილი იყო.[13]

ალავერდი-ხანი ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე იყო. გამაჰმადიანებული ქართველი (საქართველოდან ტყვედ წაიყვანეს ბავშვობაში), გვარად უნდილაძე. ირანის ჯარის პირველი ყულარაღასი, ფარსის ბეგლარბეგი, აბას I-ის სამხედრო რეფორმების ერთ-ერთი აქტიური გამტარებელი. როგორც სარდალმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ოსმალეთთან ომში (1603—1612). ისპაანში ააშენა ხიდი მდ. ზენდერუდზე, რომელსაც დღესაც მისი სახელი ჰქვია. აბას I-ის ბრძანებით ალავერდი-ხანი დიდი პატივით დაკრძალეს მეშჰედში. ირანში ალავერდი-ხანის შვილებიც დაწინაურდნენ. უფროსმა იმამყული-ხანმა მამის სიკვდილის შემდეგ ფარსის ბეგლარბეგობა მიიღო, ხოლო უმცროსმა დაუდ-ხანმა — ყარაბაღისა. ასევე სეფიანთა იმპერიაში სახელგანთქმული ქართველები არიან: დაუდ-ხანი, ხოსრო მირზა (როსტომი), როსტომ-ხან სააკაძე, ფარსადან გორგიჯანიძე, სიაუში, და იოსებ-ხან გურჯი, რომელიც ფათჰ-ალი შაჰის კარზე გაზრდილი ყოფილა, ჯარის სპასალარი და ირანის ერაყის ტერიტორიების ნაწილის, ფარაჰანის, ქაზაზის, ქამრაჰის, სარბანდის, ვაფასის, ბაზჩალუს, შერას, თაფრაშის, აშთიანის მმართველი.

ქართველია ირანის პრემიერ-მინისტრი ამინ ალ-სულთანიც.[14] მანუჩეჰერ ხან მოტამედ-ოდ-დოვლეჰი და გენერალი ბაჰრამ არიანაც ცნობილი ირანელი ქართველები არიან.

მსახიობების კირა გურჯისტანისა და სიმა გურჯისტანის, და შემდგომში ნემათოლა გურჯის სახელები მათ ქართულ წარმოშობაზე (თუნდაც მამის მხრიდან) მეტყველებენ. ასევე ქართული ფესვები აქვს მაზანდარანელ პოეტს ნიმა იუშიჩის. ითვლება, რომ რეზა-შაჰ ფეჰლევის ბებია ქართველი იყო (მაზანდარანიდან).[15] ირანულ-ავსტრალიური უნივერსიტეტის საორგანიზაციო ფსიქოლოგიის და გამოყენებითი სტატისტიკის პროფესორი, დოქტორი ლეილა ქარიმი [16] ისპაანის ქართულ ოჯახში დაიბადა (თავდაპირველად ცნობილი, როგორც გოგინაშვილი). მაჰმუდ ქარიმი (მაჰმუდ ქარიმი სიბაკი), ფეხბურთელი, რომელიც ირანის საფეხბურთო ჩემპიონატში ისპაანურ კლუბში თამაშობს არის ყველაზე ცნობილი ირანელი ქართველი ფეხბურთელი ირანში. კიდევ ერთი ქართული წარმოშობის თანამედროვე ფიგურაა ირანელ-ამერიკელი კლავისინისტი მაან ისპაანი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Rezvani, Babak (Winter). „The Fereydani Georgian Representation“. Anthropology of the Middle East. 4 (2): 52–74. doi:10.3167/ame.2009.040205. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date= და |year= / |date= mismatch-ში (დახმარება); |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
  2. Matthee, Rudolph P. (1999), The Politics of Trade in Safavid Iran: Silk for Silver, 1600-1730.
  3. Muliani, S. (2001) Jaygah-e Gorjiha dar Tarikh va Farhang va Tammadon-e Iran. Esfahan: Yekta [The Georgians’ position in the Iranian history and civilization]
  4. Rahimi, M.M. (2001) Gorjiha-ye Iran; Fereydunshahr. Esfahan: Yekta [The Georgians of Iran; Fereydunshahr]
  5. Sepiani, M. (1980) Iranian-e Gorji. Esfahan: Arash [Georgian Iranians]
  6. 6.0 6.1 შარაშენიძე ზ. ფერეიდნელი „გურჯები“. თბ.. 1979
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 შარაშენიძე ზ. ფერეიდნელი „გურჯები“. თბ.. 1979.
  8. Svetlana Savranskaya and Vladislav Zubok (editors), Cold War International History Project Bulletin, I issue, 14/15 – Conference Reports, Research Notes and Archival Updates დაარქივებული 2006-12-15 საიტზე Wayback Machine. , p. 401. Woodrow Wilson International Center for Scholars. Accessed on September 16, 2007.
  9. http://www.iran-newspaper.com/1383/830420/html/internal.htm
  10. http://www.diaspora.gov.ge/index.php?lang_id=geo&sec_id=124&info_id=894[მკვდარი ბმული] „მე ძმა ვარ თქვენი“...
  11. Aptin Khanbaghi (2006)The Fire, the Star and the Cross: Minority Religions in Medieval and Early. London & New YorkIB Tauris. ISBN 1-84511-056-0, pp. 130-1.
  12. Savory, Roger, Iran Under the Safavids, (Cambridge University Press, 2007), 68.
  13. Juan de Persia, Don Juan of Persia, (Routledge, 2004), 129.
  14. Patrick Clawson. Eternal Iran. Palgrave. 2005. Coauthored with Michael Rubin. ISBN 1-4039-6276-6 p.168
  15. Georgians in Iran by Ali Attār, Jadid Online, 2008, [1] (5 min 31 sec).
  16. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-09. ციტირების თარიღი: 2013-08-28.