ქართამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქართამი
იბერიის მეფე
წინამორბედი: ადერკი
მემკვიდრე: ფარსმან I
შვილები: ფარსმანი
დინასტია: ფარნავაზიანი
მამა: ადერკი

ქართამი, ქარძამიქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II ს-ის 60-იან წწ.-ში. ლეონტი მროველის მიხედვით ის არის ქართლში ორმეფობის (იხ. ორმეფობა) პირველი წყვილის წარმომადგენელი. მისი თანამეფე იყო ბარტამი/ბრატმანი.

ლეონტი მროველი ამ წყვილის მეფობას ახ. წ. I ს-ით ათარიღებს. პავლე ინგოროყვამ არმაზისხევის ნეკროპოლში აღმოჩენილი ლანგრის წარწერის – „მე მეფემან ფლავიოს-დადემან გიწყალობე [ეს ლანგარი] ბერცუმ პიტიახშს“ – ინიციალები „ბ პ ქ“ ასე გაშიფრა: ბ[ერცუმ] პ[იტიახში] ქ[ართამის ძჱ]. ეს ბერცუმი, მისი აზრით, ქართამის თანამეფე ბარტამ/ბრატმანი უნდა იყოს, ფლავიოს დადე კი – საპატიო ზედწოდება ქართამ მეფისა, რომელიც მან მიიღო ფლავიოსთა სახლის რომელიღაც რომაელი იმპერატორისაგან.

გიორგი მელიქიშვილი და გურამ მამულია ქარძამ/ბრატმანის წყვილის მეფობას ძვ. წ. II ს-ის 60-იანი წლებით ათარიღებენ.[1]

თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით, „ქართამმან იმეფა 1½“, 44 წლიდან.[2]

სერგი გორგაძე მეფე ქარძამ/ქართამს მითრიდატე I-თან აიგივებს:

მე-30-ე წელს ქრ. შემდეგ იბერიის ტახტი დაიკავა ადერკის შვილმა „ქართამმა“, რომელსაც უცხოეთის მწერლები „მითრიდატს“ ანუ მიჰრდატს უწოდებენ. ეს არის მიჰრდატ I-ელი, რომელმაც სულ ხუთიოდე წელს იმეფა (30–35 წ. ქრ. შემდეგ). ამ მეფის დროს იბერიის ცხოვრებაში ფრიად საინტერესო ისტორიული ხანა იწყება. რომის იმპერატორების კავშირით წათამამებული იბერიის მეფეები რამდენსამე ხნით მთელი სომხეთის ბრძანებლები ხდებიეან და პართიის სამეფოსაც საქმეს უჭირვებენ. ამ საგნის შესახებ დიდად საინტერესო ცნობებს რომაელი მწერლები იძლევიან.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 458.
  • მელიქიშვილი გ., „ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზის შესახებ“, „მაცნე“, N3, 1978

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლორთქიფანიძე მ., მეტრეველი რ., საქართველოს მეფეები, თბ.: „ნეკერი“, 2007. — გვ. 20, ISBN 99928-58-36-2.
  2. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“ ქმნილი საქართველოს მეათცამეტის მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან სტამბასა შინა სამეცნიერო აკადემიისასა 1848 წელსა. გვ. 213.
  3. სერგი გორგაძე „საქართველოს ისტორია“. მოკლე სისტემატიური კურსი მოზრდილთათვის. ქუთაისი, 1915 წ. გვ. 56.
წინამორბედი:
ადერკი
იბერიის მეფე
55–72
შემდეგი:
ფარსმან I