ფრანც I შტეფანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფრანც ლოთარინგიელი)
ფრანც I შტეფანი
საღვთო რომის იმპერატორი
გერმანიის მეფე
კორონაცია: 4 ოქტომბერი, 1745, ფრანკფურტი
მმართ. დასაწყისი: 13 სექტემბერი, 1745
მმართ. დასასრული: 18 აგვისტო, 1765
წინამორბედი: კარლ VII
მემკვიდრე: იოზეფ II
ტოსკანის დიდი ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 12 ივლისი, 1737
მმართ. დასასრული: 18 აგვისტო, 1765
წინამორბედი: ჯან გასტონე
მემკვიდრე: ლეოპოლდო I
ლოთარინგიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 27 მარტი, 1729
მმართ. დასასრული: 9 ივლისი, 1737
წინამორბედი: ლეოპოლდ I
მემკვიდრე: სტანისლავ I
ავსტრიის ერცჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 21 ნოემბერი, 1740
მმართ. დასასრული: 18 აგვისტო, 1765
წინამორბედი: მარია ტერეზია
მემკვიდრე: იოზეფ II
თანამმართველი: მარია ტერეზია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 დეკემბერი, 1708
დაბ. ადგილი: ნანსი, ლოთარინგია, საღვთო რომის იმპერია
გარდ. თარიღი: 18 აგვისტო, 1765, (56 წლის)
გარდ. ადგილი: ინსბრუკი, ავსტრია, საღვთო რომის იმპერია
დაკრძ. ადგილი: ვენა, ავსტრია
მეუღლე: მარია ტერეზია ავსტრიელი
(ქ. 1736)
შვილები: მარია ანა
იოზეფ II, საღვთო რომის იმპერატორი
მარია კრისტინა, ტეშენის ჰერცოგინია
მარია ელიზაბეთი
მარია ამალია, პარმის ჰერცოგინია
ლეოპოლდ II, საღვთო რომის იმპერატორი
მარია იოჰანა
მარია იოზეფა
მარია კაროლინა, ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი
ფერდინანდ კარლი, ჰაბსბურგ-ესტეს ერცჰერცოგი
მარია ანტონია, საფრანგეთის დედოფალი
დინასტია: ლოთარინგიელები
მამა: ლეოპოლდ I, ლოთარინგიის ჰერცოგი
დედა: ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ფრანც I შტეფანი (გერმ. Franz 1. Stephan; დ. 8 დეკემბერი, 1708, ნანსი, ლოთარინგია, საღვთო რომის იმპერია ― გ. 18 აგვისტო, 1765, ვენა, ავსტრია, საღვთო რომის იმპერია) ― ლოთარინგიისა და ბარის ჰერცოგი (1729-1737) და შემდეგში ტოსკანის დიდი ჰერცოგი (1737-1765), რომელმაც იქორწინა იმპერატორ კარლ VI-ის ქალიშვილზე, იმპერატრიცა მარია ტერეზიაზე და გახდა საღვთო რომის იმპერატორი (1745-1765) და ავსტრიის ერცჰერცოგი (1740-1765). მეუღლესთან ერთად დააარსა ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტია, რომელიც 1918 წლამდე მართავდა იმპერიას. იგი იყო ჰერცოგ ლეოპოლდ I ლოთარინგიელისა და ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელის ძე, რომელმაც ლოთარინგია საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის სიმამრს, პოლონეთის ყოფილ მეფე სტანისლავ ლეშჩინსკს დაუთმო, სანაცვლოდ კი ტოსკანა მიიღო. მას შემდეგ, რაც სტანისლავი გარდაიცვალა, ფრანც შტეფანის მემკვიდრული დომენი, ლოთარინგია, საფრანგეთს მიუერთდა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანც შტეფანი დაიბადა 1708 წლის 8 დეკემბერს ნანსში, ლოთარინგიის საჰერცოგოში. იგი იყო ჰერცოგ ლეოპოლდ I-ისა და მისი მეუღლის, პრინცესა ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელის უფროსი ძე. მამამისის დედა, ელეანორა ავსტრიელი, საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ III-ის შვილი იყო, ხოლო ფრანცის დედა თავად საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ძმისწული და სარდინიის დედოფლის და იყო. ფრანც შტეფანი ბავშვობიდანვე ძალიან ახლოს იყო თავის და-ძმასთან: შარლ ალექსანდრესთან და ანა შარლოტასთან.

