ფრანსუაზ დ’ობინე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრანსუაზ დ’ობინე
Pierre Mignard - Françoise d'Aubigné, marquise de Maintenon (1694).jpg
დაბ. თარიღი 27 ნოემბერი, 1635
დე-სევრი, აკვიტანია, საფრანგეთი
გარდ. თარიღი 15 აპრილი, 1719, (83 წლის)
ვერსალი, იველინი, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგები
წოდება მონტენონის მარკიზა
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) პოლ სკარონი
(ქ. 1652 - გარდ. 1660)
ლუი XIV, საფრანგეთის მეფე
(ქ. 1683 - გარდ. 1715)
მშობლები მამა: კონსტანტ დ’ობინე
დედა: ჟანა დე კარდიაკი

ფრანსუაზ დ’ობინე (ფრანგ. Françoise d'Aubigné), პირველი ქორწინებიდან ცნობილია როგორც მადამ სკარონი (ფრანგ. Madame Scarron), აგრეთვე ცნობილია როგორც მარკიზა დე მონტენონი (ფრანგ. Marquise de Maintenon; დ. 27 ნოემბერი, 1635 — გ. 15 აპრილი, 1719) — საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის მეორე მეუღლე, თუმცა თავისი დაბალი წარმომავლობის გამო დედოფალი არასოდეს ყოფილა და იწოდებოდა როგორც "მეფის მეუღლე". იყო ძლევამოსილი და გამოჩენილი ფიგურა სამეფო კარზე, რაც მისი მეფესთან მჭიდრო ურთიერთობით იყო გამოწვეული. 1684 წელს მან დააარსა წმინდა ლუის სახელობის სამეფო სასწავლებელი გოგონებისათვის, სადაც მაღალი წრის გოგონებს შეეძლოთ განათლების მიღება.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანსუაზი ახალგაზრდობაში

ფრანსუაზი დაიბადა 1635 წლის 27 ნოემბერს საფრანგეთში, დე-სევრის დეპარტამენტში. მისი დაბადების ზუსტი ადგილი უცნობია. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ იგი შამონტის სასტუმროში დაიბადა, ზოგიერთი კი ამტკიცებს, რომ იგი მამამისის ერთ-ერთ ციხესიმაგრეში დაიბადა, როდესაც მისი ჰუგენოტი მშობლები კარდინალ რიშელიეს ემალებოდნენ. ფრანსუაზის მამა იყო კონსტანტ დ’ობინე, გამოჩენილი ჰუგენოტი იყო, ხოლო დედა, ჟანა დე კარდიაკი, იყო გამოჩენილი ფრანგი დიდგვაროვნის ასული. მამის მხრიდან, იგი იყო აგრიპა დ’ობინეს შვილიშვილი, რომელიც ასევე დიდი ჰუგენოტი და მეფე ანრი IV-ის თანამებრძოლი იყო. ვინაიდან ფრანსუაზის დედა ერთგული კათოლიკე იყო, მან შესძლო კონსტანტის დათანხმება და პატარა ფრანსუაზი კათოლიკედ მონათლეს. მამამისი ამას უფრო იმიტომ დასთანხმდა, რომ ახალშობილი გოგონასთვის ასე უფრო უსაფრთხო იყო, რადგან ამ დროს საფრანგეთში კვლავ განახლებულიყო პროტესტანტების დევნა. ფრანსუაზის ნათლიები იყვნენ ნოილანის გრაფის ასული სიუზენ დე ბოდეანი, ქალაქ ნიორტის გუბერნატორი და როშეფუკოლდის ჰერცოგი ფრანსუა დე ლა მარსილაკი. მოგვიანებით, ფრანსუაზის ნათლია სიუზენი საფრანგეთის დედა-დედოფალ ანა ავსტრიელის მიწვევით საფრანგეთის დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის სეფექალი გახდა.

