ფრანსუა ჰარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანსუა ჰარდი
Franse zangeres-actrice Francoise Hardy in Amsterdam, Bestanddeelnr 923-0820.jpg
ჰარდი 1969 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 17 იანვარი, 1944 (1944-01-17) (79 წლის)
დაბ. ადგილი პარიზი, საფრანგეთი
აქტიური 1962-დღემდე
ასოციაციები
  • მაიკლ ბერგერი
  • სერჟ გინსბურგი
  • ჟან-კლოდ ვანიე
ჯილდოები მუსიკალური ჯილდო – წლის ქალი არტისტი
ხელმოწერა Françoise Hardy signature.svg
საიტი francoise-hardy.com
ფრანსუა ჰარდი ვიკისაწყობში

ფრანსუა მედლინ ჰარდი (ფრანგ. Françoise Madeleine Hardy; დ. 17 იანვარი, 1944) — ფრანგი მომღერალი და სიმღერების ავტორი.

ჰარდიმ მუსიკალური კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო. მას პოპულარობა მოუტანა სიმღერამ „Tous les garçons et les filles“. როგორც yé-yé მიმდინარეობის წამყვანი ფიგურა, ჰარდი ფრანგული მუსიკალური სცენის მოწინავე ხაზზე აღმოჩნდა და საზღვარგარეთ ყველაზე მოთხოვნადი ფრანგი მომღერალი გახდა. იგი ასრულებდა სიმღერებს სხვადასხვა ენებზე, აგრეთვე მონაწილეობდა ფილმებში და აქტიურად ატარებდა ტურნეებს ევროპაში. მან მოწონება დაიმსახურა ისეთი მომღერლებისგან, როგორებიც არიან ბობ მარლი, მაილს დევისი და მიკ ჯაგერი.[1] ფოტოგრაფი ჟან-მარი პერიეს ხელშეწყობით ჰარდიმ მოდელობა დაიწყო და მალევე მოდის სამყაროს ცნობილი სახე გახდა.[1]

1960-იანი წლების ბოლოს yé-yé-ის ეპოქის დასრულების შემდეგ ჰარდი თანამშრომლობას იწყებს უფრო შემდგარ სიმღერების ავტორებთან, როგორებიც არიან სერჟ გენსბური[2] და პატრიკ მოდიანო.[3] მომღერლის შემოქმედებაში გარდამტეხ მომენტად ითვლება 1971 წლის ალბომი La question, რომლის შემდეგაც მისი სტილი უფრო ჩამოყალიბებული გახდა. ალბომი ჰარდის ყველაზე აღიარებულ ნამუშევრად მიიჩნევა.[1][4] 1970-იანი წლების დასაწყისში ჰარდი ასტროლოგიით დაინტერესდა, სფეროს ექსპერტი გახდა და მომდევნო წლებში ამ თემაზე არაერთი ნაშრომი დაწერა.[1][4]

ჰარდი პოპულარობას როგორც მუსიკის, ისე მოდის სფეროში ინარჩუნებს.[5][6] იგი 1960-იანი წლების ფრანგული პოპის საკულტო სახედ ითვლება.[7]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარდი პარიზში დაიბადა და გაიზარდა. მისი მშობლები დაშორებულები იყვნენ. მამამისი ოჯახს მცირე ფინანსურ დახმარებას უწევდა. მას შვილებთან, ჰარდისა და მის დასთან, ურთიერთობა არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ყოფილი მეუღლის ინიციატივით, სწორედ მან უყიდა ჰარდის პირველი გიტარა, როგორც ბაკალავრიატის საფეხურის დამთავრებისთვის დამსახურებული ჯილდო.[8]

ჰარდის ადრეულ შემოქმედებაზე გავლენა მოახდინეს ფრანგული შანსონის მომღერლებმა, შარლ ტრენემ და კორა ვოკერმა,[9] ასევე ინგლისურენოვანმა შემსრულებლებმა, მათ შორის პოლ ანკამ, ელვის პრესლიმ და კლიფ რიჩარდმა, რომელთა სიმღერებსაც იგი Radio Luxembourg-ის საშუალებით გაეცნო.[8]

