ფინეთის ტბები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტბა საიმა

ფინეთის ტერიტორიაზე 187,888 ტბაა, რომელთაც უკავიათ ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 10 %.[1] მათი ძირითადი ნაწილი ქვეყნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილშია განლაგებული. ტბების მოლივლივე ზედაპირი წიწვოვანი ტყეების (მათზე ქვეყნის ტერიტორიის 78 % მოდის) ფონზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ტბების უმრავლესობა პატარაა, მაგრამ 309 მათგანის ფართობი 10 კმ²-ზე მეტია. ტბების უმეტესობა ერთმანეთს ფშანებით უკავშირდება და ქმნის დიდ სისტემებს.[2]

ზედაპირის ფართობით ფინეთის უდიდესი ტბაა საიმა, რომელიც განლაგებულია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი ფართობია 4400 კმ², ხოლო მაქსიმალური სიღრმე 82 მ. სიდიდით მეორე ტბაა პიაიიანე, რომელიც ამასთანავე ფინეთის უღრმესი ტბის სტატუსსაც ატარებს. მისი მაქსიმალური სიღრმეა 95,3 მ, საშუალო სიღრმე 16,2–18 მ.[3]

ჭარბობს მცირე ტბები, რომელთა საშუალო სიღრმე 5–20 მ შეადგენს. ტბიური პლატოს ფარგლებში, რომელიც ცენტრალურ ფინეთში მდებარეობს, წარმოდგენილია მეტად დიდი და ღრმა ტბებით.

ფინეთის ტბების აბსოლუტურ უმეტესობას აქვს მყინვარულ-ტექტონიკური წარმოშობა. პლეისტოცენის განმავლობაში, ტერიტორია, რომელსაც დღეს ფინეთი იკავებს მყინვარებით იყო დაფარული.

ფინეთში გვხვდება აგრეთვე მეტეორიტული წარმოშობის ტბებიც. ქვეყნის უდიდესი კრატერული ტბაა ლაპაიარვი, რომელიც მოქცეულია სამხრეთი ოსტრობოტნიის ტერიტორიაზე. კრატერის ასაკი შეფასებულია 77,85 მლნ. წლით.[4]

ტბების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიგი ტბა ფართობი (კმ²) სიღრმე (მ) სიმაღლე (ზ. დ.) რეგიონი
1. საიმა 4400 82 76 სამხრეთი კარელია, სამხრეთი სავონია
2. პიაიიანე 1082 95,3 78,3 ცენტრალური ფინეთი, პიაიატ-ჰიამე
3. ინარის ტბა 1040 92 118,7 ლაპლანდია
4. პიელინენი 894 60 93,7 ჩრდილოეთი კარელია
5. ოულუიარვი 928 38 123,6 კაინუუ
6. პიჰლაიავესი 712 72 75,7 სამხრეთი სავონია
7. ორივესის ტბა 601 74 75,9 ჩრდილოეთი კარელია
8. ჰაუკივესი 562 55 75,8 სამხრეთი სავონია
9. კეიტელე 498 66 99,5 ცენტრალური ფინეთი
10. კალავესი 472 75 81,8 ჩრდილოეთი სავონია

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Finland - WSSC
  2. Финляндия // Большая российская энциклопедия
  3. Seppälä, Matti (2005), The Physical Geography of Fennoscandia, Oxford University Press, p. 145
  4. A new U-Pb age for shock-recrystallised zircon from the Lappajärvi impact crater, Finland, and implications for the accurate dating of impact events