შინაარსზე გადასვლა

ქავთარ ივანეს ძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქავთარ ივანეს ძეXII საუკუნის II ნახევრის ქართველი დიდებული. საქართველოს მეფის გიორგი III-ის (1156—1184) მეჯინიბეთუხუცესი 1177 წლამდე. პავლე ინგოროყვას აზრით, ის იყო აბულეთისძეთა საგვარეულოდან და გიორგი III-მ შეიყვანა სავაზიროში. ეს თვალსაზრისი წყაროებით არ დასტურდება. შოთა მესხიას აზრით, ქავთარ ივანეს ძე იყო გიორგი III-ის ამირსპასალარ ივანე ორბელისა და ამირახორ ლიპარიტ ორბელის ძმა. სახელისა და მამის სახელის მიხედვით ქავთარ ივანეს ძე მართლაც ან ორბელი უნდა იყოს, ან ტბელი. მან უღალატა გიორგი III-ს და მონაწილეობა მიიღო მეფის წინააღმდეგ დემნა უფლისწულისა და ორბელთა აჯანყებაში 1177 წელს. აჯანყებულებმა ის ქართლის ერისთავ ლიპარიტ სუმბატის ძე ორბელთან და ანანია დვინელთან ერთად გაგზავნეს დახმარების სათხოვნელად საქართველოს მეზობელ მაჰმადიანურ სახელმწიფოებში. აჯანყების დამარცხების შემდეგ ქავთარ ივანეს ძე აღარ იხსენიება წყაროებში. 1177 წელს მეჯინიბეთუხუცესობა გიორგი III-მ ჭიაბერს უწყალობა.