შინაარსზე გადასვლა

ფოტოლაბორატორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოძრავი ფოტოლაბორატორია, ფოტოგრაფიის შექმნის ეპოქაში

ფოტოლაბორატორია — ანალოგურ ფოტოგრაფიაში, გარე სინათლისაგან დაცული სათავსი, სადაც მიმდინარეობს მუშაობა შუქმგრძნობიარე ფოტოგრაფიულ მასალაზე. ფოტოლაბორატორიის მოწყობილობა მრავალნაირია და დამოკიდებულია წაყენებულ მოთხოვნებზე.

სტაციონარულ ფოტოლაბორატორიას აქვს ელექტროენერგიია და წყლის მიმყვანი, კანალიზაცია და ვენტილაცია (ხშირად ჰაერის კონდიცირების სისტემაც). ფოტოლაბორატორიაში დგამენ მაგიდას ფოტოგრაფიული აპარატისა და ფოტოგრაფიული კასეტის დასამუხტად, გასამჟღავნებლად, დასაფიქსირებლად, გასარეცხად და სხვა ფოტოოპერაციების შესასრულებლად; აგრეთვე კარადას საჭირო ქიმიურ ნივთიერებათა, ხსნარების, ფოტომასალისა და ქიმიური ჭურჭლის შესანახად. ფოტოლაბორატორიაში უნდა იყოს გამოსახულების საბეჭდი და სარეპროდუქციო დანადგარები, საშრობი მოწყობილობა, სახურებელი ხელსაწყოები და სხვა. კედლებსა და ჭერს ღებავენ უმთავრესად თეთრად ან ღია ყვითლად. დიდ ფოტოლაბორატორიაში, სადაც რამდენიმე სათავსია, იყენებენ ისეთ მოწყობილობას, რომელიც უზრუნველყოფს ფოტომასალის დამუშავების პროცესების ნაკადურობასა და სტანდარტულობას, მაღალ შრომის ნაყოფიერებას. სამეცნიერო დაწესებულებასთან, ფოტოატელიესთან, კლუბთან და მისთ. არსებულ ფოტოლაბორატორიაში ფოტომასალას ამუშავებენ ნახევრად ავტომატურად.

მოძრავ ფოტოლაბორატორიას აწყობენ ავტომობილზე, თვითმფრინავზე, კოსმოსურ საფრენ აპარატზე და ა. შ. ფოტოგრაფიის ადრეულ ეტაპზე ფოტოლაბორატორიებად სპეციალურ სინათლისგან დაცულ ურმებს იყენებდნენ და მოგზაურობის დროს გადაადგილდებოდნენ მინის ნეგატივებითა და ფოტოგრაფიული წურჭელ-ინვენტარით. მოძრავ ფოტოლაბორატორიას აქვს სპეციალური მცირეგაბარიტიანი მოწყობილობა. ფოტოგრაფიული პროცესები მასში მიმდინარეობს ავტომატურად და სწრაფად. მოძრავი ფოტოლაბორატორიის განსაკუთრებული სახეობაა საექსპედიციო ფოტოლაბორატორია — პორტატული ყუთ-ჩემოდანი. მას იყენებენ საველე პირობებში სამუშაოდ.