ფლავიუს აბლაბიუსი
| ფლავიუს აბლაბიუსი | |
|---|---|
| ლათ. Ablabius | |
| დაბადების თარიღი | III საუკუნე |
| დაბადების ადგილი | კრეტა |
| გარდაცვალების თარიღი | 338 |
| გარდაცვალების ადგილი | ბითინია |
| მოქალაქეობა | ძველი რომი |
| შვილ(ებ)ი | Olympias of Armenia და Seleucus |
ფლავიუს აბლაბიუსი (ლათ. Flavius Ablabius) — IV საუკუნის პირველი ნახევრის რომის იმპერიის გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და 331 წლის კონსული.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აბლაბიუსი წარმოშობით კრეტადან იყო.[1] მშობლების სოციალური სტატუსი დაბალი იყო და ისინი წარჩინებულთა წრეს არ მიეკუთვნებოდნენ. როგორც ევნაპიუსი მოგვითხრობს, აბლაბიუსის დაბადებისას დედამისმა ვინმე ეგვიპტელი ასტროლოგისგან მიიღო წინასწარმეტყველება, რომ მან „შვა კაცი, რომელიც მეფეზე ოდნავ ნაკლები იქნებოდა“.[2]
დროთა განმავლობაში აბლაბიუსი კრეტის ნამესტნიკის (მმართველის) აპარატის ოფიციალი (მოხელე) გახდა.[1] ახლადდაარსებულ კონსტანტინოპოლში ჩასვლის შემდეგ, იღბლიანი შემთხვევის წყალობით, მან იმპერატორ კონსტანტინე I-ზე დიდი გავლენა მოიპოვა და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტანტინოპოლელი სენატორი გახდა.[1] 324-დან 326 წლამდე მას აზიის დიოცეზის ვიკარიუსის თანამდებობა ეჭირა. ცნობილია, რომ ამ პერიოდში აბლაბიუსმა მხარი დაუჭირა სოფელ ორცისტის მცხოვრებთა თხოვნას დასახლებისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით შემორჩენილია იმპერატორ კონსტანტინესა და აღმოსავლეთის პრეტორიუმის პრეფექტის წერილები აბლაბიუსისადმი. აშკარაა, რომ იმ დროისთვის იგი უკვე სენატორი იყო, რაც დასტურდება წერილში მისდამი კონსტანტინეს მიერ გამოყენებული დამახასიათებელი მიმართვით.
329 წლიდან 337 წლამდე მას (როგორც ჩანს, უწყვეტად) ეკავა პრეტორიუმის პრეფექტის თანამდებობა: სავარაუდოდ, 329 წელს იგი იტალიაში კეისარ კონსტანციუსის პრეფექტი გახდა, ხოლო 330 წელს ჩავიდა კონსტანტინოპოლში (შესაძლოა, 330 წლის 11 მაისს ახალი დედაქალაქის ოფიციალურ „გახსნასთან“ დაკავშირებით) და 335 ან 336 წლამდე თავად კონსტანტინეს პრეფექტად რჩებოდა. 330-იანი წლების შუა ხანებში აბლაბიუსი კვლავ კონსტანციუსის დაქვემდებარებაში გადავიდა აღმოსავლეთის პრეფექტურის სამართავად. 331 წელს მან იუნიუს ბასუსთან ერთად კონსულის პატივი მიიღო.
კონსტანტინემ აბლაბიუსი თავისი ვაჟის, კონსტანციუსის აღმზრდელად დანიშნა. თუმცა, 337 წლის 22 მაისს კონსტანტინეს გარდაცვალებიდან მალევე, კონსტანციუსმა იგი თანამდებობიდან გადააყენა, თუმცა არა დაუყოვნებლივ — გარკვეული დროის განმავლობაში ის კვლავ რჩებოდა პრეტორიუმის პრეფექტად.[3] აბლაბიუსის დაცემა დაახლოებით 337 წლის ზაფხულში მოხდა. ევნაპიუსი შემდგომ მოვლენებს ასე აღწერს:
„აბლაბიუსი დროს ატარებდა ბითინიაში მდებარე საკუთარ მამულში, რომელიც მან წინასწარ მოიმზადა და იქ ჭეშმარიტად სამეფო პირობებში, უქმობასა და ფუფუნებაში ცხოვრობდა, რის გამოც ყველა გაოცებული იყო, რომ მას იმპერატორის ძალაუფლების ხელში ჩაგდება არ სურდა. თუმცა, კონსტანციუსმა, რომელიც მამის ქალაქის (კონსტანტინოპოლის) მახლობლად იმყოფებოდა, მასთან საკმარისი რაოდენობის მახვილოსნები გაგზავნა და მათ მეთაურებს აბლაბიუსისთვის ეპისტოლეს გადაცემა უბრძანა. მათაც გადასცეს მას წერილი და მუხლი მოიყარეს მის წინაშე ისე, როგორც რომაელებში იმპერატორის წინაშეა მიღებული. აბლაბიუსმა ეპისტოლე არაჩვეულებრივი ამპარტავნებითა და ყოველგვარი შიშის გარეშე მიიღო და მომსვლელებისგან პორფირის სამოსი მოითხოვა, რითაც