ფრანც შტეფანი დედასთან ერთად 1723 წელს

საღვთო რომის იმპერატორი კარლ VI ყოველთვის ეხმარებოდა მათ ოჯახს, რამეთუ, გარდა იმისა, რომ ისინი ბიძაშვილები იყვნენ, ლოთარინგიელები გამორჩეულად ერთგულად ემსახურებოდნენ იმპერატორს. კარლ VI-მ თავიდანვე განაცხადა, რომ თავის უფროს ასულსა და მემკვიდრეს, ერცჰერცოგინია მარია ტერეზიას პრინც ლეოპოლდ კლემენს ლოთარინგიელს მიათხოვებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ლეოპოლდ კლემენსი გარდაიცვალა, იგი ფრანც შტეფანით ჩაანაცვლა. ამის გამო მშობლებმა ფრანც შტეფანი ვენის საიმპერატორო კარზე გააგზავნეს, სადაც მარია ტერეზიასთან იზრდებოდა იმის ჩაგონებით, რომ ერთ დღეს უნდა დაქორწინებულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ ამ ტაქტიკამ გაამართლა და წყვილს ერთმანეთი შეუყვარდა.

უკვე 1729 წელს მამამისი გარდაიცვალა და ლოთარინგიის ახალი ჰერცოგი ფრანც შტეფანი გახდა. 1731 წლიდან იგი ინგლისელ მასონთა მაღალი ლოჟის წევრი, საბოლოოდ კი ერთ-ერთი მთავარი მასონი ხდება.

1732 წელს მარია ტერეზიამ უზრუნველყო ფრანც შტეფანის უნგრეთის ლორდ-ლეიტენანტად დანიშვნა. მართალია თავად ფრანც შტეფანი ამ პოსტის მიღებით დიდად გახარებული არ იყო, თუმცა მარია ტერეზიას სურდა იგი თავისთან ახლოს ასე მაინც დაეტოვებინა. 1732 წელს იგი უნგრეთის ქალაქ პრესბურგში (ახლანდელი ბრატისლავა) გაემგზავრა.

1733 წელს ევროპაში იწყება ომი პოლონური მემკვიდრეობისათვის. საფრანგეთის მეფე ლუი XV-მ მაშინვე იხელთა დრო და დაიპყრო ლოთარინგიის საჰერცოგო. ეს იმიტომ, რომ ფრანგების აზრით, ლოთარინგიის ჰერცოგისა და ავსტრიის მომავალი მმართველის ქორწინება ჰაბსბურგებს ზედმეტად დიდ ძალაუფლებას მისცემდა საფრანგეთის საზღვრებთან. 1735 წელს დაიწყო მოლაპარაკებები. მეფე ლუი ფრანც შტეფანისაგან დაჟინებით მოითხოვდა, რომ ტახტიდან გადამდგარიყო თავისი სიმამრის, წარსულში პოლონეთის მეფე სტანისლავ ლეშჩინსკის სასარგებლოდ. ვინაიდან კარლ VI-ს არ სურდა კონფლიქტის განახლება, აიძულა ფრანც შტეფანი, რომ 1737 წლის 9 ივლისს სტანისლავის სასარგებლოდ გადამდგარიყო ტახტიდან. ცნობილია, რომ კარლმა მას განუცხადა: „არ გადადგები, არ მიიღებ ერცჰერცოგინიას“. იმავე წლის 12 ივლისს ლოთარინგიის სანაცვლოდ იმპერატორმა ფრანც შტეფანი ტოსკანის დიდ ჰერცოგად გამოაცხადა.

