ფხელშეს კოშკური სახლი
ფლეხშეს კოშკური სახლი — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ ფხელშეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. თარიღდება XVIII საუკუნით.
სახლი გეგმით თითქმის კვადრატულია (10,4 x 9,5 მეტრი). ნაგებია ნატეხი ქვით, ფასადის ქვები მცირედაა დამუშავებული. შემორჩენილია ორი სართული, სართულშუა გადახურვა ჩანგრეულია. შესასვლელი პირველ სართულზეა, ჩრდილოეთიდან. თაღოვანი კარი განიერი და მაღალია. კარის ორივე მხარეს, კედლის კიდეებში, თითო სწორკუთხა სარკმელია, რომლებიც გარეთკენ ვიწროვდება. ამ სარკმლებს სათოფურებადაც იყენებდნენ. კარის მარჯვენა მხარეს ერთი მცირე ზომის ნიშიცაა. სათავსი საქონლის სადგომად იყო განკუთვნილი. პირველი სართული მეორეს უკავშირდებოდა შიდა კიბით (არ შემორჩენილა). მეორე სართულზე ჩრდილოეთით თაღოვანი კარი და ერთი თაღოვანი სარკმელია. სარკმლები აღმოსავლეთ (ხუთი), დასავლეთ (ორი) და სამხრეთ (ერთი) კედლებშიცა. ჩრდილოეთ სარკმლის გარე ღიობში ბრტყელი, სწორკუთხა ქვაა ჩადგმული, რომელშიც სამი პატარა თაღოვანი ღიობია გამოკვეთილი. კედლებში სხვადასხვა დონეზე კვადრატული ნიშებია. შენობის მთავარ (ჩრდილოეთის) ფასადზე, მეორე სართულის კარის თაღს, რომელიც ერთ მოგრძო ქვაშია გამოკვეთილი, ღარი აქვს შემოვლებული, ხოლო გვერდებზე კი ამოღარულია თითო მცირე წრე. მსგავსი დეკორატიული თაღებითაა მორთული სამხრეთი სარკმლის სათოფურებიც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზაქარაია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 483.