შინაარსზე გადასვლა

ქარათეფე-ასლანთაშის ღია ცის ქვეშ მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქარათეფე-ასლანთაშის ღია ცის ქვეშ მუზეუმი
37°18′01″ ჩ. გ. 36°15′00″ ა. გ. / 37.30028° ჩ. გ. 36.25000° ა. გ. / 37.30028; 36.25000
დაარსდა 1958 წელი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
მდებარეობა ოსმანიეს პროვინცია, ოსმანიე და Kadirli
Map

ქარათეფე-ასლანთაშის ღია ცის ქვეშ მუზეუმი (თურქ. Karatepe-Aslantaş Open-Air Museum) — ღია ცის ქვეშ მუზეუმი ოსმანიეს პროვინციაში, თურქეთი. ქარათეფე („შავი გორაკი“) არის ადგილმდებარეობა, ხოლო ასლანთაში („ლომის ქვა“) ეხება ქვის სკულპტურებზე არსებულ ლომის ფიგურას. ობიექტი მდებარეობს იმავე სახელწოდების ეროვნულ პარკში.

მუზეუმი მდებარეობს 638 მ სიმაღლის ქარათეფეს ჩრდილოეთით, სოფელ ქიზიუსუფლუ, ოსმანიეს პროვინციის ქადირლის რაიონში. იგი ქადირლიდან დაშორებულია 22 კმ-ით, ხოლო ოსმანიედან — 30 კმ-ით.[1][2] მდებარეობს ასლანთაშის წყალსაცავის დასავლეთით და წარმოადგენს ქარათეფე-ასლანთაშის ეროვნული პარკის ნაწილს.[3]

ადგილმდებარეობას ეწოდება ქარათეფე-ასლანთაში იმიტომ, რომ გამოირჩეოდეს ასლანთაშის სახელწოდების მქონე სხვა ადგილებისგან, რომლებსაც ადგილობრივები ასე უწოდებენ ლომის ქვის ქანდაკებების მიხედვით.[4] მუზეუმის ტერიტორია მდებარეობს ტყიან ლანდშაფტში, გორაკზე, რომელიც გადადის ანდირინის ვაკეზე და წარმოადგენს ნახევარკუნძულს, რომელიც სამი მხრიდან გარშემორტყმულია ასლანთაშის წყალსაცავით.[2]

ქარათეფე მდებარეობს ისტორიულ საქარავნო გზაზე, რომელსაც აქიოლი („თეთრი გზა“) ეწოდება და რომელიც კილიკიას ცენტრალურ ანატოლიასთან აკავშირებს ანდირინ-გიოქსუნის გავლით. ამ მარშრუტს იყენებდნენ ხეთები, ჯვაროსნები და ბოლო დროს იორუქები.[1][2]

ადგილზე შემორჩენილია ძველი ნაშთები, რომელიც ძვ. წ. VIII საუკუნის დროინდელია. თავდაპირველად ეწოდებოდა აზატივადაია,[5] დამაარსებლის, ახალი ხეთური სამეფოს - კუვეს მეფე აზატივადას სახელის მიხედვით. იგი აშენდა ჩრდილოეთიდან მომავალი დამპყრობლებისგან დასაცავად. ამ ფორტიფიკაციისა და სამეფოს სხვა ტერიტორიები დაიპყრო აღმოსავლეთიდან მოსული ასურული იმპერიამ ძვ. წ. 725-720 და ძვ. წ. 680 წელს.[1][2][6]

ადგილი შემთხვევით აღმოაჩინეს საიმბეილიდან მოსულმა მწყემსებმა. მათ შეატყობინეს ექრემ ქუშჩუს, სოფლის სკოლის მასწავლებელს, რომელმაც თავის მხრივ ამცნო ადანის მუზეუმის დირექტორ ნაჯი ქუმს. მთავრობამ დაავალა ჰელმუტ თეოდორ ბოსერტს (1889-1961), სტამბოლის უნივერსიტეტის არქეოლოგიის გერმანელ პროფესორს, გათხრების ჩატარება, რომელიც 1946 წლის გაზაფხულზე დაიწყო. თურქი ქალი არქეოლოგი ჰალეთ ჩამბელი (1916-2014) იყო არქეოლოგიური გუნდის მთავარი ფიგურა. ბაჰადირ ალქიმი (1915-1981) მოგვიანებით შეუერთდა გათხრებს,[6] რომლებიც 1952 წელს დასრულდა. ჩამბელის ძალისხმევით, არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობა და მისი ახლო გარემო ჩამოყალიბდა, როგორც ქარათეფე-ასლანთაშის ეროვნული პარკი 1958 წლის 28 სექტემბრიდან.[2][6]

