ფხოველის კვირიკეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფხოველის კვირიკეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ფხოველი სოფლის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ერთ კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით, დაზიანებულია: სამხრეთ და დასავლეთ კედლების დიდი ნაწილი დანგრეულია, მონგრეულია სამხრეთ-დასავლეთ კუთხე. ჩრდილოეთ ფასადის საპირე წყობა მთლიანად ჩამოშლილია, ჩამონგრეულია კამარის დასავლეთ ნახევარი და აღმოსავლეთ ნახევრის სამხრეთ გვერდი, გარედან კედლების დიდი ნაწილი მიწითა და მცენარეულობითაა დაფარული. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდანაა,აღმომოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში, სხვადასხვა დონეზე, ორი ოთხკუთხა ნიშაა: მათგან ზედა, კედლის სისქეში მოწყობილ ოვალური მოყვანილობის სამალავს უკავშირდება. სფერული კონქის სატრიუმფო თაღი აფსიდის მხრებს ეყრდნობა. შემორჩენილია აგურის კანკელის ფრაგმენტები, ჩრდილოეთ კედლის შუაში აგურით ნაწყობი ერთსაფეხურიანი პილასტრია. თითო თაღოვანი სარკმელია დასავლეთ და სამხრეთ კედლებში. სამხრეთ სარკმელი დაზიანებულია. ეკლესიის ირგვლივ აღმოჩნდა გვერდებაკეცილი კრამიტის ნამტვრევები, პატარა რელიეფური ჯვრის გამოსახულებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]