შინაარსზე გადასვლა

ქალთა უფლებები ირანში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქალთა უფლებები ირანში — კვლევების კომპლექსი ირანულ საზოგადოებაში ქალის მდგომარეობის შესახებ, ასევე წესებისა და ნორმების სისტემა, რომელიც არეგულირებს ქალის ურთიერთობას სოციალურ ინსტიტუტებთან. ტრადიციულად, ირანულ საზოგადოებაში დომინანტური როლი მამაკაცს ეკუთვნის. პატრიარქატი, როგორც ისლამური რელიგიის ნაწილი, თანამედროვე ირანში სახელმწიფო დონეზეა მხარდაჭერილი. ამჟამად, ირანი გენდერული თანასწორობის ინდექსის მიხედვით, 164 ქვეყნიდან 137-ე ადგილს იკავებს.

სასანიდების დინასტიის დედოფლის, ბორანდუხტის (აღდგენილი) პორტრეტი

ძველი სპარსული ქალაქის, შაჰრი-სუხტეს, ნანგრევებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლინდა, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI-III საუკუნეებში სპარს ქალებს მაღალი საზოგადოებრივი და ეკონომიკური სტატუსი ჰქონდათ. კერძოდ, ნაპოვნი სამარხების 90% ქალის აღმოჩნდა.[1] ძველ სამეფოში ქალები ქალაქის მოსახლეობის 60%-ს შეადგენდნენ, ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ მართვაზე და დომინირებდნენ ვაჭრობაში.[2] ამ კვლევებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შაჰრი-სუხტეს საზოგადოებაში ქალებს უმაღლესი საზოგადოებრივი სტატუსი ეკავათ.[1] ამასთან, ეს უძველესი ქალაქი არ წარმოადგენდა გამონაკლისს ახლო აღმოსავლეთში, რადგან ქალის ბატონობა ან თანასწორობა ფართოდ იყო გავრცელებული ვედიზმის ეპოქაში ჩრდილოეთ ინდოეთში. მიუხედავად იმისა, რომ ავესტას მოძღვრება ამტკიცებს, რომ ქალი უნდა ემორჩილებოდეს ქმარს, ეს მამაკაცს არანაირად არ აძლევდა უფლებას, დაეთრგუნა მისი პიროვნება და არჩევანის უფლება.[3]

აქემენიდების სახელმწიფოში, კერძოდ პერსეპოლისში, ქალები პირობითად 3 ჯგუფად იყოფოდნენ: „მუთუ“, „ირთი“ და „დუქსის“. პირველთ (მუთუ) უწოდებდნენ უბრალო ხალხის ყველა ქალს, მეორენი („ირთი“) წარმოადგენდნენ დაუქორწინებელ გოგონებს დიდგვაროვანი ოჯახებიდან, ხოლო „დუქსის“ იყვნენ გათხოვილი ქალები. ეს უკანასკნელნი ფლობდნენ უმაღლეს სტატუსს საზოგადოებაში ქალებს შორის. მატიანეებიდან ირკვევა, რომ დიდგვაროვანი ქალები ბევრს მოგზაურობდნენ და საკუთარ კარმიდამოსაც კი აშენებდნენ. დედოფალი და მისი ფრეილინები აწყობდნენ სპორტულ შეჯიბრებებს პოლოში მეფისა და მისი კარისკაცების წინააღმდეგ.[4] ფაქტობრივად, ყველაზე დიდი ძალაუფლებით შეიძლებოდა აღჭურვილი ყოფილიყო მეფის დედა, თუმცა მას არ შეეძლო ტახტის მემკვიდრის თვითონ არჩევა.[5] არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა ჰქონდათ არადიდგვაროვანი წარმოშობის ქალებს, მაგრამ ცნობილია, რომ მათი სტატუსი შეიძლებოდა განსხვავებული ყოფილიყო თავად ქალის ან მისი ქმრის/ოჯახის საქმიანობის ტიპის მიხედვით. სამეფოში თითქმის ყველა სახის საქმიანობა დაყოფილი იყო ქალურ და მამაკაცურ საქმიანობად, იშვიათი გამონაკლისების გარდა. თუ ერთ სამუშაოში მამაკაცებიც და ქალებიც იყვნენ ჩართულნი, ქალები ოდნავ ნაკლებ ხელფასს იღებდნენ, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ნაკლებ ხელფასს მამაკაცებიც იღებდნენ. სამეფოში მუშაობდნენ ქალი ხელმძღვანელები და სპეციალისტები, რომელთა სტატუსი უშუალოდ ცოდნასა და გამოცდილებაზე იყო დამოკიდებული. ქალისთვის ყველაზე პრესტიჟულ და მაღალანაზღაურებად პროფესიად ითვლებოდა „არაშარა“ (დიდი უფროსი), რომელიც ხელმძღვანელობდა ქალების, ბავშვების ან თუნდაც მამაკაცების დიდ ჯგუფებს. მისი ხელფასი ერთ-ერთი საუკეთესო იყო სამეფოში.[6] მაღალი პატივით სარგებლობდნენ ორსული ქალები და მცირეწლოვანი შვილების მქონე ქალები.

