შინაარსზე გადასვლა

ფრანსისკო ქსავიერ დო ამარალი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანსისკო ქსავიერ დო ამარალი
დაბადების თარიღი 3 დეკემბერი, 1937(1937-12-03)
დაბადების ადგილი Turiscai, Portuguese Timor
გარდაცვალების თარიღი 6 მარტი, 2012(2012-03-06)[1] (74 წლის)
გარდაცვალების ადგილი დილი
მოქალაქეობა  აღმოსავლეთი ტიმორი

ფრანსისკო ქსავიერ დო ამარალი (დ. 3 დეკემბერი, 1937 — გ. 6 მარტი, 2012) — აღმოსავლეთ ტიმორელი პოლიტიკოსი. იგი იყო „აღმოსავლეთი ტიმორის დამოუკიდებლობის რევოლუციური ფრონტის“ (Fretilin) ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამარალმა აღმოსავლეთ ტიმორის პირველი პრეზიდენტის ფიცი დადო 1975 წლის 28 ნოემბერს, როდესაც ქვეყანამ, რომელიც მაშინ პორტუგალიის კოლონია იყო, დამოუკიდებლობა ცალმხრივად გამოაცხადა.[2]

2001 წლიდან 2012 წლამდე, გარდაცვალებამდე, იგი იყო ეროვნული პარლამენტის წევრი „ტიმორის სოციალ-დემოკრატიული ასოციაციიდან“.[3] აღმოსავლეთ ტიმორელებს შორის ამარალი ასევე ცნობილი იყო მოფერებითი სახელით „აბო (ბაბუა) ქსავიერი“.[2]

ამარალი წარმოშობით მამბაის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი იყო.[4] იგი იმ მეფეების შთამომავალი იყო, რომლებიც მართავდნენ ტერიტორიას, რომელიც დღეს აღმოსავლეთ ტიმორის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში, მანუფაჰის რაიონში მდებარეობს.[2] 1974 წელს მან ლუსია ოსორიო სოარესზე იქორწინა, თუმცა ისინი მალევე დაშორდნენ.[5] წყვილს შვილები არ ჰყოლია[6] და ამარალს მეორედ აღარ უქორწილია.[7]

აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970-იანი წლების დასაწყისში ამარალმა დააფუძნა „ტიმორის სოციალ-დემოკრატიული ასოციაცია“.[2] ეს პარტია, რომელიც „აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობის რევოლუციური ფრონტის“ (Fretilin) წინამორბედად მიიჩნევა, პორტუგალიისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას უჭერდა მხარს.[2]

ამარალმა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ფიცი 1975 წლის 28 ნოემბერს დადო, როდესაც აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ პორტუგალიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.[2] მისი პრეზიდენტობა მხოლოდ 10 დღეს გაგრძელდა, რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა „Fretilin“-ის წევრებთან ერთად ქვეყნის მთიან შიდა რაიონებში გაქცეულიყო 1975 წლის 7 დეკემბერს დაწყებული ინდონეზიის ინტერვენციის გამო.[2]

მიუხედავად იმისა, რომ 1975 წელს მსოფლიოს მთავრობების უმეტესობამ უარი თქვა აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობისა თუ ამარალის ხელისუფლების აღიარებაზე, აღმოსავლეთ ტიმორელი ხალხი მას მაინც ქვეყნის პირველ პრეზიდენტად მიიჩნევდა. ამას ადასტურებს დეკინის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი და აღმოსავლეთ ტიმორის საკითხებში წამყვანი ექსპერტი დემიენ კინგსბერიც.[2]

პატიმრობა და დევნილობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1977 წელს, ინდონეზიის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, ამარალი „Fretilin“-იდან გარიცხეს და პარტიის მარქსისტულმა ფრაქციამ დააპატიმრა.[2] „Fretilin“-ის წევრებს იგი ტყვეობაში ჰყავდათ და ხშირად გადაჰყავდათ ადგილიდან ადგილზე ინდონეზიის სამხედრო ძალებთან ბრძოლის პარალელურად. 1978 წლის აგვისტოში, როდესაც მისი დამატყვევებლები ჩასაფრებაში მოჰყვნენ, იგი მიატოვეს, რის შემდეგაც იგი დაუყოვნებლივ დააპატიმრა ინდონეზიის არმიამ.[2]

1980-იანი წლების ბოლოდან 1999 წლამდე ამარალი იყო „ინდონეზია-პორტუგალიის მეგობრობის ასოციაციის“ (PPIP) თანათავმჯდომარე. ეს იყო ჯაკარტაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანსაც პორტუგალიის საზოგადოებრივ ლიდერებთან დიალოგის დამყარება და აღმოსავლეთ ტიმორის საკითხის არაპოლიტიკური, ხალხის მიერ ინიცირებული გადაწყვეტის გზების ძიება წარმოადგენდა.

