შინაარსზე გადასვლა

ფიჭვის პარკხვევია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფიჭვის პარკხვევია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  პარკხვევიასებრნი
გვარი:  Dendrolimus
სახეობა:  ფიჭვის პარკხვევია
ლათინური სახელი
Dendrolimus pini (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Phalaena (Bombyx) pini (Linnaeus, 1767)

ფიჭვის პარკხვევია (ლათ. Dendrolimus pini) — პეპელა პარკხვევიების ოჯახისა. წიწვოვანთა მავნებელია,[1] განსაკუთრებით ჩვეულებრივი ფიჭვისა.[2] მისი ფრთების შლილი 60–90 მმ აღწევს. უმეტესად მორუხო-მოყავისფროა,[1] წინა ფრთებზე შუაში აზის მცირე ზომის ღია ლაქა.[2] მუხლუხის სიგრძე დაახლოებით 75 მმ-ია, ფერად რუხია, აქვს შხამიანი მოწითალო ბეწვები. გავრცელებულია იქ, სადაც ფიჭვი და წიწვოვანი ხეებია. საქართველოში უმეტესად გვხვდება ბორჯომის ხეობის ფიჭვნარებში.[1]

ხასიათდება ერთწლიანი გენერაციით.[3] კვერცხს დებს ჯგუფურად წიწვებსა და ტოტებზე,[1] 50–50 ცალს, ნაყოფიერება 200–400 კვერცამდეა.[2][3] კვერცხის ფაზა 25 დღემდე გრძელდება.[1] მუხლუხის ფაზა აგვისტოდან მეორე წლის ივნისამდე გრძელდება.[3] გამოიზამთრებს მკვდარ საფარში 5–6 სმ სიღრმეზე. აპრილში მუხლუხი ხეზე ადის და წიწვებით იკვებება,[1] კვება გრძელდება მაისის ბოლომდე.[3] ივნისის პირველ ნახევარში ჭუპრდება სპეციალურ პარკებში, ხის ქერქის ნაპრალებში.[1] ჭუპრის ფაზა 20 დღეს გრძელდება. ჭუპრებიდან პეპლები იწყებენ გამოსვლას ივნისის მეორე ნახევარში.[3] პეპლების მასიური ფრენა ივლისის შუა ხანებიდან იწყება[2] და გრძელდება 40 დღეს. ფრენა დაბინდებიდან დილამდე მიმდინარეობს.[3] მასიური გამრავლების შემთხვევაში მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ფიჭვის მომწიფებულ ერთგვაროვან ნარგავებს.[2] მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში კარგ შედეგს იძლევა ქლოროფოსის ან ბაქტერიული პრეპარატების შესხურება და სხვა.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 მუხაშავრია ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 340.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Кручина С. Н. Сосновый шелкопряд // Большая российская энциклопедия. т. 30. — М., 2015. — стр. 724.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 მანდარია ნ., დიდმანიძე ე., იმერეთში გავრცელებულ ქერცლფრთიანების ზეოჯახ აბრეშუმქსოვებისებრთა (LEPIDOPTERA, BOMBYCIDOIDEA) მავნე სახეობები // აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, №2, 2013. — გვ. 162–163.