ფილიპე თორია
ფილიპე ალექსის ძე თორია (დ. 1889, სოფელი ნაბაკევი, სოხუმის ოკრუგი, რუსეთის იმპერია — გ. 19 ნოემბერი, 1937) — აფხაზი რევოლუციონერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილიპე თორია დაიბადა 1889 წელს სოფელ ნაბაკევში. მშობლიურ სოფელში დაამთავრა ორკლასიანი სასწავლებელი, შემდეგ კი, 1911 წლამდე მამისეულ კარმიდამოში მუშაობდა. პირველმა მსოფლიო ომმა ჩერნიგოვში მოუსწრო, სადაც ჯარში მსახურობდა. სამი თვის შემდეგ იგი ტყვედ ჩავარდა. რვა თვე იმყოფებოდა ავსტრიაში სამხედრო ტყვეთა ბანაკში, შემდეგ ორი წელი დაჰყო გერმანიაში, საიდანაც შესძლო ჰოლანდიაში გაქცევა. აქედან ჩააღწია ინგლისში, ერთხანს ცხოვრობდა ლონდონში და 1917 წლის დასაწყისში ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანით ბრუნდება რუსეთში, პეტროგრადში.
1917 წელს შევიდა ბოლშევიკური პარტიის რიგებში. იმავე წლის შემოდგომაზე იგი აფხაზეთში ჩავიდა, სადაც აქტიურად ჩაება იატაკქვეშა პარტიულ მუშაობაში სამურზაყანოს მაზრაში. რევოლუციურ მოძრაობაში მის გვერდით იდგნენ: პავლე ძიგუა, დიმიტრი თორია, იგო თოფურია და სხვები. 1925 წლის ჟურნალ „აფსნი — სულის ქვეყანაში“ იგი წერდა, რომ სამურზაყანოს ბოლშევიზაცია დაიწყო რევოლუციურად განწყობილი ჯარისკაცებით იმპერიალისტური ომიდან დაბრუნებისთანავე.
1918 წელს რსდმპ (ბ) კავკასიის კომიტეტის მოწოდებისამებრ დაიწყო მზადება აჯანყებისათვის. მასში ჩაებნენ აფხაზეთის პარტიული ორგანიზაციებიც. სამურზაყანოში ამ მოძრაობას ხელმძღვანელობდა პავლე ე. ძიგუა, რომლის უახლოესი თანაშემწე იყო ფ. თორია. ისინი ქმნიდნენ მებრძოლ რაზმებს და აიარაღებდნენ მათ. 1918 წლის 8 აპრილს სოხუმში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. ამით აღფრთოვანებულმა სამურზაყანოელმა ბოლშევიკებმა მოიწვიეს გლეხთა კრება, რომელიც გალში 11 აპრილს გაიხსნა. კრებამ მხარი დაუჭირა ბოლშევიკთა ლოზუნგებს და მიიღო რეზოლუცია სამურზაყანოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შესახებ. ფ თორია შევიდა პ. ძიგუას ხელმძრვანელობით შექმნილი უბნის რევკომის, აგრეთვე სამხედრო საქმეების საგანგებო სამეულის შემადგენლობაში. იგი დაინიშნა უბნის მთელი შეიარაღებული ძალების მთავარ მეთაურად, რომელშიც რამდენიმე ათეული კაცი შედიოდა.
სოხუმში საბჭოთა ხელისუფლების დამარცხების შემდეგ, მდგომარეობა სამურზაყანოში გართულდა. სამურზაყანოელი ბოლშევიკები ზომებს ღებულობდნენ ბლოკადის გასარღვევად. 1918 წლის ივნისის ბოლოს ფ. თორიას მეთაურობით ბრძოლით იქნა აღებული ანაკლია, ჯარი შეიჭრა ზუგდიდში, დაიკავეს ფოსტა, ტელეგრაფი, ციხე და დაეპატრონეს ქალაქის დიდ ნაწილს. მაგრამ ძალები უთანასწორო იყო და ამიტომ აჯანყებულებმა უკან დაიხიეს.
1918 წლის სექტემბერში სამურზაყანოს უბანში, რომელიც მაშინ ამიერკავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების ერთადერთ კუნძულს წარმოადგენდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ გაგზავნა მსხვილი სამხედრო ძალა. ამის შესახებ ფ. თორია წერდა: „გენერალ ჯუღელის გვარდიულმა რაზმმა ჩვენი რაზმის წინააღმდეგ განახორციელა შეტევა, გახსნა საარტილერიო და ტყვიამფრქვევის ცეცხლი ზუგდიდისა და კოდორის მხრიდან, აგრეთვე ზღვიდან. ჩვენმა რაზმმა, რომელსაც მე ვმეთაურობდი, ვერ გაუძლო მტრის შემოტევას...“ ფ. თორია დააპატიმრეს და ზუგდიდის ციხეში მოათავსეს.
1919 წლის მაისში თორია არჩეულ იქნა პარტიის სამურზაყანოს საუბნო კომიტეტის წევრად. იმავე წლის აგვისტოში მონაწილეობდა აფხაზეთის ბოლშევიკთა საოლქო კონფერენციაში, როგორც სამურზაყანოს დელეგატი. 1921 წლის დასაწყისში აქტიური იატაკქვეშა მუშაობისათვის დააკავეს და ჩასვეს სოხუმის ციხეში, მაგრამ მალევე გაანთავისუფლეს. ამის შემდეგ მან შექმნა რაზმი წითელი არმიის დასახმარებლად. სოფელ აჩიგვარაში თორიას რაზმი შეუერთდა ყუბანის მეცხრე წითელ არმიას და მუნაწილეობა მიიღო გალის განთავისუფლებაში.
აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა გალის მაზრის სოციალისტურ ცხოვრებაში. იყო სამაზრო პარტიული ორგანიზაციის პოლიტბიუროს წევრი, მუშობდა სამაზრო მილიციისა და საგანგებო კომისრის უფროსად, მიწგანის გამგედ და გალის მაზრის აღმასკომის თვჯდომარედ. მუშაობდა აფხაზეთის მიწათმოქმედების სახალხო კომისრის მოადგილედ.
1932 წელს გადაიყვანეს პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის საოლქო საკონტროლო კომისიის თავჯდომარის მოადგილედ და აფხაზეთის მუშურ-გლეხური ინსპექციის სახალხო კომისარიატის ლიკვიდაციის შემდეგ, 1934 წელს მუშაობდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პარტიული კომისიის პასუხისმგებელ მდივნად.
არაერთხელ იყო არჩეული აფხაზეთის ცაკის, პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის, პარტიის სოხუმის საქალაქო და გალის რაიონული კომიტეტების წევრად.
დახვრიტეს 1937 წელს.
ჯილდოები და მედლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1932 წელს აფხაზეთის ცაკმა დააჯილდოვა საპატიო სიგელით, ასევე დაჯილდოვებული იყო ოქროს სამკერდე ნიშნით „1917-1921 წლებში აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლებისათვის ბრძოლების გმირი“ .
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №66 (12932), 6 აპრილი, 1989