ფხოველის წმინდა ბარბარეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფხოველის წმინდა ბარბარეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხოველის ჩრდილოეთ განაპირას, მთის კალთის ბუნებრივად მოვაკებულ მცირე ფართობზე. განეკუთვნება XVI საუკუნეს.

შიდა კედლები მთლიანად შელესილია. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვა, განივი და გრძივი კედლების ზედა ნაწილები, კედლებზე და ინტერიერში მცენარეულობაა ამოსული. ეკლესია გეგმით სწორკუთხაა. ერთადერთი შესასვლელი თაღითაა გადახურული და ორივე მხრიდან კედლის სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. შიდა შეღრმავება ორჯერ უფრო ღრმაა, ვიდრე გარეთა შეღრმავება. ეკლესიას ხის ბრტყელი გადახურვა ჰქონია (შემორჩენილია კვალი). აღმოსავლეთით საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც ისრულთაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აფსიდის ორივე გვერდში სხვადასხვა სიგანის თითო ისრულთაღოვანი ნიშაა. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდის დასავლეთ ნახევარში რომელშიც ნიშაა მოქცეული ჩრდილოეთ კედელთან ერთად მოგვიანებითაა აღდგენილი. აფსიდი გადახურული ყოფილა აგურით ნაწყობი კონქით (შემორჩენილია ქუსლის წყობის მცირე ნაწილი). ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, ნატეხი ქვითა და კვადრატული აგურით, შიდა კედლები ძირითადად ქვისაა რაშიც გარკვეული ინტერვალებით ჩართულია აგურის (უმეტესწილად ორრიგად ნაწყობი) ჰორიზონტალური შრეები, კარ-სარკმელთა ღიობები, არქიტექტურული ელემენტები და კონტრასტული ნაწილები. გარედან განივი კედლების ზედა ნაწილები, კუთხეები და მორთულობის ელემენტები მთლიანად აგურითაა გამოყვანილი.

მოგვიანებით ჩრდილოეთ კედელი აღუდგენიათ ნატეხი ქვისა და რიყის ქვის შერეული წყობით, დარბაზის სამხრეთ კედლის შუაში. აგურით ამოყვანილი ერთსაფეხურიანი პილასტრია (ჩრდილოეთ კედელზე პილასტრი არ არის), საკურთხევლის სარკმლის გარდა თითო თაღოვანი სარკმელია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. შიგნით ეკლესია აგურის კამარით ყოფილა გადახურული (შემორჩენილია ქუსლიუს წყობის ნაწილები). ეკლესია გარეგნულად ბევრად უფრო მეტყველია, ვიდრე მისი ინტერიერი. სამხრეთ ფასადს საფეხურით შეღრმავებული თანაბარი სიმაღლისაა და სიგანის, სამი სწორკუთხა არე ანაწევრებს, რომლეთა აგურის ხერხულა წყობის ერთსაფეხურიანი ლავგარდნით არის დასრულებული და ერთმანეთისგან აგურის ორსაფეხურიანი პილასტრებით გამიჯნული. თითოეულ არეში გამოყვანილა ისრულთაღიანი შეღრმავება, რომლის ზემოთ კედლის ზედაპირი აგურის ფიგურული წყობითაა შევსებული. განივი ფასადები თავისი გაფორმების სისტემით არსებითად ერთმანეთის იდენტურია. ორივე ფასადის ქვედა ნაწილში, ღერძის ორივე მხარეს, გამოყვანილია თითო ფართო და მაღალი შეისრულთაღოვანი შეღრმავება, რომლის ქვედა ნაწილში საფეხურით შეღრმავებული სადა ხერხულა ლავგარდნით დასრულებული არეა. თითოეული თაღის თავზე თითო მოზრდილი შეღრმავებული ჯვარია გამოსახული, რომლებიც საკმაოდ მასიურ საფეხუროვან პოსტამენტზე დგას. თითო ანალოგიური ჯვარი ყოფილა გამოსახული ფრონტონის არვებშიც დასავლეთ ფასადის შეღრმავებას, რომელშიც კარია ჩასმული, ორსაფეხურიანი ფრიზი ამშვენებს. მის ქვედა საფეხურს კუთხით შვერილი აგურების რიგი ქმნის. ეკლესიის კედლები დასრულებული ყოფილა აგურის ოთხსაფეხურიანი ლავგრანდით სამხრეთ ფასადზე შემორჩენილია დაახლოებით 1 მეტრის სიგრძის მონაკვეთი. რომელიც შედგება კუთხით შვერილი და ჩვეულებრივად დაწყობილი აგურის რიგების მონაცვლეობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]