ცნობილია, რომ სასანიდების იმპერიაში რამდენიმე წლის განმავლობაში მართავდა ბორანდუხტი, ხოსრო II ფარვიზის ასული. ასევე, რომაელებთან ომის დროს, მრავალი სპარსელი ქალი მამაკაცების გვერდით, მათთან თანაბრად იბრძოდა .[7] ქალები გამოსახულნი არიან მრავალ სპარსულ მინიატურასა და ფერწერულ ნამუშევარზე.[8] მათი მეშვეობით შესაძლებელია დადგინდეს, თუ როგორი სამოსი იყო მოდური ქალებში სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში.[9]

ქტესიფონის ბრძოლის დროს, რომაელი ჯარისკაცებისთვის ახალგაზრდა სპარსელი ქალწულები საუკეთესო ნადავლად ითვლებოდნენ.[10]

VII საუკუნეში არაბთა შემოჭრის შემდეგ, სასანიდების იმპერია დაეცა. რვა საუკუნის განმავლობაში, სპარსეთის მონარქიის ჩამოყალიბებამდე, ყოფილი იმპერიის ტერიტორია იყო სისხლიანი შინაომების ასპარეზი გაბატონებულ არაბულ კლანებს, ხოლო მოგვიანებით, აღმოსავლეთიდან მოსულ თურქ და მონღოლ დამპყრობლებს შორის.

ამ პერიოდში მწირია წყაროები, რომლებიც სპარსულ საზოგადოებაში ქალების შესახებ რაიმე ცნობას გვაწვდის. ცნობილია, რომ ადრეულ ისლამურ პერიოდში ლიტერატურაში გვხვდებიან კეთილშობილური წარმოშობის მუსლიმი ქალები.

ქალებს ასევე ჰქონდათ ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური უფლებები, რომლებიც მათ მონღოლმა დამპყრობლებმა მიანიჭეს. თემურიდების ეპოქაში ქალები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ესწრებოდნენ საერო დღესასწაულებს და არქიტექტორებიც კი შეიძლებოდა ყოფილიყვნენ. ბევრ დიდგვაროვან ქალს უდიდესი ძალაუფლება ჰქონდა თავის კლანში და შეეძლო გავლენა მოეხდინა მათ გადაწყვეტილებებზე და თუნდაც ბედზე.[11]

ცნობილია, რომ სპარსელი მოცეკვავეები ტანის დინასტიაში დიდად ფასობდნენ და ისინი ხშირად ცეკვავდნენ კლიენტებისთვის. სპარსელ მოცეკვავეებს თავიანთ ლექსებში მრავალი ჩინელი პოეტი აქებდა. განსაკუთრებით მაღალი შეფასებით სარგებლობდნენ ქალები ღია თმითა და თვალებით. ჩინელ მმართველებს შეეძლოთ სპარსელი ქალების თავიანთ ჰარამხანებში ყოლა. ცნობილია შემთხვევები, როდესაც ხუთი დინასტიისა და ათი სამეფოს ეპოქაში ჩინელი მონარქები სპარსელ მოცეკვავეებზე ქორწინდებოდნენ. დროთა განმავლობაში, ტერმინმა „სპარსელი ქალი“ მნიშვნელობა შეიცვალა და დაიწყო ნებისმიერი არა-შორეულაღმოსავლური წარმოშობის უცხოელი ქალის აღნიშვნა.[12][13][14][15][16][17][18][19][20][21][22][23]

სეფიანების მმართველობის ეპოქაში, XVI–XVIII საუკუნეებში, დიდგვაროვნებს შორის ქალთა განმარტოების პრაქტიკა გავრცელდა. დასავლელი სტუმრები აღნიშნავდნენ, რომ ქალებს იშვიათად ხვდებოდნენ, რადგან ისინი მუდმივად თავიანთ ქალთა ჰარამხანაში იმყოფებოდნენ და უცნობ მამაკაცებთან კონტაქტს თავს არიდებდნენ.