კიდევ უფრო მბრძანებლური და საზარელი გახდა მათთვის, ვინც მას უყურებდა. თუმცა, მათ უპასუხეს, რომ მათი მიზანი მხოლოდ წერილის გადაცემა იყო, ხოლო ისინი, ვისაც მეორე დავალება ჰქონდათ მინდობილი, კარს მიღმა იმყოფებოდნენ. აბლაბიუსმა მათ მოუხმო გადაჭარბებული თავხედობითა და სიამაყით. თუმცა, შემოსულები ძალიან ბევრნი აღმოჩნდნენ და ყველას მახვილი ეჭირა: პორფირის ნაცვლად მათ მას „მეწამული სიკვდილი“ მოუტანეს და წვრილ ნაწილებად აკაფეს, როგორც ბაზრებში ხორცად კაფავენ ხოლმე რომელიმე ცხოველს».[4]“ |
ევნაპიუსი წერს, რომ აბლაბიუსს სიკვდილი იმის გამო ეწვია, რომ მან ფილოსოფოს სოპატრეს მკვლელობა მოაწყო. სინამდვილეში კი აბლაბიუსი მსხვერპლად შეეწირა ე.წ. „337 წლის ჟლეტას“, როდესაც კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ მოკლეს მისი თითქმის ყველა მამრობითი სქესის ნათესავი (ვაჟებისა და ორი ძმისშვილის გარდა), ისევე როგორც ბევრი გავლენიანი მოხელე.[5]
ცნობილია, რომ აბლაბიუსს ჰყავდა ქალიშვილი ოლიმპია (ან ოლიმპიადა). ამიანე მარცელინუსი გვაუწყებს, რომ 360 წელს კონსტანციუს II-მ,მეფე არშაკ II სომეხი კავშირის განმტკიცების მიზნით, მასზე დააქორწინა „...ოლიმპიადა, პრეტორიუმის ყოფილი პრეფექტის, აბლაბიუსის ასული, რომელიც ოდესღაც მისი ძმის, კონსტანტის საცოლე იყო“.[6] ასევე, შესაძლოა აბლაბიუსს ჰყოლოდა ვაჟი, სახელად სელევკუსი.
აბლაბიუსი ფლობდა ვრცელ მამულებს ბითინიაში, აგრეთვე სახლს კონსტანტინოპოლში. ერთი საუკუნის შემდეგ ამ სახლში გალა პლაციდია ცხოვრობდა. აბლაბიუსი ქრისტიანი იყო (ათანასე ალექსანდრიელი თავის ერთ-ერთ სააღდგომო ეპისტოლეში მას „ჭეშმარიტად ღვთისმოშიშს“ უწოდებს).[7] იგი იყო იმპერატორ კონსტანტინესადმი მიძღვნილი ლექსებისა და, შესაძლოა, ზოგიერთი ეპიგრამის ავტორი. ცნობილია, რომ IV ან V საუკუნეში ასევე არსებობდა ვინმე ისტორიკოსი აბლაბიუსი, რომელმაც გოთების ისტორია დაწერა (მის მასალებს ხანდახან კასიოდორუსი და იორდანისი იყენებდნენ). შესაძლებელია მისი გაიგივება ფლავიუს აბლაბიუსთან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Parvis, Sara, Marcellus of Ancyra And the Lost Years of the Arian Controversy 325—345, Oxford University Press, 2006, ISBN 0-19-928013-4, pp. 138—140.
- Jones A. H. M. Fl. Ablabius 4 // Prosopography of the Later Roman Empire (англ.) / A. H. M. Jones, J. R. Martindale, J. Morris. — [2001 reprint]. — Cambridge: Cambridge University Press, 1971. — Vol. I: A.D. 260–395. — P. 3-4. — ISBN 0-521-07233-6.
- Флавий Аблабий (англ.). — в Smith's Dictionary of Greek and Roman Biography and Mythology.
- Григорюк Т. В. 337 год: Кризис власти и «убийства принцев» // ВДИ. 2. 2012. С. 155—166
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Евнапий. Жизнь философов и софистов.
- Либаний. Речь XLII. За Талассия.
- Зосим. Новая история. II. 40. 3.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Либаний. Речь XLII. 23.
- ↑ Евнапий. Жизнь философов и софистов. VI. 3. 1-7.
- ↑ О префектах претория лета 337 года см. Barnes T.D. Praetorian Prefects. 337—361 // Zeitschrift fur Papyrologie und Epigraphik. 94. 1992. Pp. 249—260.
- ↑ Евнапий. Указ. соч.
- ↑ Григорюк Т. В. 337 год: Кризис власти и «убийства принцев» // ВДИ. 2. 2012. С. 155—166. ციტირების თარიღი: 2015-04-23
- ↑ Аммиан Марцеллин. XX. 11. 3.
- ↑ Афанасий Александрийский. Четвёртое праздничное послание.. ციტირების თარიღი: 2009-11-24