შინაარსზე გადასვლა

ფრედ შატლზუორთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრედ შატლზუორთი
დაბადების თარიღი 18 მარტი, 1922(1922-03-18)[1] [2]
დაბადების ადგილი მაუნტ-მეიგზი[3]
გარდაცვალების თარიღი 5 ოქტომბერი, 2011(2011-10-05)[4] [1] [2] [5] (89 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბირმინგემი
მოქალაქეობა  აშშ
ეროვნება აფრო-ამერიკელები[6]
ჯილდოები მოქალაქის საპრეზიდენტო მედალი და მშვიდობის მეგზურის საერთაშორისო ჯილდო

ფრედ შატლზუორთი (ინგლ. Fred Shuttlesworth /ʃʌtlzwɜːrθ/; დ. 18 მარტი, 1922, მაუნტ-მეიგზი, ალაბამა — გ. 5 ოქტომბერი, 2011, ბირმინგემი, ალაბამა) — ამერიკელი პასტორი, სამოქალაქო უფლებებისათვის მებრძოლი. მარტინ ლუთერ კინგთან და სხვებთან ერთად დააარსა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სამხრეთის ქრისტიანული ხელმძღვანელობის კონფერენცია“ (SCLC). მუშაობდა სამხრეთ შტატებში სეგრეგაციის შეწყვეტისათვის.[7]

იყო უფროსი ვაჟი. სიღარიბეში გაიზარდა მამინაცვლის ფერმაში (ალაბამა). საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ მუშაობდა სატვირთოს მძღოლად. შემდგომ გადაწყვიტა ცხოვრება ეკლესიასთან დაეკავშირებინა. სელმის უნივერსიტეტსა (ხელოვნების ბაკალავრი, 1951) და ალაბამის შტატის კოლეჯში (ახლანდ. ალაბამის შტატის უნივერსიტეტი; მეცნიერების ბაკალავრი, 1952) სწავლის დროს მასწავლებლად მუშაობდა სელმის პირველ ბაპტისტურ ეკლესიაში. 1952 წელს სელმა დატოვა და გადავიდა ბირმინგემის ბეთელის ბაპტისტურ ეკლესიაში პასტორად.[7]

ბირმინგემში კიდევ უფრო აქტიურად ჩაება სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლაში. თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიც იყო ეროვნული სამოქალაქო ლიგა და ფერადკანიანი მოსახლეობის წინსვლის ეროვნული ასოციაცია, რომლებიც მუშაობდნენ, მათ შორის, აფროამერიკელი მოქალაქეების საამომრჩევლო რეგისტრაციის გაზრდისათვის. 1956 წელს დააარსა ალაბამის ქრისტიანული მოძრაობა ადამიანის უფლებებისათვის. ორგანიზაცია იღწვოდა ბირმინგემში სეგრეგაციის კანონების გაუქმებისათვის. მომდევნო წელს მონაწილეობდა სამხრეთის ქრისტიანული ხელმძღვანელობის კონფერენციის დაარსებაში. თავისი აქტიურობის გამო მრავალჯერ მოჰყვა ფიზიკური თავდასხმის ქვეშ, 1956 წლის შობა დღეს კი მისი სახლი კუ-კლუქს-კლანმა ააფეთქა.[7]

1961 წელს გადავიდა ცინცინატიში, სადაც 1966 წელს დააარსა „დიადი ახალი ნათელის ბაპტისტური ეკლესია“. 1965 წელს მონაწილეობდა სელმიდან მონტგომერამდე ხმის უფლების მოპოვებისათვის გამართული ისტორიული მარშის ორგანიზებაში. ღარიბების საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით 1980-იან წლებში ცინცინატიში დააარსა „შატლზუორთის საცხოვრისით უზრუნველყოფის ფონდი“. 2001 წელს ბილ კლინტონისგან მიიღო მოქალაქის საპრეზიდენტო მედალი, ქვეყნის მეორე უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო. ხუთი წლის შემდეგ საეკლესიო თანამდებობას ჩამოშორდა.[7]