1961 წლის ნოემბერში ჰარდიმ კონტრაქტი გააფორმა ვოგის ლეიბლთან. 1962 წელს მისი პირველი ჩანაწერი „Oh Oh Chéri“ გამოვიდა. განსაკუთრებით დიდი წარმატება მოიპოვა სიმღერამ „Tous les garçons et les filles“, რომელმაც საფრანგეთში yé-yé მიმდინარეობას დაუდო სათავე. სიმღერას, რომლის მილიონზე მეტი ჩანაწერი გაიყიდა, ოქროს ფირფიტა მიენიჭა.[10] 1964 წელს ბრიტანეთის სინგლების ჩარტში სიმღერას 36-ე ადგილი ეკავა.

ჰარდი მღეროდა ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ და გერმანულ ენებზე. მისი იტალიური ჩანაწერები დღემდე აღიარებულად ითვლება. 1963 წელს ჰარდი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მონაკოს სახელით წარსდგა. იმავე წელს მან ჩარლზ კროსის აკადემიის გრან პრი მიიღო.

ჰარდი 1992 წელს

1994 წელს ჰარდიმ ბრიტანულ პოპ-ჯგუფ Blur-თან ერთად მათი სიმღერის „To the End“ კომედიური ვერსია შეასრულა. 1995 წელს მომღერალმა მალკოლმ მაკლარენის სინგლი „Revenge of the Flowers“ შეასრულა, რომელიც მაკლარენის კონცეპტუალურ ალბომში Paris შევიდა. 2000 წელს ჰარდიმ ალბომი Clair-obscur გამოუშვა, რომელშიც გიტარის აკომპანიმენტს მისი ვაჟი ასრულებს. ალბომისთვის მან მეუღლესთან ერთად დუეტში შეასრულა სიმღერა „Puisque vous partez en voyage“. ალბომის შექმნაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღო იგი პოპმა. ჰირდიმ 2004 წელს გამოუშვა ალბომი Tant de belles choses, რომლისთვისაც პერი ბლეიკთან ჩაწერა დუეტი. ალბომისთვის მან 2005 წლის Victoires de la musique-ის დაჯილდოებაზე ქალი არტისტის ჯილდო მიიღო.

2012 წელს ჰარდიმ 50 წლის კარიერული იუბილე 27-ე ალბომის L'Amour fou (ქართ. შეშლილი სიყვარული) გამოშვებით აღნიშნა. მან აგრეთვე ამავე სახელწოდების წიგნი გამოაქვეყნა.

2015 წელს ჰარდის მეორე წიგნი Avis non-autorisé (ქართ. არაავტორიზებული შეხედულება) გამოქვეყნდა, რომელშიც ხანდაზმულობის შესახებ მოგვითხრობს.

2015 წლის მარტში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ჰარდიმ განაცხადა, რომ აღარ ჰქონდა სიმღერების წერის სურვილი.[11] მან ჯანმრთელობა ორი წლის შემდეგ აღიდგინა და 2017 წლის ნოემბერში ხმისჩამწერ სტუდიას დაუბრუნდა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1981 წელს ჰარდი მუსიკოს ჟაკ დიუტრონზე დაქორწინდა, რომლისგანაც 1973 წელს ვაჟი, ტომას დიუტრონი, შეეძინა. ჰარდი პარიზის მე-16 ოლქში ცხოვრობს, ხოლო დიუტრონი ‒ კორსიკაზე, მონტიჩელოს კომუნაში. მიუხედავად ამისა, ისინი ოფიციალურად კვლავ დაქორწინებულები არიან.[7][12][13]

პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარდი ნახსენებია ბობ დილანის ლექსში „Some other kinds of songs“, რომელიც მომღერლის 1864 წლის ალბომის Another Side of Bob Dylan გარეკნის უკანა მხარეზე გვხვდება.[14]

