ფიჭვნარის ნაქალაქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფიჭვნარის ნაქალაქარი — ანტიკური პერიოდის ნაქალაქარი, მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჩოლოქის სამხრეთით, ზღვის სანაპიროზე.

ფიჭვნარის მიდამოები იმთავითვე იქცევენ ყურადღებას კერამიკული ნაწარმის ნაშთებით, მათ შორის შავლაქიანი ჭურჭლის ფრაგმენტებით. არქეოლოგთა ინტერესი ფიჭვნარისადმი განსაკუთრებით გაიზარდა მიწის სამუშაოების დროს მონეტების დიდი განძის — ფიჭვნარის განძის აღმოჩენის შემდეგ. ასე მაგალითად, ანტიკური მონეტების მნიშვნელოვანი განძი აღმოჩნდა 1951 წელს. იგი შეიცავდა 127 სინოპურ ვერცხლის დრაქმას (ძვ. წ. IV ს.).

ამავე ადგილებში ძველი მონეტების დიდი განძი აღმოჩნდა აგრეთვე 1952 წელს. იგი შედგებოდა 291 ცალი „კოლხური თეთრისაგან“ (უძველესი ქართული ფული ძვ. წ. VI-IV ს.), კიზიკის ელექტრონის (ვერხლისა და ოქროს ნარევი) მონეტისა (ძვ. წ. VI-V სს.) და სხვა ნივთებისაგან.

1953 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელი ნ. ხოშტარია) ეწვია ფიჭვნარს. ამჯერად ექსპედიცია მხოლოდ სადაზვერვო მუშაობით იყო დაკავებული, გეგმაზომიერი გათხრები კი იქ 1956 წელს დაიწყო და გაგრძელდა 1959-1961 წლების არქეოლოგიურ ექსპედიციებშიც. დაგროვილი მასალების საფუძველზე ირკვევა, რომ ფიჭვნარ-ჩოლოქის მიდამოების მოსახლეობას ძვ. წ. პირველი ათასწლეულისათვის საკმაოდ დიდი სამეურნეო დაწინაურებისათვის მიუღწევია. კარგად შეინიშნება ხელოსნობის დარგების გამოყოფა მიწათმოქმედებისაგან. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ფიჭვნარის მიდამოებში ამ დროს არსებულ მსხვილ დაბურ სამოსახლოს გამოყოფია ერთ-ერთი ბორცვი, რომელიც ადგილობრივ ნამჭედურის სახელითაა ცნობილი (დასახლებული ჩანს ჯერ კიდევ ენეოლითის ხანის პერიოდში) და მნიშვნელოვან სახელოსნო უბნად ქცეულა.

მომდევნო ხანაში ფიჭვნარის დაბური ტიპის სამოსახლო სულ უფრო და უფრო მეტ ტენდეციას ავლენს ქალაქად გადაქცევისაკენ და ადრეანტიკური ხანისათვის (ძვ. წ. VI-V სს.) აქ უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი ქალაქი თუ ქალაქური ტიპის დასახლებაა, განვითარებული სასაქონლო-ხელოსნური წარმოებითა (ძირითადად კერამიკული წარმოება — „კოლხური პითოსები“) და მეურნეობით (მიწათმოქმედება, მესაქონლეობა და სხვა). იმდროინდელი ფიჭვნარელები ფართო სააღებ-მიმცემო ურთიერთობაში ყოფილან როგორც წინა აზიის, ბალკანეთის, ჩრდილო კავკასიისა და ყირიმის ქვეყნებთან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რაიონებთან და ქალაქებთან. ეს ცხოველი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა განაპირობებდა ამ საქმის წარმოებისათვის მოწოდებულ ახალ სოცილურ წრის — ვაჭრების წარმოშობას. ადრეანტიკურ ფიჭვნარში ვაჭართა საკმაოდ მნიშვნელოვანი სოცილური ფენის არსებობას ადასტურებენ მონეტათა დიდი განძების აღმოჩენები.

დღეს, როდესაც ცნობილია ამ რაიონში რკინის მეტალურგიის მძლავრი კერის არსებობა, ნათელი ხდება ფიჭვნარში ადრეანტიკური ქალაქის წარმოქმნის საფუძველიც — რკინის მეტალურგია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიხარულიძე ი., აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები, თბ., 1962