ქალები პირობითად 6 ძირითად ჯგუფად იყოფოდნენ: დიდგვაროვნები ან მდიდრების ცოლები; უბრალო ხალხი ან მომთაბარე ტომების წარმომადგენლები; სამრეწველო საქმიანობით ან გამოყენებითი ხელოვნებით დაკავებულები; დროებითი ქორწინებით შეკრულები; მონები და მეძავები.[24]

იმ დროს ქალისთვის ქართველზე ან ჩერქეზზე დაქორწინება უფრო პრიორიტეტული იყო, ვიდრე სპარსზე, რადგან პირველები უფრო მიმზიდველებად და სანდოებად ითვლებოდნენ. ქალიშვილს ქორწინებამდე აუცილებლად უნდა შეენარჩუნებინა უმანკოება (ქალწულობა), მაშინ როცა მომავალი ქმრისთვის, რათა ცოლი სათანადოდ დაეკმაყოფილებინა, სასურველი იყო უკვე ჰქონოდა გარკვეული სექსუალური გამოცდილება.[24]

გათხოვილი ქალი ვალდებული იყო ქმარს „საკუთარი სხეული და სული“ მიეცა, ყოფილიყო მასთან ყველაფერში მორჩილი და თავმდაბალი. განქორწინებისა და ხელახალი ქორწინების პროცესი ძალიან მარტივი იყო, თუმცა, თუ ქმარს ცოლი მისი ინიციატივით გაშორდებოდა, მას საზოგადოებაში სირცხვილის დამღა ედებოდა. ამიტომ განქორწინებაზე ძირითადად მამაკაცები ითხოვდნენ ნებართვას, და კანონით ისინი ვალდებულნი იყვნენ ცოლისთვის მზითევი დაებრუნებინათ.[24] ქვეყანაში პროსტიტუცია ფართოდ იყო გავრცელებული; თუ მეძავი, სხეულებრივი დაკმაყოფილების გარდა, კარგად ცეკვავდა და მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავდა, მისი პროფესია უკვე საპატიო ხდებოდა: მას შეეძლო დიდი ფული მიეღო თავისი სამუშაოსთვის, დიდგვაროვნების წარმომადგენლების მომსახურებით .[24] ცნობილია, რომ შაჰს 24 ყველაზე ნიჭიერი მეძავი-შემსრულებელი ჰყავდა.[24]ევროპელი მოგზაურების თქმით, არსად, როგორც სეფიანთა სამეფოში, არ ყვაოდა პროსტიტუცია ასეთი მასშტაბით, რის გამოც აქ გარყვნილი ქალები თავიანთი მომსახურებისთვის გაცილებით დიდ ფულს ითხოვდნენ, ვიდრე, მაგალითად, ევროპაში.[24]

თავადური წარმოშობის ქალბატონი, 1874 წელი

სეფიანთა ეპოქაში ქალებს ძალიან ხშირად გამოსახავდნენ სპარსულ მინიატურებზე, უმეტესად — კარის გარემოცვაში, სადაც ისინი, პირბადისგან თავისუფალნი, დროს ატარებდნენ ქალთა ჰარამხანაში ან სადმე განმარტოებულ კუთხეში, ბუნებაში.[24] მხატვრები ხშირად გამოსახავდნენ ქალის უცხო ახალგაზრდასთან შემთხვევით შეხვედრის სცენებს ან იმას, თუ როგორ შეეძლო ქალს მამაკაცების საუბრისთვის ყურის მიგდება.[24] ამის გარდა, მათ შეეძლოთ დაფარულად შეხვედრილი, ერთმანეთზე უიმედოდ შეყვარებული ახალგაზრდების გამოსახვა.[24] ამ პერიოდის ქალის სილამაზის იდეალი წარმოადგენდა ახალგაზრდა ქალწულს მრგვალი სახის ნაკვთებით, შეზრდილი წარბებით, თოვლივით თეთრი კანით, თხელი წელითა და გრძელი შავი თმით.[24] განმარტოების მიუხედავად, დიდგვაროვანი ქალები სწავლობდნენ მათემატიკას, ასტრონომიას, ფიზიკას, ენებს და სხვა მეცნიერებებს.[24]