1639 წელს კათოლიკობის მიღების შემდეგ ფრანსუაზის მამა პატიმრობიდან გაანთავისუფლეს, რის შემდეგაც კონსტანტი ცოლთან და შვილებთან ერთად ამერიკაში, კერძოდ კუნძულ მარტინიკაზე გადასახლდა. ჟანა ძალიან მკაცრი დედა იყო და თავის შვილებს ასევე მკაცრ კათოლიკურ განათლებას აძლევდა. მალევე ფრანსუაზის მამა საფრანგეთში დაბრუნდა, თუმცა ცოლ-შვილი მარტინიკაზე დატოვა. 1647 წელს ჟანა თავის შვილებთან ერთად სამუდამოდ დაბრუნდა საფრანგეთში და თავის მეუღლეს შეუერთდა. თუმცა, ამავე 1647 წლის 31 აგვისტოს კონსტანტ დ’ობინე გარდაიცვალა, რის გამოც ჟანა დე კარდიაკმა ფრანსუაზი აღსაზრდელად თავის მულს, მადამ დე ვილეტს მიაბარა, რომელიც ძალიან მოსიყვარულე და თბილი მამიდა აღმოჩნდა. ვილეტი და მისი ქმარი მას თავისი შვილებისაგან არ ანსხვავებდა. ფრანსუაზის ცხოვრებაშიც სწორედ მამიდასა და ბიძასთან ცხოვრების წლები იყო ყველაზე ბედნიერი და ხალისიანი. ვილეტების ოჯახი ძალიან მდიდარი იყო და ბავშვებს მატერიალურად არაფერი აკლდათ, თუმცა ისინი შვილებს ჰუგენოტებად ზრდიდნენ, რის გამოც კათოლიკობის დამცველ ფრანსუაზს მამიდაშვილებთან ხშირად ჰქონდა კონფლიქტი, თუმცა ამას სერიოზული ხასიათი არ ჰქონია. რამდენიმე წელიწადში მისი ნათლიების ხელშეწყობით ფრანსუაზი განათლების მისაღებად გაიგზავნა ქალაქ მონასტერში.

ფრანსუაზს არ მოსწონდა მონასტერში ცხოვრება, თუმცა ცნობილია, რომ იქ იგი დაუახლოვდა და სელისტეს, რომელმაც მასთან გამომშვიდობებისას განაცხადა: "მე ის იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე შემიძლია ვთქვა. რომ შემეძლოს, მთელს ცხოვრებას მის გვერდით გავატარებდი".

მონასტრიდან წამოსვლის შემდეგ ფრანსუაზზე მზრუნველობა მისმა ნათლიამ, სიუზენმა იკისრა. მან იგი პარიზში ჩაიყვანა, სადაც დახვეწილი მანერების სასწავლებლად იგი მაღალი ფენის არისტოკრატ ქალბატონებსა და ბატონებს გააცნო, რომლებთანაც მას მთელი დარჩენილი ცხოვრება ჰქონდა კავშირი.

აღზევება სამეფო კარზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლ სკარონი, ფრანსუაზის მეუღლე

პარიზული საზოგადოების გაცნობისას, სიუზენმა ფრანსუაზი შეახვედრა მასზე 25 წლით უფროს დიდგვაროვანსა და ნოველისტ პოლ სკარონს. სკარონი გარდა თავისი დიდი წარმომავლობისა, იყო ასევე პოეტი, ნოველისტი და დრამატურგი, რომელმაც თავის დროზე ლუი XIII-ის საყვარელ მარი დე ოტეფორის მფარველობის ქვეშ დიდი აღიარება ჰპოვა. მიუხედავად იმისა, რომ იგი გაცილებით უფროსი იყო ფრანსუაზზე და ამასთან უკვე მწვავე ტკივილებსაც უჩიოდა, მან მაინც ითხოვა მისი ხელი. ფრანსუაზს მართალია დიდად არ მოსწონდა იგი, თუმცა ცოლობაზე დასთანხმდა, ვინაიდან ეს იყო ერთადერთი გზა იმ სიღარიბის ჭაობიდან ამოსვლისა, რომელშიც მაშინ იყო. 1652 წელს პოლზე ქორწინებით ფრანსუაზი მადამ სკარონი გახდა, რითაც იგი პარიღის უმაღლესი არისტოკრატიული ფენის ნაწილად იქცა. რვა წლის მანძილზე ფრანსუაზი პოლის ცოლი იყო და სარგებლობდა კიდეც თავისი წარჩინებული მდგომარეობით.