ინდონეზიის მთავრობა ამარალს, მისი დატყვევების შემდეგ, პროპაგანდისტულ იარაღად იყენებდა აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობის მოძრაობის გასახლეჩად.[2] იგი გადაასახლეს ბალიზე, სადაც აიძულებდნენ შინამოსამსახურედ ემუშავა გენერალ დადინგ კალბუადისთან, რომელიც აღმოსავლეთ ტიმორში ინდონეზიის შეჭრის ერთ-ერთი ლიდერი იყო.[2] 1983 წელს იგი ჯაკარტაში გადაიყვანეს, სადაც დაუახლოვდა კიდევ ერთ გადასახლებულ ტიმორელ პატიმარს, შანანა გუჟმაუს.[2] ჯაკარტაში პატიმრობის პერიოდში ამარალი და გუჟმაუ ახლო მეგობრები გახდნენ.[2]

ჯაკარტაში დევნილობისას ამარალი ცდილობდა ინდონეზიის მთავრობასთან რამდენიმე სამშვიდობო შეთანხმებაზე ეწარმოებინა მოლაპარაკება.[2] მისი ეს მცდელობები სხვა აღმოსავლეთ ტიმორელ სეპარატისტებში დიდ უკმაყოფილებასა და აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა.[2] მართალია, იგი გენერალ კალბუადის სახლიდან გაათავისუფლეს, თუმცა დევნილობის დარჩენილი პერიოდი სიღარიბეში გაატარა.[2] ამარალი ჯაკარტაში 1983 წლიდან 1999 წლამდე, ინდონეზიის მიერ აღმოსავლეთ ტიმორის დატოვებამდე დარჩა.

დაბრუნება აღმოსავლეთ ტიმორში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დევნილობიდან დაბრუნებისთანავე ამარალმა აღადგინა თავისი პარტია – „ტიმორის სოციალ-დემოკრატიული ასოციაცია“.[2] იგი აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტობის კანდიდატი სამ საპრეზიდენტო არჩევნებში იყო: 2002, 2007 და 2012 წლებში.[2]

2001 წლის ბოლოს მისმა პარტიამ იგი წარადგინა კანდიდატად პოსტ-ოკუპაციურ პირველ არჩევნებზე, რომელიც 2002 წლის აპრილში გაიმართა.[2] 2002 წლის არჩევნებში მისი მეტოქე საკუთარი მეგობარი, შანანა გუჟმაუ იყო.[2] ამარალი საჯაროდ აცხადებდა, რომ გუჟმაუსთან დამარცხებას მოელოდა, თუმცა მიაჩნდა, რომ აღმოსავლეთ ტიმორის ახალგაზრდა დემოკრატია რეალურ კონკურენციას იმსახურებდა.[2] მოლოდინისამებრ, გუჟმაუმ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.[2]

ამარალმა პრეზიდენტის პოსტისთვის მეორედ 2007 წლის აპრილის არჩევნებში იბრძოლა,[8] არჩევნების მეორე ტურში ამარალის კიდევ ერთმა მეგობარმა, ჟოზე რამუშ-ჰორტამ გაიმარჯვა.[2]

2011 წელს ამარალს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. იგი ერთ-ერთი იყო იმ ცამეტ კანდიდატს შორის, რომლებიც 2012 წლის 17 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე წარადგინეს.[2] თუმცა, ამარალი იმდენად მძიმედ იყო ავად, რომ 2012 წლის 29 თებერვალს საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ გახსნაზე გამოჩენა ვერ შეძლო, რამაც მისი კანდიდატურა და თავად არჩევნების ლეგიტიმურობა საფრთხის ქვეშ დააყენა.[2] მარტის დასაწყისში აღმოსავლეთ ტიმორის ეროვნულმა პარლამენტმა სპეციალური პლენარული სხდომა გამართა საპრეზიდენტო არჩევნების კანონში ცვლილების შესატანად, რათა ამარალის არყოფნას კამპანიის გახსნაზე მთელი არჩევნების გაუქმება არ გამოეწვია.[2]

ფრანსისკო ქსავიერ დო ამარალი 2012 წლის 6 მარტს, დილის 8:44 საათზე, დილის გუიდო ვალადარესის ეროვნულ ჰოსპიტალში, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.[2][6] ქვეყანაში გამოცხადებული სამდღიანი გლოვის შემდეგ,[9][10] მას სახელმწიფო პატივით მიაგეს პატივი და დილიში, მეთინაროს გმირთა სასაფლაოზე დაკრძალეს.[2][11]