სიტუაციას ის ართულებდა, რომ ესპანეთის დედოფალ ისაბელ ფარნეზეს უკვე ჰქონდა ამბიცია ტოსკანაზე და იგი თავისი ძის, დონ კარლოსისათვის უნდოდა. ისაბელსა და ტოსკანის უკანასკნელ დიდ ჰერცოგს, ჯან გასტონე მედიჩის, ნათესაური კავშირი ჰქონდათ ისაბელის ბებიის, მარგერიტა მედიჩის ხაზით, რის გამოც, დონ კარლოსს უფრო ეკუთვნოდა ტახტი, თუმცა იმპერატორის ჩარევამ სიტუაცია შეცვალა.

საბოლოოდ, 1736 წლის 31 იანვარს ფრანც შტეფანი დათანხმდა მარია ტერეზიაზე ქორწინების სანაცვლოდ ლოთარინგიის დათმობაზე, თუმცა მაინც ყოყმანობდა. ცნობილია, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას მან სამჯერ დაადო მელნიანი ბუმბული და უკან აიღო, სანამ ხელს მოაწერდა. ლოთარინგიის დათმობას განსაკუთრებით მისი დედა და ძმა ეწინააღმდეგებოდნენ. 1 თებერვალს კი მან მარია ტერეზიასაგან წერილი მიიღო, რომ თუ მამამისს ვაჟი ეყოლებოდა, ისინი დანარჩენ მემკვიდრეობასაც დაკარგავდნენ და მხოლოდ ტოსკანა დარჩებოდათ.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანც შტეფანი და მარია ტერეზია 1747 წელს

1736 წლის 12 თებერვალს ვენის ავგუსტინელთა ეკლესიაში ფრანც შტეფანი და მარია ტერეზია დაქორწინდნენ. უკვე 1737 წლის 5 იანვარს პონტომელიაში ესპანეთსა და ავსტრიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ჰაბსბურგები ნეაპოლისა და სიცილიის მეფედ სცნობდნენ დონ კარლოს ესპანელს, სანაცვლოდ კი იღებდნენ ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე პარმის, პიაჩენცისა და გუასტალის საჰერცოგოებს. ამასთან ერთად, ესპანეთმა საბოლოოდ სცნო ფრანც შტეფანი ტოსკანის დიდ ჰერცოგად. იმავე წლის 10 იანვარს ესპანურმა ჯარებმა ტოსკანიდან გასვლა დაიწყეს, რის შემდეგაც ისინი 6,000-მა ავსტრიელმა ჩაანაცვლა.

1737 წლის 9 ივლისს უკვე ჯან გასტონე მედიჩიც გარდაიცვალა და ფრანც შტეფანი საბოლოოდ გახდა დიდი ჰერცოგი. აღსანიშნავია, რომ ფრანც შტეფანი და ჯან გასტონეც ბიძაშვილები იყვნენ, რამეთუ ჯან გასტონე და ფრანც შტეფანის მამა, ორივე ლოთარინგიის ჰერცოგ ფრანსუა II-ის შვილიშვილები იყვნენ, გარდა ამისა, დედების ხაზით ისინი ორივე საფრანგეთის მეფე ანრი IV-ისა და დედოფალ მარია მედიჩის შთამომავლები იყვნენ. 1737 წლის ივნისში ფრანც შტეფანი კვლავ უნგრეთში წავიდა თურქებთან საბრძოლველად. 1738 წლის ოქტომბერში იგი ვენაში დაბრუნდა, იმავე წლის 17 დეკემბერს კი მარია ტერეზიასთან ერთად გაემგზავრა ტოსკანაში, ფლორენციის მოსანახულებლად. ისინი ვენაში 1739 წლის 20 იანვარს დაბრუნდნენ.

უკვე 1744 წელს ფრანც შტეფანის ძმა, შარლ ალექსანდრე ლოთარინგიელი დაქორწინდა მარია ტერეზიას დაზე, ერცჰერცოგინია მარია ანა ავსტრიელზე, რის შემდეგაც მარია ტერეზიამ ისინი ჰაბსბურგთა ნიდერლანდების შტატჰალტერებად დანიშნა.

მმართველობა და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანც შტეფანი და მარია ტერეზია შვილებთან ერთად, 1754 წელი.