მადამ სკარონი 1667 წელს

1660 წელს პოლ სკარონი გარდაიცვალა, რამაც მისი ახალგაზრდა და უშვილო ქვრივი რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. მომდევნო წლების მანძილზე დედა-დედოფალი ანა ავსტრიელი მას ყოველთვიურად 2, 000 ლივრს უხდიდა თავის გასატანად, თუმცა 1666 წელს ანას გარდაცვალების შემდეგ მეფე ლუი XIV-მ მას ეს პენსია შეუწყვიტა. გაჭირვებაში ჩავარდნილმა ფრანსუაზმა უკიდურეს გზას მიმართა და მხატვრებს შიშვლად პოზიორობაზეც კი თანხმდებოდა ფულის საშოვნელად. შემდგომი რამდენიმე წელი იგი ასე ცხოვრობდა, თუმცა მოგვიანებით იგი ლისაბონში მიიწვიეს, სადაც მას პორტუგალიის ახალი დედოფლის, მარია ფრანჩესკა სავოიელის სეფექალობას სთავაზობდნენ. ფრანსუაზი დიდი სიხარულით დასთანხმდა ამ შემოთავაზებას და პორტუგალიაში წასასვლელადაც დაიწყო მზადება, თუმცა ლუი XIV-ის საყვარელმა, მადამ დე მონტესპანმა იგი საფრანგეთში დარჩენაზე დაიყოლია. მონტესპანი მისი ახლო მეგობარი იყო და მალე მეფე მისი პენსიის აღდგენაზეც დაიყოლია, რითაც მადამ სკარონმა შესძლო სამშობლოში დარჩენა და კვლავ მაღალ ფენაში დაბრუნება.

მადამ სკარონი მარკიზა დე მონტესპანისა და ლუი XIV-ის ვაჟებთან ერთად

1669 წელს მადამ დე მონტესპანსა და საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს პირველი ვაჟი შეეძინათ, რომელსაც აღმზრდელად ისევ მონტესპანის რეკომენდაციით მადამ სკარონი დაუნიშნეს. ფრანსუაზი პატარა შატოში დააბინავეს ახალშობილთან ერთად და სამსახურისათვის დიდი ბეგარაც დაენიშნა, მას კი მხოლოდ ბავშვის აღზრდაზე მეთვალყურეობა ევალებოდა, რადგან საკუთრივ ბავშვს რამდენიმე ძიძა ზრდიდა. 1670 წელს მონტესპანმა მეორე ვაჟი გააჩინა, რომელიც ასევე ფრანსუაზს მიაბარეს. ლუი XIV კმაყოფილი იყო ფრანსუაზის რელიგიური აღზრდის მეთოდებით და ამისათვის ხშირად ასაჩუქრებდა კიდევაც. 1673 წელს მონტესპანისა და ლუის ვაჟები ლეგიტიმურებად სცნეს, რის გამოც ისინი ბურბონებად იქცნენ და ახლა უკვე ფრანსუაზთან ერთად სენ-ჟერმენის სამეფო სასახლეში გადავიდნენ.

1674 წელს კარგად შესრულებული სამუშაოსათვის მეფემ მადამ სკარონი 200, 000 ლივრით დააჯილდოვა, რითაც ფრანსუაზმა შესძლო და საკუთარი შატო შეიძინა პარიზში. მალევე მადამ სკარონმა დატოვა სამეფო აღმზრდელის პოსტი, რის მიზეზით ის გახდა, რომ მეფეს ფრანსუაზი მოსწონდა და ეარშიყებოდა მას, სკარონი კი ძალიან დაღალა მონტესპანთან ამის გამო გაუთავებელმა თავის მართლებამ. 1675 წელს ლუი XIV-მ მას მარკიზა დე მონტენონის წოდება მიანიჭა, რითაც ფრანსუაზი უკვე უმაღლესი ფენის არისტოკრატი გახდა და ვერსალის სამეფო კარზე გადავიდა საცხოვრებლად, რამაც მონტესპანის ეჭვიანობა გააორმაგა. სამეფო კარზე იგი მალევე გახდა ცნობილი, როგორც უშვილო ქვრივი, რომელიც ყველა ბავშვზე საოცრად ზრუნავდა.

"მარკიზა დე მონტენონმა იცის, რომ ძალიან მიყვარს იგი და დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მისი საყვარელი", სწორედ ასე განუცხადა ერთხელ, სრულიად საჯაროდ მეფემ მარკიზა დე მონტესპანს. 1670-იანი წლებიდან, მეფე საათობით დროს ატარებდა მონტენონთან, თუმცა ისინი მხოლოდ რელიგიაზე, პოლიტიკასა და ეკონომიკაზე საუბრობდნენ. ფრანსუაზი ლუის კატეგორიულ უარს უცხადებდა საყვარლობაზე, ამის მიზეზად კი დედოფალ მარია ტერეზა ესპანელს ასახელებდა. მონტენონს უყვარდა დედოფალი და არ სურდა მისი ქმრის საყვარელი გამხდარიყო, ამასთან იგი ძალიან რელიგიური ქალი იყო და ცოლიანი კაცებით არასდროს ინტერესდებოდა.

1680 წელს მარკიზა დე მონტენონი ლუიმ თავისი რძლის, მადამ დოფინ მარია ანა ბავარიელის სეფექალად დანიშნა. ამას მოჰყვა დიდი სამეფო სკანდალი, რასაც მონტესპანის სამუდამოდ გაძევება მოჰყვა სამეფო კარიდან, რა დროსაც ლუი XIV თავის მთელ თავისუფალ დროს მონტენონს უთმობდა, რომელმაც მასზე კარგი გავლენა იქონია. ფრანსუაზი მას დედოფალთან დაბრუნებას ჩააგონებდა და მესაზეც უფრო ხშირად ატარებდა. მეფის ცოლი, დედოფალი მარია ტერეზა ესპანელი, რომელიც წლების მანძილზე იყო მარკიზა დე მონტესპანის ჩრდილში, აცხადებდა, რომ მეფე არასდროს ყოფილა მასთან ისე ახლოს, როგორც იმ დროს.

ქორწინება ლუი XIV-ზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკიზა დე მონტენონი, მეფის მეუღლე

1683 წელს გარდაიცვალა საფრანგეთის დედოფალი მარია ტერეზა ესპანელი, რის შემდეგაც სულ რაღაც ერთ თვეში ლუი XIV-მ თავის საყვარელ მარკიზა დე მონტენონზე იქორწინა. თავდაპირველად ლუიმ და ფრანსუაზმა მალულად იქორწინეს. მათ ჯვარი პარიზის არქიეპოსკოპოსმა დასწერა. ამ ცერემონიალს კი ესწრებოდნენ სამეფო კარის მოძღვარი მამა შუაზიე და მეფის ახლო მეგობრები: მონშევრუას მარკიზი, შევალიერ დე ფორბინი და ალექსანდრე ბონტემი. მათ შორის არსებული აშკარა სოციალური დონის განსხვავების გამო, ეს ქორწინება მორგანული იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფრანსუაზი მართალია მეფის ცოლი იყო, თუმცა იგი დედოფალი არ ყოფილა. ქორწინების ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ისინი 1683 წლის 9 ოქტომბერს დაქორწინდნენ.

ამ ქორწინებას დიდი უკმაყოფილებით შეხვდა მონასტერში გამოკეტილი მონტესპანი, რომელმაც ამ ფაქტთან დაკავშირებით თავის დღიურში ასეთი ჩანაწერი გააკეთა:

ვიკიციტატა
„წინა კვირას, მადამ დე მონტენონი... მეფის ოფიციალურ მეუღლედ სცნეს მონშევრუას მარკიზმა და მარკიზამ, ნოალიეს ჰერცოგმა, შამარანტეს მარკიზმა, მონსინიორ ბონტემმა და მადმუაზელ ნინონმა როგორც გავიგე, საფრანგეთისა და ნავარის მეფე ერთ პატარა შატოში დაქორწინდა იმ უგვარო ქალზე.

მათ ქორწინებაში თვით სასულიერო პირებიც კი დაეხმარნენ. სამეფო კარზე დაბრუნების შემდეგ მონტენონმა დიდი და მდიდრული სადედოფლო პალატები დაიკავა, რასაც შემდგომში დიდი ზეიმი მოჰყვა. როგორც ჩანს, ვერსალში ყველაფერი ძველებურადაა.

საბოლოოდ, ისიც კი შევიტყვე, რომ მეფე მას მხოლოდ "მადამ"-ით მიმართავს და "მონტენონს" არ აყოლებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ შორის ძალიან ოჯახური ურთიერთობაა...“

გავლენები და მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთის მეფე ლუი XIV 1702 წელს, ფრანსუაზის მეორე ქმარი

