ფიქირეთე შეჰუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფიქირეთე შეჰუ
ალბ. Fiqirete Shehu
დაბადების თარიღი 17 ნოემბერი 1919(1919-11-17)
გარდაცვალების თარიღი 1988
მოქალაქეობა Flag of Albania.svg ალბანეთი
ალბანეთის სახალხო სოციალისტური რესპუბლიკა
ეროვნება ალბანელები (ალბანეთი)
მეუღლე/ები მეჰმედ შეჰუ
შვილ(ებ)ი Bashkim Shehu

ფიქირეთე შეჰუ (ალბ. Fiqirete Shehu; დ. 17 ნოემბერი, 1919 — გ. 11 სექტემბერი, 1988) — ალბანელი კომუნისტი, მრავალი წლის განმავლობაში ქვეყნის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მეჰმედ შეჰუს ცოლი. ეკავა მნიშვნელოვანი თანამდებობები ალბანეთის კომპარტიის იდეოლოგიურ აპარატში. ქმრის გარდაცვალების შემდეგ დააპატიმრეს და დაადანაშაულეს ენვერ ხოჯას წინააღმდეგ შეთქმულებაში. გარდაიცვალა პატიმრობაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1919 წლის 17 ნოემბერს ალბანურ ოჯახში. ახალგაზრდობაში ფიქირეთე შეჰუ გაიტაცა კომუნიზმის იდეებმა. მოქმედებდა კომუნისტურ მიწისქვეშეთში, იყო კორჩინის კომუნისტური ჯგუფის წევრი[1]. ოფიციალურად შევიდა ალბანეთის კომუნისტურ პარტიაში, რომელსაც 1948 წლიდან ეწოდება ალბანეთის შრომის პარტია. ჰქონდა პარტიული მეტსახელი Qorja[2]. ცოლად გაჰყვა კომუნისტ აქტივისტს მეჰმედ შეჰუს. შეეძინა ორი შვილი.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ფიქირითე შეჰუ მონაწილეობდა პარტიზანულ ომში, რომელიც მიმართული იყო იტალიელი და გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ. ალბანეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ არმიაში ეკავა ადმინისტრაციული და იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული თანამდებობები. მონაწილეობდა ბრიტანეთის მიერ ალბანელი პარტიზანებისათვის გაგზავნილი მატერიალური დახმარების განაწილებაში[3].

ამ პერიოდისათვის ფიქირთე შეჰუ იყო გავლენიანი კომუნისტი პოლიტიკოსი. შემორჩენილია მისი მიმოწერა ენვერ ჰოჯასთან, სადაც კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი მითითებებს აძლევდა მებრძოლთა მორალურ და ყოველდღიურ გარეგნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ის მოითხოვდა ბიჭებსა და გოგონებს შორის თავისუფალი სიყვარულის თავიდან აცილებას, რაც, მისი აზრით, დეზერტირობაში შეუწყობდათ ხელს[4].

1944 წლის ნოემბერში კომუნისტური პარტია ხელისუფლების სათავეში მოვიდა. შეჰუების წყვილმა პარტიულ და სახელმწიფოებრივ ხელმძღვანელობაში მნიშვნელოვანი ადგილები დაიკავეს. მეჰმეთ შეჰუ შევიდა ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროში, ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა, საგარე საქმეთა, თავდაცვის სამინისტროებს, საიდუმლო პოლიცია სიგურიმის, 1954 წლიდან კი გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მეორე პირი ენვერ ხოჯას შემდეგ. ფიქირითე შეჰუ 1952 წლიდან პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი და ალბანეთის შრომის პარტიის უმაღლესი პარტიული სკოლის დირექტორია. 1950-იანების შუა წლებიდან იკავებს შრომის პარტიის დედაქალაქის კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობას.

პარტიის იდეოლოგიურ აპარატში ფიქირითე შეჰუ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. მან მთლიანად გამიჯნა სტალინიზმისა და ხოჯაიზმის იდეოლოგია და პოლიტიკა. მხარს უჭერდა რეპრესიების პოლიტიკას, თვითიზოლაციას, ქვეყნის ათეიზაციას. ზოგერთი მტკიცებულებით ამზადებდა პარტიულ კადრებსაც კი. 1956 წელს, როგორც ტირანის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, აქტიურად მონაწილეობდა შრომის პარტიის კონფერენციაში, რომელმაც ჩაახშო პარტიული ოპოზიცია[5].

ფიქირითე შეჰუ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალად ალბანეთში. შეჰუების წყვილი განიხილებოდა მეორე წყვილად ხოჯათა ქვეყნის მმართველი წყვილის შემდეგ[6]. მაღალი რანგის ლიდერების ცოლებს შორის გარკვეული კონკურენცია იყო[7].

1980-იანი წლების დასაწყისში ენვერ ხოჯასა და პრემიერ-მინისტრ მეჰმედ შეჰუს შორის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, შეჰუ მხარს უჭერდა პრაგმატულ ეკონომიკურ პოზიციებს, განსაკუთრებით შიდაეკონომიკურ სფეროში და იყო ფინანსური და სავაჭრო კავშირების მხარდამჭერი დასავლეთ ევროპასთან. ხოჯა კატეგორიულად მოითხოვდა იზოლაციის სტატუს-ქვოს შენარჩუნებას[8]. პირველი პირების ნეგატიური დამოკიდებულება გავრცელდა მათ მეუღლეებზეც.

1981 წლის 18 დეკემბერს ალბანეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა რომ მეჰმედ შეჰუმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგან იმყოფებოდა მძიმე სულიერ მდგომარეობაში[9]. არსებობს ვერსია რომ შეჰუ დახვრიტეს პირდაპირ ცეკას პოლიტბიუროს სხდომაზე[10]. ძალიან მალე სტანდარტული ბრალდებები წაუყენეს გარდაცვლილ ჩინოვნიკს: შპიონაჟი, კონტრრევოლუციური შეთქმულება, კაპიტალიზმის რესტავრაციის გეგმები და სხვა[11].

მეჰმედ შეჰუს გარდაცვალებამ მორიგი რეპრესიები გამოიწვია. დააკავეს თავდაცვის მინისტრი კადრი ჰაზბიუ, გარდაცვლილი პრემიერსი ძმისშვილი ფეჩორ შეჰუ (ორივე სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სიგურიმის), ასევე დააკავეს პრემიერის მეუღლეც. იგი გამოკეტეს ტირანის ციხე 313-ში. ენვერ ხოჯას შემცვლელმა „შეჰუს საქმე“ არ შეცვალა და არ მომხდარა ფიქირითეს რეაბილიტაცია. იგი გარდაიცვალა გულის შეტევით და დაკრძალეს სოფელ ლიჟიში[12].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]