შინაარსზე გადასვლა

ფიჭვის გრატა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფიჭვის გრატა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  გრატასებრნი
გვარი:  გრატა
სახეობა:  ფიჭვის გრატა
ლათინური სახელი
Emberiza leucocephalos (Gmelin, 1771)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22720881

ფიჭვის გრატა (Emberiza leucocephalos) — ბეღურასნაირთა რიგის გრატასებრთა ოჯახის ფრინველი, რომელსაც თანამედროვე ავტორთა უმეტესობა სკვინჩებისგან, Fringillidae-სგან, ცალკე გამოყოფს. იგი ბინადრობს ევროსიბერიაში, ურალის მთების აღმოსავლეთით.

ალექსანდრე ელერდაშვილის მიერ შედგენილ „უნივერსალურ ენციკლოპედიურ ლექსიკონში“ მოცემულია სიტყვა „გრატა“, რომელიც განმარტებულია, როგორც ყანის ჩიტი ბეღურასებრთა ოჯახისა. სახელწოდებაში „ფიჭვის“ დამატებულია საერთაშორისოდ გავრცელებული სახელწოდებიდან.[1] ქართულ წყაროებში ფრინველის ქართული სახელწოდება „გრატა“ პირველად 1963 წელს გამოჩნდა. ეს იყო გამოცემა „საქართველოს სასარგებლო ფრინველები“, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდშია დაცული.[2]

გვარის სამეცნიერო სახელწოდება Emberiza მომდინარეობს ძველი გერმანული სიტყვიდან Embritz, რაც გრატას აღნიშნავს. სახეობის სახელწოდება leucocephalos მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვებისგან leukos („თეთრი“) და kephalos („თავიანი“).[3]

ფიჭვის გრატა ტანად მტკიცე, 16–17,5 სმ სიგრძის ფრინველია, რომელსაც თესლით მკვებავი ფრინველებისთვის დამახასიათებელი სქელი ნისკარტი აქვს. მამრს თეთრი თხემი და ლოყები, წაბლისფერი შუბლი და ყელი, ასევე მუქი ზოლებით უხვად დაფარული ყავისფერი ზურგი აქვს. დედალი გაცილებით მკრთალი შეფერილობისაა, ხოლო მისი სხეულის ქვედა ნაწილი უფრო მეტადაა ზოლებით დაფარული. არაგამრავლების პერიოდში მისი ბუმბულის შეფერილობა ყვითელგულასას ჰგავს, თუმცა ყვითელი ფერი მთლიანად თეთრითაა ჩანაცვლებული. მისი გალობა და ხმოვანი სიგნალები ყვითელგულასას მსგავსია.[4]

ფიჭვის გრატის კვერცხები

გამრავლება და ჰაბიტატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიჭვის გრატა მრავლდება პალეარქტიკის ზომიერი სარტყლის დიდ ნაწილში, ხოლო ზამთარში მიგრირებს სამხრეთით, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ ინდოეთსა და სამხრეთ ჩინეთში. იგი გავრცელებულია სხვადასხვა ტიპის ღია ტერიტორიებზე, სადაც ბუჩქები ან ხეებია, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, თუმცა ყვითელგულასთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს ღია ტყეებს, ჩვეულებრივ ფიჭვნარებს. დასავლეთ ევროპაში იგი იშვიათი შემომფრენი სახეობაა, თუმცა ხშირად იზამთრებს ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიასა და ტოსკანაში.[5]

ფიჭვის გრატისა და ყვითელგულას ჰიბრიდების გარეგნობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიჭვის გრატისა და ყვითელგულას ჰიბრიდებს ორივე სახეობისათვის დამახასიათებელი ნიშნების ნაზავი აქვთ. 1982 წელს სუფოლკი, ინგლისში, შემომფრენი ერთი ასეთი ფრინველი, ე.წ. „საიზუელის გრატა“, დოკუმენტირებული და ფოტოსურათებით ილუსტრირებული იქნა ჟურნალ ბრიტანეთის ფრინველებში.[6]

ეჭვი გამოითქვა იმ მამრი ფრინველების მიმართაც, რომლებიც გარეგნულად სუფთა ფიჭვის გრატებს ჰგვანან, მაგრამ პირველადი საფრენი ბუმბულის კიდეებზე ყვითელი შეფერილობა აქვთ. ადრე ბრიტანეთში ისინი პოტენციურ ჰიბრიდებად მიიჩნეოდნენ და ბრიტანული ფრინველების იშვიათობათა კომიტეტი მათ ჩანაწერებს არ აღიარებდა. თუმცა 2004 წლიდან BBRC ასეთ ფრინველებს მისაღებად მიიჩნევს, თუ ისინი ასევე აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:[7]