1740 წლის 20 ოქტომბერს იმპერატორი კარლ VI გარდაიცვალა. მისი ანდერძის თანახმად, ტახტი მარია ტერეზიამ დაიკავა, თუმცა მალევე, მისმა ბიძაშვილმა მარია ამალია ავსტრიელმა ტახტზე პრეტენზია გამოთქვა და დაიწყო ომი ავსტრიული მემკვიდრეობისთვის. ომის პირობებში საღვთო რომის იმპერატორად მარია ამალიას ქმარი, ბავარიის კურფიურსტი კარლ VII ალბრეხტი აირჩიეს, ისვე გახდა ბოჰემიის მეფეც და მეტიც, ამით ისარგებლა პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-მ და ავსტრიას სილეზია წაართვა. თუმცა, ამ წარუმატებლობების მიუხედავად, მარია ტერეზიამ მოახერხა ბოჰემიის ტახტის დაბრუნება, ფრანც შტეფანი ავსტრიის ერცჰერცოგად გამოაცხადა და საბოლოოდ, 1745 წლის 13 სექტემბერს იგი საღვთო რომის იმპერატორადაც აარჩევინა, რითაც დასრულდა ომი.

ფრანც შტეფანი კმაყოფილი დარჩა, მან მიიღო წოდებები და ძალაუფლება მთლიანად თავის ცოლს გადააბარა, რომელსაც სახელმწიფოთა მართვა კარგად ეხერხებოდა. იმპერატორი არც დიპლომატიაში და არც პოლიტიკაში არ აქტიურობდა, რის გამოც მთელი ძალაუფლება მარია ტერეზიას დარჩა. ამის მიუხედავად, მარია ტერეზიამ მას ფინანსებისა და ეკონომიკის მართვა ჩააბარა, რომელსაც იგი წარმატებით უძღვებოდა გარდაცვალებამდე. ვალებში ჩაფლული და გაკოტრებული ავსტრია, შვიდწლიანი ომის ბოლოს ფრანც შტეფანმა ინგლისსა და საფრანგეთზე უკეთეს ეკონომიკურ სიტუაციაში ჩააყენა. იგი ასევე დიდ ინტერესს იჩენდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი და მხარს უჭერდა მათ განვითარებას.

ცნობილია, რომ ქორწინების პერიოდში ფრანც შტეფანს მრავალი რომანი ჰქონდა, მისი საყვარლების სრული სია ცნობილი არცაა. თუმცა, მისი ყველაზე გახმაურებული რომანი პრინცესა მარია ვილჰელმინა აუერშპერგთან იყო, რომელიც მასზე 30 წლით იყო უმცროსი. ამ კონკრეტულ სკანდალურ რომანზე საუბრობდნენ არა მხოლოდ საიმპერატორო კარსა და არისტოკრატიაში, არამედ იბეჭდებოდა გაზეთებშიც კი.

იგი სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა 1765 წლის 18 აგვისტოს 56 წლის ასაკში ინსბრუკის ოპერიდან დაბრუნებისას ეტლში. ფრანც შტეფანი გადაასვენეს და დაკრძალეს ვენაში, საიმპერატორო მავზოლეუმში.

მარია ტერეზია ამის შემდეგ აღარ გათხოვილა და ფრანც შტეფანისაგან თექვსმეტი შვილი დარჩა, მათ შორის საფრანგეთის ლეგენდარული დედოფალი მარია ანტუანეტა. გარდაცვალების შემდეგ საიმპერატორო ტახტზე იგი მისმა ძემ, იოზეფ II-მ შეცვალა, რომელიც 1790 წელს უშვილოდ აღესრულა და მისმა ძმამ, ლეოპოლდ II-მ ჩაანაცვლა. საბოლოოდ, მარია ტერეზიამ მმართველობა გარდაცვალებამდე, ანუ 1780 წლამდე შეინარჩუნა, ხოლო მათი შთამომავლები ავსტრია-უნგრეთის იმპერიას 1918 წლამდე მართავდნენ.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
მარია ელიზაბეთი 5 თებერვალი, 1737,

ვენა, ავსტრია

7 ივნისი, 1740,

ლაქსენბურგი, ავსტრია

(3 წლის)

გარდაიცვალა მცირეწლოვანი, ნაწლავების გადახლართვით.
მარია ანა 6 ოქტომბერი, 1738,

ვენა, ავსტრია

19 ნოემბერი, 1789,

კლაგენფურტი, ავსტრია

(51 წლის)

გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო. იგი მოგვიანებით

მონაზვნად აღიკვეცა და აბატისაც გახდა.

