ფრანსისკო მასიას ნგემა
| ფრანსისკო მასიას ნგემა | |
ნგემა 1968 წელს | |
| ეკვატორული გვინეის პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 12 ოქტომბერი, 1968 – 3 აგვისტო, 1979 | |
| წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
| მემკვიდრე | თეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგო |
| დაბადებული | 1 იანვარი 1924 რიო-მუნი, ესპანეთის გვინეა |
| გარდაცვლილი | 29 სექტემბერი, 1979 (55 წლის) ეკვატორული გვინეა |
| პოლიტიკური პარტია | ეგმგეპ |
| რელიგია | ათეისტი |
ფრანსისკო მასიას ნგემა (ესპ. Francisco Macías Nguéma Bijogo Ñegue Ndong; დ. 1 იანვარი 1924, რიო-მუნი, ესპანური გვინეა — გ. 29 სექტემბერი, 1979, ბიოკო, ეკვატორული გვინეა) — ეკვატორული გვინეის პირველი პრეზიდენტი 1968–1979 წლებში. იგი ფართოდაა ცნობილი, როგორც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და ექსცენტრიული დიქტატორი. პრეზიდენტობისას იგი გამოირჩეოდა უცნაური და არაპროგნოზირებადი ქცევით, იმ დონემდე, რომ მის ბევრ თანამედროვეს იგი ჭკუიდან შეშლილი ეგონა.[1]
ფანგის ხალხის წარმომადგენელ მასიას ნგემას ესპანური კოლონიური მმართველობისას მრავალი ოფიციალური თანამდებობა ეჭირა, სანამ 1968 წელს დამოუკიდებელი ქვეყნის პირველ პრეზიდენტად აირჩევდნენ. მმართველობის დასაწყისშივე მან ძალაუფლების კონსოლიდაცია მოახდინა პიროვნების უკიდურესი კულტის დამყარებითა და ერთპარტიული სახელმწიფოს შექმნით, რომელსაც მისი მშრომელთა გაერთიანებული ეროვნული პარტია (PUNT) მართავდა. 1972 წელს თავი მუდმივ პრეზიდენტად გამოაცხადა.
პრეზიდენტობისას მას აკლდა თანმიმდევრული პოლიტიკური იდეოლოგია — აღსანიშნავია, რომ ერთ მომენტში მან თავი „ჰიტლერელ-მარქსისტადაც“ კი მოიხსენია.[2]საშინაო პოლიტიკაში მისი პრეზიდენტობა ხასიათდებოდა აფრიკანიზაციის მცდელობებითა და არაფანგური ეთნიკური ჯგუფების სასტიკი დევნით. საგარეო პოლიტიკაში იგი სწრაფად დაუპირისპირდა ესპანეთს და აღმოსავლეთის ბლოკს დაუახლოვდა, რის შედეგადაც მხარდაჭერას იღებდა საბჭოთა კავშირისგან, კუბისგან და ჩრდილოეთ კორეისგან, ხოლო შედარებით ნაკლები ხარისხით — საფრანგეთისა და მისი ადგილობრივი მოკავშირეებისგან, როგორიცაა კამერუნის პრეზიდენტი აჰმადუ აჰიჯო და გაბონის პრეზიდენტი ომარ ბონგო, თუმცა 1976 წლისთვის კამერუნსა და გაბონთან ურთიერთობები ჩამოიშალა. მისი დიქტატურის მხრიდან ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ეკონომიკური არასწორი მართვის გამო, დევნის თავიდან ასაცილებლად ქვეყნიდან ათობით ათასი ადამიანი გაიქცა. ამის გამო ეკვატორულ გვინეას საერთაშორისო ასპარეზზე „აფრიკის დახაუ“ შეერქვა.[3] მისმა მმართველობამ ასევე გამოიწვია „ტვინების გადინება“, რადგან ინტელექტუალები და განათლებული ფენები მისი დევნის განსაკუთრებული სამიზნეები იყვნენ. 1979 წელს იგი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ჩამოაგდო მისმა ძმისშვილმა, თეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგომ, რის შემდეგაც იგი გასამართლდა და სიკვდილით დასაჯეს.[4]
სხვადასხვა წყაროს თანახმად, ქვეყანაში მცხოვრები დაახლოებით 200 000–300 000 ადამიანიდან 20 000-დან 80 000-მდე მოკლეს მისი რეჟიმის დროს, ხოლო ათობით ათასი ქვეყნიდან გაიქცა. მისი მთავრობის ძალადობრივი, არაპროგნოზირებადი და ანტიინტელექტუალური ხასიათის გამო მას პოლ პოტს ადარებენ.[5]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Shaw, Karl (2005) [2004] (in Czech). Power Mad! [Šílenství mocných]. Praha: Metafora. ISBN 80-7359-002-6.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Pauron, Michael. (12 October 2018) Ce jour-là : le 12 octobre 1968, le Tigre de Malabo arrive au pouvoir fr. JeuneAfrique.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 4, 2023. ციტირების თარიღი: 8 May 2019
- ↑ Caden, Cynthia. Guinea Ecuatorial El Auschwitz De África.
- ↑ Roberts, Adam (2006). The Wonga Coup. Public Affairs. ISBN 978-1586483715.
- ↑ „Equatorial Guinea 'stops coup attempt by mercenaries'“. BBC.com. 3 January 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 16, 2023. ციტირების თარიღი: 29 January 2019.
- ↑ Suleiman, Rashid. Macias Nguema: Ruthless and bloody dictator. Afroarticles.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 November 2014. ციტირების თარიღი: 1 December 2014
| წინამორბედი: |
ეკვატორული გვინეის პრეზიდენტი 1968-1979 |
შემდეგი: თეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგო |