ფრანსუა ენგლერტი
ფრანსუა ბარონ ენგლერტი (დ. 6 ნოემბერი, 1932) — ბელგიელი თეორიული ფიზიკოსი და 2013 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი. ენგლერტი არის ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, სადაც ენგლერტი თეორიული ფიზიკის სამსახურის წევრია. ფრანსუა ასევე არის საქლერის პროფესორი სპეციალური დანიშვნით თელ-ავივის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის სკოლაში და კალიფორნიაში მდებარე ჩეპმენის უნივერსიტეტის კვანტური კვლევების ინსტიტუტის წევრი.
ფრანსუა ენგლერტს მიენიჭა 2010 წლის ჯეი ჯეი საკურაის პრემია თეორიული ნაწილაკების ფიზიკაში (ჯერი გურალნიკთან, სი. არ. ჰეიგენთან, ტომ კიბლთან, პიტერ ჰიგსთან და რობერტ ბრუტთან ერთად), 2004 წლის ვოლფის პრემია ფიზიკაში (ბრუტთან და ჰიგსთან ერთად) და ევროპის ფიზიკური საზოგადოების მაღალი ენერგიებისა და ნაწილაკების პრემია 1997 წელს (ბრუტთან და ჰიგსთან ერთად) იმ მექანიზმისთვის, რომელიც აერთიანებს მოკლე და გრძელმოქმედ ურთიერთქმედებებს მასიური კალიბრაციის ვექტორული ბოზონების წარმოქმნის გზით.
ენგლერტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სტატისტიკურ ფიზიკაში, კვანტურ ველთა თეორიაში, კოსმოლოგიაში, სტრინგების თეორიასა და სუპერგრავიტაციაში.[15] ფრანსუა ენგლერტი არის 2013 წლის ასტურიის პრინცის პრემიის ლაურეატი ტექნიკურ და სამეცნიერო კვლევებში, პიტერ ჰიგსთან და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციასთან ერთად. ენგლერტს 2013 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში პიტერ ჰიგსთან ერთად ბრუტ–ენგლერტ–ჰიგსის მექანიზმის აღმოჩენისთვის.[16]
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრანსუა ენგლერტი ჰოლოკოსტის გადარჩენილია.[17] ფრანსუა დაიბადა ბელგიელ ებრაულ ოჯახში. მეორე მსოფლიო ომის დროს, ბელგიის გერმანული ოკუპაციის პერიოდში, იძულებული გახდა დაემალა თავისი ებრაული იდენტობა და ეცხოვრა ობოლთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში ქალაქებში: დინანი, ლუსტინი, სტუმონი და საბოლოოდ ანევუა-რუიონი. ეს ქალაქები მოგვიანებით გაათავისუფლა ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ.
აკადემიური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრანსუა ენგლერტმა 1955 წელს დაამთავრა ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი ელექტრომექანიკური ინჟინრის ხარისხით, ხოლო 1959 წელს იმავე უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი ფიზიკურ მეცნიერებებში. 1959–1961 წლებში მუშაობდა კორნელის უნივერსიტეტში: თავდაპირველად რობერტ ბრუტის კვლევით ასოცირებულად, შემდეგ კი ასისტენტ-პროფესორად. ამის შემდეგ ენგლერტი დაბრუნდა ULB-ში, სადაც გახდა უნივერსიტეტის პროფესორი; მოგვიანებით ფრანსუას იქ შეუერთდა რობერტ ბრუტი, რომელთან ერთადაც 1980 წელს ენგლერტმა თეორიული ფიზიკის ჯგუფს უხელმძღვანელა. 1998 წელს ენგლერტი გახდა ემერიტუს-პროფესორი.
1984 წელს ფრანსუა ენგლერტი პირველად დაინიშნა საქლერის პროფესორად სპეციალური დანიშვნით თელ-ავივის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის სკოლაში. 2011 წელს ენგლერტი შეუერთდა ჩეპმენის უნივერსიტეტის კვანტური კვლევების ინსტიტუტს, სადაც გამორჩეული მოწვეული პროფესორის პოზიციას იკავებს.
