შინაარსზე გადასვლა

ფრიდრიხ ავგუსტ მარშალ ფონ ბიბერშტაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრიდრიხ ავგუსტ მარშალ ფონ ბიბერშტაინი
გერმ. Friedrich August Freiherr Marschall von Bieberstein
დაბ. თარიღი 10 აგვისტო, 1768(1768-08-10)[1] [2]
დაბ. ადგილი შტუტგარტი[3]
გარდ. თარიღი 16 ივნისი, 1826(1826-06-16)[2] (57 წლის) ან 28 ივნისი, 1826(1826-06-28)[3] (57 წლის)
გარდ. ადგილი მერეფა
მოქალაქეობა ვიურტემბერგის სამეფო
საქმიანობა მკვლევარი, ბოტანიკოსი[3] , არქეოლოგი და ენტომოლოგი
მუშაობის ადგილი რუსეთის იმპერია
ჯილდოები წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი და წმინდა ვლადიმერის ორდენი

ბარონი ფრიდრიხ ავგუსტ მარშალ ფონ ბიბერშტაინი (გერმ. Baron Friedrich Marschall von Biberstein; დ. 10 აგვისტო, 1768, შტუტგარტი — გ. 16 ივნისი, 1826, მერეფა) — გერმანელი ბოტანიკოსი, მოგზაური. დაიბადა შტუტგარტში, აქვე სწავლობდა კადეტთა კორპუსში, სადაც დაუმეგობრდა ჟორჟ კიუვიეს და გულმოდგინედ დაკავდა ბოტანიკითა და ზოოლოგიით. განათლების მიღების დასრულების შემდეგ გრაფ კახოვსკის მდივნის სახით გაემგზავრა ყირიმში. 1795 წელს, რუსეთის სამსახურის კაპიტნის ჩინით გადადგა თანამდებობიდან და გაემგზავრა პეტერბურგში, შემდეგ წელს კი როგორც ბუნების მკვლევარი თან გაჰყვა ვალერიან ზუბოვის ექსპედიციას სპარსეთში. დაბრუნების შემდეგ გამოსცა „Tableau des provinces situées sur la côte occidentale de la mer Caspienne, entre les fleuves Terek et Cour“ (პეტერბურგი, 1798 წ.; გერმ. თარგმ. ფრანკფურტი, 1800). მანამდე, ყირიმში ყოფნისას, სადაც მუშაობდა თავის ნაშრომზე „Flora Taurico-Caucasica“ (ხარკივი, 1808 წ.), გაიცნო კარლ ლუდვიგ ჰაბლიცი, რომელსაც რუსეთში მეაბრეშუმეობის შემოღება ევალებოდა, და კავკასიის ხაზზე მეაბრეშუმეობის ინსპექტორის ადგილი მიიღო. 1798–1799 წლებში შემოიარა ეს რეგიონი და წარადგინა სახელმწიფო მეურნეობის ვრცელი ანგარიში, რითაც იმპერატორი პავლე იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ იგი მთელი „სამხრეთი რუსეთის“ მეაბრეშუმეობის მთავარ დირექტორად (ან ინსპექტორად) დანიშნა. მერეფაში (ხარკივის სიახლოვეს) დასახლების შემდეგ დაკავდა „Centuria plantarum Rossiae Meridionalis“-ის გამოცემით, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ მეცნიერებათა აკადემიამ დაასრულა ბოლომდე. 1819 წელს გამოვიდა „Flora Taurico-Caucasica“-ის მესამე ნაწილი; დაუსრულებელი დარჩა მისი შრომა „Flora Rossica“. იმპერატორი ალექსანდრე I ძლიერ აფასებდა მის დამსახურებას და 5000 დესეტინა მიწა უბოძა ამისათვის. გარდაიცვალა მერეფაშივე. გამოუცემელი დარჩა ყირიმის სიძველეებისა და საქართველოს ვრცელი აღწერა.[4]

  1. http://www.deutsche-biographie.de/sfz58544.html
  2. 2.0 2.1 Biographies of the Entomologists of the WorldSenckenberg German Entomological Institute.
  3. 3.0 3.1 3.2 Deutsche Nationalbibliothek Record #113110014 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  4. Биберштейн, Фридрих // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона. т. IIIa. — СПб., 1891. — стр. 658.