ფუნჯყურა ღორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფუნჯყურა ღორი
Potamochoerus porcus - Disney's Animal Kingdom Lodge, Orlando, Florida, USA - 20100119 - 02.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Potamochoerus porcus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 41771

ფუნჯყურა ღორი (ლათ. Potamochoerus porcus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ღორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 130–195 სმ (კუდის ჩათვლით), სიმაღლე — 80 სმ. იწონის 45–120 კგ. შეფერილია მურა-წითურად; თვალის გარემო თეთრი ნიშნები აქვს, ფაფარიც თეთრია. აქვს შედარებით პატარა ეშვები, ქვედა ყბის ეშვის სიგრძე 7,5 სმ-ია. მათი დახმარებით კარგად თხრის მიწას. დიდი ყურების ბოლოებზე ბალნის ფუნჯებია. ტახებს შუბლზე აქვთ ძვლოვანი ქედი და მეჭეჭები. კუდის სიგრძე 45 სმ-მდეა, ბოლოვდება ფუნჯით. გავრცელებულია აფრიკის დასავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში: სენეგალიდან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამდე. მეღამური ცხოველია. სოროს თხრის ტყეებსა და დაჭაობებულ ადგილებში, სადაც დღის განმავლობაში ისვენებს. ცხოვრობენ ჯოგებად, სადაც მხოლოდ ერთი ტახია. სქესობრივ სიმწიფეს 18–21 თვეში აღწევენ. მაკეობა 120–127 დღე გრძელდება. ყრის 1–4 (ზოგჯერ 6) გოჭს, რომელთაც დედა 2–4 თვის განმავლობაში რძით კვებავს. ყოვლისმჭამელი ცხოველებია, იკვებებიან მცენარეებით, ნაყოფებით, ფესვებითა და ლეშით. ცხოვრობენ 20 წლამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ელდერტონი, დევიდ, „ცხოველების ენციკლოპედია“, მთარგმ. ნ. ბელთაძე, გვ. 89, თბ.: გამომც. „პალიტრა L“, 2018.