ფრანც ანტონ ფონ შიფნერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ფრანც ანტონ ფონ შიფნერი (18 ივნისი, 1817, რევალი (ტალინი) – 16 ნოემბერი, 1879, სანქტ-პეტერბურგი) – გერმანელი ლინგვისტი, ორიენტალისტი, ტიბეტოლოგი,ინდოლოგი, ეთნოლოგი, მითოლოგი, ფინურ-უნგრული ენების სპეციალისტი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, კლასიკური ფილოლოგი, კავკასიოლოგი და ქართველოლოგი. თუშური და უდიური ენების პირველი[1] მკვლევარი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი საქართველოს, ძირითადად კი თუშეთისა და თუშური ენის შესახებ.

ფრანც ანტონ ფონ შიფნერი
Schiefner-Anton.jpg
დაბადების თარიღი 18 ივნისი, 1817
რევალი (ტალინი)
გარდაცვალების თარიღი 16 ნოემბერი, 1879
სანქტ-პეტერბურგი
დაკრძალულია სმოლენსკოეს ლუთერანული სასაფლაო
ეროვნება გერმანელი
საქმიანობა ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
 

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანც ანტონ ფონ შიფნერი დაიბადა რევალში (ტალინი), ესტონეთში. იგი იყო ფრანც შიფნერის - მინით მოვაჭრისა და კრისტინა შნაიდერის მეოთხე შვილი. ქართველოლოგმა თავდაპირველად, სწავლა რევალის სკოლაში დაიწყო, რის შემდეგაც 1836 წელს, 19 წლის ასაკში, თავისი ადვოკატი ძმის - ავგუსტ უილჰემ შნაიდერის რჩევით, სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში ჩააბარა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. იმისდა მიუხედავად, რომ შიფნერმა სამართალმცოდნეობა ბოლომდე შეისწავლა, 4 წლის შემდეგ მიხვდა, რომ მას ენები მეტად იზიდავდა და, მაშასადამე, სწავლა ბერლინში განაგრძო, სადაც 1840 წლიდან 1842 წლამდე დრო აღმოსავლურ ენებს დაუთმო.

პროფესიული საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანც ანტონ შიფნერმა 1843 წელს, სანქტ-პეტერბურგში დაბრუნებისთანავე დაიწყო ლათინური ენის მასწავლებლად მუშაობა გრამატიკის პირველ სკოლაში (სანქტ-პეტერბურგი) 1849 წლამდე, და ბერძნული ენის მასწავლებლად ამავე სკოლაში 1852 წლამდე, ხოლო კლასიკური ენების პროფესორად 1860-1873 წლებში სანქტ-პეტერბურგის კათოლიკურ სასულიერო აკადემიაში. მას შემდეგ, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიაში აკადემიკოსის ტიტული მიიღო, სადაც გერმანელ ქართველოლოგს ტიბეტური ენა და ლიტერატურა ეხებოდა და გარდა ამისა, იგი გახდა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის მეორე განყოფილების დირექტორი და სანქტ-პეტერბურგში მდებარე ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელი. ანტონ შიფნერი ასევე დაინტერესებული იყო ინგლისით, მისი ენითა და კულტურით და ამიტომ მას სამჯერ ეწვია 1863, 1865 და 1878 წლებში. შიფნერი 1876 წლის 29 დეკემბერს, 59 წლის ასაკში დაჯილდოვდა ანენის პირველი დონის ორდენით.

ქართველოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუშური ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტონ ფონ შიფნერი იყო პირველი მკვლევარი, რომელმაც თუშური ენის ბგერათა სისტემა და დისტრიბუცია მეცნიერულად შეისწავლა XIX საუკუნეში. მან გამოსცა და გამოაქვეყნა სტატიები თუ წიგნები: „მოკლე დახასიათება თუშური ენისა“, რომელიც 1854 წელს გამოსცა, „ცდა თუშური ენის ანუ ქისტური დიალექტის შესწავლისა“ (1859), რომელსაც თან ერთვის თუშურ-გერმანული ლექსიკონი და “თუშური გრამატიკა“ გერმანულ ენაზე 1878 წელს. თავად შიფნერი არათუ საქართველოში, არამედ კავკასიაშიც კი არასდროს ყოფილა, თუმცა მას წერილობითი კავშირი ჰქონდა მრავალ ფილოლოგთან ორიენტალისტთან თუ ლინგვისტთან, მათ შორის, ალვანის სამების ეკლესიის მღვდელთან, წოვათუშ იობ ცისკაროვასთან (ცისკარიშვილი) - თუშური ენის სპეციალისტთან, რომელსაც 1848 წელს გამოქვეყნებული ჰქონდა ნაშრომი „მოკლე თუშურ-წოვური გრამატიკა, შედგენილი ალვანის სამების თუშთა ეკლესიის მღვდლის, იობ ცისკაროვის მიერ“ და „რუსულ-წოვა-თუშური ლექსიკონი“, და, მაშასადამე, სწორედ ეს სტატია გამოიყენა ანტონ შიფნერმაც თავისი მრავალი ნაშრომის დაწერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ. გერმანელ კავკასიოლოგსა და ქართველოლოგს წერილობითი კავშირი ასევე ჰქონდა იობის ძმასთან - გიორგი ცისკარიშვილთან, რომელიც პეტერბურგის სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყო.

უდიური ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტონ შიფნერი ასევე ის პირველი მკვლევარი იყო, რომელმაც არა მარტო თუშური, არამედ უდიური ენა მეცნიერულად შეისწავლა, რის შემდეგაც, 1863 წელს მან პეტერბურგში, საიმპერატორო აკადემიის მემუარებში გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა „ცდა უდიური ენის გამოკვლევისა“. გერმანელი ქართველოლოგი იყო ის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი, რომელმაც მოიაზრა, რომ უდიურ ენაში არსებითი სახელი ბრუნების მიხედვით 5 ძირითად ჯგუფად იყოფა (ერთმარცვლიანი ხმოვანფუძიანი სახელები, ერთმარცვლიანი თანხმოვანფუძიანი სახელები, ორ ან მეტმარცვლიანი ხმოვანფუძიანი სახელები, ორ ან მეტმარცვლიანი თანხმოვანფუძიანი სახელები, „pluralia tantum” სახელები). აღსანიშნავია, რომ შიფნერმა ასევე შეისწავლა ავარული, ყაზიყუმუხური, ოსური ენები და მათი გრამატიკა, რომელთაგან ოსურ ენაზე გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც გამოიყენა დანიელ ჭონქაძის[2] მიერ შეგროვილი ინფორმაცია ოსური ენის შესახებ.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანც შიფნერი დაქორწინდა ავსტრიელ როზა ბუვაზე (შემდგომ, როზა შიფნერი). მათ შეეძინათ 5 შვილი, რომელთაგან ზრდასრულ ასაკს მხოლოდ ერთმა მიაღწია.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანც ანტონ ფონ შიფნერი გარდაიცვალა 1879 წლის 16 ნოემბერს, სანქტ-პეტერბურგში. დაკრძალულია სმოლენსკოეს ლუთერანულ სასაფლაოზე, სანქტ-პეტერბურგში ცოლთან ერთად, რომელიც 1903 წელს გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თუშური ენის ფონეტიკა და ფონოლოგია/არსენ ბერთლანი/თბილისი/2012
  2. გაზეთი "დროება", 1879, 17 ნოემბერი, N238