ისტორიკოსები ხშირად აღნიშნავენ მადამ დე მონტენონის ძლიერ გავლენას ფრანგულ პოლიტიკაზე, რაც ერთობ მნიშვნელოვანი საკითხია მეფე მზის მმართველობის ხანაში. ლუი XIV ყველაზე მეტად სწორედ ფრანსუაზს ენდობოდა და ცხადია სწორედ ამიტომ, ყველაზე დიდი ძალაუფლებაც მას ჰქონდა. 1700 წლიდან მადამ დე მონტენონი პრემიერმინისტრის ეკვივალენტი ხდება. დედოფლის ოფიციალური წოდების გარეშე, მან უფრო მარტივად შესძლო მეფესთან დაახლოვება და მასზე გავლენის მოხდენა. ვინაიდან ფრანსუაზმა უარი თქვა დედოფლობაზე, ლუიმ იფიქრა, რომ მას არა გვირგვინის, არამედ სიყვარულის გამო გაჰყვა, რის გამოც იგი მისი უახლოესი პირი გახდა. ცნობილია, რომ რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ან განაჩენის გამოტანამდე კონსულტაციას ყოველთვის თავის საყვარელ მეუღლესთან გადიოდა. მადამ დე მონტენონი ამგვარ ძალაუფლებას პირადი პატრონაჟისათვის იყენებდა, მაგალითად იგი ფინანსურად ეხმარებოდა თავის ძმას, ობინეს გრაფ შარლს. ვინაიდან შარლი არ მიეკუთვნებოდა უმაღლეს არისტოკრატიულ წრეს, შემოსავალიც ნაკლები ჰქონდა და ცხოვრებაც უფრო უჭირდა, მისი მზრუნველი და კი, რომელიც მეფის ცოლი იყო შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა მას.

როგორც მკაცრად რელიგიურმა პიროვნებამ, მონტენონმა დიდი გავლენა მოახდინა მეფესა და სამეფო კარს. მან აკრძალა დიდთვლიანი და ძვირფასი სამკაულები და ისიც ცნობილია, რომ სასახლეში ღვინის შეტანას, ოპერისა და თეატრალური წარმოდგენების დადგმას მკაცრად კრძალავდა მარხვის დროს. ზოგიერთი სწორედ ფრანსუაზს სდებდა ბრალს იმაში, რომ მეფემ ჰუგენოტებისადმი შემწყნარებელი ნანტის ედიქტი გააუქმა, თუმცა როგორც მისი თანამედროვე მემატიანეები აღნიშნავენ, ფრანსუაზი მიუხედავად კათოლიკობისა, ცდილობდა შეეჩერებინა პროტესტანტების განახლებული დევნა.თუმცა შემდგომში ეს ისევ ფრანსუაზის საწინააღმდეგოდ შეატრიალეს და ამჯერად უკვე არა კათოლიკე ფანატიკოსობაში, არამედ ჰუგენოტობაში სდებდნენ ბრალს. ზოგიერთი ამბობდა, რომ იგი იმიტომ იჩენდა ჰუგენოტთა მიმართ ტოლერანტობას, რომ მამამისიც ჰუგენოტი იყო და თავად ფრანსუაზი ფარულად პროტესტანტული აღმსარებლობისა იყო. თუმცა მას საკმაოდ დიდი რეპუტაცია ჰქონდა და 1692 წელს ამ ჭორების გასაფანტად რომის პაპმა ინოკენტი XII-მ იგი კათოლიციზმის ერთგულებისათვის დააჯილდოვა.

მარკიზა დე მონტენონი

1684 წელს, ვერსალის სასახლიდან 5 კმ-ში მდებარე სენ-კირში ფრანსუაზმა დააარსა წმინდა ლუის სახელობის სამეფო სასწავლებელი დიდგვაროვანი გოგონებისათვის. მონტენონმა ამ დაწესებულების გასახსნელად დიდძალი ფული აიღო სამეფო ხაზინიდან, შემდეგ კი თავად დაწერა ამ სკოლის შინაგანა წესი და პირადად აკონტროლებდა მის ყოველ დეტალს. მისი მეგობრულობიდან და განათლებიდან გამომდინარე, ბევრი ამბობდა, რომ იგი პედაგოგად იყო დაბადებული. ცნობილია, რომ მის მოსწავლეებს შორის იყვნენ ლუი XIV-ის შვილიშვილის მეუღლე, ბურგუნდიის ჰერცოგინია მარია ადელაიდა სავოიელი. შემდგომში, სწორედ ამ სკოლამ იქონია გარდამტეხი გავლენა 1793 წელს საფრანგეთის რევოლუციაში ქალების ჩაბმასა და მათი პოლიტიკური უფლებების გაჩენაზე. ფრანსუაზს დიდად აღელვებდა იმ დროინდელი ქალების მძიმე ხვედრი, რის გამოც მისი მთელი ცხოვრების ოცნებად გენდერული თანასწორობის დაცვა იქცა. 1724 წლიდან საფრანგეთში ქალებისათვის განათლების მიღება სავალდებულო გახდა, რასთან ერთადაც მათ დაიწყეს დიდი ბრძოლა საკუთარი უფლებებისათვის, რის მთავარ სულის ჩამდგმელადაც სწორედ რომ მადამ დე მონტენონი გვევლინება. მისი ნამუშევრების ძლიერი გავლენა იგრძნობა მსოფლიოს პირველ ფემინისტურ დოკუმენტებშიც. იგი პარიზის სალონებში აწყობდა ინტელიგენციის შეხვედრებს, სადაც განიხილებოდა ქალთა სქესის თანასწორად აღქმისა და მათთვის ისეთივე უფლებების მინიჭების საკითხები, როგორიც მამაკაცებს ჰქონდათ.

