ფუძისანგელოზის ჯვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფუძისანგელოზის ჯვარი — საკულტო ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - უკანახოსა და უბანს შორის, მთის ფერდობზე, ტყეში. სალოცავში შედის დარბაზი, საკოდე, საქვაბე და ეკლესია. დარბაზი ნატეხი ქვის მშრალი წყობით ნაშენი, გეგმით ოთხკუთხა ნაგებობაა, რომლის ჩრდილო ნაწილი ფერდობშია შეჭრილი. სამხრეთიდან „დარბაზის კარია“ - ხელოვნურად ამაღლებული და მოსწორებული ადგილი. შესასვლელი დასავლეთ კედლის სამხრეთ კიდეშია გაჭრილი. სათავსის შუაში გადახურვის გასამაგრებლად ხის ბოძია დადგმული. იქვე მოწყობილია კერა. კედლების გასწვრივ ქვებზე შედგმული ფიცრის სკამებია. ჩრდილო, აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თაროებია. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში საკოდეში გასასვლელი კარია. დარბაზი ნათდება სამხრეთ კედელში გაჭრილი სარკმლით. გადახურულია ორფერდა სახურავით. დარბაზზე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიდგმულია საკოდე. ეს არის გეგმით ოთხკუთა ნაგებობა, რომლის კედლები რიყის ქვის მშრალი წყობითაა ამოყვანილი. შესასვლელი დარბაზიდან აქვს. სამხრეთ კედელში სარკმელია გაჭრილი. გადახურულია თუნუქის ორფერდა სახურავით. ეკლესია დარბაზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთითაა. იგი გეგმით ოთხკუთხაა, ნაგებია ნატეხი ქვის მშრალი წყობით და ორივე მხრიდან შელესილია კირით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ეკლესია უაფსიდოა, აღმოსავლეთით, კედლის ღერძზე, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ქვეშ ოთხკუთხა ტრაპეზია. გადახურულია თუნუქის ორფერდა სახურავით. ეკლესიას სამხრეთიდან მიშენებული აქვს ორფერდასახურავიანი საზარე - ნატეხი ქვის მშრალი წყობით ამოყვანილი ორი კედელი, რომელთა შორის გადებულ ხის ძელზე ზარი კიდია. საქვაბე ეკლესიის დასავლეთითაა, ნაგებია ფიქლის მშრალი წყობით. გეგმით ოთხკუთხაა. სწორკუთხა შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს, რომლის წინაც მოწყობილია საქვაბის კარი - ხელოვნურად ამაღლებული და მოსწორებული ადგილი. სათავსის აღმოსავლეთ კედლის გასწვრივ ხის სკამი დგას. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში კერაა გამართული. შენობა გადახურულია ფიქლის ცალფერდა სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]