თბილელი ბერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ქალაქის ბერები)

თბილელი ბერები — შუა საუკუნეების თბილისის საქალაქო თვითმმართველობის წარმომადგენლები. „ტფილელნი ბერნი“ და „ქალაქის ბერნი“ მოხსენიებული არიან „მატიანე ქართლისაში“ XI საუკუნის 40-იანი წლების მოვლენებთან დაკავშირებით. ამ ტერმინის შესატყვისი უნდა იყოს „ქალაქის ტავადნი“, „ქალაქის თავკაცნი“, „ქალაქის უხუცესნი“. ვარაუდობენ, რომ თბილელი ბერების ინსტიტუტი არაბთა ბატონობის დროს გაჩნდა თბილისის საამიროში. თბილელი ბერებს ირჩევდნენ მოქალაქეთა ზედა ფენიდან. ისინი ამ ფენის წარმომადგენლები და ინტერესების დამცველნი იყვნენ თბილისის ამირას კარზე, ამდენად მათი ხელისუფლება ქალაქის თვითმმართველობის ორგანოს წარმოადგენდა. თბილელი ბერები ხშირად უპირისპირდებოდნენ თბილისის ამირებს, განსაკუთრებით აქტიურდებოდნენ ისინი ამირთა ხელისუფლების დასუსტების პერიოდში.
XI საუკუნის 80-იანი წლებიდან (ჯაფარიან ამირათა გადაშენების შემდეგ) 1122-მდე (თბილისის გაერთიანებული საქართველოს სამეფოსთან შეერთებამდე) თბილელი ბერები თბილისის სრულუფლებიანი გამგებლები გახდნენ. ამ პერიოდში, შ. მესხიას აზრით, თბილისში საქალაქო კომუნა („ქალაქის საბჭო“) არსებობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაბაშვილი ვ., თბილისის მმართველობა X-XI საუკუნეებში, «თსუ შრომები», 1964, ტ. 108;
  • მესხია შ., საქალაქო კომუნა შუა საუკუნეების თბილისში, თბ., 1962
  • ლორთქიფანიძე მ., ქსე, ტ. 4, გვ. 595, თბ., 1979