  • ლოყები უნდა იყოს წაბლისფერი და არა შავი ან ნაცრისფერი;
  • ყელი ფართოდ უნდა იყოს წაბლისფერი, მუქი ლოყის ხაზისა და მკრთალი ულვაშისქვეშა ხაზის გარეშე;
  • წარბზოლი უნდა იყოს წაბლისფერი ან ნაცრისფერი, მაგრამ არა თეთრი;
  • თავზე ან სხეულის სხვა ნაწილზე არ უნდა იყოს ყვითელი შეფერილობა, გარდა პირველადი საფრენი ბუმბულის კიდეებისა.

ფიჭვის გრატა საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ილუსტრაცია

ფიჭვის გრატა საქართველოში იშვიათი, არარეგულარული შემომფრენი და ზამთრის ვიზიტორია. საქართველოს ტერიტორიაზე მისი არსებობა ბოლო 50 წლის განმავლობაში დაახლოებით 20-ჯერ არის დადასტურებული. დადასტურებული შემთხვევების უმეტესობა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, კასპიის ზღვის აუზში, აღირიცხა. სახეობა საქართველოში ძირითადად მცირე გუნდებად, უფრო იშვიათად კი ცალკეულ ინდივიდებად გვხვდება.[8]

საქართველოში ფიჭვის გრატა დაფიქსირებულია ნახევრად ღია არიდულ ლანდშაფტებში, ნახევარუდაბნოებში, მდინარისპირა ტყეებში, მეორეულ ტყეებში, ძველ დიდ ბაღებსა და პარკებში, მათ შორის დასახლებებისა და ქალაქების ტერიტორიებსა და მათ შემოგარენში. პირველი დადასტურებული დაკვირვება ალექსანდრე აბულაძის მიერ 1981 წლის 26 იანვარს კუმისის სოფლის ბაღში, თბილისის სამხრეთ-დასავლეთით, ოთხ ინდივიდზე განხორციელდა.[8]

საქართველოს ფრინველთა სპეციალურ დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ სამეცნიერო მონაცემთა ბაზაში ფიჭვის გრატა ასევე შეტანილია საქართველოს ავიფაუნის ნუსხაში.[9]

2024 წლის განახლებულ სიაში სახეობის სტატუსი საქართველოში განსაზღვრულია როგორც შემთხვევითი (Cas) და ზამთრის ვიზიტორი (WV).[10]

ფიჭვის გრატას ბუნებრივი საკვები ძირითადად მცენარეთა თესლია, ხოლო ბარტყების გამოკვებისას იგი მწერებით იკვებება.[11] ბუდეს მიწაზე აშენებს. დებს ოთხიდან ექვს კვერცხამდე, რომელთაც გრატებისთვის დამახასიათებელი თმისმაგვარი ნიშნები აქვთ.[12]

  1. ↑ გრატა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  2. ↑ საქართველოს სასარგებლო ფრინველები. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  3. ↑ Jobling, James A. (2010). The Helm Dictionary of Scientific Bird Names. London, United Kingdom: Christopher Helm, გვ. 145, 223. ISBN 978-1-4081-2501-4. 
  4. ↑ Pine Bunting (Emberiza leucocephalos).
  5. ↑ Pine Bunting (Emberiza leucocephalos). BirdLife International.
  6. ↑ Lansdown, Peter; Charlton, Trevor D. (1990). „'The Sizewell Bunting': a hybrid Pine Bunting × Yellowhammer in Suffolk“. British Birds. 83 (6): 240–242.
  7. ↑ „ბრიტანული ფრინველების იშვიათობათა კომიტეტი“. British Birds. 97 (11): 620–621. 2004.
  8. 1 2 Abuladze, Alexander (2015). „On the Status of Pine Bunting (Emberiza leucocephalos) in Georgia“ (PDF). Proceedings of the Institute of Zoology. Institute of Zoology, Ilia State University. XXIV.
  9. ↑ Special Protection Areas (SPA) for birds in Georgia — Checklist. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. [მკვდარი ბმული]
  10. ↑ „The birds of Georgia: an updated checklist using citizen science platforms“ (PDF). Sandgrouse. 46. 2024.
  11. ↑ Pine Bunting — Emberiza leucocephalos.
  12. ↑ Pine Bunting.