2017 წლის 20 მაისს, აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობის აღდგენის 15 წლისთავზე, დილიში, საკონვენციო ცენტრთან მდებარე წრიულზე, ფრანსისკო ამარალის ძეგლი გაიხსნა.[12]

  • Goldstone, Anthony (8 March 2012). „Francisco Xavier do Amaral obituary“. The Guardian. ციტირების თარიღი: 7 April 2023.
  • Gunter, Janet (6 March 2012). „East Timor: Nation Loses a Treasured Political Elder“. Global Voices (ინგლისური). ციტირების თარიღი: 7 April 2023.
  • Kingsbury, Damien (14 March 2012). „A charismatic revolutionary“. The Sydney Morning Herald (ინგლისური). ციტირების თარიღი: 7 April 2023.
  • Nicol, Bill (2002) „Chapter Eleven: Strange Bedfellows“, Timor: A Nation Reborn. Jakarta: Equinox Publishing, გვ. 106–120. ISBN 979958986X. 
  • Niner, Sara (2000). „A Long Journey of Resistance: The Origins and Struggle of the CNRT“. Bulletin of Concerned Asian Scholars. 32 (1 and 2): 11–18. doi:10.1080/14672715.2000.10415775. ISSN 0007-4810. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-12-17. ციტირების თარიღი: 2026-02-28.
  • Nygaard-Christensen, Maj (1 September 2012). „Timor-Leste's Proclaimer of Independence“. Critical Asian Studies (ინგლისური). 44 (3): 493–498. doi:10.1080/14672715.2012.711983. ISSN 1467-2715.
  • Santoso, Aboeprijadi. Presiden Sepuluh Hari id (8 March 2012). ციტირების თარიღი: 8 April 2023[მკვდარი ბმული]
  • ————————— (12 March 2012). „Obituary: Xavier do Amaral: Forgotten founder of an independent Timor Leste“. The Jakarta Post (ინგლისური). ციტირების თარიღი: 7 April 2023.
  • Santoso, Aboeprijadi. Xavier do Amaral – Forgotten Founder of Independent Timor Leste en (2012). ციტირების თარიღი: 8 April 2023[მკვდარი ბმული]
  • „Francisco Xavier do Amaral“. The Times (ინგლისური). 3 April 2012. ციტირების თარიღი: 7 April 2023.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ East Timor founding father Francisco Xavier do Amaral dies
  2. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 Alford, Peter (7 March 2012). „Resistance-era president of East Timor, Francisco Xavier do Amaral, dies in Dili, aged 74“. The Australian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 March 2012. ციტირების თარიღი: 6 March 2020.
  3. ↑ Dareini, Ali. (17 April 2002) East Timor founding father Francisco Xavier do Amaral dies. Herald Sun. ციტირების თარიღი: 6 March 2012
  4. ↑ Asian survey, University of California Press, 2003, Volume 43, Issues 4–6, p. 754
  5. ↑ Goldstone, Anthony (2012-03-08). „Francisco Xavier do Amaral obituary“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2025-06-30.
  6. 1 2 Francisco Xavier do Amaral en (2012-04-03). ციტირების თარიღი: 2025-06-30
  7. ↑ Kingsbury, Damien. (2012-03-14) A charismatic revolutionary en. ციტირების თარიღი: 2025-06-30
  8. ↑ "Timorese prepare to elect new president", Australian Associated Press (The Sydney Morning Herald), 10 March 2007.</ref სადაც პირველ ტურში ხმების 14,39%-ით მეოთხე ადგილი დაიკავა.<ref name=australian/><ref>Results of 2007 presidential election დაარქივებული 16 February 2008 საიტზე Wayback Machine. , East Timor Election Commission website.
  9. ↑ „República Democrática de Timor-Leste Decretos do Governo 2/2012: Luto Nacional pelo Senhor Francisco Xavier do Amaral“ [Democratic Republic of Timor-Leste Government Decree 2/2012: National mourning for Francisco Xavier do Amaral]. Jornal da República (პორტუგალიური). 6 March 2012. ციტირების თარიღი: 7 April 2023.
  10. ↑ Government decrees National Mourning for the death of Francisco Xavier do Amaral en (6 March 2012). ციტირების თარიღი: 7 April 2023
  11. ↑ McKittrick, David (14 March 2012). „Francisco Xavier do Amaral: Politician who helped lead thestruggle [sic] to liberate East Timor“. The Independent. London.
  12. ↑ Statue of Francisco Xavier do Amaral inaugurated in Dili en. Government of Timor-Leste.