ფოთოლთგანლაგება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფოთოლთგანლაგების მოვლენა მზესუმზირას მაგალითზე

ფოთოლთგანლაგება, ფილოტაქსისი (ბერძ. phyllon — ფოთოლი და taxis — განლაგება, რიგი) — ფოთლების განლაგების რიგი ღეროზე; არსებობს ფოთოლთგანლაგების 3 ძირითადი ტიპი: მორიგეობითი ანუ სპირალური (ღეროს ყოველი მუხლიდან თითო ფოთოლი გამოდის), მოპირისპირე (ყოველ მუხლზე 2 ფოთოლი ზის) და რგოლური (ყოველ მუხლზე ორზე მეტი ფოთოლია). ფოთოლთგანლაგებაღეროზე გარკვეულ კანონზომიერებას ექვემდებარება.

მორიგეობითი ანუ სპირალური ფოთოლთგანლაგების დროს ერთ ვერტიკალზე გაწყობილია რამდენიმე ფოთოლი. მათი მიმაგრების ადგილას პირობითი ხაზით შეერთების შედეგად იქმნება ძირითადი გენეტიკური სპირალი. სწორ ხაზებს, რომლებიც ერთი მეორის ზევით მდებარე ორ ფოთოლს აერთებს, ეწოდება ორთოსტიქები, ხოლო იმ ფოთლების ერთობლიობას, რომლებიც ძირითად სპირალზე და ერთ ორთოსტიქზეა განლაგებული (უკანასკნელი ფოთლის გამოკლებით) — ფოთლის ციკლი. კუთხეს, რომლითაც ფოთლები დაშორებულია ერთიმეორისაგან, დაშორების კითხე ჰქვია. სპირალური ფოთოლთგანლაგება შეიძლება გამოისახოს წილადით, სადაც მრიცხული გამოხატავს ერთი ფოთლის ციკლის ძირითადი სპირალის ხვევების რაოდენობას, ხოლო მნიშვნელი — ამ ციკლში შემავალი ფოთლების რიცხვს, რომელიც ემთხვევა ღროზე ორთოსტიქების რაოდენობას.

ფოთლები ღეროზე ისეა განლაგებული, რომ ნაკლებად ჩრდილავენ ერთმანეთს და უზრუნველყოფენ ფოტოსინთეზისათვის სრულყოფილი სინათლის მიღებას. ამას განაპირობებს ყუნწის სხვადასხვა სიგრძე. მისი მოხვევა, ფოთლის ფირფიტის სხვადასხვა ზომა და ფორმა, სივრცეში ორიენტაცია და ა. შ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]