ბრუტ–ენგლერტ–ჰიგს–გურალნიკ–ჰეიგენ–კიბლის მექანიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება][18] ბრუტმა და ენგლერტმა 1964 წელს აჩვენეს,[19] რომ კალიბრაციის ვექტორულ ველებს — როგორც აბელურს, ისე არააბელურს — შეუძლიათ მასის შეძენა, თუ ცარიელ სივრცეს გააჩნია სტრუქტურის განსაკუთრებული ტიპი, რომელიც მატერიალურ სისტემებში გვხვდება. კალიბრაციის ველებისთვის გოლდსტოუნის თეორემის შეუსრულებლობაზე კონცენტრირებით, ჰიგსმა არსებითად იგივე შედეგს მიაღწია.[20] ამ თემაზე მესამე ნაშრომი იმავე წელს დაწერეს ჯერალდ გურალნიკმა, სი. არ. ჰეიგენმა და ტომ კიბლმა.[21][22]
ჰიგსის, ენგლერტისა და ბრუტის, აგრეთვე გურალნიკის, ჰეიგენისა და კიბლის მიერ ბოზონის აღმოჩენაზე დაწერილი სამი ნაშრომი Physical Review Letters-ის 50 წლის იუბილეს აღნიშვნისას ამ აღმოჩენის საკვანძო (საეტაპო) ნაშრომებად იქნა აღიარებული.[23] მიუხედავად იმისა, რომ ამ ცნობილ ნაშრომებში გამოყენებული მიდგომები ერთმანეთის მსგავსია, 1964 წლის PRL-ში სიმეტრიის დარღვევის შესახებ სტატიებს შორის არსებული წვლილი და განსხვავებები განსაკუთრებით საყურადღებოა.
სტრუქტურის ილუსტრაციისთვის განვიხილოთ ფერომაგნიტი, რომელიც შედგება ატომებისგან, რომელთაგან თითოეულს აქვს პატარა მაგნიტი. როდესაც ეს მაგნიტები ერთ მიმართულებაზე ლაგდება, ფერომაგნიტის შიდა მდგომარეობა ძლიერ ანალოგიას ქმნის იმასთან, თუ როგორ შეიძლება იყოს სტრუქტურირებული ცარიელი სივრცე. კალიბრაციის ვექტორული ველები, რომლებიც მგრძნობიარეა ცარიელი სივრცის ამ სტრუქტურის მიმართ, მხოლოდ შეზღუდულ მანძილზე ვრცელდება. შედეგად, ისინი შუამავლობენ მოკლე მოქმედების ურთიერთქმედებებს და იძენენ მასას. ველები კი, რომლებიც ამ სტრუქტურის მიმართ მგრძნობიარე არ არიან, შეუფერხებლად ვრცელდება, რჩება უმასო და პასუხისმგებელია შორი მოქმედების ურთიერთქმედებებზე. ამგვარად, ეს მექანიზმი ერთიან თეორიაში აერთიანებს როგორც მოკლე, ისე გრძელმოქმედ ურთიერთქმედებებს.
ბრუტმა და ენგლერტმა, ჰიგსმა, აგრეთვე ჯერალდ გურალნიკმა, სი. არ. ჰეიგენმა და ტომ კიბლმა ვაკუუმის სტრუქტურის მატარებელ აგენტად შემოიტანეს სკალარული ველი (ყველაზე ხშირად ჰიგსის ველად წოდებული), რომელსაც მრავალი ფიზიკოსი მიიჩნევს ფუნდამენტური ნაწილაკების მასების წარმოშობაზე პასუხისმგებელ აგენტად. ბრუტმა და ენგლერტმა ასევე აჩვენეს, რომ ეს მექანიზმი შეიძლება ძალაში დარჩეს მაშინაც, თუ სკალარული ველი ჩანაცვლდება უფრო რთული სტრუქტურის მქონე აგენტით, როგორიცაა ფერმიონთა კონდენსატი. ამ მიდგომამ ისინი მიიყვანა ჰიპოთეზამდე, რომ თეორია რენორმალიზებადია.