ჰარდი გრან პრის გადასაღებ მოედანზე 1966 წელს

ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარდის კინოდებიუტი 1963 წელს როჯერ ვადიმის ფილმში სასახლე შვეიცარიაში შედგა. 1965 წელს მან კლივ დონერის ფილმში სად არის ახალი ფისუნია? მაიორის თანაშემწის როლი შეასრულა, ხოლო ჟან-დანიელ პოლეტის ფილმში ტყვია გულში მეორეხარისხოვან როლში გამოჩნდა. 1966 წელს მომღერლის კამეო შედგა ჟან-ლიუკ გოდარის ფილმში მამაკაცური, ქალური. იმავე წელს ჰარდიმ მონაწილეობა მიიღო ჯონ ფრანკენჰაიმერის ბლოკბასტერში გრან პრი, რომელიც ფორმულა 1-ის მძღოლების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ფილმში მან გამოგონილი იტალიელი მძღოლის, ნინო ბარლინის შეყვარებულის, ლიზას, როლი შეასრულა. გრან პრის შემდეგ ჰარდის აღარ სურდა ფილმებში მონაწილეობა, თუმცა 1972 წელს იგი კვებეკელი კინორეჟსორი ჟან-კლოდ ლორდის ფილმში მტრედები კამეოს სახით გამოჩნდა. 1976 წელს მან მომღერლის როლი შეასრულა კლოდ ლელუშის ფილმში ყველაფრის გაკეთება თავიდან რომ მიწევდეს, რაც მისი უკანასკნელი კინოროლი იყო.

ჰარდის სიმღერა „Tous les garçons et les filles“ გაჟღერდა ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმში მეოცნებენი (2003).

უეს ანდერსონის ფილმში ამომავალი მთვარის სამეფო (2012) გაჟღერდა ჰარდის სიმღერა „Le temps de l'amour“. ფილმში მთავარი პერსონაჟი გოგონა თავის საყვარელ ალბომად ჰარდის ალბომს The "Yeh-Yeh" Girl from Paris! ასახელებს და სახლიდან გაქცევისას თან მხოლოდ ეს ერთი ალბომი მიაქვს.[15]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Françoise Hardy – Biography. Radio France Internationale (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-30. ციტირების თარიღი: 2021-02-25.
  2. Lima, Carlos Eduardo. (2014) Françoise Hardy e Suas Meninas. Monkeybuzz. MTV Brasil.
  3. Françoise Hardy, de l'idole à l'icône. L'Express. Groupe Altice Média (2008).
  4. 4.0 4.1 Rigoulet, Laurent. Françoise Hardy en question. Télérama. Groupe Le Monde (2016).
  5. "Françoise Hardy", in Unknown legends of rock 'n' roll: psychedelic unknowns, mad geniuses, punk pioneers, lo-fi mavericks & more, Richie Unterberger, Hal Leonard Corporation, 1998, ISBN 0-87930-534-7, გვ. 177 ff.
  6. Belle and Sebastian: Just a Modern Rock Story, Paul Whitelaw, Macmillan, 2005, ISBN 0-312-34137-7, გვ. 64.
  7. 7.0 7.1 Cañas, Gabriela. (2015) La tercera edad de un icono del pop francés. El País. Ediciones El País, S.L..
  8. 8.0 8.1 Falling for Francoise. BBC Radio 4 programme. BBC (2011).
  9. Anon. Françoise Hardy. RFI Musique. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-29.
  10. Murrells, Joseph (1978). The Book of Golden Discs, 2nd, London, UK: Barrie and Jenkins Ltd, გვ. 147. ISBN 0-214-20512-6. 
  11. RTL: 25 June, by Marc-Olivier Fogiel – BFM TV: 23 July, by Philippe Dufreigne – Europe 1: 27 July, by Thierry Geffrotin.
  12. Hardy, Françoise (2008). Le désespoir des singes… et autres bagatelles (fr). Paris: Éditions Robert Laffont, გვ. 228–230. ISBN 9782221111635. 
  13. Jacques Dutronc : qui est sa compagne, Sylvie Duval ? fr (2017).
  14. FRANÇOISE HARDY (very brief biography. დაარქივებული 13 March 2015 საიტზე Wayback Machine. , All-over-the-world.com. აღდგენილია 9 ნოემბერი 2012.
  15. Innocence in Amber: Wes Anderson's Moonrise Kingdom. დაარქივებული 2012 საიტზე Wayback Machine. . Gawker.com. აღდგენილია 9 ნოემბერი 2012.