ღია ცის ქვეშ მუზეუმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხის ნანგრევების შიდა და გარე კედლები 4-6 მ სიმაღლისა და 2-4 მ სისქისაა. ქვის კედლები შიგნით შევსებული იყო ღორღილითა და მიწით. ფორტიფიკაცია გადაჭიმულია 376 მ-ზე სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით და 196 მ -ზე აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. კედლის ნაგებობა გამაგრებულია 18-20 მ-ის მანძილზე სულ 34 მართკუთხა ბასტიონით, რომელთაგან მხოლოდ 28-ის იდენტიფიცირება შეიძლებოდა. აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების კედლები აღდგენილია ორიგინალის შესაბამისად.[1][2]

ციხეს ორი კარიბჭე აქვს, ერთი სამხრეთ-დასავლეთით და მეორე ჩრდილო-აღმოსავლეთით. სამხრეთ-დასავლეთის კარიბჭესთან არის ორი ლომის ქვის ქანდაკება. კარიბჭის გვერდით მდგომი ორი პალატის კედლები დაფარულია ბაზალტის ქვაზე გამოთლილი რელიეფებით, რომლებიც ასახავს იმ დროის რწმენასა და ცხოვრების წესს. აქ მდებარეობს ქარათეფეს ორენოვანი წარწერა — ფინიკიური ანბანითა და იეროგლიფური ლუვიურით ერთნაირი ტექსტით. კარიბჭის შიგნით არის ძველი ეგვიპტური ჯუჯა ღვთაება ბესის ქვის ქანდაკება და 3 მ სიმაღლის ფინიკიური ქუხილის ღმერთ ბაალის ქვის ქანდაკება.[4][6] ჩრდილო-აღმოსავლეთის კარიბჭესთან განთავსებულია სფინქსის ორი ქვის ქანდაკება — მითიური არსება ადამიანის თავითა და ლომის სხეულით. გვერდითი პალატები შეიცავს რამდენიმე რელიეფს და კიდევ ერთ ქარათეფეს ორენოვან წარწერას. ქარათეფეს ორენოვანმა წარწერამ შესაძლებელი გახადა ანატოლიური იეროგლიფების გაშიფვრა, რომლებიც ძვ. წ. XX საუკუნიდან მომდინარეობს, ფინიკიური ანბანის დახმარებით.[1][2][5]

გორაკის მწვერვალზე მდებარეობს მარცვლის ორმოები და ორი დამწვარი შენობის ნანგრევი. ღია ცის ქვეშ მუზეუმის არტეფაქტების უმრავლესობა არ გადატანილა. მხოლოდ წვრილი ნივთები აიღეს მუზეუმის შენობაში გამოფენისთვის.[2]

მნახველებს შეუძლიათ მიიღონ მრავალენოვანი ვიზუალური პრეზენტაცია ქარათეფეზე ღია ცის ქვეშ მუზეუმში ტურის დაწყებამდე.[6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 5 Karatepe Aslantaş Açık Hava Müzesi tr. Osmaniye Ticaret ve Sanayi Odası. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-01. ციტირების თარიღი: 2016-04-26
  2. 1 2 3 4 5 6 7 8 Karatepe-Aslantaş Açık Hava Müzesi tr. Osmaniye Valiliği. ციტირების თარიღი: 2016-04-26
  3. Karatepe-Aslantaş Milli Parkı. Doğa Koruma ve Milli Parklar Genel Müdürlüğü. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-01. ციტირების თარიღი: 2016-04-26
  4. 1 2 Scham, Sandra (2008). „From the trenches Off the Grid“. Archaeology. 61 (4). ციტირების თარიღი: 2016-04-28.
  5. 1 2 Mazzoni, Stefania (October 2008). „Karatepe-Aslantaş: Azatiwataya. Die Bildwerke“. American Journal of Archaeology. 112 (4). doi:10.3764/ajaonline1124.Mazzoni.
  6. 1 2 3 4 5 Karatepe-Aslantaş Azatawitaya ve Halet Çanbel tr. Arkeoloji Dünyası. ციტირების თარიღი: 2016-04-26