ფოლადაურის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფოლადაურის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაურში, ნასოფლარ შერმაზანას ჩრდილო-აღმოსავლეთით ერთ კილომეტრზე. ეკლესია დარბაზულია ჩრდილოეთის და სამხრეთის ეკვდერებითა და დასავლეთისა და სამხრეთის კარიბჭეებით. აღდგენილია 2014-2015 წლებში. ეკლესიის მშენებლობაში სამი ეტაპი გამოიყოფა: ადრეული შუა საუკუნეების, რომლიდანაც ძალიან მცირე ნაწილია მოღწეული, VIII-IX საუკუნიდან, ამ პერიოდისაა ძირითადი ქარგა და XIII-XIV საუკუნის მინაშენები, მოხატულობა. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის დაუმუშავებელი ქვიშაქვისა და ბაზალტის ქვით კირ-დუღაბზე . კაპიტელებად და თაღებად ნათალი ქვებია გამოყენებული.

შესასლელი სამი აქვს, სამხრეთის და დასავლეთის კარი გარედან არქიტრავითაა დასრულებული შიგნიდან თაღოვანია. ჩრდილოეთის კარი მოგვიანებით ეკვდერისთვის უნდა იყოს გაჭრილი. სამხრეთის კედელში ორი, დანარჩენ კედლებში კი თითო თაღოვანი და შიგნით წირთხლებგაგანიერებული სარკმლებია გაჭრილი. კედლები დასრულებულია ბატიყელა კარნიზით, რომელზეც დაწყობილი ყოფილა კრამიტის სახურავი. ადგილ-ადგილ გამოუყენებიათ კრამიტის ლორფინები.

XIII-XIV საუკუნის მხატვრობიდან ამჟამად ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტები შემორჩენილია საკურთხეველში. მოხატულობა სამ რეგისტრად ყოფილა შესრულებული. პირველ რეგისტრში თაღნარში ეკლესიის ექვსი მამაა გამოსახული. დანარჩენი რეგისტრები აღარ იკითხება. ტაძრის XIII საუკუნის კარიბჭეებიდან ამჟამად აღდგენილია სამხრეთის, რომელიც უფრო ადრეული ეკვდერის სივრცეშია ჩართული. დასავლეთის კარიბჭიდან შემორჩენილია ერთსაფეხურიან ცოკოლზე მოწყობილი იატაკი და ლილვებით პროფილირებული ოთხი სვეტის ძირი, რაც მოწმობს, რომ დასავლეთის კარიბჭე სამი მხრით გახსნილი ფანჩატური იყო.

სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ერთი ნიშა აღმოსავლეთის კედელთანაა დატანებული, ხოლო ორი დიდი და პატარა ერთმანეთის თავზე, სამხრეთის სარკმლის მარცხნივ. ეკვდერის კამარა კედლებსა და ტაძრის სამხრეთ კედელზე მიშენებულ ორ თაღს ეყრდნობა. თაღებიდან ერთი ნათალი ქვითაა გადაყვანილი, მეორე კი ნატეხი ქვითაა ნაწყობი. ტაძრის რეაბილიტაციის დროს აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, რომელიც მოიცავს კეცის, ქოთნებისა და ქვაბ-ქოთნების, ქვევრის და მოჭიქული ჯამების ფრაგმენტებს (ამჟამად გადატანილია ბოლნისის მუზეუმში) ტიპიურია XIII-XIV საუკუნის კერამიკული ნაწარმისა, განსაკუთრებით ქვემო ქართლის ამ პერიოდის ნასახლარებზეა დადასტურებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39299