რენორმალიზებადობის საბოლოო დამტკიცება — მეოცე საუკუნის ფიზიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა — ეკუთვნის გერარდუს ’ტ ჰოოფტსა და მარტინუს ველტმანს, რომლებმაც ამ ნაშრომისთვის 1999 წლის ნობელის პრემია მიიღეს.[24] ბრუტ–ენგლერტ–ჰიგს–გურალნიკ–ჰეიგენ–კიბლის მექანიზმი წარმოადგენს ელემენტარული ნაწილაკების ელექტროსუსტი თეორიის საძირკველ ქვას და საფუძველი ჩაუყარა ბუნების ძირითადი კანონების ერთიან ხედვას.
მნიშვნელოვანი ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1978 — პირველი პრიზი გრავიტაციის საერთაშორისო კონკურსში (რ. ბრუტთან და ე. გუნციგთან ერთად), გაცემული გრავიტაციის კვლევის ფონდის მიერ ესესთვის „კაუზალური სამყარო“.[25]
- 1982 — ფრანკვის პრემია, რომელიც ფრანკვის ფონდის მიერ ზუსტ მეცნიერებებში ოთხ წელიწადში ერთხელ გაიცემა: „ფუნდამენტური ურთიერთქმედებების ფიზიკაში სპონტანური სიმეტრიის დარღვევის თეორიული გაგების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის; იმისთვის, რომ რობერტ ბრუტთან ერთად პირველებმა აჩვენეს, რომ კალიბრაციის თეორიებში სპონტანური სიმეტრიის დარღვევა კალიბრაციის ნაწილაკებს მასას ანიჭებს; აგრეთვე სხვა სფეროებში შეტანილი ფართო წვლილისთვის, როგორიცაა მყარ სხეულთა ფიზიკა, სტატისტიკური მექანიკა, კვანტური ველთა თეორია, ზოგადი ფარდობითობა და კოსმოლოგია, და ამ მიღწევების ორიგინალურობისა და ფუნდამენტური მნიშვნელობისთვის“.
- 1997 — მაღალი ენერგიებისა და ნაწილაკების ფიზიკის პრემია (რ. ბრუტთან და პ. უ. ჰიგსთან ერთად), გაცემული ევროპის ფიზიკური საზოგადოების მიერ: „დამუხტული მასიური ვექტორული ბოზონების თვითშეთანხმებული თეორიის პირველად ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ელემენტარული ნაწილაკების ელექტროსუსტი თეორიის საფუძვლად იქცა“.[26]
- 2004 — ვოლფის პრემია ფიზიკაში (რ. ბრუტთან და პ. უ. ჰიგსთან ერთად), გაცემული ვოლფის ფონდის მიერ: „პიონერული ნაშრომებისთვის, რომლებმაც მასის წარმოშობის გააზრებამდე მიგვიყვანა იმ შემთხვევაში, როდესაც ლოკალური კალიბრაციის სიმეტრია სუბატომური ნაწილაკების სამყაროში ასიმეტრიულად რეალიზდება“.
- 2010 — ჯეი ჯეი საკურაის პრემია თეორიული ნაწილაკების ფიზიკაში (გურალნიკთან, ჰეიგენთან, კიბლთან, ჰიგსთან და ბრუტთან ერთად), გაცემული ამერიკის ფიზიკური საზოგადოების მიერ: „ოთხგანზომილებიან რელატივისტურ კალიბრაციის თეორიაში სპონტანური სიმეტრიის დარღვევის თვისებებისა და ვექტორული ბოზონების მასების თანმიმდევრული წარმოქმნის მექანიზმის განმარტებისთვის“.[27]
- 2013 — 8 ივლისის სამეფო დეკრეტის საფუძველზე, ბელგიის მეფე ალბერტ II-მ ფრანსუა ენგლერტს ბარონის ტიტული მიანიჭა.
