ფხოველის ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფხოველის ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხოველის შუაში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (შიდა ზომები: 6,9x4,2 მეტრზე), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და კირის ხსნარით, ძლიერადაა დაზიანებული - ჩამონგრეულია გადახურვა და კედლების ზედა ნაწილები, მონგრეულია სამხრეთ-დასავლეთი კუთხე, ინტერიერი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვითა და მიწით.

შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდიაა, რომელშიც სარკმლის კვალი შეიმჩნევა. სარკმლის ჩრდილოეთითა და სამხრეთით თითო მაღალი (სიმაღლე — 1,5 მეტრი), თაღოვანი ნიშაა. ორივე ნიშის თაღი კვადრატული აგურითაა გამოყვანილი. სამხრეთ კედლებზე შემორჩენილია კამარის საბჯენი თაღის იმპოსტი.

ეკლესიის ირგვლივ შემორჩენილია ანდრონიკაშვილების გვარის წარმომადგენელთა საფლავის ქვები, რომელიც ეპიტაფიებით XIX საუკუნეს განეკუთვნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]