ყაჯარების მმართველობის ეპოქაში, XIX საუკუნეში, ქალებმა დაიწყეს საზოგადოებრივი აქტიურობის გამოვლენა და სახელმწიფოსგან მოითხოვდნენ არადიდგვაროვანი წარმოშობის გოგონებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნას. ამ ინიციატივამ წინააღმდეგობა გამოიწვია ქვეყნის ისლამური სამღვდელოების მხრიდან, თუმცა 1865 წელს, შეიხ მოჰამედ ეზდის მეუღლის, საფიეჰ ეზდის ინიციატივით, გოგონათა პირველი სკოლა გაიხსნა. საფიეჰმა პირადად მოამზადა 66 ქალი, რომლებიც სკოლაში მასწავლებლებად დასხდნენ, და თავად ავრცელებდა ლექციებზე ქალთა თანასწორობის იდეებს.[25] XX საუკუნის მიჯნაზე ქალებს შორის გამოჩნდნენ პირველი ჟურნალისტები და მწერლები, 1907 წელს კი დაიწყო პირველი ქალთა ჟურნალის „დანეშის“ გამოცემა. მალე უმსხვილეს ქალაქებში ქალთა თემატიკაზე ათობით სხვადასხვა გამოცემა იბეჭდებოდა.[26]

ფეჰლევიანთა დინასტია (1925-1979)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეჰლევიანთა დინასტიის მმართველობის პერიოდი ცნობილია, როგორც ქვეყნის ინდუსტრიული რევოლუციისა და ფართომასშტაბიანი რეფორმების ეპოქა, რომელმაც ქალებს ფართო უფლებები მიანიჭა. ამ ცვლილებების ინიციატორი რეზა-შაჰ ფეჰლევი იყო. 1928 წელს ქალებმა პირველად მიიღეს სახელმწიფო დაფინანსება საზღვარგარეთ განათლების მისაღებად, 1935 წელს მათ მიეცათ თეირანის უნივერსიტეტებში სწავლის უფლება, ხოლო 1944 წლიდან ქალებისთვის დაწყებითი განათლება სავალდებულო გახდა.[27] ქვეყანაში იმართებოდა ქალთა კონგრესები, რომლებშიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ქალებიც იღებდნენ მონაწილეობას.[28] თუმცა, ყველა რეფორმა კეთილგანწყობილი არ ყოფილა; მაგალითად, 1925 წლამდე არსებული ნებისმიერი ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია აიკრძალა.[29] გარდა ამისა, 1936 წლის 8 იანვრის ბრძანებულებით, რომელიც ქალებს ჰიჯაბის ტარებას უკრძალავდა, პოლიციამ დაიწყო მასობრივი რეიდები და ქალებისთვის თავსაფრების იძულებით ახდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ღრმად მორწმუნეები იყვნენ. ამან გამოიწვია მორწმუნე ქალების, განსაკუთრებით კი უფროსი თაობის, მასობრივი იზოლაცია, რამაც მათი დამოკიდებულება ნათესავებზე კიდევ უფრო გაზარდა. შედეგად, ეს კანონი 1941 წელს გაუქმდა. ხელისუფლება დევნიდა და მკაცრად სჯიდა ქალებსაც და მამაკაცებსაც, რომლებიც განსხვავებულ თვალსაზრისს ავრცელებდნენ.[26] მიუხედავად არაერთგვაროვანი მიდგომისა, ქალთა მდგომარეობა საერთო ჯამში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რამაც მათ საშუალება მისცა, აქტიური მონაწილეობა მიეღოთ ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქალებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, მიეღოთ განათლება და საკუთარი ნებით დაწყებულიყო მუშაობა.[30] განათლებული და დასაქმებული ქალების უმრავლესობა მხარს უჭერდა ჰიჯაბის ტარების აკრძალვას, რადგან მას ჩაგვრის სიმბოლოდ მიიჩნევდა.[31]