- 2013 — ნობელის პრემია ფიზიკაში, პიტერ ჰიგსთან ერთად: „იმ მექანიზმის თეორიული აღმოჩენისთვის, რომელმაც წვლილი შეიტანა სუბატომური ნაწილაკების მასის წარმოშობის გაგებაში და რომელიც ახლახან დადასტურდა პროგნოზირებული ფუნდამენტური ნაწილაკის აღმოჩენით CERN-ის დიდი ადრონული კოლაიდერის ATLAS-ისა და CMS-ის ექსპერიმენტების მეშვეობით“.[16]
- 2013 — ასტურიის პრინცის პრემია ტექნიკურ და სამეცნიერო კვლევებში (პიტერ ჰიგსთან და CERN-თან ერთად): „ჰიგსის ბოზონის თეორიული პროგნოზისა და მისი ექსპერიმენტული აღმოჩენისთვის“.[28]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Gregersen E. Encyclopædia Britannica
- ↑ Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- ↑ http://www.abc.net.au/news/2012-07-05/physicist-peter-higgs-on-particle-discovery/4111036
- ↑ http://www.wolffund.org.il/index.php?dir=site&page=winners&name=&prize=3016&year=2004&field=3008
- ↑ http://www.francquifoundation.be/new-page/prix-francqui/laureats/
- ↑ http://www.nobelprize.org/nobel_prizes/physics/laureates/2013/press.pdf
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ http://www.fpa.es/es/premios-princesa-de-asturias/premiados/2013-peter-higgs-franois-englert-cern.html?especifica=0
- ↑ https://eps-hepp.web.cern.ch/eps-hepp/hepp-prize-awards.php
- 1 2 https://www.aps.org/programs/honors/prizes/sakurai.cfm
- ↑ https://cavavub.be/nl/eredoctoraten
- ↑ https://commencement.miami.edu/about-us/archives/honorary-degree-recipients/index.html
- ↑ http://www.univ-bpclermont.fr/article2576.html
- ↑ https://clarivate.com/citation-laureates
- ↑ Publication list დაარქივებული 8 July 2007 საიტზე Wayback Machine.
- 1 2 „The Nobel Prize in Physics 2013“ (PDF) (პრეს-რელიზი). Royal Swedish Academy of Sciences. 8 October 2013. ციტირების თარიღი: 8 October 2013.
- ↑ USC Shoah Foundation Institute testimony of Francois Englert - Collections Search - United States Holocaust Memorial Museum.
- ↑ Kibble, Tom W. B. (2009). „Higgs–Brout–Englert–Guralnik–Hagen–Kibble Mechanism on Scholarpedia“. Scholarpedia. Scholarpedia.org. 4 (1): 6441. Bibcode:2009SchpJ...4.6441K. doi:10.4249/scholarpedia.6441.
- ↑ Englert, F.; Brout, R. (1964). „Broken Symmetry and the Mass of Gauge Vector Mesons“. Phys. Rev. Lett. 13 (9): 321–323. Bibcode:1964PhRvL..13..321E. doi:10.1103/PhysRevLett.13.321.
- ↑ P. W. Higgs (1964). „Broken symmetries, massless particles and gauge fields“. Physics Letters. 12 (2): 132–133. Bibcode:1964PhL....12..132H. doi:10.1016/0031-9163(64)91136-9..
- ↑ P. W. Higgs (1964). „Broken Symmetries and the Masses of Gauge Bosons“. Phys. Rev. Lett. 13 (16): 508–509. Bibcode:1964PhRvL..13..508H. doi:10.1103/PhysRevLett.13.508..
- ↑ Guralnik, G.; Hagen, C.; Kibble, T. (1964). „Global Conservation Laws and Massless Particles“. Physical Review Letters. 13 (20): 585. Bibcode:1964PhRvL..13..585G. doi:10.1103/PhysRevLett.13.585.
- ↑ Physical Review Letters - 50th Anniversary Milestone Papers. Prl.aps.org. ციტირების თარიღი: 2013-10-08
- ↑ Fundamental Problems in Elementary Particle Physics, Proceedings of the 14th Solvay Conference, University of Brussels, 2–7 October 1967 (John Wiley, New York, 1968) page 18.
- ↑ Gravity Research Foundation Awards. Gravityresearchfoundation.org. ციტირების თარიღი: 2013-10-08
- ↑ EPS High Energy Prize Laureates.
- ↑ American Physical Society - J. J. Sakurai Prize Winners. Aps.org. ციტირების თარიღი: 2013-10-08
- ↑ Peter Higgs, François Englert and European Organization for Nuclear Research CERN: Prince of Asturias Award for Technical & Scientific Research 2013. Princess of Asturias Foundation (2013-10-29). ციტირების თარიღი: 2018-09-25