მადამ დე მონტენონს ასევე დიდი გავლენები ჰქონდა ფინანსურ საკითხებშიც. მას მეფე ბრმად ენდობოდა, რის გამოც შესაძლოა ითქვას, რომ სამეფო ხაზინა მის ხელში იყო. ასევე ცნობილია ისიც, რომ ფრანსუაზი მფარველობდა მადამ დე მონტესპანისა და ლუი XIV-ის შვილებს. სწორედ მან შეუწყო ხელი შემდგომში მათ მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე მოხვედრასა და სარფიანად დაქორწინებას.

დარჩენილი ცხოვრება და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1715 წელს საფრანგეთის მეფე ლუი XIV გარდაიცვალა, ტახტზე მისი და მარია ტერეზა ესპანელის ხუთი წლის შვილთაშვილი ლუი XV ავიდა, რომელსაც რეგენტად დაენიშნა ლუი XIV-ის გარდაცვლილი ძმის, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ისა და მისი მეორე ცოლის, ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელის ვაჟი ფილიპ II. რეგენტს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ფრანსუაზთან, რის გამოც მან მას ვერსალში დარჩენის ნებაც დართო და ამასთან 48, 000 ლივრის ოდენობის ყოველთვიური პენსიაც დაუნიშნა.

ფრანსუაზი 1719 წლის 15 აპრილს გარდაიცვალა, 83 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს წმინდა ლუის სახელობის სამეფო სასწავლებელში. ცნობილია, რომ მის დაკრძალვას სამეფო ოჯახიდან არავინ დასწრებია. მისი გადასვენებისა და დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ მხოლოდ მისი ძმა შარლი და მისი ქალიშვილი, ნოალიეს ჰერცოგინია შარლოტ დ'ობინე. მომდევნო წლებში, ფრანსუაზის პატივსაცემად მემორიალები და მონუმენტები დაიდგა ბრეტანსა და შოტლანდიაში, კანადაში კი არის მისი სახელობის კუნძულიც.

ფრანსუაზი გაკვრით ჰყავს ნახსენები ალექსანდრე დიუმას თავის წიგნში "ოცი წლის შემდეგ".

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bertière, Simone : Les femmes de Louis XIV
  • Bryant, Mark (2004). "Partner, Matriarch, and Minister: Mme de Maintenon of France, Clandestine Consort, 1680-1715". In Campbell Orr, Clarissa. Queenship in Europe 1660-1815: The Role of the Consort. Cambridge University Press. pp. 77–106. ISBN 0-521-81422-7.
  • Buckley, Veronica (2008). Madame de Maintenon: The Secret Wife of Louis XIV. London: Bloomsbury. ISBN 0-7475-8098-7.
  • Fraser, Antonia (2006). Love and Louis XIV. London: Weidenfeld & Nicolson. ISBN 0-297-82997-1.
  • Herman, Eleanor (2004). Sex with Kings. New York: Harper Collins. ISBN 0-06-058543-9.
  • de Rochechouart de Mortemart, Françoise-Athénaïs (1899). The Memoirs of Madame de Montespan. Boston: L. C. Page and Company, Inc.
  • de Rouvroy, Louis. St. John, Bayle, ed. The Memoirs of Louis XIV., His Court and The Regency, Complete.
  • Public Domain This article incorporates text from a publication now in the public domain: Chisholm, Hugh, ed. (1911). "Maintenon, Françoise d'Aubigné, Marquise de". Encyclopædia Britannica (11th ed.). Cambridge University Press.