მომდევნო მმართველმა, მოჰამედ რეზა ფეჰლევიმ, განაგრძო რეფორმების პოლიტიკა, რომელმაც ქალებს საარჩევნო უფლების რეალიზების შესაძლებლობა მისცა. შედეგად, ირანის პარლამენტში მალევე შევიდა რამდენიმე ქალი დეპუტატი, გაჩნდნენ ქალი მინისტრები კაბინეტში და ქალი მოსამართლეები. 1967 წელს ძალაში შევიდა კანონები „ოჯახის დაცვის შესახებ“, რომლებიც კონკრეტულად იცავდნენ გათხოვილი ქალებისა და ბავშვების უფლებებს ძალადობისგან, აგრეთვე განქორწინებული ქალების უფლებებს. კერძოდ, თუ მანამდე განქორწინებისთვის საკმარისი იყო, რომ მამაკაცს სამჯერ წარმოეთქვა სიტყვა „თალიაქ“, რეფორმების შემდეგ ორივე მხარეს სასამართლოსთვის უნდა მიემართა. ამასთან, თუ მამაკაცს მეორე ქალის შერთვა სურდა, კანონის მიხედვით, იგი ვალდებული იყო, პირველი მეუღლის ნებართვა მიეღო.[32], ასევე, გაიზარდა ქორწინების მინიმალური ასაკის ზღვარი 13-დან 18 წლამდე.[33] თუმცა, სოფლად ადრეული ქორწინების პრაქტიკა 17 წლამდე მაინც გრძელდებოდა.[31] კერძოდ, 1971 წლის მონაცემებით, გოგონების 37% გათხოვდა 13 წლამდე, ხოლო 57% — 14-დან 18 წლამდე ასაკში.[31] XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ირანელი ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ პოლიტიკაში, დიპლომატიაში, სასამართლო სისტემაში, ასევე მუშაობდნენ პოლიციაში.[34] იმ დროის ყველაზე გავლენიან ქალებს შორის იყვნენ განათლების მინისტრი ფარუხრუ ფარსა და უფლებადამცველი შირინ ებადი, რომელიც მოგვიანებით ნობელის პრემიის მშვიდობის ლაურეატი გახდა.[35].

ამ პერიოდში წარმოიქმნება მრავალი ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომლებმაც 1966 წელს ჩამოაყალიბეს კოალიცია — „ირანის ქალთა ორგანიზაციები“.[36] 1960-იან წლებში ინტელიგენციის წრეებში, მათ შორის ქალთა შორის, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა ისლამური ფუნდამენტალიზმის იდეები. ეს მოძრაობა წარმოადგენდა წინააღმდეგობას მოჰამედ რეზას დიქტატორული პოლიტიკის მიმართ, რომელიც არავითარი ფორმით არ იღებდა განსხვავებულ აზრს.[31]

ისლამური რესპუბლიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეჰლევის დინასტიის მმართველობის დასასრულს, ქალები ფლობდნენ ფართო უფლებებს, რომელთაც ანალოგი არ ჰქონდათ ირანისა და სპარსეთის ისტორიაში. ამიტომ, ისლამური რევოლუციის დროს, ქალებმა მასში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს — მრავალრიცხოვანი ქალთა ორგანიზაციების შემადგენლობაში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ პროტესტებსა და ქუჩის დემონსტრაციებში. თუმცა, ირანში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რომელმაც ქვეყნის ახალ იდეოლოგიად კონსერვატიული ისლამი და შარიათის ნორმები აირჩია, უკანასკნელი შაჰების მიერ ქალებისთვის მინიჭებული უფლებების უმეტესობა გაუქმდა ან კანონგარეშედ გამოცხადდა. კერძოდ, გაუქმდა „ოჯახის დაცვის შესახებ“ კანონი, რომელიც ქალს ძალადობისა და ქმრის ავტორიტარობისგან იცავდა, რადგან ის ეწინააღმდეგებოდა ისლამის ფასეულობებს.[37] ფარუხრუ ფარსა, ირანის ისტორიაში პირველი ქალი-მინისტრი, რევოლუციის დროს სიკვდილით დასაჯეს.[38] ახალმა კანონმა ქალებს ავალდებულებდა, სხეული და თავი ისლამური მოთხოვნების შესაბამისად დაეფარათ.[39] ირანის ახალმა მმართველმა, აიათოლა ხომეინიმ, განაცხადა, რომ მისთვის „იდეალური ქალის“ სახე იყო ფატიმა — წინასწარმეტყველ მუჰამედის ქალიშვილი, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული ერთგულებით მეუღლის მიმართ და ღვთისმოშიშებით. მან განაცხადა, რომ ფატიმა ყველა ირანელი ქალისთვის სამაგალითო უნდა გამხდარიყო.[40]