მარია კაროლინა 12 იანვარი, 1740,

ვენა, ავსტრია

25 იანვარი, 1741,

ვენა, ავსტრია

(1 წლის)

გარდაიცვალა მცირეწლოვანი, სპაზმოფილიით.
იოზეფ II 13 მარტი, 1741,

ვენა, ავსტრია

20 თებერვალი, 1790,

ვენა, ავსტრია

(48 წლის)

საღვთო რომის იმპერატორი, გერმანიის, უნგრეთის, ბოჰემიისა და

ხორვატიის მეფე, ავსტრიის ერცჰერცოგი და ა.შ. პირველად იქორწინა

ჰერცოგ ფილიპე I-ისა და ლუიზა ელიზაბეტ ფრანგის ასულ იზაბელა

პარმელზე, მისი დაღუპვის შემდეგ კი იმპერატორ კარლ VII-ისა და

მარია ამალია ავსტრიელის ასულ მარია იოზეფა ბავარიელზე, თუმცა

გარდაიცვალა უშვილოდ.

მარია კრისტინა 13 მაისი, 1742,

ვენა, ავსტრია

24 ივნისი, 1798,

ვენა, ავსტრია

(56 წლის)

ცოლად გაჰყვა პოლონეთ-ლიტვის მეფე ავგუსტ III-ისა და მარია

იოზეფა ავსტრიელის უმცროს ვაჟს, ტეშენის ჰერცოგ ალბერტ

საქსონიელს, რომელთანაც ორი გოგონა შეეძინა, თუმცა ორივე ჩვილი

გარდაიცვალა. არსებობს მოსაზრება, რომ მას რომანი ჰქონდა თავის

რძალ იზაბელა პარმელთან.

მარია ელიზაბეთი 13 აგვისტო, 1743,

ვენა, ავსტრია

22 სექტემბერი, 1808,

ლინცი, ავსტრია

(65 წლის)

გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო. იგი თავიდან მონაზვნად

აღიკვეცა, საბოლოოდ კი ინსბრუკის დედათა მონასტრის აბატისაც

გახდა.

კარლ იოზეფი 1 თებერვალი, 1745,

ვენა, ავსტრია

18 იანვარი, 1761,

ვენა, ავსტრია

(15 წლის)

ავსტრიის ერცჰერცოგი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო,

ყვავილით.

მარია ამალია 26 თებერვალი, 1746,

ვენა, ავსტრია

18 ივნისი, 1804,

პრაღა, ჩეხეთი

(58 წლის)

ცოლად გაჰყვა პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგ

ფერდინანდ I-ს, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი, მათ შორის

საქსონიის პრინცესა კაროლინა და ეტრურიის მეფე ლუდოვიკო I.

ნაპოლეონის მიერ ლომბარდიის დაპყრობის შემდეგ ქმართან

ერთად გადასახლდა ბოჰემიაში.

ლეოპოლდ II 5 მაისი, 1747,

ვენა, ავსტრია

1 მაისი, 1792,

ვენა, ავსტრია

(44 წლის)

საღვთო რომის იმპერატორი, ავსტრიის ერცჰერცოგი, ტოსკანის დიდი

ჰერცოგი, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე და ა.შ. ცოლად

შეირთო ესპანეთის მეფე კარლოს IV-ის ასული მარია ლუისა ესპანელი,

რომელთანაც შეეძინა თოთხმეტი შვილი, მათ შორის მომავალი

იმპერატორი ფრანც II, საქსონიის დედოფალი მარია ტერეზია,

ტოსკანის ჰერცოგი ფერდინანდო III და ნეაპოლის პრინცესა კლემენტინა.

