ფრენსის პარკერ შეპარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ფრენსის პარკერ შეპარდი
Francis P. Shepard.jpeg
დაბ. თარიღი 10 მაისი, 1897
დაბ. ადგილი ბრუკლაინი
გარდ. თარიღი 25 აპრილი, 1985
გარდ. ადგილი ლა-ხოია[1]
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
მუშაობის ადგილი სკრიფსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი და ჩიკაგოს უნივერსიტეტი
ჯილდოები უოლასტონის მედალი, სორბის მედალი

ფრენსის პარკერ შეპარდი (ინგლ. Francis Parker Shepard; დ. 10 მაისი, 1897 — გ. 25 აპრილი, 1985) — ამერიკელი გეოლოგი, რომლის წყალქვეშა კანიონების პიონერულმა გამოკვლევებმა საფუძველი ჩაუყარა წყნარი ოკეანის ზღვის გეოლოგიას. იყო სედიმენტოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი (1958–1963). შეპარდმა ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი 1919 წელს და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით ჩიკაგოს უნივერსიტეტი 1922 წელს.[2]

ჰარვარდში სწავლისას მასზე გავლენა მოახდინა რეჯინალდ ოლდუორთ დეილიმ, ხოლო ჩიკაგოში როლინ დენიელ სოლზბერიმ და როლინ თომას ჩემბერლინმა. როგორც ჩანს, იგი როლინ თომას ჩემბერლინის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, ვინაიდან მისი დისერტაციის თემა კლდოვანი მთების ღარსა და შემდეგი დეკადის განმავლობაში, ძირითადად, სტრუქტურული გეოლოგიის საკითხებს მიეძღვნა. 1922–42 წლებში იყო ილინოისის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და პროფესორი. პროფესიული ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა სკრიფსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც 1948 წელს ზღვის გეოლოგიის პროფესორად აირჩიეს. მუშაობდა აგრეთვე აშშ-ის საზღვაო ძალების სამეცნიერო დაწესებულებებში. 1951–57 წლებში ხელმძღვანელობდა ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მექსიკის ყურის ნალექების კვლევას.[3][4]

1966 წლიდან კალიფორნიის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია. მისი ძირითადი ნაშრომებიდან აღსანიშნავია: „ზღვის გეოლოგია“ (1948) და „წყალქვეშა კანიონები და ზღვის სხვა ხეობები“ (1966). შეიმუშავა ზღვის ნატეხი ნალექების კლასიფიკაცია ქვიშიანი, ალევრიტული და თიხოვანი ფრაქციების თანაფარდობაში; შეისწავლა ტურბიდიტული ნაკადები და კონტინენტური შელფები, აგრეთვე ნატეხი მასალის დიფერენციაცია. შეიმუშავა რიფების ტიპიზაცია, აღწერა და შეისწავლა წყალქვეშა კანიონები. წყალქვეშა კანიონების სათავეების სიღრმის ცვლილების კვლევებმა მოგვცა კონკრეტული არგუმენტი, თუმცა ტურბიდიტული ნაკადებითა და სედიმენტური ჩამომეწყრებით მათი ჩამოყალიბების არადამაჯერებელი მტკიცებულება.[5][6]

ფრენსის პარკერ შეპარდი 220 სამეცნიერო ნაშრომისა და 10 წიგნის ავტორია. თანამედროვე ზღვის გეოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია, რის გამოც ფართოდ არის ცნობილი როგორც „ზღვის გეოლოგიის მამამთავარი“.[7]

დაჯილდოებულია ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების უოლასტონის მედლითა (1966) და სედიმენტოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის სორბის მედლით (1978). სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1978).[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. various authors Prabook — 2018.
  2. Memorial to Francis Parker Shepard 1897–1985
  3. 3.0 3.1 Francis Parker Shepard | Biographical entry, Scripps Institution of Oceanography
  4. Ludwick, John C., "In memoriam; Francis Parker Shepard," Marine Geology, 1985, v. 69, no. 1-2, pp. v-vii.
  5. Francis Parker Shepard | Encyclopedia Britannica
  6. "Francis Parker Shepard 1897-1985 Professor of Submarine Geology", 1986, pp. 278-280.
  7. Francis Parker Shepard | Library Digital Collections