ქადიქოის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქადიქოის ხიდი — ხიდი თურქეთში, არდაშენიდან 19,5 კილომეტრის დაშორებით. ადგილობრივი მოსახლეობა მას ოზენკიტის ხიდის სახელითაც მოიხსენიებს.

ხიდი ორმალიანია. მისი ზედა ნაწილი, მოაჯირი და სავალი ბილიკი მთლიანად მოგვიანებით ჩანს განახლებული. შეკეთება-განახლების კვალი ემჩნევა ხიდის შუა მზიდ ბურჯსაც, რომელიც მდინარის შუა წელზე ბუნებრივად არსებულ დიდი ზომის კლდოვან ქანზეა დაშენებული. ხიდის მარჯვენა მხარის თაღი ძირითადია და ზომითაც დიდი. რკალი ნახევარწრიული ფორმისაა. მისი მარჯვენა ბოლო სანაპიროს კლდოვან რელიეფს ეფუძვნება, ხოლო მარცხენა მდინარის კლდოვან ქანზე დაშენებულ ბურჯს. მარცხენა მხარის თაღი შედარებით მცირე ზომისაა, ისიც ნახევარწრიული მოყვანილობისაა. მისი ერთი ბოლო მარცხენა სანაპიროს კლდოვან ქანშია შეჭრილი, ხოლო მეორე მდინარის შუა წელის კლდოვა ქანზე დაშენებულ ბურჯშია ჩასმული. ხიდის თაღების საპირე რკალისათვის ორივე მხარეს წყობაში გამოყენებულია კარგად დამუშავებული მოგრძო ფორმის ქვები. საპირე ქვები ერთმანეთზე ვერტიკალურადაა მიწყობილი.

დიდი თაღის სიმაღლე წყლის ზედაპირამდე — 12,5 მეტრია. თაღების გამყოფი ბურჯის სიმაღლე კლდის დონემდე — 6,70 მეტრია. პატარა თაღის სიმაღლე წყლის დონემდე კი — 6 მეტრია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 74 ISBN 978-9941-0-6458-6.