ფილიპე შარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფილიპე შარაძე (დ. 1897, მელექედურში — გ. 12 აპრილი, 1968) — ქართველი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. მისი ბაბუა, გურიელების კარის მღვდელი, სოფიო გურიელს ახლდა თან ტრაპიზონში გადახვეწილობისას. 1914 წლიდან ფილიპე შარაძე გაწევრიანდა არალეგალურ ახალგაზრდა სოციალისტ–ფედერალისტთა ორგანიზაციაში, რომელმაც თვალსაჩინო როლი ითამაშა ქართველ მოსწავლე–ახალგაზრდობაში ეროვნულ–რევოლუციური შეგნების გავრცელების საქმეში. 1917 წლის აპრილში ამ ორგანიზაციის პირველ თავისუფალ კონფერენციაზე ფილიპე შარაძე მის ერთ–ერთ ხელმძღვანელად აირჩიეს. თბილისის უნივერსიტეტში შესვლისთანავე იგი სტუდენტთა მოძრაობის ხელმძღვანელი ორგანოს წევრი გახდა და მისთვის დამახასიათებელი თავდადებითა და ენთუზიაზმით მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვისათვის გადახდილ ყველა ბრძოლაში. ფილიპე შარაძე აქტიური მონაწილეა 1924 წლის საყოველთაო სახალხო ამბოხებისა — აჭარის კომიტეტის მიერ იგი ცენტრთან მოკავშირედ იყო დანიშნული.

1925 წლიდან ფილიპე შარაძე ემიგრაციაში გაიხიზნა და საფრანგეთის ქართულ კოლონიას შეუერთდა. მოღვაწეობდა პარიზში გამომავალ უცხოეთში მყოფ სოციალისტ–ფედერალისტების კომიტეტის პერიოდულ ჟურნალ „სახალხო საქმეში“ (1926–1935). სტატიებიდან აღსანიშნავია: „ქართველი ახალგაზრდობა“ („სახალხო საქმე“, პარიზი, 1926, N1). „ორი სურათი“ — გიორგი ლასხიშვილი და გიორგი რცხილაძე („სახალხო საქმე“, ბუენოს–აირესი, 1952) და სხვა. განსაკუთრებით ყურადსაღებია ფილიპე შარაძის მოგონება „ჩემი დღიურიდან“, რომელიც 1961 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში „ჩვენი დროშა’(N35, პარიზი) და მოგვითხრობს 1921 წლის თებერვლის ტრაგიკულ ამბებზე, კერძოდ, თუ როგორ შეხვდა უნივერსიტეტის სტუდენტობა და მათი სულიერი მამა — ივანე ჯავახიშვილი მეთერთმეტე არმიის შემოჭრას დამოუკიდებელი საქართველოს საზღვრებში.

სამსონ ფირცხალავას მსგავსად, ფილიპე შარაძეც ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე ქართულ ენას ასწავლიდა ემიგრაციაში დაბადებულ ქართველთა ახალ თაობას. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შარაძე, გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 1, თბ., 2001, გვ. 377–379

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]