თავდაპირველად, უფლებებში შეზღუდვების დაწესებამ მასობრივი პროტესტი გამოიწვია ქალთა ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც მოახერხეს რამდენიმე ქუჩის დემონსტრაციის ორგანიზება. თუმცა, მალევე, ხომეინიმ ბრძანა, დევნა და დასჯა ყველა იმ პირის, ვინც ეწინააღმდეგებოდა ირანის ახალ რეჟიმს და მის ოფიციალურ იდეოლოგიას.[41] ახალმა ხელისუფლებამ მიიღო კანონები, რომლებიც მამაკაცებისთვის პოლიგამიას უშვებდა, ხოლო ქალებისთვის — ჩაქოლვით სიკვდილით დასჯას „წესრიგის დარღვევისა“ და ქმრის ღალატისთვის.[42]

დღესაც, ირანში ქალებს კვლავ ევალებათ თავის დაფარვა, თუკი მათ სიახლოვეს უცხო მამაკაცები იმყოფებიან, მათ შორის ქუჩაშიც, ასევე უნდა დაიფარონ ტანი მაჯებამდე და ფეხები კოჭებამდე. პრაქტიკაში, ახალგაზრდა თაობის ბევრი გოგონა ამ წესს მხოლოდ ფორმალურად იცავს, ატარებს მომდგარ ტანსაცმელს და თავსაფრიდან თმას აჩენს, ხშირად მას სამკაულის ელემენტად აქცევს. თუმცა, მათ ემუქრებათ „აღმზრდელობით პატრულთან“ შეხვედრის რისკი, რომელმაც შესაძლოა გოგონასთან „აღმზრდელობითი საუბარი“ გამართოს.[43] კანონის თანახმად, გოგონამ ცხრა წლის ასაკიდან უნდა „დაიფაროს“ თავზე, მაგრამ პრაქტიკაში ამას უკვე ექვსი წლის პირველკლასელ მოსწავლეებსაც სთხოვენ — მიუხედავად იმისა, რომ გოგონებისა და ბიჭებისთვის განათლება განცალკევებულია. ტანსაცმელი უნდა იყოს მუქი (იდეალურ შემთხვევაში — შავი). ღია ფერები ქალისთვის „გარყვნილად“ ითვლება. ბევრ მეჩეთში, სახელმწიფო დაწესებულებასა და უნივერსიტეტში ქალებს მოეთხოვებათ ჩადრის ტარება, რომელიც, როგორც წესი, იჯარით ეძლევათ იმ ქალებს, რომლებიც მის გარეშე მივიდნენ. მსგავსი სიტუაციაა აეროპორტშიც, სადაც ტურისტს, რომელიც არ იცნობს ჩაცმულობის ფორმას (დრეს-კოდს), შესაძლოა აჩუქონ ჩადრა და დააძალონ მისი ჩაცმა.[43]

კიდევ ერთი შეზღუდვა მდგომარეობს სიმღერის აკრძალვაში. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ხალხური სიმღერები, ქალთა ანსამბლები და გუნდები, იმ პირობით, რომ იქ არ ისმის ცალკეული ქალის ხმა. ქალებს ასევე ეკრძალებათ ცეკვა მამაკაცების თანდასწრებით. თუ ცეკვებს ასრულებენ მომთაბარე ტომების ტრადიციების ფარგლებში, სახელმწიფო, როგორც წესი, მათ საქმეებში არ ერევა. თუმცა, თუ ქალაქში იმართება წვეულება ან ქორწილი, ის ხშირად ხდება ზნეობის პოლიციის ყურადღების ობიექტი, რადგან იქ ყველაზე ხშირად ირღვევა მამაკაცებთან ერთად ცეკვის აკრძალვა. ამ ნიადაგზე ირანში უკვე მოხდა გახმაურებული სკანდალები ირანელი ვარსკვლავების ირგვლივ.[43]

ქალებს ეკრძალებათ საფეხბურთო სტადიონებზე დასწრება იმ საბაბით, რომ გულშემატკივრების აგრესიულმა ქცევამ და არანორმატიულმა ლექსიკამ შესაძლოა „ზიანი მიაყენოს ქალის ნატიფ ფსიქიკას“. ეს შეზღუდვა საზოგადოებისთვის „მტკივნეულ საკითხს“ წარმოადგენს, რადგან ირანში ფეხბურთი დიდი პოპულარობით სარგებლობს და მატჩების უმრავლესობის ყურება ქალებს ტელევიზიით შეუძლიათ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტიც დაყოფილია ქალთა და მამაკაცთა ნაწილებად. ქალებისთვის, როგორც წესი, ბოლო ვაგონებია გამოყოფილი.[43] ქალებს არ შეუძლიათ მოსამართლეობა, რადგან, მთავრობის აზრით, „ზედმეტად ემოციურ ქალს არ შეუძლია რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება“. მსგავსი კრიტერიუმის გამო, სასამართლოში ქალის ხმას დაბალი ფასი აქვს. თუ მოხდა უბედური შემთხვევა, რომელსაც ქალის სიკვდილი მოჰყვა, დამნაშავე გარდაცვლილი ქალის ოჯახს ორჯერ ნაკლებს უხდის, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ დაღუპული მამაკაცია. როდესაც ქალი ქორწინდება, მან ყურადღებით უნდა წაიკითხოს საქორწინო ხელშეკრულება და ამოშალოს მისგან დისკრიმინაციული პუნქტები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქმარს შეიძლება ჰქონდეს უფლება, მაგალითად, ცოლს სახლიდან გასვლა აუკრძალოს.[43]

