ფოთოლეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Potoleti church (1).jpg

ფოთოლეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–აღმოსავლეთით 18 კმ–ში მდებარე დაბა ახალდაბის სამხრეთით 5 კილომეტრის მანძილზე, მთის ოდნავ გავაკებულ ფერდზე, ფოთოლეთად წოდებულ ტყეში.

ფოთოლეთის ეკლესია მიჩნეულია გრიგოლ ხანძთელის მოწაფის ქრისტეფორეს მიერ IX საუკუნის 40-იან წლებში დაარსებულ კვირიკეწმიდის მონასტრად. თუმცა არქიტექტურული მონაცემების საფუძველზე ტაძრის აშენების თარიღად ასევე მიღებულია უფრო ზოგადი ქრონოლოგიური მონაკვეთი IX-X საუკუნეები. არქეოლოგიური მონაცემებით ფოთოლეთის ეკლესია XVI საუკუნის დასასრულს წყვეტს ფუნქციონირებას და უკაცრიელდება. სავარაუდოდ, ამ დროს მიეცა დავიწყებას ტაძრის ძველი სახელწოდებაც. ფოთოლეთის ეკლესია სამეკლესიან ბაზილიკას წარმოადგენს. ტაძარი ნაშენია მოვარდისფრო-მოყავისფრო ტონის უხეშად დამუშავებული ზომის ქვებით, რომელიც მხოლოდ პირითა მხრიდანაა მოსწორებული. შედარებით წესიერად გათლილი დიდრონი ქვები ნახმარია პილასტრებისა და ღიობთა წირთხლებისათვის. შუა ძირითად სივრცეს სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ერტყმის ერთიანი სამმხრივი გარშემოსავლელი, რომელსაც მხოლოდ ჩრდილოეთის ფრთის აღმოსავლეთ ბოლოში გამოეყოფა მოგრძო აფსიდიანი ცალკე სათავსი-სამკვეთლო. ეკლესიის შუა ნაწილს გარშემოსასვლელთან ორი კარი აკავშირებს— სამხრეთისა და დასავლეთისა, რომელთა პირდაპირ არის გაჭრილი თვით ეკლესიის შესასვლელებიც. სამკვეთლო თითო კარითაა დაკავ-შირებული ცენტრალურ ნაწილთან და გარშემოსავლელთან. VIII-IX საუკუნეების ბორჯომის ხეობის სხვა ეკლესიების მსგავსად, ფოთოლეთის ტაძარს ახასიათებს სისადავე, ლაკონურობა და სამკაულების ნაკლებობა.

რესტავრაციის საპროექტო სამუშაოებისათვის აუცილებელი არქეოლოგიური გათხრები ფოთოლეთის ეკლესიის შენობის ნანგრევებში 2007-2008 წლებში ჩატარდა. გათხრებს 2007 წელს ხელმძღვანელობდა რ. დავლიანიძე, 2008 წელს კი რეზო ხვისტანი.

ფოთოლეთის ეკლესიის შენობაში არქეოლოგიური გათხრები 1939 წელსაც ჩატარდა სიძველეთა კომიტეტის მიერ. გათხრებს ხელმძღვანელობდნენ რუსუდან მეფისაშვილი და ზ. მაისურაძე. სწორედ მაშინ გამოვლინდა X საუკუნით დათარიღებული შესანიშნავი კანკელი და კარნიზის დეკორატიული მორთულობისათვის განკუთვნილი სამკუთხედის ფორმის ბოლოების მქონე კრამიტები, რომელთა ჩაღრმავებულ სამკუთხედებში მოქცეულია ერთმანეთის პირისპირ მდგომი ირმების რელიეფური გამოსახულებები. ფოთოლეთის ეკლესიის ძველი კანკელის ფრაგმენტები ამჟამად შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება, რომლის მარცხენა ბოძის სიგრძეზე ამოკაწრულია XI საუკუნის წარწერები, რომელიც შესწავლის პროცესშია და მალე გახდება ცნობილი ფართო სამეცნიერო საზოგადოებისათვის.

2007-2008 წლებში ფოთოლეთის ეკლესიაში რესტავრაციის საპროექტო სამუშაოებისათვის აუცილებელი არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა. 2007 წელს არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდა რ. დავლიანიძე, ხოლო 2008 წელს კი რ. ხვისტანი. სწორედ 2008 წლის არქეოლოგიური გათხრების ფარგლებში ეკლესიის ჩრდილო გარშემოსავლელში, უფრო კონკრეტულად, სამკვეთლოს დასავლეთით, კედლის ძირში გამოვლენილ იქნა აკლდამა. აკლდამის სახურავ ქვის ფილაზე შესრულებულია შერეული ასომთავრული, ნუსხური და მხედრული ნაკაწრი წარწერები. ამჟამად აღნიშნული წარწერიანი ქვის ფილა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

ფოთოლეთის ეკლესია ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

2011 წლიდან ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) ლოცვა-კურთხევით აღდგა ტაძარში სამონასტრო ცხოვრება. დღეისათვის ფოთოლეთის ეკლესია მოქმედია და მამათა მონასტერს წარმოადგენს. მთავარი ტაძარი წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობისაა, სამხრეთი ნავი წმიდა სერაფიმე საროველის სახელობისაა, ხოლო ჩრდილოეთ ნავში სამკვეთლოა განთავსებული.

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხვისტანი რ., მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის, თბ., 2009
  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 2014, გვ. 14-17
  • ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი, თბ., 1985
  • გელაშვილი ბ., ბორჯომის ხეობა XI-XIII საუკუნეებში, თბ., 2013
  • მეფისაშვილი რ., გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა სააღმშენებლო მოღვაწეობა ქართლში, საქ. სსრ მეცნ. აკად. სახზ. განყ. მოამბე, 1963, # 4.
  • შმერლინგი რ., ქართული ხუროთმოძღვრული ორნამენტი, თბ., 1954
  • ხვისტანი რ., მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის“, თბ., 2009
  • ხოშტარია დ., კვირიკეწმინდის ადგილმდებარეობის საკითხისათვის, მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის..., 1985, # 1.
  • ხოშტარია დ., X საუკუნის სამონასტრო ეკლესიები ტაძრის – საკირის მიდამოებში, მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის..., 1986, # 3.
  • ხოშტარია დ., IX-X საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლები ბორჯომის ხეობაში, საკანდიდატო დისერტაცია და ავტორეფერატი, თბ., 1987
  • ხოშტარია დ., ჯავახეთის საეკლესიო ხუროთმოძღვრების ზოგიერთი თავისებურება, `ლიტერატურა და ხელოვნება 1997 წ., # 1-2.
  • ჯაბუა ნ., ქრისტიანული ტაძრის არქიტექტურული ტიპები შუა საუკუნეების საქართველოში, თბ., 2012

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]