მარია იოჰანა 4 თებერვალი, 1750,

ვენა, ავსტრია

23 დეკემბერი, 1762,

ვენა, ავსტრია

(12 წლის)

დანიშნული იყო ესპანეთის მეფე კარლოს III-ისა და დედოფალ მარია

ამალია საქსონიელის ვაჟზე, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე

ფერდინანდ I-ზე, თუმცა ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა

ყვავილით.

მარია იოზეფა 19 მარტი, 1751,

ვენა, ავსტრია

15 ოქტომბერი, 1767,

ვენა, ავსტრია

(16 წლის)

დანიშნული იყო ესპანეთის მეფე კარლოს III-ისა და დედოფალ მარია

ამალია საქსონიელის ვაჟზე, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე

ფერდინანდ I-ზე, თუმცა ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა

ყვავილით.

მარია კაროლინა 13 აგვისტო, 1752,

ვენა, ავსტრია

8 სექტემბერი, 1814,

ვენა, ავსტრია

(62 წლის)

ცოლად გაჰყვა ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ს,

რომელთნაც შეეძინა ჩვიდმეტი შვილი, მათ შორის: საღვთო რომის

იმპერატრიცა მარია ტერეზა, ტოსკანის ჰერცოგინია ლუიზა მარია,

ორი სიცილიის მეფე ფრანჩესკო I, სარდინიის დედოფალი მარია

კრისტინა, საფრანგეთის დედოფალი მარია ამალია და ასტურიის

პრინცესა მარია ანტონია.

ფერდინანდი 1 ივნისი, 1754,

ვენა, ავსტრია

24 დეკემბერი, 1806,

ვენა, ავსტრია

(52 წლის)

ჰაბსბურგ-ესტეს ერცჰერცოგი. ცოლად შეირთო მასას გრაფინია მარია

ბეატრიჩე დ'ესტე, რომელთანაც ათი შვილი შეეძინა, მათ შორის

სარდინიის დედოფალი მარია ტერეზა, ბავარიის კურფიურსტი მარია

ლეოპოლდინა, მოდენის ჰერცოგი ფრანჩესკო V და ავსტრიის

იმპერატრიცა მარია ლუდოვიკა.

მარია ანტონია 2 ნოემბერი, 1755,

ვენა, ავსტრია

16 ოქტომბერი, 1793,

პარიზი, საფრანგეთი

(37 წლის)

ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ს, რომელთანაც შეეძინა ოთხი

შვილი, მათ შორის მეფე ლუი XVII და დედოფალი მარი ტერეზი. მას და

მის ქმარს რევოლუციონერებმა მოჰკვეთეს თავი.

მაქსიმილიანი 8 დეკემბერი, 1756,

ვენა, ავსტრია

26 ივლისი, 1801,

ვენა, ავსტრია

(44 წლის)

კელნის არქიეპისკოპოს-კურფიურსტი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი

და უშვილო.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Tomáš Kleisner – Jan Boublík, Coins and Medals of the Emperor Francis Stephen of Lorraine Prague 2011 ISBN 978-80-7036-316-4
  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Francis I. (emperor)". Encyclopædia Britannica. 10 (11th ed.). Cambridge University Press. p. 933.
  • Audrey Carpenter, John Theophilus Desaguliers: A Natural Philosopher, Engineer and Freemason in Newtonian England, (London : Continuum, 2011), ISBN 978-1-4411-2778-5, p. 47
  • Malcolm Davies, The masonic muse : songs, music, and musicians associated with Dutch freemasonry, 1730–1806. (Utrecht : Koninklijke Vereniging voor Nederlandse Muziekgeschiedenis, 1995), ISBN 90-6375-199-0, pp. 22–23
  • Hargreaves-Mawdsley, W. N., Eighteenth-Century Spain 1700–1788: A Political, Diplomatic and Institutional History. Palgrave Macmillan UK. London, 1979. ISBN 978-1-349-01805-5
  • Hale, Florence and the Medici, Orion books, p 192. London, 1977, ISBN 1-84212-456-0.
  • Farquhar, Michael (2001). A Treasure of Royal Scandals, p.89. Penguin Books, New York. ISBN 0-7394-2025-9.