მრავალი ისტორიკოსი თანხმდება, რომ პირბადის, როგორც სიწმინდისა და უმანკოების სიმბოლოს, ტარების ტრადიცია ჯერ კიდევ ისლამურ ეპოქამდე 12 საუკუნით ადრე შემოიღო სპარსეთის მეფე კიროს II დიდმა.

ეს ახალი ტრადიცია მალევე გადაიღო სელევკიდების სახელმწიფომ, მათგან კი, თავის მხრივ, ბიზანტიამ. საბოლოოდ, ტრადიცია არაბმა დამპყრობლებმაც გადაიღეს და ვუალი საკუთარი კულტურის განუყოფელ ნაწილად აქციეს.[44]

2022 წლის 16 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მაჰსა ამინის ზნეობის პოლიციის მიერ ჰიჯაბის „არასათანადო ტარებისთვის“ მკვლელობის შესახებ, ირანში მასობრივი პროტესტები დაიწყო.[45]

  1. 1 2 CHN Press. Women Held Power In Burnt City. ციტირების თარიღი: 2007-04-11
  2. CHN Press. Female population predominant in 5000-year-old Burnt City. ციტირების თარიღი: 2007-04-11
  3. Williams Jackson, A. V., The Moral and Ethical Teachings of the Ancient Zoroastrian Religion(ინგლისური), 1896, ტ. 7, № 1, გვ. 55—62, doi:10.1086/205457. p. 59.
  4. Harrison, Frances (2005-09-22). „Polo comes back home to Iran“. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-08. ციტირების თარიღი: 2015-05-28.
  5. From Aristotle to Zoroaster, New York: Free Press, 1998.  გვ. 434, ISBN 0-684-85596-8.. — «"exercised by the Persian king's mother were set by the monarch himself"».
  6. Price, Massoume. Women's Lives in Ancient Persia. ციტირების თარიღი: 2007-01-16
  7. Dodgeon M. H. and Lieu, S. N. C., The Roman Eastern Frontiers and the Persian Wars (AD 226–363); A Documentary History, London: Routledge, 1991, ISBN 0-415-10317-7. pp. 24, 67, 184, 197 and 307.
  8. Toward an aesthetic of Persian painting. Early Islamic Art, 650—1100. Oleg Grabar. p.213-214
  9. Women’s Costume of the Near and Middle East. Jennifer M. Scarce. 2003, p.134
  10. Robert Browning, The Emperor Julian, University of California Press, 1978.  გვ. 204, ISBN 0-520-03731-6.
  11. Women in Iran from the Rise of Islam to 1800. ციტირების თარიღი: 2015-05-28
  12. Ryōtarō Shiba, Kukai the universal: scenes from his life, ICG Muse, 2003.  გვ. 127, 135, ISBN 4-925080-47-4.
  13. Victor H. Mair, The Columbia Anthology of Traditional Chinese Literature, Columbia University Press, 1996.  გვ. 485, ISBN 0-231-07429-8.
  14. Amnon Shiloah, Music in the World of Islam, Wayne State University Press, 2003.  გვ. 8, ISBN 0-8143-2970-5.
  15. Edward H. Schafer, The golden peaches of Samarkand: a study of Tʻang exotics, Berkeley and Los Angeles: University of California Press, 1963.  გვ. 23, ISBN 0-520-05462-8.
  16. Naotaro Kudo, The life and thoughts of Li Ho: the Tʾang poet, Waseda University, 1969.  გვ. 62.
  17. Eliot Weinberger, Oranges & Peanuts for Sale, 2009.  გვ. 117, ISBN 0-8112-1834-1.
  18. Patricia Buckley Ebrey, Anne Walthall, James Palais, Pre-modern East Asia: to 1800: a cultural, social, and political history, 2008.  გვ. 97, ISBN 0-547-00539-3.
  19. Mohammad Adnan Bakhit, History of humanity, UNESCO, 2000.  გვ. 423, ISBN 92-3-102813-8.
  20. Jane Gaston Mahler, The Westerners among the figurines of the T'ang dynasty of China, Instituto italiano per il Medio ed Estremo Oriente, 1959.  გვ. 19.
