შინაარსზე გადასვლა

ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრიდრიხ კრეს ფონი
დაბადების თარიღი 24 ივნისი 1870
ნიურნბერგი
გარდაცვალების თარიღი 16 იანვარი 1948
გერმანია
ეროვნება გერმანიის დროშა გერმანია
მოქალაქეობა გერმანელი
საქმიანობა სამხედრო
წოდება გენერალი
ჯილდოები კაპიტნის და მაიორის ჩინი

ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი (გერმ. Friedrich Siegmund Georg Freiherr Kreß von Kressenstein; დ. 24 ივნისი, 1870, ნიურნბერგი — გ. 16 იანვარი, 1948, მიუნხენი) — ბავარიელი სამხედრო მაღალჩინოსანი. 1918 წელს გერმანიის კავკასიური სამხედრო-დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ოსმალეთის არაბულ პროვინციებში.

დაიბადა ნიურნბერგში, ფრანკონიის არისტოკრატიული წარმომავლობის ოჯახში, რომლის წევრები საუკუნეების მანძილზე უწყვეტად სამხედრო საქმით იყვნენ დაკავებულნი. 1879-1888 წლებში სწავლობდა ნიურნბერგის ჰუმანიტარულ გიმნაზიაში, 1889 წლიდან კი იღებდა შესაფერის სამხედრო განათლებას ჯერ აუგსბურგში, შემდეგ კი მიუნხენის სხვადასხვა სამხედრო სასწავლებლებში. 1901 მიიღო კაპიტნის, 1910 კი - მაიორის ჩინი. მუშაობდა ბერლინში, პრუსიის დიდ გენერალურ შტაბში, ბავარიის სამხედრო წარმომადგენლად.

1914 წლის იანვარში დატოვა ბავარიის სამხედრო სამსახური და გაემგზავრა ოსმალეთში, სადაც სულთნის სამხედრო სამსახურში მყოფ გერმანელ ოფიცრებს შეუერთდა. ჩაბარებული ჰქონდა მნიშვნელოვანი დარგები და ეკავა გავლენიანი სამხედრო თანამდებობები ოსმალურ არმიაში, მათ შორის, იყო დამასკოში მე-8 თურქული არმიის შტაბის უფროსი. მიიღო მონაწილეობა სუეცის არხთან წარმოებულ პირველ სამხედრო ექსპედიციაში ჯემალ ფაშას გვერდით და აქ გაითქვა სახელი სამხედრო უნარებით. სინაის მეორე ექსპედიციის დროს ის უკვე თავად იყო თურქული არმიის სარდალი და 1916-1917 წლებში აწარმოა ურთულესი ბრძოლები სინაის ნახევარკუნძულზე, პალესტინაში და ღაზასთან ინგლისელების წინააღმდეგ. მისი ცხოვრების ამ პერიოდის შესახებ დაგვიტოვა მოგონებების წიგნი - „თურქებთან ერთად სუეცის არხისკენ“.

1918 წლის დასაწყისში დაბრუნდა გერმანიაში და მიავლინეს დასავლეთის ფრონტზე საფრანგეთში. მალევე დაინიშნა ბავარიის წარმომადგენლად გერმანიის უმაღლეს მთავარსარდლობასთან. 1918 წლის მაისში გადაწყდა გერმანიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერა და კავკასიაში საკუთარი სამხედრო-დიპლომატიური მისიის გაგზავნა, რომელსაც გერმანელები კავკასიურ ექსპედიციას უწოდებდნენ. ამ ექსპედიციის ხელმძღვანელად, რომელიც ივნისში ჩავიდა საქართველოში, სწორედ ბავარიელი გენერალ-მაიორი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი დაინიშნა. მისიის შტაბი თბილისში იყო, თუმცა გავლენის თვალსაზრისით, მისია მთელ ამიერკავკასიას უნდა გასწვდომოდა. კავკასიაში გენერალი ფონ კრესი გამოირჩეოდა ჰუმანური დამოკიდებულებით ადგილობრივების მიმართ, რამაც კარგი ქართულ-გერმანული ურთიერთობების ჩამოყალიბებას ძალიან შეუწყო ხელი. კრესის და მისი გერმანული ჯარების დახმარებით, დიდწილად მოხერხდა საქართველოს ტერიტორიაზე ქაოსის, ბანდიტობის და სეპარატისტული მიდრეკილებების აღკვეთა.

1918 წლის ნოემბერში პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ გერმანელებმა იძულების წესით დატოვეს კავკასია. გენერალი კრესენშტაინი, შულენბურგთან და მისიის სხვა წევრებთან ერთად, გარკვეული დროით მოკავშირეთა ტყვეობაში აღმოჩნდა კუნძულ პრინკიპოზე და სამშობლოში 1919 წლის ზაფხულში ჩააღწია. მისი კავკასიაში ყოფნის პერიოდზე დაწერა საინტერესო მოგონებები - „ჩემი მისია კავკასიაში“.

გერმანიაში დაბრუნების შემდეგ განაგრძო ბავარიის სამხედრო ძალებში სამსახური. 1921 წლის ხელმეორედ მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი, 1924 წელს გახდა გენერალ-ლეიტენანტი, ხოლო 1928 წელს არტილერიის გენერალი. 1929 წლიდან გავიდა დამსახურებულ სამხედრო პენსიაში, 30-იანი წლებიდან მოყოლებული აწყობდა ვიზიტებს აზიისა და ამერიკის კონტინენტებზე. მან მოიძია სპონსორი და აღადგინა კრაფტსჰოფში კრესენშტაინების უძველესი საგვარეულო სახლი, სადაც აპირებდა ცხოვრების ბოლო პერიოდის სიმშვიდეში გატარებას. თუმცა სიმყუდროვე გენერალ კრესენშტაინს სიბერეში არ ეღირსა. მეორე მსოფლიო ომის დროს დაბომბვების შედეგად პირწმინდად განადგურდა გენერლის სახლი მიუნხენში და კრესების აღდგენილი საგვარეულო სახლი კრაფტსჰოფში. ბრწყინვალე სამხედრო კარიერის პატრონი გენერალი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი მძიმე პირობებში გარდაიცვალა დანგრეულ და ოკუპირებულ გერმანიაში 1948 წელს.

  • ასტამაძე გ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 234.