  21. Universiṭat Tel-Aviv. Faḳulṭah le-omanuyot, ASSAPH.: Studies in the theatre, Issues 9–12, Faculty of Visual and Performing Arts, Tel Aviv University, 1993.  გვ. 89.
  22. Avraham Oz, Universiṭat Tel-Aviv. Faḳulṭah le-omanuyot, ASSAPH.: Studies in the theatre, Issues 9–12, Faculty of Visual and Performing Arts, Tel Aviv University, 1993.  გვ. 89.
  23. Tōyō Bunko (Japan), Memoirs of the Research Department, Issue 20.
  24. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 Women in the Safavid era. ციტირების თარიღი: 2015-05-28
  25. Cultural Improvements in Iran During the Qajar Period and the West -late 18th c. until 1906-07 Constitutional Movement- — See more at: http://www.iranchamber.com/culture/articles/cultural_improvements_iran_qajar.php#sthash.W5BNqrNf.dpuf. ციტირების თარიღი: 2015-05-28
  26. 1 2 Two sides of the same coin. ციტირების თარიღი: 2015-05-28
  27. Esfandiari, Haleh, The Role of Women Members of Parliament, 1963-88 in Women in Iran from 1800 to the Islamic Republic Lois Beck and Guity Nashat, University of Illinois Press, 2004, ISBN 978-0-252-07189-8.
  28. Sanasarian 32-37
  29. Sanasarian, Eliz. The Women’s Rights Movements in Iran, Praeger, New York: 1982, ISBN 0-03-059632-7.
  30. Pappé, Ilan, The Modern Middle East, Routledge, 2005.  გვ. 237, ISBN 0-415-21408-4.
  31. 1 2 3 4 Women in pre-revolutionary, revolutionary and post-revolutionary Iran. ციტირების თარიღი: 2015-05-28
  32. Wright, Robin B., The Last Great Revolution.  გვ. 156, ISBN 978-0-375-40639-3.
  33. Azadeh Kian, Gendered citizenship and the women’s movement in Iran // Iran: A RevolutIonary RepublIc in TransItIon, Paris: Institute for Security Studies European Union, 2012, ISBN 978-92-9198-198-4.
  34. Broadening Muslim Tradition: Bringing Family Planning to Iran.
  35. Iranian Women in the Era of Modernization: A Chronology. Foundation for Iranian Studies. Foundation for Iranian Studies. ციტირების თარიღი: 2010-04-29
  36. An Introduction to the Women's Organization of Iran. Foundation for Iranian Studies. Foundation for Iranian Studies. ციტირების თარიღი: 2010-04-29
  37. Majid Mohammadi. (2007-09) Iranian Women and the Civil Rights Movement in Iran: Feminism Interacted (PDF). Journal of International Women's Studies. ციტირების თარიღი: 2016-06-27
  38. Hansen, Liane (2009-08-23). „Executed But Not Forgotten: Iran's Farrokhroo Parsay“. NPR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-24. ციტირების თარიღი: 2010-04-22.
  39. Sanasarian 136
  40. Adult education offers new opportunities and options to Iranian women. Ungei.org (2006-03-06). ციტირების თარიღი: 2013-05-20
  41. Sanasarian, Eliz, The Women's Rights Movements in Iran, New York: Praeger, 1982, ISBN 0-03-059632-7.
  42. Sanasarian, Eliz, The Women's Rights Movements in Iran, New York: Praeger, 1982.  გვ. 131—136, ISBN 0-03-059632-7.
  43. 1 2 3 4 5 Иранки. Ограничения и запреты. Заметки о жизни и быте иранских женщин. Частный корреспондент (2009-07-01). ციტირების თარიღი: 2016-07-26
  44. Mackey, Sandra & Harrop, Scott, The Iranians: Persia, Islam and the Soul of a Nation, 1996, ISBN 0-452-27563-6.
  45. Iranian woman dies ‘after being beaten by morality police’ over hijab law (2022-09-16). ციტირების თარიღი: 2022-12-22